რეკლამაspot_img

„ზღვის ხალხი“ – ინტერვიუ პროფესორ ნათია კოპალიანთან

საქართველო, სახმელეთო ტერიტორიის გარდა, გეოგრაფიულად შავი ზღვის გარკვეულ აკვატორიასაც ფლობს. შავი ზღვა, როგორც წყლის ეკოსისტემა, მრავალი საინტერესო სიცოცხლის ფორმის მასპინძელია; მათ შორისაა სამი სახეობის ვეშაპისნაირი. სწორედ შავ ზღვაზე, დელფინებსა და ზღვის ღორებზე, მათ კვლევასა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებზე გვესაუბრება ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, ნათია კოპალიანი – მეცნიერი, რომელიც აქტიურად სწავლობს შავ ზღვაში გავრცელებულ დელფინებსა და ზღვის ღორებს.

როდესაც ადამიანები გონს მოეგებიან, ისინი აღიარებენ ვეშაპისნაირების ცნობიერების მნიშვნელობას და შეეცდებიან კავშირი დაამყარონ მათთანზღვის ხალხთან

დაიანა რობინსი

როგორ დაიწყო თქვენიურთიერთობაშავ ზღვასთან, როდის გახვედით პირველად ზღვაში დელფინების კვლევის მიზნით, რა მოლოდინი გქონდათ და რა დაგხვდათ იქ?

ჩემი ურთიერთობა შავ ზღვასთან დაიწყო ერთი წლის ასაკში და მას მერე არ გასულა არცერთი წელი, ზღვაზე რომ არ  წავსულიყავი, გარდა 1999 წლისა, როდესაც შვილი შემეძინა.

ზღვა ჩემთვის განსაკუთრებულია, ყველაზე კარგად თავს ზღვაზე და ზღვაში ვგრძნობ,  სრული თავისუფლების შეგრძნება მხოლოდ ზღვაში მაქვს, შორს ნაპირიდან.  პატარაობიდან მაინტერესებდა ზღვა, დელფინები და ზღვის სხვა ბინადრები. მინდოდა მეზღვაური გამოვსულიყავი.

პირველად ზღვაში კატერით 2010 წელს გავედით.

მოლოდინი იყო – „შეიძლება ვნახო დელფინები“. სინამდვილე გაცილებით საინტერესო და  მრავალფეროვანი აღმოჩნდა.  შეუდარებელი ბედნიერება – აფალინების და თეთრ გვერდების ახლო მანძილზე, თითქმის ხელის გაწვდომაზე ნახვა  და  მათზე დაკვირვება. ზღვის ღორებიც მიხარია ძალიან, მაგრამ ასე ახლოდან იშვიათად ვხედავთ, თუმცა წყალი რომ გამჭვირვალე იყოს და წყლის ქვეშაც შემეძლოს დაკვირვება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

დღეს უკვე აფალინებსა და თეთრ გვერდებს დიდი ხნის ნაცნობებივით ვხვდებით, მაგრამ ისევე გვიხარია მათი დანახვა, როგორც პირველი შეხვედრისას. ასე გვგონია, ისინიც გვცნობენ და დიდი ინტერესით გვაკვირდებიან: რა უნდათ, რატომ გვიყურებენ თან თვალებზე სულ რაღაც გაურკვეველი ყუთები (ფოტოაპარატები და ბინოკლები) აქვთ აფარებულიო. ზღვის ღორებს კი დიდად არ აღელვებთ ჩვენი არსებობა, ისინი ხომ ყველაზე დაკავებული ვეშაპისნაირები არიან, გამუდმებით მსხვერპლის ძებნასა და ნადირობაში ატარებენ დღეებს.

რა კვლევები მიმდინარეობს დღეს ვეშაპისნაირების შესწავლის მიზნით საქართველოში?

თავიდან აღრიცხვებს კატერით ვატარებდით: ვმოძრაობდით განსაზღვრულ ხაზზე ანაკლიიდან სარფამდე და ვეშაპისნაირის შეხვედრის შემთხვევაში ვინიშნავდით სახეობას, ჯპს-ნავიგატორის მეშვეობით ვიღებდით შეხვედრის წერტილის კოორდინატებს, მანძილს დანახულ ცხოველამდე და კუთხეს კატერის მოძრაობის ტრაექტორიასა და ცხოველს შორის. 2014 წლიდან აღრიცხვებს გაცილებით ზუსტი მეთოდით, „ორმაგი დამკვირვებლის“, ანუ „ორი პლატფორმიდან დაკვირვების“ მეთოდით ვატარებდით, რადგან შესაძლებელი გახდა გემის გამოყენება.

თავდაპირველად სახეობების გარჩევას ვსწავლობდით, შემდეგ ზღვის ღორების შემჩნევას, რაც არცთუ ისე იოლია, როდესაც ისინი შორს არიან და თითქმის არ ამოდიან წყლიდან. თანდათან ქცევის განსაზღვრაც შევძელით: ნადირობენ, თამაშობენ, ერთმანეთს ეარშიყებიან, თუ უბრალოდ დახეტიალობენ. ასევე ვისწავლეთ გადაღებისთვის „ჩასაფრება“, რომ დელფინებისთვის ახლოდან კარგი ფოტოები გადაგვეღო და ვიდეო ჩანაწერები გაგვეკეთებინა. ბოლოს დელფინებისა და ზღვის ღორების „საუბრების“ ჩაწერაც მოვინდომეთ ჰიდროფონის საშუალებით, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გამოდგა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვეშაპისნაირების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ზამთარში ჩვენს წყლებში იზამთრებს სულ ცოტა 2000-მდე ზღვის ღორი, მაქსიმალური რაოდენობა კი 2014 წლის ზამთარში იქნა ნანახი, როდესაც დაახლოებით 18 000 ზღვის ღორი აღირიცხა.

შავი ზღვარამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა თქვენთვის, საქართველოსა და მსოფლიოსთვის?

ჩემთვის საინტერესოა და საყვარელია, როგორც ერთადერთი მშობლიური და სამუშაოდ ხელმისაწვდომი ზღვა. ეს ზღვა არ გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით. აქ გავრცელებული სახეობების რაოდენობა ხმელთაშუა ზღვაში გავრცელებული სახეობების დაახლოებით 1/3 შეადგენს. ეს იმით აიხსნება, რომ შავი ზღვა დღევანდელი სახით ახალი ეკოსისტემაა, იგი სულ რაღაც ცხრა ათასი, ან ცოტა მეტი წელია რაც არსებობს, ამიტომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. გარდა ამისა, სახეობების სიმცირე შეიძლება სასიცოცხლოდ ვარგისი სივრცის ნაკლებობით აიხსნებოდეს, ჟანგბადით მდიდარი აქ მხოლოდ ზედა ფენებია. ითვლება, რომ შავი ზღვის სახეობები განსაკუთრებული ადაპტაციის უნარით გამოირჩევიან. რთულ და შედარებით იზოლირებულ პირობებში განვითარებამ ხელი შეუწყო სპეციფიკური ადაპტაციების ჩამოყალიბებას, რითაც ისინი სხვა, მონათესავე სახეობებისგან ან იმავე სახეობების სხვა პოპულაციებისგან გამოირჩევიან.

რა ხდის შავი ზღვის ვეშაპისნაირების პოპულაციებს ასეთ  უნიკალურსა და მნიშვნელოვანს?

შავ ზღვაში მცირე ზომის ვეშაპისნაირების სამი სახეობა ბინადრობს. აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი.

დღეისათვის მიჩნეულია, რომ შავ ზღვაში მობინადრე აფალინას (Tursiops truncatus ponticus) პოპულაცია განსხვავდება სხვა პოპულაციებისგან როგორც აგებულების თავისებურებებით, ისე გენეტიკურადაც. განსხვავებებია სხეულის სიდიდესა და თავის ქალას ზომასა და ფორმაში.

შავ ზღვაში აფალინას სხვადასხვა მიზნებისთვის მოიპოვებდნენ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით. ამ პერიოდში მისი რიცხვი ძლიერ შემცირდა. რადგან ამ ცხოველებს გამრავლების დაბალი სიჩქარე ახასიათებთ, რიცხოვნობის აღდგენას დიდი დროს ჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის აფალინა, როგორც იზოლირებული და საფრთხეში მყოფი პოპულაცია, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი: EN.

შავი ზღვის თეთრგვერდა დელფინი ცალკე ქვესახეობად, Delphinus delphisponticus-ად გამოყვეს თავის ქალის სხვადასხვა ანაზომისა და გენეტიკური ანალიზის საფუძველზე.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, შავი ზღვის თეთრგვერდა დელფინს მინიჭებული აქვს კატეგორია „მოწყვლადი“ – VU (Vulnerable). ექსპერტთა შეფასების მიხედვით, სამი თაობის, ანუ 45 წლის განმავლობაში, პოპულაცია შემცირდა მინიმუმ 30%-ით.

ისევე როგორც დელფინების ორი სახეობა, შავ ზღვაში მობინადრე ზღვის ღორები (Phocoenaphocoenarelicta) თავის ქალის აგებულების მიხედვითა და სხეულის ზომებით განსხვავდებიან ამავე სახეობის სხვაგან მობინადრე პოპულაციებისგან. შავ ზღვასა და ატლანტის ოკეანეში მობინადრე ზღვის ღორებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი გენეტიკური განსხვავებები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის შეწყვილება ან არ ხდება, ან ძალზე იშვიათია.

ისევე როგორც შავიზღვის ვეშაპისნაირების დანარჩენი ორი სახეობა, ზღვის ღორი მოიპოვებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებამდე. 1976-დან 1981 წლამდე თურქეთში ყოველ წელს მოიპოვებდნენ 34 000 – 44 000 ინდივიდს.

შავი ზღვის ზღვის ღორი შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში კატეგორიით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი (Endangered, EN), რადგან მიჩნეულია, რომ მისი პოპულაციის რიცხოვნობა ბოლო ათწლეულებში  80%-ით შემცირდა.

რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო, რასაც თქვენი საველე მონიტორინგის დროს შესწრებიხართ?

ყველაზე შთამბეჭდავი იყო 2013 წლის 14 აპრილს ანაკლიასთან ნანახი ნადირობა „კუდის დგაფუნით“. 6-8 აფალინასაგან შემდგარი ჯგუფები რამდენიმე ხაზად იყვნენ განლაგებული. თითოეულ ჯგუფს შორის დაშორება 5-დან 10 მ-მდე იქნებოდა. თითო ხაზში შემავალი ინდივიდები ერთდროულად ხტებოდნენ წყლიდან და კუდს წყალზე ურტყამდნენ ისე, რომ შხეფები შადრევანივით ასხამდა.

მეორე, დაახლოებით 15 ინდივიდისაგან შემდგარი ჯგუფი, იმავე დგაფუნით ნაპირისკენ მიცურავდა და თხელ წყალში ნადირობდა. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ აფალინები კუდის წყალზე დარტყმით არეტიანებენ თევზებს, ერთად აგროვებენ და მერე იოლად იჭერენ. გარდა ამისა, თუ ფსკერი ქვიშიანია და ამასთავ თხელში აკეთებენ, წყალი იმღვრევა, რაც თევზების დეზორიენტაციას იწვევს და მათი დაჭერა ადვილია.

2015 წლის ექსპედიციის დროს, სექტემბერში, დავინახეთ ნაპირთან ახლოს მცურავი ორი დიდი ზომის აფალინა ნაშიერებთან ერთად, ადამიანს წყალი წელამდე რომ დაფარავდა, ისეთ სიღრმეში. მოშორებით, ღრმად, დაახლოებით 15 დელფინი ნადირობდა. დედა წყალში ნაწილობრივ გაუჩინარდებოდა, შემდეგ კუდს ამოსწევდა და კუდით თევზს ამოაგდებდა, პატარა კი ჰაერშივე იჭერდა მას და ყლაპავდა. როგორც ჩანს, დედები შვილებს ნადირობის ილეთებს ასწავლიდნენ.

აფალინებში ნანახი იყო ნადირობა „კედლითაც“ – რამდენიმე ინდივიდი ქმნის კედელს, რომელიც ზღუდავს თევზის გადაადგილებას, ხოლო ერთი ან ორი დელფინი მიერეკება თევზს „კედლისკენ“.

ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილია მხოლოდ 35 თეთრი ზღვის ღორი. ამ დროს, ჩვენ ჩვენი კვლევის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 6 წელიწადში უკვე 4 სხვადასხვა თეთრი შეფერილობის ზღვის ღორი ვნახეთ.

კიდევ წარმოუდგენელი სანახაობაა აფალინების არშიყი, როდესაც ისინი წყლიდან ხტიან, პირუეტებს აკეთებენ, დგაფუნობენ. და ეს ყველაფერი ვნახე ორჯერ, მზის, საოცრად ლურჯი ცისა და წყლის ფონზე. ხანდახან არც კი მჯერა, რომ ვნახე. დელფინების ნახვა პატარა, თითქმის ახალდაბადებულ ნაშიერთან ერთად, ჩემთვის საოცრება და დიდი სიხარულია.

რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ვეშაპისნაირების ბედი მსოფლიოში და როგორი ვითარებაა ამ კუთხით შავ ზღვაში? რა სიღრმისეულ ძვრებს გამოიწვევს ვეშაპისნაირების გაქრობა წყლის ეკოსისტემებიდან?

ერთი შეხედვით, ადამიანებს უყვართ და აინტერესებთ დელფინები. მიუხედავად ამისა, არაერთ საფრთხეს მათ სწორედ ადამიანი უქმნის.

გასულ საუკუნეში შავ ზღვაში ვეშაპისნაირებს დიდი ოდენობით მოიპოვებდნენ. ზღვის ღორების ცხიმი და სპერმაცეტი გამოიყენებოდა მსუბუქ მრეწველობაში, კოსმეტოლოგიაში, მანქანათმშენებლობაში. სპერმაცეტი უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს, ამიტომ ფართოდ გამოიყენებოდა კოსმეტოლოგიაში. ეს ნივთიერება საგრძნობლად ამცირებს ხახუნის ძალას, რის გამოც მას მანქანათმშენებლობაში მოიხმარენ. სპერმაცეტის ამ თვისებების გამო იხოცებოდა და დღემდე იხოცება ვეშაპისნაირები ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად: რუსეთში, იაპონიაში).

ზღვის ღორების პოპულაცია შავ ზღვაში მეოცე საუკუნის შუაში ძლიერ შემცირდა: ამოღებული იქნა ასობით, ათასობით ინდივიდი. გასული საუკუნის 1961-1983 წლებში თეთრგვერდა დელფინებიც დიდი ოდენობით ნადგურდებოდა. 22 წლის განმავლობაში მოკლული იქნა 28 ათასი აფალინა. მათი რიცხვიც გაცილებით მეტი იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაშიც შავი ზღვის ყველა ქვეყანას არ ჰქონდა ინფორმაცია მოპოვებული რაოდენობების შესახებ.

1983 წლიდან მოყოლებული შავ ზღვაში ვეშაპისნაირებს პირდაპირ აღარ მოიპოვებენ საერთაშორისო და რეგიონალური კანონმდებლობით აკრძალვის გამო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში მეთევზეები აფალინებს ანადგურებენ თევზზე კონკურენციის გამო. მაგალითად, 2017 წლის ივნისში თურქეთში, ახლო მანძილიდან თოფით მოკლეს ზრდასრული მამრი აფალინა. მას 100 საფანტი ჰქონდა თავში მოხვედრილი. იგი, სავარაუდოდ, შავ ზღვაში ან ბოსფორის სრუტეში მოკლეს.

შავი ზღვის ზოგი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში აფალინებს იჭერენ არალეგალურად და ყიდიან მათ დელფინარიუმებში.

თუმცა დღეისათვის თანჭერა, ანუ, ამ შემთხვევაში, დელფინებისა და ზღვის ღორების შემთხვევითი მოხვედრა თევზსაჭერ ბადეებში შავ ზღვაში არსებულ საფრთხეებს შორის უპირველესია. განსაკუთრებით ხშირად თანჭერის მსხვერპლნი ზღვის ღორები არიან. შემთხვევების 99%-ში ზღვის ღორები იხლართებიან ფსკერულ ბადეებში, რომლებსაც იყენებენ კამბალას მოსაპოვებლად. შავი ზღვის ზოგ რეგიონში ზღვის ღორების სიკვდილიანობა პიკს აღწევს აპრილ-ივნისში, როდესაც კამბალას ჭერა მიმდინარეობს.

სახიფათოა, აგრეთვე, ტრალის ბადეებიც, რომლებიც აზიანებს ან კლავს ვეშაპისნაირებს და ზიანს აყენებს მათ საკვებ ბაზას.

მნიშვნელოვან საფრთხეს დელფინებს და სხვა ვეშაპისნაირებს უქმნის ქიმიური დაბინძურება. არაერთმა კვლევამ გამოავლინა ვეშაპისნაირთა ქსოვილებში სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერება და მათი უარყოფითი გავლენა ცხოველების სიცოცხლისუნარიანობაზე. პესტიციდებს, ცეცხლის შემაკავებელ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებსა და ნავთობპროდუქტებს აქვთ ბიოაკუმულაციის (ქსოვილებში დაგროვების) უნარი და დამანგრევლად მოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გამოვლინდა სამეურნეო-ფეკალური წყლებითა და ნავთოპროდუქტებით დაბინძურების შემთხვევები, ისინი გემებიდან  ჩაედინებიან  წყლებში. ქიმიური ჩაღვრები ზღვის ღორის ჰაბიტატზე უარყოფითად მოქმედებს. იგი აბინძურებს საცხოვრებელ გარემოს და კლავს მსხვერპლ სახეობებს. ზღვის ღორების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება ნავთობის ჩაღვრის შემდეგ წარმოქმნილი ტოქსიკური ორთქლის ჩასუნთქვისას. თუ ჰაბიტატი პატარაა და პოპულაცია მცირე ზომისაა, მაშინ ტოქსიკური დაბინძურების უარყოფითი გავლენა უფრო ძლიერდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიული წყლები დაბინძურებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, მათ შორის არის პესტიციდები, ფარმაკოლოგიური პრეპარატები, საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ნარჩენები და სხვა.

საყურადღებოა მდინარეების მიერ ჩამოტანილი პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც საკმაოდ დიდ ხიფათს წარმოადგენს დელფინებისათვის. მათ ორგანიზმში მოხვედრას თან სდევს კუჭის დიდი ნაწილის გავსება და გამავალი გზების ჩაკეტვა კუჭსა და კუჭქვეშა ჯირკვალს შორის, რაც იწვევს მუცლის ღრუს პრობლემებს და ხშირ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზიც ხდება.

ადამიანის საქმიანობის შედეგად მდინარეებისა და ზღვის დაბინძურება ხელს უწყობს გოგირდწყალბადისა და მეთანის წარმომქმნელი ბაქტერიების გამრავლებას, შედეგად მატულობს შავ ზღვაში ჟანგბადით ღარიბი, გოგირდწყალბადით მდიდარი უსიცოცხლო, მკვდარი ზონები, რაც უარყოფითად აისახება შავი ზღვის ეკოსისტემის თითოეულ რგოლზე.

ვეშაპები და დელფინები ცხოვრობენ ბგერების სამყაროში. ისინი იკვებებიან, ერთმანეთთან ურთიერთობენ და მოგზაურობენ ბგერების საშუალებით. თუ მათი სამყარო გაივსო არაბუნებრივი ხმამაღალი ბგერებით, ეს დელფინებსა და სხვა ვეშაპისნაირებს ხელს შეუშლის როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ისე ნადირობასა და სივრცეში გადაადგილებაში. ნავთობის ინდუსტრიის განვითარების შედეგად ზღვაში წარმოქმნილი ვიბრაცია, წყალქვეშა ფლოტის სამხედრო წვრთნები, ექოლოტებით აღჭურვილი მრავალი გემის მოძრაობა, ნავთობისა და გაზის საძიებო ხელსაწყოების გამოყენებისას წარმოქმნილი ხმაური აბინძურებს მათ გარემოს ხმამაღალი ბგერებით და ხელს უშლის ექოლოკაციაში; რის გამოც ცხოველები ხშირად „ვერ აგნებენ გზას“ და ნაპირზე ირიყებიან. აღწერილია შემთხვევები, როდესაც წყალქვეშა სამხედრო წვრთნებს ვეშაპისნაირების მასობრივი გამორიყვა მოჰყვა. დელფინებისა და ვეშაპებისთვის მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებისათვის დანახვა და გაგონება ერთად, ამიტომ იმის შესწავლა, თუ რა სიხშირისა და სიძლიერის ბგერითი დაბინძურებაა სახიფათო დელფინებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე ვეშაპისნაირებისთვის არ არის გამოყოფილი ბგერით დაბინძურების დასაშვები ნორმები. ამიტომ შეუძლებელია ხმაურით დაბინძურების დონის შეფასება და, შესაბამისად, მის შემცირებაზე მიმართული მოქმედებების მოფიქრება.

რა შეუძლიათ ბუნების გულშემატკივარმა ადამიანებმა გააკეთონ ვეშაპისნაირებისთვის საქართველოში?

ამის მზა რეცეპტი მე არა მაქვს, ალბათ, გამორიყული დელფინების მონიტორინგში მიიღონ მონაწილეობა, როდესაც ზღვაზე იქნებიან. მიაწოდონ სპეციალისტებს ინფორმაცია მათი, ისევე, როგორც  ცოცხალი დელფინების ნახვის შესახებ. პირველ რიგში, რაც უნდა ტრივიალურად ჟღერდეს, გაავრცელონ ინფორმაცია შავი ზღვის დელფინებზე, მათ ზემოქმედ საფრთხეებზე. სამიზნე აუდიტორიად სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები აირჩიონ, რადგან ეს საუკეთესო ასაკობრივი კატეგორიაა კონსერვაციული იდეების აღქმის კუთხით. აუხსნან ხალხს  პოლიეთილენის პარკების ზღვის სანაპიროზე დაყრის საშიშროების შესახებ. ტალღებს პარკები ზღვაში ჩააქვს და შედეგად მსოფლიოში ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, პოულობენ  მკვდარ დელფინებს კუჭში პლასტმასათი.

მოკლე ანიმაციებითა და მხიარული პოსტერებით გააცნონ და შეაყვარონ მოსახლეობას შავი ზღვის დელფინები და ზღვის ღორი.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები