რეკლამაspot_img

ჟოზეფ ტურნეფორი – კავკასიის ფლორის პირველი მკვლევარი

განმანათლებლობის ეპოქამ ევროპაში გავლენა მოახდინა მთელ ცივილიზებულ სამყაროზე. თავისუფალი და ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების სურვილმა, ინტერესმა სამყაროს შეცნობისა და ახალი აღმოჩენებისამ გასაქანი მისცა ნიჭიერი ადამიანების ფანტაზიასა და კვლევით საქმიანობას. საფრანგეთი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან ამ მოვლენების ეპიცენტრი გახდა. ლუი XIV-ის აბსოლუტური მონარქიის პერიოდსა და ლუი XV-ის ქვეყანაში კარგი პირობები შეიქმნა ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებისათვის. განმანათლებლობის ეპოქის გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში პარიზში მკითხველთა ფართო წრისთვის გათვალისწინებული დიდრო-დალამბერის ცნობილი ენციკლოპედიის გამოცემა. ქვეყანაში დაიბეჭდა უამრავი  ნაშრომი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებში, რომელთა შორის ბიოლოგიამ და ბოტანიკამ საპატიო ადგილი დაიკავა.

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ევროპაში ფლორისა და ფაუნის შესწავლით ბევრი მოყვარული მოგზაური იყო გატაცებული. მე-18 საუკუნეში საფრანგეთის მთავრობა აფინანსებდა ექსპედიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და ბუნების შესწავლის მიზნით.ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალის დახარისხება, კვლევა და სისტემატიზაცია მეტად საპასუხისმგებლო საქმე გახლდათ. მოგზაურ-მეცნიერთა შრომისმოყვარეობისა და ენთუზიაზმის შედეგად ნელ-ნელა ყალიბდებოდა სამეცნიერო კვლევა-ძიებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ბოტანიკა, როგორც მეცნიერება, მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა და მისი სისტემატიზაციის პროცესში არაერთმა მკვლევარმა შეიტანა თავისი წვლილი. ერთ-ერთი „პიონერი“ მეცნიერების ამ დარგში გახლდათ ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი (1656-1708წწ.).

ტურნეფორი იეზუიტების კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ პროფესიული არჩევანი მამის სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღო: მშობლის გარდაცვალების შემდეგ მან აიხდინა დიდი ხნის ოცნება, შეესწავლა მცენარეები და გამხდარიყო ბოტანიკოსი. დამწყებმა მეცნიერმა დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ექიმად დაიწყო მუშაობა. ამ დროის განმავლობაში მან მოიარა საფრანგეთის რეგიონები, პირინეები, მცირე აზია და საბერძნეთი, სადაც შეაგროვა მცენარეების ნიმუშები. გამხმარი მცენარეების კოლექციებს ის სპეციალურ ალბომებში, ჰერბარიუმების ფორმით ინახავდა. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „ჰერბარიუმიც“ პირველად ტურნეფორმა გამოიყენა. 1683 წლიდან მეცნიერმა მიიღო პარიზის სამეფო ბაღის მთავარი ბოტანიკოს-პროფესორის წოდება, მალე ის აირჩიეს საფრანგეთის სამეფო აკადემიის წევრადაც. 1694 წელს ტურნეფორმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ბოტანიკის საფუძვლები, ანუ მცენარეთა შესწავლის მეთოდი“ („Eléments de botanique, ou Méthode pour connoître les Plantes). ამ წიგნმა ბოტანიკოსს პირველი დიდი აღიარება მოუტანა. ტურნეფორმა კარლ ლინეის (1707-1778 წწ.) მიერ მცენარეთა უნივერსალური კლასიფიკაციის შემოღებამდე თავის ნაშრომში პირველად გამოიყენა ტაქსონომიური, ანუ მცენარეთა სისტემური კლასიფიკაციის მეთოდი. მან მცენარეები დაყო 14 ჯგუფად, ანუ კლასად, შემდეგ კი ისინი დააჯგუფა გვარისა და სახეობების მიხედვით.გვარებად დაყოფა ეფუძნებოდა ყვავილის გვირგვინისა და ნაყოფის თავისებურებებს, ხოლო ფესვის, ღეროსა და ფოთლების აგებულება – სახეობებად დაყოფას. მიუხედავად  მეცნიერის კვლევითი მეთოდის ხელოვნურობისა, რაშიც მას აკრიტიკებდნენ მომდევნო პერიოდის ბოტანიკოსები, ტურნეფორის მცენარეთა კლასიფიკაცია უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯად ითვლება ბოტანიკის ისტორიაში. ტურნეფორის დიდი დამსახურებაა ასევე ის, რომ მან ლათინური სახელწოდებები დაარქვა ბევრ მცენარეს, რომლებიც მანამდე აღწერილი არ იყო. ლათინურ სახელწოდებას მოსდევდა მცენარის ვრცელი და დაწვრილებითი დახასიათება.

1717 წლის გამოცემის თავფურცელი (მე-3 ტ.)

ჟოზეფ ტურნეფორის გამოცდილება და განათლება სათანადოდ დააფასა საფრანგეთის მთავრობამ. 1700 წელს საფრანგეთის მეფისა და მინისტრის, გრაფ პონშარტრენის ბრძანებით,44 წლის ნატურალისტი საგანგებო მისიით გაემგზავრა აღმოსავლეთის ქვეყნებში. მეცნიერს ამჯერად დაევალა არა მხოლოდ უცნობ მცენარეთა აღწერა, არამედ მოვლილი ქვეყნების გეოგრაფიის, ისტორიის, ხალხთა ზნე-ჩვეულებების, რელიგიისა და ვაჭრობის შესწავლა. 1700 წლის ორ მარტს ტურნეფორი მარსელიდან ხმელთაშუა ზღვით ჩავიდა მალტაში, მოინახულა საბერძნეთის 38 კუნძული, იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, სინოპში, ტრაპიზონში. შემდეგ ის საქარავნო გზით ჩავიდა ერზერუმში, ყარსში, დმანისში, თბილისში, ერევანში, კვლავ ყარსში და  ბოლოს, 1702 წლის 3 ივნისს დაბრუნდა  მარსელში. მან სურდა ეგვიპტეში გამგზავრებაც, მაგრამ შავი ჭირის ეპიდემიამ ხელი შეუშალა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში. მოგზაურობისას ტურნეფორს თან ახლდნენ: გერმანელი ბოტანიკოსი ანდრე გუნდელშეიმერი და ფრანგი მხატვარი, მეცნიერის მეგობარი – კლოდ ობრიე (1665-1742 წწ.).

ავტორს მოგზაურობის შთაბეჭდილებები მინისტრისადმი ქრონოლოგიურად დათარიღებული წერილებით აქვს წარდგენილი. მეცნიერმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო თავისი ნაშრომის წიგნად გამოქვეყნება, რადგან1708 წელს გარდაიცვალა. აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის ამსახველი მასალა დაიბეჭდა მხოლოდ ტურნეფორის სიკვდილიდან ცხრა წლის შემდეგ, 1717 წელს. ნაშრომის შემოკლებული ქართული სახელწოდებაა: „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში…“(„Relation D’un Voyage du Levant… des Cotes de la Mer Noire, de l’Arménie, de la Géorgie, des Frontières de Perse & de l’Asie Mineure Avec Les Plans des Villes & des Lieux considérables; le Génie, les Mœurs, le Commerce & la Religion des différents Peuples qui les habitant…“). ტურნეფორის ეს ნაშრომი პირველად  ორ ტომად დაიბეჭდა პარიზში 1717 წელს, მეორედ – ლიონში იმავე წელს, ხოლო მესამედ – ამსტერდამში (ფრანგულ ენაზე) 1718 წელს ორ ტომად. შემდგომ  ეს ნაშრომი თარგმნეს ჰოლანდიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ლიონში დაბეჭდილი სამტომეულიც პირველ გამოცემად ითვლება. ლიონსა და ამსტერდამში დაბეჭდილი 1717-1718 წლების გამოცემები დაცულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში და მფლობელების მიერ შემოსილია ტყავის ყდებით.

 

თბილისის ხედი. 1701 წ. მხატვარი – კლოდ ობრიე

საყურე (Rhynchocorys Orientalis Elephas)

თხზულებაში კარგად ჩანს, რომ მეცნიერს მოგზაურობამდე შესწავლილი ჰქონდა თითოეული ქვეყნის გეოგრაფია, ისტორია და კულტურა, ის ხშირად ადარებს ძველ ისტორიკოსებისა და მისი წინამორბედი მოგზაურების ჩანაწერებს ნანახით აღძრულ პირად შთაბეჭდილებებს. წიგნში აღწერილია მე-18 საუკუნის დასაწყისის თბილისი (1701 წ.), ქართველების გარეგნობა და მათი ხასიათის თავისებურებები. საქართველოში მოგზაურობის ამსახველი მასალა ამსტერდამული გამოცემის მეორე და ლიონური გამოცემის მესამე ტომებშია  დაბეჭდილი.

ტურნეფორის ნაშრომის მნიშვნელობა შეუფასებელია კავკასიის ქვეყნების ეთნოგრაფიის,  ბუნებისა და ფლორის შესწავლის თვალსაზრისით. აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის მანძილზე ტურნეფორმა შეაგროვა მცენარეთა 1356 ეგზემპლარი და სისტემაში მოიყვანა ისინი. ეს არის აღმოსავლეთის ქვეყნების ფლორის პირველი ჰერბარიუმი, რომელსაც უნიკალური სამეცნიერო და ისტორიული ღირებულება აქვს. მოგზაურის მიერ შეგროვებული მცენარეები დღეს სათუთადაა დაცული საფრანგეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში.

ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტესესს იწვევს ფრანგი მოგზაურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნანახი მცენარეების მისთვის უცნობი სახეობები. ბოტანიკოსმა  თ.მაღალაშვილმა-ყანჩაველმა, ტურნეფორის მიერ საქართველოს სასაზღვრო რეგიონში აღმოჩენილი მცენარეების ნიმუშების აღწერის მიხედვით, შეისწავლა მოგზაურის მარშრუტი, რომელიც თხზულებაში არ იყო მინიშნებული და დაასკვნა, რომ „იგი თბილისში ყარსიდან შემოსულა დმანისისა და მარნეულის გავლით“. მცენარეებიდან ლორეს ველისა, რომელიც მაშინ ქართლ-კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა, მან აღწერა:Aconitum -ქართულად – „ტილჭირი“, Rhynchocorys orientalis (იგივე „Elephans orientalis”) – ქართულად – „საყურე“; მცენარე Scutellaria orientalis (იგივე „Cassida orientalis”) – ქართულად- „მუზარადა“ მან ქვემო ქართლში მოიპოვა. თხზულების ავტორის მიერ დასახელებული სხვა მცენარეების ადგილიც არ არის დაზუსტებული, მაგრამ, მათი გავრცელების არეალიდან გამომდინარე, ქართველმა ბოტანიკოსმა დაასაბუთა, რომ „აღნიშნული სახეობების კლასიკური ადგილი უმეტეს შემთხვევაში ქვემო ქართლშია – დმანისსა და თბილისს შორის“. ტურნეფორი წერს, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ტყიანი ადგილები ჭარბობს, სადაც ხარობს: მუხა, ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი და იფანი.

მოგზაური საყურადღებო ცნობებს გვაწვდის საქართველოში ზოგიერთი მცენარის მოყვანისა და ამ მცენარეებით ვაჭრობის შესახებაც. „ის აღნიშნავს, რომ თბილისის მიდამოებში სელი ითესებოდა და რომ ქართველები მისგან ზეთს ხდიდნენ, რომელსაც მხოლოდ საჭმელში და საწვავად ხმარობდნენ მაშინ, როდესაც სელისგან საუკეთესო ქსოვილის მიღებაც შეიძლებაო, ის აღნიშნავს, აგრეთვე, რომ იმ დროს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი საქონელი ტყავეული და აბრეშუმი იყო. გარდა ამისა, ყოველწლიურად საზღვარგარეთ დაახლოებით 2000 აქლემი მიდიოდა ენდროს ძირებით დატვირთულიო“ (თ. მაღალაშვილი-ყანჩაველი).

გუნდელია (Gundelia)

                                                             ბარისპირა (Betonica)

ტურნეფორის მიერ კავკასიაში შეგროვებულ მცენარეთა სხვა სახეობებია: Geranium ibericum Cav. (ნემსიწვერა), Stizolophus coronopifolius (Lam.) Cass. (სტიზოლოფუსი), Centaurea reflexa Lam.(ღიღილო), Achillea filipendulina Lam. (ფარსმანდუკი), Papaver orientalis L. (ყაყაჩო), Dodartia orientalis L. (აღმოსავლური დოდარცია), Betonica orientalis L. (ბარისპირა),Veronica tournefortii Gmel. (ჩაღანდარი), Lepidium orientale, ანუ Lepidium meyeri Claus (მეიერის წიწმატი), Carduus orientalis Adams, იგივე Carduus L.(ნარშავი) და სხვა. ტურნეფორმა აღწერა მანამდე უცნობი  გვარის წარმომადგენელი, უდაბნოს მცენარე – Gundelia tournefortii L. (გუნდელია), რომელიც კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშია გავრცელებული და დღეს ამ ქვეყნების წითელ წიგნშია შეტანილი.

ზემოთ დასახელებულ ნაშრომში ავტორი დაწვრილებით აღწერს მის მიერ მოვლილი ადგილების ხედებსა და ბუნებას. ბოტანიკოსი საგულისხმო ცნობებს იძლევა  მე-18 საუკუნის დასაწყისის თბილისის გამწვანების შესახებ. „აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის“ ორტომეულში (1718 წ.) დაბეჭდილი დედაქალაქის გრაფიკული ჩანახატით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ამ დროს ქალაქის ქუჩებში ფართოფოთლოვანი ხეები ყოფილა დარგული, ხეებითაა დაბურული ქალაქგარეთ მდებარე სამეფო ბაღის ტერიტორიაც. მეფის სასახლის ბაღების შესახებ ის შენიშნავს, რომ ისინი მშვენიერი სანახავია და უკეთესადაა გამწვანებული, ვიდრე თურქეთშიო. ბაღებში მრავლად ყოფილა უცხო და საინტერესო მცენარეები, მაგალითად Persicaria, ქართულად -ბოსტნის წალიკა (მატიტელისებრთა ოჯახიდან). ტურნეფორი წერს, რომ ქართველები მას სამკურნალოდ, ჭრილობისა და წყლულის მოსარჩენად იყენებდნენ, ზოგჯერ კი – საღებავადაც. აღნიშნული მცენარე მართლაც ხარობს საქართველოში და ხალხურ მედიცინაში მას ჭრილობების მოსაშუშებლად და სისხლდენის შესაჩერებლად ხმარობენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურნეფორის ამ საინტერესო წიგნის ილუსტრატორია ფრანგი მხატვარი კლოდ ობრიე, რომლის მეცნიერული სიზუსტით დახატულ ნამუშევრებს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს ზოოლოგიური, ბოტანიკური და მიკოლოგიური გამოკვლევების სფეროში. ობრიეს ცხოვრების ადრეულ პერიოდსა და განათლებაზე თითქმის არაფერია ცნობილი.ფაქტია ის, რომ ობრიე უკვე პროფესიონალი ხელოვანი გახლდათ, როცა მხატვრად დაიწყო მუშაობა ლუი XIV-ის სამეფო ბოტანიკური ბაღში. აქ ის მოღვაწეობდა 1740 წლამდე და ხატავდა მცენარეთა ჩანახატებს საფრანგეთის სამეფო აკადემიის მეცნიერთათვის. პარიზის ბოტანიკურ ბაღში ობრიედა ჟოზეფ ტურნეფორი ერთ შენობაში ცხოვრობდნენ.

                                                   აღმოსავლური დოდარცია (Dodartia orientalis L.)

                                                        მეიერის წიწმატი (Lepidium Orientale)

ორი ადამიანის მეგობრობამ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. მხატვარმა 1000 ილუსტრაცია შექმნა ტურნეფორის „ბოტანიკის საფუძვლებისთვის“, შემდეგ კი გაჰყვა მას შორეულ მოგზაურობაში. სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას ხელოვანს მუშაობა უწევდა მეტად რთულ საველე პირობებში, მაგრამ, დიდი ენთუზიაზმისა და საქმის სიყვარულის წყალობით, ის ზედმიწევნით ასრულებდა ტურნეფორის დავალებებს. მოგზაურობისას შექმნილი 546 ჩანახატი და გზად შეგროვებული მცენარეების ნიმუშები მეგობრებმა გააგზავნეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან. ობრიე ამ დროს ჯერ არ აწერდა ხელს თავის ნამუშევრებს. სამშობლოში დაბრუნებულმა მხატვარმა დაამუშავა თავისი ჩანახატები და მათ დასრულებული, სრულყოფილი სახე მისცა. „აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის“ ამსახველ ილუსტრაციებში გვხვდება არა მარტო მკაცრი მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე შექმნილი მცენარეთა ნიმუშები ლათინური სახელწოდებებით, არამედ უცხო ქვეყნების ეგზოტიკური პეიზაჟები, ქალაქების ხედები, სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ტიპაჟები და ჩაცმულობა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები