რეკლამაspot_img

ტყე ერის საუნჯეა!

ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ

ტყე ყველა ქვეყანაში დიდი ეროვნული სიმდიდრეა. ისეთ მთიან ქვეყანაში კი, როგორიც ჩვენი სამშობლოა, ტყე, არა მარტო ეროვნული სიმდიდრეა, არამედ მისი სასიცოცხლო საწყისების, მისი სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძირითადი საფუძველიცაა.

ჩვენი მთის კალთები ტყით რომ არ იყოს დაფარული, ბარად არც ასეთი უხვმოსავლიანი ბაღ-ვენახები, ჩაისა და ციტრუსების, სამკურნალო და ტექნიკური მცენარეების პლანტაციები გვექნებოდა; ჩვენი ქვეყანა კურორტებითა და კლიმატური სადგურებითაც არ იქნებოდა განთქმული, უტყეოდ ჩვენი მთის მდინარენი -ელექტროენერგიის დაუშრეტელი წყარო – ბაღ-ვენახებისა და ყანების მაცოცხლებელი კი არ იქნებოდა, არამედ ხალხის უბედურების წყაროდ გადაიქცეოდა. ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 36 %-ი ტყითაა დაფარული. მართალია, ახლო წარსულში ეს პროცენტი უფრო მაღალი იყო, მაგრამ თუ არსებულ ტყეებს გონივრულად გამოვიყენებთ, არც ესაა ძალიან ცოტა. მიუხედავად ამისა, ტყის პირდაპირი გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენ უტყეო ქვეყნად ჩავითვლებით, რადგან ჩვენი ტყეების 95%-ზე მეტი მთის ტყეა, ე.ი ტიპური ნიადაგის დამცველი, წყლის შემნახველი და მისი მარეგულირებელი ტყე.

იქ, სადაც მთის ფერდობზე ტყე ისპობა, ძლიერდება ეროზია, ნიადაგის ჩამორეცხვა, ქანების დაშლა და ამის გამო გასაქანი ეძლევა ღვარცოფებს.

თავისებური წარსულის გამო კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთები ციცაბოა. ამავე დროს ისეთი ქანებისგან შედგება, რომელნიც ძალიან ადვილად იშლებიან, საკმარისია, მთის ფერდობზე ტყე გაიჩეხოს, რომ ეს ფერდობი ღვარცოფის დაუშრეტელ წყაროდ გადაიქცეს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენი მდინარეების უმრავლესობა მთის მდინარეა, კალაპოტიც ძლიერ დაქანებული აქვს. შიშველ ფერდობზე წყალი ნიადაგში ან  სრულად იჟონება, ან ფრიად ცოტაა და ნიადაგის ზედაპირზე ნიაღვრად მოდის, ამის გამო მდინარის კალაპოტი სულ მცირე ხანში წყლითა და შლამ-ხრეშით ივსება, მდინარე ვაკისკენ დიდი სისწრაფით მოექანება, ვაკის კალაპოტში ვეღარ ეტევა, ამოდის ნაპირებიდან და ფარავს ყანებს, პლანტაციებს, ბაღ-ვენახებს და, წყალდიდობის გავლის შემდეგ, თვალწინ იშლება განადგურების საშინელი სურათი: მრავალი ასეული ჰექტარი ან წყლისგანაა მიტაცებული, ან წარიყულია.

ვის არ ახსოვს, მდინარე დურუჯის ღვარცოფმა ყვარელში რა საშინელება დაატრიალა: მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ ყვარლის ერთი უბანი შლამში დამარხა. 1953 წელს ღვარცოფმა და ნაპირებიდან მოვარდნილმა თერგმა დიდი ზარალი მიაყენა თერგის ხეობას, მრავალ კილომეტრზე დაანგრია გზა, წალეკა ხიდები და სხვა.

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ატენის ხეობის ტყეები მისმა მფლობელმა ერისთავებმა მიჰყიდეს გერმანელ მრეწველს, ვინმე ზეზემანს. მან ხეობაში გაიყვანა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და ოციოდე წლის განმავლობაში მთელი ხეობის შესანიშნავი ფიჭვნარები, ნაძვნარები და სოჭნარები პირწმინდად გაჩეხა და მოსპო. ამის შედეგად, პატარა მდინარე ტანა ხეობის უბედურებად გადაიქცა. გახშირდა მდინარის მოულოდნელი ადიდება, რომელიც ანგრევდა სახლებს, ატიალებდა ბაღ-ვენახებს, სახნავ-სათესს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტანას მიერ მოთხრილი და მოტაცებული ღვინით სავსე ქვევრი მტკვრის რიყეზე, მეტეხთან თუ გრაკალთან უნახავთ.

ეროვნულ უბედურებად გადაიქცა ტყეების მოსპობა შვეიცარიაში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, ინდოეთში და ყველგან, სადაც ტყეს უდიერად ეპყრობოდნენ და არ უფრთხილდებოდნენ.

ინდოეთში ხშირი და დამღუპველი წყალდიდობანი შედეგია კოლონიზატორების მიერ ტროპიკული ტყეების დაურიდებელი განადგურებისა. შეერთებულ შტატებში, მდინარე ორინოკოს ხეობაში, მე-19 საუკუნის ამერიკის მტაცებლურმა კაპიტალმა პირაღებით მოსპო შესანიშნავი ტყეები, რისი შედეგიც იქაურმა მოსახლეობამ მალე იწვნია. აზვირთებულმა მდინარე ორინოკომ მოსპო, წალეკა და გაანადგურა მრავალი ქალაქი და სოფელი.

თუ საქართველოში არ გავაგრძელეთ ტყეების მოვლა და დაცვა, ჩვენ მხარესაც ასეთივე დღე მოელის, ნაცვლად აყვავებული სოფლებისა, ძვირფასი მცენარეების პლანტაციებისა, ზვრებისა და ბაღებისა, ოქროს თავთავიანი ყანებისა, ნახევრად უდაბნოღა შეგვრჩება ხელში.

ტყე ბუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ჰავა, კლიმატი შედეგია ბუნებრივ პირობათა მთელი კომპლექსის. თუ რომელიმე ამ პირობათაგანი დაირღვა, იცვლება ჰავაც, ტყე ჰავის გამათანაბრებელია. ტყით დაფარული ზედაპირი არც უცბად ხურდება და არც უცბად კარგავს სითბოს. ტყეში ღია ადგილთან შედარებით საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 0,5 გრადუსით უფრო დაბალია, ზამთარში კი 0,3 გრადუსით მაღალი. ამგვარად, ტყე ჩვენი ბუნებრივი პირობების ერთ-ერთი დამდგენელთაგანია. ჩვენი მთის ფერდობნი რომ უტყეონი იყოს, დასავლეთ საქართველოში არ გვექნებოდა ის ზომიერი და რბილი ჰავა, რომელიც საშუალებას იძლევა შავი ზღვის სანაპიროზე გავაშენოთ სუბტროპიკული მცენარენი; აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატიც უფრო კონტინენტური იქნებოდა, გაჭირდებოდა ვაზისა და სხვა ნაზი მცენარეების დარგვა-მოშენება.

ტყე ამდიდრებს ჰაერს ადამიანისთვის საჭირო ნივთიერებით. მაგალითად, ჟანგბადი ტყის ჰაერში მეტია, ვიდრე უტყეო ადგილებში. ფისოვანი ნივთიერებების სურნელება აღიზიანებს სასუნთქ ორგანოებს, რაც ინტენსიურ სუნთქვას იწვევს. ფიჭვი, მუხა და სხვა მცენარენი გამოყოფენ ფიტონციდებს, რომელნიც სხვადასხვა მიკრობს ანადგურებენ ან ანელებენ მათ განვითარებას. გარდა ამისა, ტყე ხელს უწყობს სხვადასხვა სამკურნალო წყლების არსებობას და მას სხვა მრავალი სიკეთეც მოაქვს. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წიწვიან ტყეებს, რომლებიც არც ისე ბევრი გვაქვს და მითუმეტეს გვჭირია მათი გულდასმით მოვლა.

ჩვენი კლიმატური კურორტები – აბასთუმანი, ბორჯომი, ლიკანი, შოვი, ცემი, ბაკურიანი, ჯავა, მანგლისი და სხვა მრავალი – ძირითადად ჩვენი მთის ტყეების გავრცელების ზონაშია მოქცეული და, თუ ისინი კურორტობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ირგვლივ არის ნაძვნარი, სოჭნარი, ფიჭვნარი და მათი შესანიშნავი კორომები და ტევრები. რა კურორტი იქნება ბორჯომი ან აბასთუმანი, მათ ირგვლივ ტყე რომ ამოიკაფოს? არავითარი.

ჩვენს რესპუბლიკაზე ამბობენ, რომ ყველაზე მდიდარია „თეთრი ნახშირით“ – მთის მდინარეებით, რომლებზედაც ელექტროსადგურები იგება. ეს კარგია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმდიდრეც მთლიანად დამოკიდებულია ტყეზე. ტყე რომ არ იყოს, წვიმებისა და თოვლის დნობის დროს მდინარეები ადიდდება, ზაფხულში დაშრება, რადგან უტყეო ხეობა წყალს ვერ ინახავს. ცნობილია,  ტყე რომ არ ყოფილიყო, წყალი უცბად ჩამოირბენდა, ნიადაგში ვეღარ გაიჟონებოდა და მდინარეს ზაფხულში მკვებავი წყალი არ ექნებოდა. ტყეს, როგორც წყლის მარეგულირებელს, მარტო ელექტროსადგურებისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ სარწყავი წყლისთვისაც. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ურწყავად ძეძვიც ძლივს იხარებდა, სარწყავი არხის გაყვანით კი აყვავებული და აქოჩრილია ბაღ-ვენახებით, სახნავ-სათესით.

აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ ბევრი გვაქვს მოსარწყავი, მაგრამ წყალი არ გვყოფნის, იორმა, ალაზანმა, არაგვმა, ქციამ, ლიახვმა, ქსანმა, მტკვარმა და სხვა მისმა შენაკადებმა კიდევ რომ იკლოს, კატასტროფა იქნებოდა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მეზობელი აზერბაიჯანისთვისაც.

კოლხეთის ჭაობების დაშრობაზე დიდი ენერგია და ფული იხარჯება. კოლხეთის დაჭაობების ძირითადი წყარო რიონი და მისი შენაკადებია. ჭაობთა დაშრობის ერთ-ერთი საშუალება მდინარეთა სათავეებში ტყის კარგად მოვლაცაა: თუ სადმე ამოჩეხილია, კვლავ ტყით უნდა დავფაროთ, აღვკვეთოთ ესქპლოატაციის ყოველგვარი სახე, გარდა მოვლითი ჭრებისა. ჩვენი ტყეების ზონის ყოველი უტყეო ადგილის 1 ჰექტრიდან წვიმის წყალს 15- 60 ტონა მიწა, ხრეში, ლამი და ღორღი მიაქვს, მთის მდინარე კი ყოველივე ამას ბარისკენ მოაქანებს, და რაკი აქ მდინარება  მდორეა, ამიტომ ეროზიის პროდუქტები ილექება ფსკერზე, რაც ამაღლებს კალაპოტის ფსკერს, რის გამოც წყალდიდობის დროს მდინარე ადვილად გადმოდის ნაპირებზე. თუ წყალმკრეფ აუზში შევამცირებთ მდინარის მიერ ეროზიის პროდუქტების წამოღებას, ამით შევანელებთ ნაპირიდან წყლის ამოვარდნასაც.

არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაღლა, მთაში გაზრდილ ნაძვსა და ფიჭვზე, სოჭსა და წიფელზე, მუხასა და რცხილაზე და მათი, თუ სხვა ჯიშის ტყეების, კეთილდღეობასა და სიცოცხლეზეა დამოკიდებული ბარად პურისა და სიმინდის, ჩაისა და ლიმონ-მანდარინის, ყურძნისა და მსხალ-ვაშლის, თამბაქოსა და ბამბის, თუ სხვათა მოსავალი.

ჯავახეთი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ტყიანი იყო. ისტორიული დოკუმენტები ტაბისყურის ნაპირებზე ფიჭვისა და ნაძვის ტევრებს მოიხსენიებდნენ. ზემო ქართლის ვაკეზე, იმავე წყაროების ცნობით, ისეთი უსიერი ტყეები ყოფილა, რომ სახელმწიფოს თავს აუღია სოფლების დასასახლებლად მათი გაჩეხვა. ასევე ტყიანი ყოფილა ქვემო ქართლი. დღეს კი ეს ადგილები დაფარულია მშრალი ადგილების ბალახეული მცენარეებით. მაშასადამე, გადაუდებელი და დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა ტყეების უკან დახევა გონივრული ჩარევის შედეგად შევაჩეროთ.

ჩვენს ტყეში ხე თუ მოიჭრება, მხოლოდ ისეთი უნდა მოიჭრას, რომლის მოცილებით სხვა ხეების, უფრო ჯანსაღების და კარგების, მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენი ტყიდან ხე-ტყის გამოტანა უნდა ემსახურებოდეს ტყის მოვლას, ტყის გაჯანსაღებას, ტყის განახლებას, მით უმეტეს, რომ გადაბერებული კორომი ბევრი გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კორომებამდე მისვლა ჩვენს ტყის მრეწველებს უძნელდებათ, გზის პირებს უმარჯვებენ და ხშირად ჯანსაღ ხეებს ჩეხენ. მათი წმინდა ვალია მიაღწიონ გადაბერებულ კორომებამდე და აწარმოონ მხოლოდ მოვლითი და ამორჩევითი ჭრები, გაიყვანონ ახალი გზები და ტყის მოვლა მეცნიერულ საფუძველზე დააყენონ. ჩვენმა მეცნიერებამ შექმნა ჩვენი ტყეების მოვლის რაციონალური, მეცნიერულ საფუძველზე დადგენილი მეთოდები. ტყის ექსპლოატაციის დროს მხოლოდ და მხოლოდ ამ მეთოდებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში ტყის გაშენების საკითხებს დიდი ყურადღება მიექცა. თბილისის გარშემო 4000 ჰექტარზე დაირგა ფიჭვი და სხვა მცენარე. ყოველწლიურად ნატყევარ ადგილზე 2000 ჰექტარზე ირგვება ფიჭვი, თეთრი აკაცია, იფანი, ცაცხვი, კაკალი და სხვა მცენარენი, 1957 წლიდან დაიწყო ჭალის ტყეების აღდგენა. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც დავკარგეთ ჯერ კიდევ წვეთია ზღვაში. ტყეების აღდგენის საქმეში მთელი მოსახლეობა უნდა ჩაებას. ტყის მოვლა-გაშენება, არსებულის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის წმინდა ვალია.

1958 წელი.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები