რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე

საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მწვანე ნარგაობათა ფიტოსანიტარული კვლევა

ენტომოლოგიური კვლევა

სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევებისას გამოყენებული იქნა ვიზუალური, რეკოგნისცირებული და მარშრუტულ-დეტალური აღრიცხვის მეთოდები. დეტალური კვლევის მონაკვეთებზე დაფიქსირდა GPS კოორდინატები, რომლებიც დატანილ იქნა რუკაზე. კვლევების შემდეგ სამარშრუტო სვლებით ხეები აღრიცხებოდა მათი პათოლოგიური მახასიათებლების მიხედვით.თითოეულ სამარშრუტო სვლაზე საშუალოდ აღებულ იქნა 100 ხე და შეფასდა პათოლოგიური მახასიათებლების მიხედვით.საპროექტოტერიტორიისწიწვოვანკორომშიჩატარდა 17 სამარშრუტოსვლა – აღირიცხა 1755 ძირიხე. ნარგაობათა მდგომარეობის შეფასებისას  გამოიყო3 კატეგორიის ნარგაობები: I – მდგრადი ნარგაობები; II – დარღვეულია ნარგაობების მდგრადობა; III – დაკარგულია ნარგაობების მდგრადობა.ხეების მდგომარეობის შეფასებისათვის გამოიყო 6  კატეგორია:  ჯანმრთელი – ნარგაობები დასუსტების გარეგნული ნიშნების გარეშე;დასუსტებული – ვარჯის ¼ დაზიანებითა და ხმობით;ძლიერდასუსტებული – ვარჯის ¼ დან ½ მდე დაზიანებითა და ხმობით;ხმობადი – ვარჯის ½ დან ¾ მდე დაზიანებითა და ხმობით; მიმდინარე წელს გამხმარი (მიმდინარე წლის ზეხმელი)- გამხმარია ვარჯის ¾ მეტი; წინა წლების გამხმარი  ხეების  წიწვები და ფოთლები უკვე ჩამოცვენილია, ნაწილობრივ ან მთლიანად შემოცლილია ქერქი, აღინიშნება ღეროს მავნებლების შესასვლელი და გამოსაფრენი ხვრელები და ნაღრღნი ფქვილის არსებობა. სანიმუშო ფართობების პათოლოგიური კვლევა ხორციელდებოდა აპრობირებული მეთოდიკით –  ისაზღვრებოდა სანიმუშო ფართობის მდგომარეობა, ნარგაობათა დაზიანების ხარისხი, მათი მიმღებიანობა მავნე ორგანიზმების მიმართ. სამოდელო ხეების დეტალური პათოლოგიური კვლევისას ხდებოდა მავნე ორგანიზმების მოპოვება და დაფიქსირება, რომლებიც, აღებულ ნიმუშებთან ერთად, გადატანილ იქნა ლაბორატორიაში, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება მოხდა ლაბორატორიაში.

ფიტოჰელმინთოლოგიური კვლევა

გამოსაკვლევი ტერიტორიის ხუთ ლოკაციაზე მარშრუტული მეთოდით აღებული იქნა 12 სინჯი 6 სახეობის (ვიზუალურად ყველაზე მეტად დაკნინებული) წიწვოვნიდან:შავი ფიჭვი, კვიპაროზი ჰორიზონტალური, კედარი ჰიმალაის, ბიოტა, აღმოსავლური ბრტყელტოტა, კედარი ატლასის.  სინჯები აღებულია წიწვოვნების ქერქიდან და მერქნიდან. საკვლევ ტერიტორიაზე მარშრუტული მეთოდით -(მთაწმინდა-წყნეთი) აღებულია ნიადაგის 6 შერეული სინჯიც. სინჯები მოთავსდა პოლიეთილენის კონტეინერებში და კამერალური დამუშავებისთვის გადატანილ იქნა ლაბორატორიაში.

მიკრობიოლოგიური კვლევა

საკვლევი ტერიტორია

თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კვლევისა და შეფასების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში შერჩეულ იქნა 42 ლოკაცია. მათი შერჩევა მოხდა როგორც ურბანული ტყის პროექტირების საჭიროებების, ასევე ქალაქის მასშტაბით ნარგაობების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ურბანული ტყის ტერიტორიაზე განხორციელდა 17 სამარშრუტო გასვლა. ნიმუშების აღება მიმდინარეობდა ენტომოლოგიურ და სატყეო-პათოლოგიური კვლევების პარალელურად. თბილისის ცენტრალურ უბნებში კვლევა ჩატარდა 19 ლოკაციაზე. ქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი საკვლევი ტერიტორია საბურთალოს რაიონი იყო. წიწვოვნების, არსებული მდგომარეობის მიხედვით,შეირჩა 15 ადგილი, რომლებიც შემდგომ 6 ლოკაციად გაერთიანდა: გოთუას ქ. სკვერი, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია, ვეძისი, გოძიაშვილის სკვერი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, ნუცუბიძის ქ. სანიმუშო მცენარეები შეირჩა გმირთა მოედნის მიმდებარე ლოკაციაზე, რომელმაც გააერთიანა ზოოპარკის, უცნობ გმირთა მემორიალის, ტელევიზიის მიმდებარე და ცირკის ფერდობის ტერიტორიები. ცალკე ლოკაციად შეირჩა ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც დაფიქსირდა კვიპაროზების კორომების მასიური ხმობა. ასევე ცალკე ლოკაციად გამოიყო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული დეკორატიული მცენარეების სანერგე.ვაკის რაიონში ნიმუშების ყველაზე დიდი რაოდენობა შეგროვდა თსუ-ს I და II კორპუსების მიმდებარე პარკში, ასევე ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარედ და წერეთლის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე ოპერის სკვერის ლოკაცია კედრების ავადობისა და ხმობის გამო შეირჩა,  წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრის ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკვლევი უბანი იყო. ასევე კედრებისა და კვიპაროზების მასიური ავადობის გამო ნიმუშები აღებულ იქნა ერისთავის, სამტრედიის და აგლაძის ქუჩებიდან. მცენარეთა, განსაკუთრებით წიწვოვნების, მძიმე მდგომარეობის, მასიური ავადობისა და ხმობის ფაქტების გამო, დიღმის რ-ნში საკვლევად შეირჩა დიღმის ტყე-პარკის, აღმაშენებლის ხეივნისა  და აგრარული უნივერსიტეტისმიმდებარე ტერიტორიები.სანზონის ლოკაციამ  მოიცვა გურამიშვილის გამზირის სხვადასხვა უბანი. ავჭალის ლოკაცია სარაჯიშვილისა და ანდრონიკაშვილის გამზირების 4 სხვადასხვა წერტილს აერთიანებს.ისნის რ-ნში მასალა კვლევებისათვის აღებულ იქნა პეტრე-პავლეს სასაფლაოს ტერიტორიაზე. ფონიჭალის ლოკაცია  შერჩეულ იქნა კვიპაროზების მასიური ხმობის გამო.უშუალოდ ფიჭვებისათვის, საკონტროლო საკვლევ ტერიტორიად შეირჩა მარიამჯვრის ნაკრძალი. ფონური კვლევებისათვის გამოყენებულ იქნა ასევე დმანისის, ბეთანიის , თონეთის ეკოლოგიურად სუფთა ფიჭვნარებიდან აღებული მასალა.

მცენარეთა ტესტირებული სახეობები

მიკრობიოლოგიური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა როგორც გეგმარებითი ურბანული ტყის ტერიტორიაზე, ასევე, უშუალოდ თბილისსა და მის შემოგარენში არსებული მერქნიანი მცენარეები (ხეები, ბუჩქები). გამოკვლეულია წიწვოვან მცენარეთა 23 და ფოთლოვან მცენარეთა 51 სახეობა (სულ ტესტირებულია 366 მცენარე, აქედან 254 წიწვოვანი და 112 ფოთლოვანი.

საკვლევი მასალის აღება

ბიოლოგიური მასალის აღება ხორციელდებოდა სტანდარტულად, როგორც დაავადებული, ასევე – გარეგნულად ჯანსაღი ხეებიდან. იჭრებოდა მცენარის მხოლოდ ცოცხალი ნაწილები (ყლორტები, წიწვები, ფოთლები, ფიჭვის შემთხვევაში – წინა წლის გირჩებიც). ყოველი შერჩეული მცენარიდან ხდებოდა მინიმუმ სამი ნიმუშის აღება. საჰერბარიუმო მასალა თავსდებოდა პოლიეთილენის პარკებში, ხოლო მიკრობიოლოგიურად საკვლევი ნიმუშები – სტერილურ კონტეინერებში, რომლებსაც უკეთდებოდა ეტიკეტი ლოკაციისა და მცენარის სახეობის მითითებით, რის შემდეგაც მიეწოდებოდა მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. ყოველი ლოკაციიდან აღებული საჰერბარიუმო მასალა ეტიკეტირებული და დაცულია.

ბიოლოგიური მასალიდან მიკროფლორის გამოყოფა მიმდინარეობდა სტანდარტული სქემით, (www.afwgonline.com/…/fungal-isolation-protocol) რაც გულისხმობდა ჯერ პირველადი ჩანათესების, შემდეგ კი  სუფთა კულტურების მიღებას. გამოკვლეულ იქნა მცენარეებიდან გამოყოფილი ბაქტერიების ანტაგონისტური აქტივობა ფიტოპათოგენური სოკოების მიმართ, ასეევ ჩატარდა გუნგიციდური აქტივობის ტესტი რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით. ტესტ-კულტურებად გამოვიყენეთ მიკროსკოპული სოკოები: Alternaria alternata K1, Alternaria alternata K12, Phoma odoratissimi, Epicoccum nigrum F5, Epicoccum nigrum F8, Curvularia inaequalis, Sordaria lappae და Diplodia sapinea ,რომლებიც გამოყოფილი იყო მიკოლოგების ჯგუფის მიერ თბილისსა და მის შემოგარენში მზარდი სხვადასხვა მცენარიდან და იდენტიფიცირებული გელფის უნივერსიტეტში (კანადა).

კვლევის ძირითადი შედეგები

კომპლექსური ფიტოსანიტარიული კვლევები განხორციელდა სატყეო-პათოლოგიური, ენტომოლოგიური, ფიტოპათოლოგიური (მიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ფიტოჰელმინთოლოგიური) მიმართულებით.

სატყეო-პათოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა. გამოკვლევები ჩატარდა სატყეო პათოლოგიაში აპრობირებული მეთოდებით. საკვლევი ტერიტორიის სატყეო პათოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგინდა:თბილისის შემოგარენში საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი კორომების არადამაკმაყოფილებელი ფიტოსანიტარული მდგომარეობა;წიწვოვან კორომებში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს ფიჭვის ხეების ხმობა; წიწვიანებიდან ინტენსიურად ხმება ფიჭვი,  აგრეთვე აღინიშნება კედარის, ტუიას ერთეული ხეების ან პატარა ჯგუფების (3-4 ხე) ხმობა;

საკვლევ ტერიტორიაზე სატყეო-პათოლოგიური მდგომარეობის დასადგენად ჩატარდა 17 სამარშრუტო სვლა, რომლის ფარგლებშიც აღირიცხა 1755 ძირი ხე.ფიჭვნარების ინტენსიური ხმობა განპირობებულიაშემდეგი მავნებლებით: ფიჭვის დიდი ლაფნიჭამია (მებაღე), ფიჭვის პატარა მებაღე, კენწეროს ქერქიჭამია,ფიჭვის ღეროს ალურა, ფიჭვის შავი ხარაბუზა, ექვსკბილა ქერქიჭამია ფიქსირდება მათი რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა. ფიჭვნარებში შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდება შემდეგი მავნებლები: ფიჭვის ქარცი ხერხია, ფიჭვის ჩვეულებრივი ფარიანა; ფიჭვის პარკხვევია, ფიჭვის დიდი ცხვირგრძელა, ფიჭვის პატარა ცხვირგრძელა, ლურჯი პეწიანა; ფიჭვის ღეროს მეფისია, ფიჭვის ჩვეულებრივი ხერხია; მბეჭდავი ქერქიჭამია.გამოკვლევებმა გამოავლინა ფიჭვის ღეროს ალურას გავრცელება, ეს მავნებელი თანდათანობით იკავებს მნიშნელოვან ნიშას თბილისის შემოგარენის წიწვოვნებში. ასევე უნდა ღინიშნოს, რომ ექვსკბილა ქერქიჭამია თანდათანობით აფართოებს თავის არეალს, რაც კიდევ უფრო ზრდის საფრთხის მასშტაბებს;

ფოთლოვანებზე კი აღინიშნება: მუხის დიდი ხარაბუზა, არაფარდი პარკხვევია,  ცქვლეფია მზომელა, მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი,მუხის ფოთლის რწყილი.

ფიტოჰელმინთოლოგიური კვლევა.

წიწვოვანთა საშიში პათოგენური ნემატოდის Bursaphelenchus xilophilus (Steiner and Buhrer, 1934; Nickle,1970) გამოვლენის მიზნით ჩატარდა ფიტოჰელმინთოლოგური კვლევა ოქროყანა – წყნეთში და თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. გამოკვლეულია ხე მცენარეებიდან აღებული 12 ნიმუში და ნიადაგის 6 შერეული სინჯი. კვლევის შდეგებით გამოვლენილია და სახეობამდე იდენტიფიცირებულია ნემატოდების 53 ფორმა, რომელთაგან 3 არაპათოგენური ფიტოპარაზიტული ნემატოდაა. ფიჭვის ღეროს ნემატოდა B. xilophilus გამოვლენილი არ არის.

მიკრობიოლოგიური კვლევა. გეგმარებითი ურბანული ტყის ტერიტორიის, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებისა და შემოგარენის 42 ლოკაციიდან (86 წერტილი) ფიტოპათოლოგიურ კვლევას დაექვემდებარა 366 მერქნიანი მცენარე – 254 წიწვოვანი (23 სახეობის) და 112 ფოთლვანი (51 სახეობის). ტესტირებული მცნარეებიდან გამოყოფილია 1526 სუფთა კულტურა. მათ შორის 1486 მიკროსკოპული სოკოების და 40 ბაქტერიული შტამი. შექმნილი და დაცულია შესაბამისი კოლექციები.

ბაქტერიოლოგიური კვლევა. ტესტირებული მცენარებიდან გამოყოფილი 40 ბაქტერიულ შტამის კვლევით დადგინდა:მცენარეული ნიმუშებიდან გამოყოფილ ბაქტერიებს შორის ფიტოპათოგენური შტამები არაა. გამოყოფილ ენდოფიტურ ბაქტერიებს შორის გამოიკვეთა Bacillus-ის გვარის რამდენიმე პერსპექტიული შტამი, რომლებიც ხასიათდება მაღალი ანტაგონისტური აქტივობით ფიტოპათოგენური მიცელიალური სოკოების რამდენიმე გვარის წარმომადგენლის მიმართ.

მიკოლოგიური კვლევა. ტესტირებული მცენარეებიდან გამოყოფილია 1486 კულტურა, რომელთა შორის 34-ზე მეტი სახეობის პათოგენური მიკროსკოპული სოკოა. სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა სორდარიას ვირულენტობის ხარისხი. გამოყოფილი შტამებიდან არადომინანტ სახეობებათა კატეგორიას განეკუთვნა 212 კულტურა. მათგან იდენტიფიცირებულია 28 სახეობა. მათ შორის გვხვდება როგორც პარაზიტები, ასევე – საპროფიტები და ტიპური ენდოფიტები.

თითქმის ყველა ტესტირებულ მცენარეში დომინანტი პათოგენები გვხვდება ერთობლივად, ე.ი. ადგილი აქვს კოინფიცირების ფართომასშტაბიან მოვლენას. შესწავლილი მცენარეების მხოლოდ 14,2%-ში არ ვლინდება მრავლობითი ინფიცირება. ფოთლოვანი მცენარეების წილი მაღალი კოინფიცირების მქონე ჯგუფებში შედარებით დაბალია. წიწვოვან სახეობებში კი მწვავედ გამოიკვეთა მრავლობითი ინფიცირების უმძიმესი სურათი: 5 და მეტი პათოგენით კოინფიცირება, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ წიწვოვნებში გვხვდება. ფართო სპექტრის დაავადებების განსაკუთრებულად მაღალი მიმღებლობით გამოირჩევა შავი ფიჭვი, კედარი, კვიპაროზი, აღმოსავლური ბრტყელტოტა, უთხოვარი.

კოინფიცირების მაქსიმალური ინდექსი (5-8) დაფიქსირდა მთაწმინდის, სოლოლაკის ფერდობის, წყნეთის, კუს ტბის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის ტყე-პარკის, დენდროლოგიური პარკის, საბურთალოს, ფონიჭალასა და ვაკის ლოკაციებზე. კოინფიცირების ეს უმაღლესი მაჩვენებლები კარგად ესადაგება ქალაქში არსებულ წიწვოვანთა მასიური ავადობისა და ხმობის ცხელ წერტილებს. პათოგენეზის გავრცელების მასშტაბებისა და მასპინძელ მცენარეთა (განსაკუთრებით წიწვოვნების) ფართო წრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ ლოკაციებზეც მცენარეთა მასიური ხმობა მხოლოდ დროის ამბავია.ალტერნარიოზი თითქმის თანაბრად (80-100%) გვხვდება როგორც წიწვოვნებში, ასევე ფოთლოვნებში. ფიჭვების ავადობაში, სხვა მიკოზების ფონზე, წამყვანი როლი დიპლოდიას უნდა ჰქონდეს. ამ მცენარეებში დოტიორელა თითქმის არ გვხვდება. იგივე სურათია კედრების შემთხვევაშიც, რომლებზეც დიპლოდია, სავარაუდოდ, ფიჭვებიდან გადავიდა. კვიპაროზების ხმობის მთავარი მიზეზი კი სხვა პათოგენებთან ერთად, ამ ორი მძლავრი პათოგენის თანხვედრა უნდა იყოს. ფოთლოვან და წიწვოვან მცენარეებს შორის დაავადებების გავრცელების სიხშირეც განსხვავებულია. ის გაცილებით დაბალია ფოთლოვნებში (გამონაკლისია ალტერნარიოზი). ზოგადად, ფოთლოვნებისთვის დამახასიათებელია კოინფიცირების დაბალი ინდექსი. განსაკუთრებით საგანგაშოა საშიში პათოგენების – დიპლოდიასა და დოტიორელას მასპინძელი მცენარეების წრის გაფართოების შემთხვევები. არაერთხელ დაფიქსირდა წიწვოვნებისათვის დამახასიათებელი პათოგენების ფოთლოვან სახეობებზე გადასვლის ფაქტი.

განსაკუთრებით საყურადღებოა მარიამჯვარის ნიმუშების კვლევის შედეგები. ვიზუალურად სრულიად ჯანსაღი 23 ტესტირებული ფიჭვიდან გამოყოფილია მიკროსკოპული სოკოების ყველაზე დიდი მრავალფეროვნება – 31 სახეობის (მათ შორის 2 ბაზიდიალური) 110 შტამი. სამწუხაროდ, მათ შორის გვხვდება თბილისის მცენარეებისთვის დომინანტ პათოგენად მიჩნეული ყველა სახეობა.ხაზგასმით აღსანიშნავია ნაკრძალის ფიჭვებიდან გამოყოფილი არადომინანტი მიკობიოტის სახეობრივი მრავალფეროვნებაც. გამოყოფილია 22 სახეობის მიკროსკოპული სოკო. რადგანაც, მარიამჯვრის ნაკრძალის ფიჭვებში ლატენტური ინფექციების მაღალი რისკია, კავკასიური ფიჭვის ბუნებრივი კორომების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს.

რეკომენდაციები, საპროექტო ხედვები და გადაწყვეტები

დღეს ქალაქში წიწვოვნების ავადობისა და ხმობის მხრივ არსებული ვითარება გადაუჭარბებლად შეიძლება შეფასდეს როგორც – ეპიფიტოტია (ეპიდემიის ანალოგი მცენარეებში). აშკარაა აბიოტური სტრესებით (გვალვა, ჰაერის დაბინძურება) დასუსტებული ხემცენარეების მრავლობითი ინფიცირების სურათი, რაც მათ მასობრივ ხმობას იწვევს.მცნარეთა პათოგენეზის სიმძიმე ე.წ. „დაავადების სამკუთხედის“მასპინძელი-პათოგენი-გარემო კომპონენტების მდგომარეობასა და ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. ეპიდემიების დროს ამ სამ კომპონენტს კიდევ ორი – დრო და ადამიანი ემატება. წლობით მიმდინარე მძიმე ეპიდემიური მდგომარეობის სრული გამოსწორება ან აღმოფხვრა უმეტეს წილად შეუძლებელია. მასთან ბრძოლის ერთადერთი გზა მისი მაქსიმალური ლოკალიზება და კონტროლია.

გარემო. არსებულ რეალობაზე (გლობალური კლიმატური ცვლილებები, ურბანული ლანდშაფტი), ზემოქმედება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლება, არახელსაყრელი და სტრესული გარემო პირობების შერბილებაა. ცნობილია, რომ მცენარეთათვის მთავარი სტრესი წყლის დეფიციტია, ამიტომ საჭიროა რწყვის პრობლემის მოგვარება, განსაკუთრებით ზაფხულის კრიტიკულ პერიოდებში. ეს განსაკუთრებით ეხება ახალდარგულ მცენარეებს. სარგავი მცენარეების ასორტიმენტის შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მათ გარემოსთან შესაბამისობას.

მცენარე. მოვერიდოთ მონოკულტურების გაშენებას; სარგავი მასალა წინასწარ უნდა შემოწმდეს მავნებლებისა და პათოგენების არსებობაზე; ერთი სახეობის ნერგები უმჯობესია იყოს გამოყვანილი ანალოგიურ, ან უფრო მკაცრ გარემო პირობებში მოზარდი, ჯანსაღი სადედე მცენარეებიდან. თესლი და, შესაბამისად, სარგავი მასალა, უნდა იყოს მაქსიმალურად გენეტიკურად მრავალფეროვანი, რაც ჯერადად გაზრდის პოპულაციის მდგრადობასა და გამძლეობას მავნებელ-დაავადებებისადმი. სასურველია, დაავადებული წიწვოვნების ნაცვლად დაირგოს სხვა, არამონათესავე მერქნიანი მცენარეთა სახეობები.

მავნებლები, პათოგენები. მცენარეთა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის კლასიკური მეთოდია მცენარეთა დაცვის პროდუქტების (Plant Protection Products (PPPs) გამოყენება. ისინი, ზოგადად, წარმოადგენენ სინთეზურ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც შეუძლიათ სამიზნე ორგანიზმების განადგურება მათი დაზიანებით უჯრედულ დონეზე ან სხვავასხვა სახის ფიზიკური კონტაქტით.სამწუხაროდ, ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება (Biocontrol Agents (BCAs) ჩვენს შემთხვევაში ლიმიტირებულია. კვლევის შედეგად გამოვლენილი მავნებლებისა თუ პათოგენების წინააღმდეგ ეფექტური ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი არ არის ცნობილი (განსაკუთრებით ალტერნარიას შემთხვევაში) და ბრძოლა, საწყის ეტაპზე მაინც, უნდა განხორციელდეს ქიმიური პრეპარატების გამოყენებით.

გამოვლენილი ღეროს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათზე დაკვირვების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნას ფერომონიანი მწერსაჭერები (მავნე მწერების სახეობების გათვალისწინებით);  ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენება უნდა განხორციელდეს მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით, სათანადო ინსტრუქციისა და სპეციალისტების მეთვალყურეობით.ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენება არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, ამცირებს ან მთლიანად გამორიცხავს პესტიციდების გამოყენებას, ინარჩუნებს სასარგებლო ფაუნას, არ იწვევს მწერებში რეზისტენტობის გამომუშავებას, ხელს უწყობს მავნებლის ფიზიკურ განადგურებას და, ამასთან ერთად, ეკონომიკურად მომგებიანიცაა.

იდენტიფიცირებული დომინანტი პათოგენური სოკოების სახეობების გათვალისწინებით, გავეცანით და შევისწავლეთ ანალოგიური აგენტების წინააღდეგ ბრძოლის უცხოური გამოცდილება და მსგავს შემთხვევებში გამოყენებული ფუნგიციდები. რა თქმა უნდა, მეთოდების, ჯერადობისა და გამოსაყენებელი ფუნგიციდების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციისა და აზრთა შეჯერების შემდგომ.გამოსაყენებელი ფუნგიციდების შესახებ მაქსიმალურად ფართო და ამომწურავი ინფორმაცია მოძიებულია დეკორატიული მცენარეების დაავადებების კონტროლის შესახებ 2012 წლის ამერიკულ გამოცემაში (Disease Control Recommendations For Ornamental Crops. USDA). აქ დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია მცენარეებისა და დაავადებების მიხედვით ოპტიმალური ფუნგიციდების შესახებ; მათი გამოყენების წესებისა და ადგილის, შეზღუდვებისა და საფრთხეების, ასევე დეზინფექტანტების, ბიოპესტიციდების, ბიოკონტროლის აგენტების შესახებ.ლიტერატურული წყაროების შეჯერებით შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ რამდენიმე ფართო სპექტრის ფუნგიციდს, რომლებიც მაქსიმალურად მოიცავენ ჩვენ მიერ გამოვლენილ პათოგენებს, მათ შორის:აზოქსისტრობინი (ალტერნარია, დიპლოდია, ფომა, დოტიორელა და სხვ.). პრეპარატები – ქუადრისი სკ ან ქუადრის მაქსი – მწარმოებელი syngenta, შვეიცარია, ქლოროტალონილი (ალტერნარია, დიპლოდია, კურვულარია, ფომა და სხვ.). პრეპარატები – ბრავო სკ – მწარმოებელი syngenta, შვეიცარია, მანკოცები (ალტერნარია, დიპლოდია, კურვულარია, ფომოფსისი და სხვ). პრეპარატები – ლანგრიფი, მანკოში 80, პროპიკონაზოლი (ალტერნარია, დიპლოდია), ქლოროტალონილი+მეთილ თიოპანატი (ალტერნარია, დიპლოდია, დოტიორელა, ფომა), აზოქსისტრობინი+პროპიკონაზოლი და მეტკონაზოლი (დოტიორელა). აუცილებელია დამუშავება მოხდეს ხის კენწეროდან, მოიცვას მთელი ვარჯი, ცენტრალური ღეროსა და დიდი რტოების ქერქი. სასურველია მიმდებარე მიწის ზედაპირის დამუშავებაც, სადაც ჩამოცვენილ წიწვებში პათოგენების დიდი რაოდენობით სპორებია. ალტერნარიას შემთხვევაში – მას ნიადაგში ცხოვრებაც შეუძლია. პროფილაქტიკური მიზნებისათვის სასურველია  დეზიფექტანტების გამოყენება. ჩვენს შემთხვევაში რეკომენდებულია კალიუმის ბიკარბონატის გამოყენება, რადგანაც ის არის ეფექტური გამოვლენილი პათოგენების წინააღმდეგ, უსაფრთხო ადამიანის, ცხოველებისა და სხვა მცენარეებისათვის. მცენარეთა იმუნიტეტის ასამაღლებლად და ასევე მათ დამატებით საკვებად, განსაკუთრებით ახალ ნარგაობებში, რეკომენდებულია გამოვიყენოთ კალიუმის ფოსფიტი (მაგ., პრეპარატი ამინოალექსინი). მას აქვს იმუნომასტიმულირებელი ეფექტი, ანტისტრესული ზემოქმედება, დამთრგუნველი ზემოქმედება პათოგენებზე, წარმოადგენს ფოსფორისა და კალიუმის ალტერნატიულ წყაროს.

ენდოთერაპია.

მცენარეთა მკურნალობის ეს მეთოდი გულისმობს მცენარეში ინტრავასკულარული გზით ქიმიური პრეპარატების შეყვანას. ის ასევეცნობილია, როგორც ,,ღეროს ინიექციის“ მეთოდი. დღეისათვის კარგად აპრობირებული და ფართოდ გამოყენებული მეთოდია განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მაღალი ფასის გამო მასობრივი გამოყენება არ აქვს. თბილისის შემთხვევაში მისი გამოყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება. მაგ., ექსკლუზიურ, ქალაქისათვის ისტორიული მნიშვნელობის ხეებზე, ბოტანიკური ბაღის განსაკუთრებულ ეგზემპლარებზე და სხვ.

ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

მავნებელ-დაავადებათა დროული გამოვლენა და შემდგომი სანიტარული ღონისძიებები აუცილებელი პირობაა პრობლემის ლოკალიზაციისათვის.დაავადებულ მცენარეებზე ნებისმიერი სანიტარული ღონისძიება უმჯობესია ჩატარდეს ზამთრის პერიოდში, როდესაც პათოგენები არააქტიურნი არიან და სპორების გავრცელება შეჩერებულია (სამწუხაროდ, ფიჭვების შემთხვევაში არც ეს არის ეფექტური, რადგანაც სოკო იზამთრებს წინა წლის გირჩებზე). წელიწადის სხვა დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. საჭიროა მოხდეს იარაღების დეზინფიცირება.ზეხმელი ხეები უნდა მოიჭრას და ტერიტორიიდანგავიდეს. ასევე ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნებელ-დაავადებების მიერ დაზიანებული, დასუსტებული, არაპერსპექტიული ხეები. ფიჭვების შემთხვევაში დარჩენილი მცენარეებიდან და მთლიანად ტერიტორიიდან სასურველია, შეძლებისდაგვარად, მოშორდეს წინა წლის გირჩებიც. მოჭრილი ხეები ან მათი ნაწილები, გატანამდე უნდა დამუშავდეს პესტიციდების დაბალდოზიანი კომბინირებული ნაზავებით – ფუნგიციდებით, ინსექტიციდებით. ჭრის ნარჩენები, წვრილი ტოტები და ქერქები შესაძლებელია დაიწვას ადგილზე, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვით. ადგილზე დასაწყობების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ინსექტიციდური ბადეები, რომელთა მეშვეობითაც არ განხორციელდება მავნე ორგანიზმების მიგრაცია; სასურველია დეზინფექტანტების გამოყენებაც. თუკი ქიმიური დამუშავება შეუძლებელია, მოჭრილი ხეებისა და მათი ნაწილების გატანა დანიშნულების ადგილამდე უნდა განხორციელდეს დახურული სატრანსპორტო საშუალებებით, რათა არ მოხდეს გზაში სპორების დამატებითი გავრცელება – გამოვლენილი პათოგენების უმრავლესობა ჰაერისმიერი გავრცელებისაა.ძველი, დაავადებული ხეების ჩანაცვლების შემთხვევაში არსებული ნიადაგის საფარი უნდა დეზინფიცირდეს. იმავე ტერიტორიაზე ახალი ნარგაობების გაშენების შემთხვევაში (განსაკუთრებით წიწვოვანი სახეობების) საჭიროა ნიადაგის ზედაპირის დამუშავებაც, რათა განადგურდეს პათოგენური სოკოების სპორები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას და წარმოადგენენ საფრთხეს. სასურველია დაავადებული წიწვოვნების ადგილას დაირგოს სხვა, არამონათესავე მერქნიანი მცენარეთა სახეობები. თუკი, კონკრეტული აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა ისევ ფიჭვების დარგვა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, დიპლოდიოზისადმი ყველაზე მაღალი მიმღებლობის გამო, შავი ფიჭვი უნდა ჩანაცვლდეს სხვა სახეობებით; მათ შორის მოიხსენიებენ ევროპულ ფიჭვსაც, რომელთანაც დღეს გაერთიანებულია კავკასიური (სოსნოვსკის) ფიჭვი. შავ ფიჭვთან შედარებით ასევე უპირატესი რეკომენდაცია გააჩნია ელდარის ფიჭვსაც.აზოტოვანი სასუქების გამოყენება რეკომენდებულია ლიმიტირებულად, რადგანაც, არსებული გამოცდილებით, ისინი ზრდის მცენარეთა მიმღებლობას გამოვლენილი პათოგენებისადმი.

საკარანტინო ზედამხედველობა.

ქალაქსა და მის შემოგარენში უნდა გაძლიერდეს საკარანტინო ზედამხედველობა და მწვანე ნარგაობების კვალიფიციური მონიტორინგი. ის არ უნდა ტარდებოდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, არამედ უნდა იყოს რეგულარული ხასიათისა (მინიმუმ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე). ახალი (განსაკუთრებით იმპორტირებული) ნერგები ქალაქში დარგვამდე უნდა განთავსდეს საკარანტინო ზონაში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, სადაც მოხდება მათზე დაკვირვება და ნებისმიერ შემთხვევაში დამუშავება პესტიციდებით (ინსექტიციდები, ფუნგიციდები, ბაქტერიოციდები). დამუშავება უნდა მოხდეს ფართო სპექტრის სისტემური და კონტაქტური პესტიციდებით, რათა გავაძლიეროთ მცენარეთა მდგრადობა ცნობილი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და თავიდან ავიცილოთ ახალი, შემოტანილი დაავადებები. სავალდებულო შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს სანერგეები, სადაც ყველაზე მეტი რისკია მავნებელ-დაავადებათა მასიური გამრავლებისა და შემდგომ მათი გავრცელებისა. ქალაქში არსებული ნარგაობები, შეძლებისდაგვარად, სისტემატურად უნდა დამუშავდეს ქიმიური პრეპარატებით, სანამ არ დადგება კეთილსაიმედო შედეგი. დასახლებული პუნქტების შემთხვევაში ეს ძალიან რთული და ძნელად განსახორციელებელი მეთოდია და აუცილებელია შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების მიერ ერთიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები