რეკლამაspot_img

ლეოპარდის დაბრუნება საქართველოში

12 წლის შემდეგ ლეოპარდი კვლავ საქართველოშია!

საქართველოს ტერიტორიაზე ლეოპარდის კვალი  პირველად 2003 წელს ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე,ბეჟან ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, „ნაკრესის“ კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა აღმოაჩინა, რაც შემდგომ ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული მასალით დადასტურდა. აღნიშნული ინდივიდის ნაკვალევი კი ბოლოს ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე 2009 წელს ნახეს. წლების განმავლობაში სამეცნიერო ჯგუფი იმედს არ კარგავდა და დიდი კავკასიონის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ხევსურეთსა და თუშეთში, კვლავ ეწეოდა მონიტორინგს.

ლეოპარდის კონსერვაციის საკითხზე კავკასიის რეგიონში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი, თავის პარტნიორებთან ერთად, უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ როგორც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობები, ასევე სამეცნიერო წრეებისა  და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადენლები.

სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით 2017 წელს, ეკორეგიონისმასშტაბით, შეიქმნა რეგიონალური სტრატეგია, როგორც ლეოპარდის, ასევე მისი მსხვერპლი სახეობების და მათი ჰაბიტატების სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების კონსერვაციისთვის.

ამავე სტრატეგიაში განისაზღვრა კავკასიის ეკორეგიონში ლეოპარდის გავრცელების არეალები, კერძოდ: მეღრის(Meghri), ზანგეზურის(Zangezur-Mountain), მარაკან-ქიამიკის(Marakan-Kiamaky) და თალიშის მთების(In Talysh-Zuvand-Mountains) ტერიტორიები. ასევე, დასავლეთ დიდ კავკასიონზე, სოჭის აღმოსავლეთით მდებარე „კავკაზსკის ბიოსფეროს“ ნაკრძალი (Western Greater Caucasus in the Kavkazskiy Biosphere Reserve east of Sochi), რადგან, კვლევებით სწორედ ამ ტერიტორიებზე დასტურდებოდა ლეოპარდის არსებობა კავკასიაში. სტრატეგიის ჩამოყალიბების დროს გაურკვეველი იყო ვითარება დიდი კავკასიონის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ხევსურეთსა და თუშეთში, ასევე ლაგოდეხი-ზაქათალა-დასავლეთ დაღესტანში, სადაც, მართალია,ნახეს ლეოპარდის კვალი და ექსკერმენტები, თუმცა, დამადასტურებელი  ფოტომასალა არ მოიპოვებოდა.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა. 2014-2019 წლებში WWF-ის კონსერვაციის ჯგუფის მიერ აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელებული კვლევების დროს  იდენტიფიცირდა 20-ზე მეტი ლეოპარდი სამხრეთ-აღმოსავლეთ მცირე კავკასიაში, ხოსროვის ნაკრძალიდან ნახჭევანამდე და თალიშის მთებში.

2021 წლის ოქტომბერში კი, „ნაკრესის“ კონსერვაციის კვლევის ჯგუფმა,  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, 2009 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა ლეოპარდი აღმოსავლეთ დიდი კავკასიონის მთებში. ცხოველის ფოტოსურათი (2021 წლის, 25 აგვისტოს) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის მიერ იქნა გადაღებული.

ყოველივე ამას კი ხელი შეუწყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებთან თანამშრომლობის შედეგად, დაცული ტერიტორიების დაგეგმვა-გაფართოვება-დაარსებასა და მათი მართვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობამ, ასევე – სისტემური მონიტორინგის ჩამოყალიბებამ, რაც გულისხმობს ფოტოხაფანგების დაყენებასა და საველე  სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამაში მნიშვნელოვანია  ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობა. WWF-ის ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომელთა მიზანია კონსერვაციის ქმედებებში მონაწილეობა და ლეოპარდის კონსერვაციის შესახებ ადგილობრივ თემებში ცნობიერების გაზრდა. ასევე, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო, რეგიონულ და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება და მისი წვლილი ლეოპარდის კონსერვაციაში.

აღსანიშნავია, რომ კავკასიური ლეოპარდი (Panthera pardus tulliana), იგივე ჯიქი, ასევე ცნობილი როგორც სპარსული ლეოპარდი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეოპარდის ქვესახეობაა. ის, IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა(vulnerable species) და იდენტიფიცირებულია, როგორც კონსერვაციისთვის მთავარი (focal) სახეობა კავკასიის ეკორეგიონში.

ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამას 2000-იან წლებში, WWF კავკასიის პროგრამის კონსერვაციის დირექტორმა, აწ გარდაცვლილმა, ბატონმა ნუგზარ ზაზანაშვილმა, ჩაუყარა საფუძველი. მან თავისი კარიერა ბუნების დაცვას მიუძღვნა და მრავალი წელი იმუშავა ლეოპარდის კონსერვაციაზე კავკასიის რეგიონში.  აღნიშნული წარმატება, სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამა სამხრეთ კავკასიაში მადლობას უხდის გაწეული სამუშაოებისთვის ყველა დაინტერესებულ მხარეს და,  WWF-შვეიცარიისა და WWF-გერმანიის მხარდაჭერით, აგრძელებს კოლეგებთან, სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და ადგილობრივ თემებთან ერთად მუშაობას ლეოპარდის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის აღსადგენად.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები