რეკლამაspot_img

ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

ჟურნალ „ ველური ბუნების“ სტუმარია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე

ბუნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კაცობრიობა მასთან ერთად ჩამოყალიბდა- განვითარდა და გარკვეულწილად დამოკიდებულია მასზე. რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას და მასთან ურთიერთობას ადამიანების ცხოვრებაში?

ადამიანი ბუნებასთან სხვადასხვაგვარად ურთიერთობს. ცხადია, კულტურის ჩამოყალიბებამ, ცივილიზაციათა შექმნამ, გარკვეულწილად, ადამიანი დააშორა ბუნებას და არტეფაქტებმაც თითქოს ცალკე სივრცე მონიშნა ბუნებაში. ამ თვალსაზრისით, თითქმის გარდაუვალ მარცხს გულისხმობს ადამიანის სურვილი, საბოლოოდ გამოეყოს ბუნებას, როგორც მისი ნაწილი, რადგან მისი არსი დეტერმინირებულია რეალურად იმ გარემოთი და იმ ბუნებით, რომელშიც ის ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დღემდე შემორჩა კაცობრიობას.

რეალურად ადამიანისთვის ბუნება არის ის, რაც საკუთრივ განაპირობებს მის სიცოცხლეს, შესაბამისად, ბუნების „წაყრუება“ არის ერთ-ერთი ყველაზე  ცუდი და არაშესაბამისი საქმე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ბუნებას, მასში მიმდინარე ცვლილებებს და პასუხისმგებლობით  მოვეკიდოთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს იმიტომ, რომ რეალურად ბუნება თვისობრივად განსაზღვრავს ჩვენს არსებობას. როგორც ვაჟა-ფშაველა აყალიბებს  თავის  ლექსებში ბუნების მნიშვნელობას და იმას, თუ რამდენად დამოკიდებულია ადამიანი მასზე და რამდენად ვერსად წაუვა ბუნებას, ჩვენც სწორედ ამ კრიტერიუმებით  უნდა მივუდგეთ  ბუნებასთან ურთიერთობას. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყოველდღიურობა დიდწილად განსაზღვრულია ამ ყველაფრით, თუმცა მცდელობა ნამდვილად მაქვს და ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტს ვიფიქრებ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ადამიანისა და ბუნების ამგვარი დაცილება დრომ მოიტანა, თუ ტექნოლოგიურმა განვითარებამ?

ზოგადად, ადამიანს ასწავლიან, რომ იყოს გამორჩეული,მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან კომიკურია უბრალო მიზეზის გამო – რეალურად, რაც  უნდა უზამაზარი ცათამბჯენები შევქმნათ, რაც  უნდა ტექნოლოგიურ გარემოში გამოვიკეტოთ, ჩვენი ბიოლოგიური არსითაც და სხვა მოცემულობებითაც ბუნების ნაწილი ვართ.

–  სად გადის ზღვარი გარემოს დაცვასა და განვითარებას შორის?

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი  რთული საკითხია, ბალანსიც რთულად საპოვნელია. დისკუსიები მემარჯვენე და მემარცხენე ფლანგებს შორის სწორედ ამ ბალანსის გამოკვეთას უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ  ნამდვილად შესაძლებელია მისი პოვნა. ამის კარგი მაგალითია სკანდინავიური ქვეყნები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსესუსი საზოგადოებაში, სჭირდება ასევე მოცემულობის დაბალანსება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ეკოლოგიური დაბინძურების პოტენციურ საფრთხეს, მაგრამ არა მთლიანად გაქრობას, ვინაიდან წარმოუდგენელია, წარმოების სრული გაქრობითა და ინდუსტრიაზე უარის თქმით კაცობრიობამ მოახერხოს თანამედროვე იერსახის შენარჩუნება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესმა არ უნდა შეიწიროს ადამიანის ჯანმრთელობა და ბუნება, რადგან ეს უკვე პროგრესი აღარ იქნება.

არსებობს აზრი, რომ კოვის-19 პანდემია ბუნების მიმართ ადამიანის მტაცებლური დამოკიდებულების შედეგია. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ხედავთ თუ არა კავშირს პანდემიასა და ბუნებას შორის?

ვფიქრობ,ნებისმიერი ასეთი პანდემიები თუ სხვა კატაკლიზმები სწორედ ამ დაუკვირვებლობის შედეგია. ეს  არის პასუხი ბუნების „წაყრუებაზე“ და, შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი პასუხიც. ასე ხდებოდა მუდმივად  სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა მიზეზით. საბოლოოდ კი  ადამიანი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა და თითქოს წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ბოლო და დიდი  გაფრთხილება საბოლოოდ გამოაფხიზლებს ჩვენს ერს.

-გასაგებია,რომ გლობალურ საკითხებზე საუბრისას სახელმწიფოსა  და მთავრობის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, თქვენი აზრით, რა როლი აქვს ერთ კერძო მოქალაქეს ბუნებაში და, ზოგადად, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მას ამ საკითხისადმი?

ეს არის საკითხი, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ერთი კერძო მოქალაქის როლი. დაწყებული იმით,ვინმე კონკრეტულ სადარბაზოში ნაგავს დაყრის ან ქუჩაში მანქანიდან მოისვრის და დასრულებული იმით, თუ  რამდენად აქტიურად ჩაერთვება  სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში. ამ საკითხის   გათვითცნობიერება ნამდვილად საჭიროა და, ვფიქრობ, ეს ყველაფერი სათავეს  უნდა იღებდეს სკოლიდან. სახელმწიფოს მთავარი როლიც სწორედ  ის არის, რომ არა მხოლოდ გარკვეული ტიპის დისკრეციული  უფლებამოსილებები განახორციელოს, როგორიცაა  დაჯარიმება, არამედ იზრუნოს სხვა მხრივ პრევენციაზე. სწორედ განათლებით შევძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას და სასურველი შედეგის მიღწევას.თუკი ჩვენ სწორი მიმართულებით ვიქნებით განათლებულები, ანუ ზუსტად გვეცოდინება, რა შეიძლება და რა – არა, ბუნებრივია, გაცილებით მეტ და ზუსტ შედეგს მივიღებთ. უკეთესი შესაძლებლობა კი, რა თქმა უნდა, არის სასკოლო განათლება.

რამდენად დიდია ოჯახის როლი ბავშვში  ბუნებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში?

ზოგადად, ოჯახის როლი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ერთმანეთს ვბაძავთ ბავშვობიდანვე და შემდგომში ვაყალიბებთ ბაძვის პრიორიტეტებს, მათ შორის, ბუნებრივია, არსებობენ  ავტორიტეტები და ავტორიტეტთა შორის პირველი, რა თქმა უნდა, ოჯახია. როდესაც ბავშვი ხედავს სწორ ქცევას,ის იოლად ითვისებს ამას. როდესაც ხედავს, რომ მისი მშობლებისთვის ბუნება მნიშვნელოვანი არ არის და მისი უგულებელყოფაპერმანენტულ ხასიათს ატარებს, ჰგონია, რომ ეს არის ჩვეულებრივ ცხოვრების ნაწილი და არავითარი სახის ზიანი არ მოჰყვება ამ ყველაფერს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ბავშვების სწორი აღზრდა და გაცნობიერება ამა თუ იმ საკითხში.

ზოგადად, რა როლს ასრულებს ბუნება ლიტერატურაში და გარკვეულწილად შეგვიძლია თუ არა რომ მივიჩნიოთ პოეზიის მუზად?

ბუნება განუსაზღვრელია. ჩვენი პოეზიის მეტაფორების ნაწილიც სწორედ ბუნებაზეა დაყრდნობილი.

„გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

ეს ჩემი სამშობლო მთებია!“

გალაკტიონი სრულიად საკმარისია ამის გამოსახატად, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ვაჟა-ფშაველას: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს  ბუნების გასულიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქართულ ლიტერატურაში. ალბათ ამ ყველაფრის მწვერვალიკი „გველის მჭამელია“, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ მიიღო ადამიანმა დიდი სიბრძნე, ამ შემთხვევაში – მისტიკური სიბრძნე და დაინახა ბუნება, გაიგო მისი ენა.

როგორ ხედავთ ეროვნული ბიბლიოთეკის როლს ბუნებასთან მიმართებით?

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ჩავერთოთ ბუნებასთან დაკავშირებულ აქტივობებში. გავაკეთეთმაყაშვილის ბაღი და ქუთაისში ვგეგმავთ ცისფერყანწელთა ბაღის გაკეთებას. გარდა ამისა, ვაკეთებთ სკვერის ბიბლიოთეკებს და გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა სოფლის ბიბლიოთეკებში სტუმრობისას, პარალელურად ნერგიც დავრგოთ. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, მისაბაძ ორგანიზაციად ვიქცეთ, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ გარემოს განვითარებას.

 

 

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები