რეკლამაspot_img

ყაზბეგის თასი 2022

ყაზბეგის თასი (Kazbegi Trophy) – სკიტურის (სათხილამუროალპინიზმი) პირველი
ყოველწლიური შეჯიბრია საქართველოში რომელსაც TRAILLAB და Altihut ერთობლივად
მართავენ 2021 წლიდან. ეს არის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთადერთი და
პირველი ექსტრემალური სათხილამურო – „სკიტურის“ ოფიციალური ყოველწლიური
შეჯიბრი, რომელიც ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე, გერგეტის სამებასთან იღებს
სტარტს. ფინიშის ხაზი კი 3014 მეტრზე, ალტიჰათის სამთო სასტუმროსთანაა.
დეტალები ხელმისაწვდომია შეჯიბრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.skimo.ge

შეჯიბრი პირველად 2021 წლის აპრილში გაიმართა; მარშრუტი მოიცავდა, სკიტურის
თხილამურით გერგეტის სამების პარკირების ადგილიდან (2,200 მ-ზე ზღ.დ) 3,600 მეტრ
სიმაღლემდე ასვლას და შემდეგ სწრაფ დაშვებას ფინიშის ხაზამდე 3014 მ-ზე ზღ.დ.
ალტიჰათთან; თუმცა 2022 წელს შეჯიბრი უკვე ორ დისტანციას მოიცავდა. პირველი 5
კილომეტრიანი ვერტიკალური შეჯიბრი და მეორე, 10 კმ რთული მარშრუტი, სადაც
განსაკუთრებით გამოცდილმა მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ორივე მარშუტის მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერისა და გერგეტის სამების
დაუვიწყარი ხედები, რაც შეჯიბრს დამატებით ელფერს სძენს და განსაკუთრებულად
ალამაზებს მას.

შეჯიბრის მოკლე დისტანცია (5კმ, 900მ ვერტიკალური ასვლა) მონაწილეებმა პირდაპირ
ალტიჰატთან მოწყობილ ფინიშთან დაასრულეს; ხოლო სრული დისტანცია 10კმ, 1,500მ
ვერტიკალური სიმაღლის დაპყრობა იყო, მონაწილეები ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე
ასვლის შემდეგ ფინიშისკენ დაეშვენ 3014 მეტრზე. რა თქმა უნდა, ეს მარშრუტები
წინასწარ კარგად არის დაგეგმილი, მოწყობილი და სპეციალურად მონიშნული; მთელი
მარშრუტის დისტანციაზე განლაგებული იყო ე.წ. „ჩექფოინტები“, სადაც სრულად
აღჭურვილი ორგანიზატორები და მოხალისეები მორიგეობდნენ შეჯიბრის
მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სამთო მაშველების
სამსახური, რადგან ტურნირის მონაწილეების უსაფრთხოება ორგანიზატორებისთვის
უმთავრესია.
როგორც 2021, ასევე 2022 წელსაც შეჯიბრის ორგანიზებაში ჩართული იყო შვეიცარიელი
ექსპერტი – მათიას ჰაიდეგერი, რომელიც სპეციალურად არის მოწვეული საორგანიზაციო
და უსაფრთხოების ნორმების კონტროლისა და საშეჯიბრო მარშრუტის დაგეგმვისათვის.
ასევე ტურნირის ორგანიზაციაში, როგორც 2021-ში, ისე წელსაც, მონაწილეობდნენ
კავკასიის სკიტურინგის ქსელი და საქართველოს გაერთიანებული მთამსვლელთა
ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა მონაწილე დაზღვეულია ტურნირის
მიმდინარეობისას სადაზღვევო კომპანია ირაოში, სრული პასუხისგმგებლობის
დაზღვევის მოცულობით 300,000 ლარი.

ორივე დისტანციის საპრიზო (I, II, III) ადგილები მონაწილე ქალთა და კაცთა შორის
გადანაწილდა, საპრიზო ფონდის მოცულობა კი 10 000 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მონაწილეებს, 2021 წელს შეჯიბრში მონაწილეობა 50 ადამიანმა მიიღო,
აქედან 15 ქალი იყო. ჯამში 32-მა მონაწილემ შეძლო შეჯიბრის სრული დისტანციის
დაფარვა (2021 წ. მხოლოდ ექსტრემალური 10 კმ (ვერტიკალური 1 600მ) დისტანცია
იყო); მონაწილეთა შორის 15 უცხოელი იყო, საიდანაც 5 სპეციალურად დასავლეთ
ევროპიდან ჩამოვიდა შეჯიბრისთვის, მიუხედავად პანდემიისა.2022 წელს კი ტურნირზე
34 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32-მა დაასრულა შესაბამისი დისტანციები.
სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აქტიური მარკეტინგულ კამპანია
შეგნებულად არ ჩატარდა, თუმცა ტურნირში მონაწილეობის თანხიდან 10% უკრაინის
დახმარების ფონდში იქნა გადარიცხული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელსაც მონაწილეთა
თითქმის ნახევარი ისევ უცხოელი იყო.
ტურნირის პარტნიორები არიან წამყვანი ქართული კომპანიები: იქსტრიმი, ადრენალინი,
მოგზაური, ემპლუსი, ასევე – ცნობილი ფრანგული კომპანია პეტცელი, ხოლო მედია
პარტნიორი და ტურნირის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის „სოლო“ იყო.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები