რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე

ფონდი „განვითარება და გარემო“, საერთაშორისო საქველმოქმედი ფონდ
„ქართუს“ მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს „თბილისის ურბანული
ტყის“ პროექტს.
პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-
რეაბილიტაციას. მისი მიზანია არსებული ფერდის ლანშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევა,
რაც გულისხმობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი
საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაციას.
თბილისის ურბანული ტყის ფართობი 700 ჰექტარია და მოიცავს ნარიყალის ქედის
ჩრდილოეთ ფერდს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდებს, კუს ტბის,
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ვაკის პარკის და ბულბულების ჭალის
ტერიტორიებს. პირველ ეტაპზე ჩატარდა კვლევითი სამუშაოები რამდენიმე
მიმართულებით:
მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია,
ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს
დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება,
ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, რამაც
გამოკვეთა ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლებიც დღეს მთაწმინდის ფერდზე
არსებობს. კვლევების შედეგებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან პერიოდულად
გიზიარებდით.

ბილიკების ქსელის რეაბილიტაცია
კვლევითი სამუშაოების შესრულების შემდეგ დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც
მოიცავდა არსებული ბილიკების აღდგენა-რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ
მთაწმინდის ფერდი თბილისელთათვის, და არა მარტო მათთვის, გამორჩეულად
საყვარელი ადგილია, რომელსაც მისი მცხოვრებლები და სტუმრები დასვენებისა და
განტვირთვისათვის მრავალი ათწლეულია აქტიურად იყენებენ, ბოლო წლებამდე
საფეხმავლო ბილიკების ქსელი და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა თითქმის არ იყო
განვითარებული. ბილიკების აღდგენა-რეაბილიტაციაზე კომპანია „თრეილ
ქონსთრაქშენმა“ იმუშავა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ
მიმართულებით და არაერთი დიდი პროექტის ავტორია. ურბანული ტყისათვის
საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
18 თვეა მიმდინარეობს და პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა. აღნიშნული
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბუნებრივად ფორმირებულ და
ამორტიზებულ სა ფეხმავლო ბილიკების ქსელს, ხოლო სრულიად ახალი საფეხმავლო
ბილიკები მოეწყო მამა დავითის მონასტრის ავტოსადგომიდან, რჩეულიშვილისა და

ჯაფარიძის ქუჩებიდან. აღნიშნული ბილიკების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს
მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისეთ ისტორიულ უბნებს, როგორებიცაა:
სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა და ვაკე.

ბილიკების ქსელის სიგრძე 20 კილომეტრს აღემატება და ისეთ მიმზიდველ ტურისტულ,
გეოგრაფიულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს აკავშირებს, როგორებიცაა: მამა
დავითის მონასტერი, მთაწმინდის პარკი, ვერის წყარო, კუს ტბა, თბილისის
ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკის პარკი, ბულბულების ჭალა და სხვა. ბილიკზე მოეწყო
სერპანტინები, საფეხურები, საფეხმავლო ბილიკების მდგრადობისა და ეროზიიისგან
დასაცავდ ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდა ხის ბორდიურ-ჯებირები, ბილიკი მოინიშნა
საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ეროვნული რეგლამენტის
შესაბამისად. ბილიკის საწყის ადგილებში დაიდგა საინფორმაციო დაფები, ხოლო
უშუალოდ ქსელზე დამონტაჟდა სივრცეში მაორიენტირებელი საინფორმაციო დაფები,
რომლებიც საფეხმავლო ბილიკებით მოსარგებლეებს აწვდის ინფორმაციას
დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დროისა და მანძილის შესახებ. საფეხმავლო
ბილიკების ქსელი მარტივ კატეგორიას განეკუთვნება
და ლაშქრობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთაწმინდის რეაბილიტირებული
ბილიკიებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება თბილისზე, საგურამოსა და იალნოს
ქედებზე, კარგ ამინდში ყაზბეგის მყინვარწვერისა და კავკასიონის მთავარი ქედის
დანახვაც შესაძლებელია. აღნიშნულ ბილიკებზე ვიზიტორთა სიმრავლე უკვე
შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
საფეხმავლო ბილიკების ქსელის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა,
რომელიც აღნიშნული ქსელის გავლას სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის. ბილიკის
გასწვრივ მოწყობილია პანორამული გადასახედები, ძელსკამები, საპიკნიკე ადგილები,
ფრინველებზე დაკვირვების ქოხი და სხვა. გარდა ამისა, პროექტირების პროცესშია კუს
ტბისა და ვაკის პარკის ფერდზე სამთო ველოსიპედების ბილიკების ქსელის მოწყობაც.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები