რეკლამაspot_img

ყაზბეგის თასი 2022

ყაზბეგის თასი (Kazbegi Trophy) – სკიტურის (სათხილამუროა ლპინიზმი) პირველი
ყოველწლიური შეჯიბრია საქართველოში რომელსაცTRAILLAB და Altihutერთობლივად
მართავენ 2021 წლიდან. ეს არის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთადერთი და
პირველი ექსტრემალური სათხილამურო – „სკიტურის“ ოფიციალური ყოველწლიური
შეჯიბრი, რომელიც ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე, გერგეტის სამებასთან იღებს
სტარტს. ფინიშის ხაზი კი 3014 მეტრზე, ალტიჰათის სამთო სასტუმროსთანაა.
დეტალები ხელმისაწვდომია შეჯიბრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.skimo.ge
შეჯიბრი პირველად 2021 წლის აპრილში გაიმართა; მარშრუტი მოიცავდა, სკიტურის
თხილამურით გერგეტის სამების პარკირების ადგილიდან (2,200 მ-ზე ზღ.დ) 3,600 მეტრ
სიმაღლემდე ასვლას და შემდეგ სწრაფ დაშვებას ფინიშის ხაზამდე 3014 მ-ზე ზღ.დ.
ალტიჰათთან; თუმცა 2022 წელს შეჯიბრი უკვე ორ დისტანციას მოიცავდა. პირველი 5
კილომეტრიანი ვერტიკალური შეჯიბრი და მეორე, 10 კმ რთული მარშრუტი, სადაც
განსაკუთრებით გამოცდილმა მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ორივე მარშუტის
მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერისა და გერგეტის სამების
დაუვიწყარი ხედები, რაც შეჯიბრს დამატებით ელფერს სძენს და განსაკუთრებულად
ალამაზებს მას.
შეჯიბრის მოკლე დისტანცია (5კმ, 900მ ვერტიკალური ასვლა) მონაწილეებმა პირდაპირ
ალტიჰატთან მოწყობილ ფინიშთან დაასრულეს; ხოლო სრული დისტანცია 10კმ, 1,500მ
ვერტიკალური სიმაღლის დაპყრობა იყო, მონაწილეები ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე
ასვლის შემდეგ ფინიშისკენ დაეშვენ 3014 მეტრზე. რა თქმა უნდა, ეს მარშრუტები
წინასწარ კარგად არის დაგეგმილი, მოწყობილი და სპეციალურად მონიშნული; მთელი
მარშრუტის დისტანციაზე განლაგებული იყო ე.წ. „ჩექფოინტები“, სადაც სრულად
აღჭურვილი ორგანიზატორები და მოხალისეები მორიგეობდნენ შეჯიბრის
მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სამთო მაშველების
სამსახური, რადგან ტურნირის მონაწილეების უსაფრთხოება ორგანიზატორებისთვის
უმთავრესია.

როგორც 2021, ასევე 2022 წელსაც შეჯიბრის ორგანიზებაში ჩართული იყო შვეიცარიელი
ექსპერტი – მათიას ჰაიდეგერი, რომელიც სპეციალურად არის მოწვეული საორგანიზაციო
და უსაფრთხოების ნორმების კონტროლისა და საშეჯიბრო მარშრუტის დაგეგმვისათვის.
ასევე ტურნირის ორგანიზაციაში, როგორც 2021-ში, ისე წელსაც, მონაწილეობდნენ
კავკასიის სკიტურინგის ქსელი და საქართველოს გაერთიანებული მთამსვლელთა
ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა მონაწილე დაზღვეულია ტურნირის
მიმდინარეობისას სადაზღვევო კომპანია ირაოში, სრული პასუხისგმგებლობის
დაზღვევის მოცულობით 300,000 ლარი.

ორივე დისტანციის საპრიზო (I, II, III) ადგილები მონაწილე ქალთა და კაცთა შორის
გადანაწილდა, საპრიზო ფონდის მოცულობა კი 10 000 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მონაწილეებს, 2021 წელს შეჯიბრში მონაწილეობა 50 ადამიანმა მიიღო,
აქედან 15 ქალი იყო. ჯამში 32-მა მონაწილემ შეძლო შეჯიბრის სრული დისტანციის
დაფარვა (2021 წ. მხოლოდ ექსტრემალური 10 კმ (ვერტიკალური 1 600მ) დისტანცია
იყო); მონაწილეთა შორის 15 უცხოელი იყო, საიდანაც 5 სპეციალურად დასავლეთ
ევროპიდან ჩამოვიდა შეჯიბრისთვის, მიუხედავად პანდემიისა.2022 წელს კი ტურნირზე
34 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32-მა დაასრულა შესაბამისი დისტანციები.
სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აქტიური მარკეტინგულ კამპანია
შეგნებულად არ ჩატარდა, თუმცა ტურნირში მონაწილეობის თანხიდან 10% უკრაინის
დახმარების ფონდში იქნა გადარიცხული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელსაც მონაწილეთა
თითქმის ნახევარი ისევ უცხოელი იყო.
ტურნირის პარტნიორები არიან წამყვანი ქართული კომპანიები: იქსტრიმი, ადრენალინი,
მოგზაური, ემპლუსი, ასევე – ცნობილი ფრანგული კომპანია პეტცელი, ხოლო მედია
პარტნიორი და ტურნირის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის „სოლო“ იყო.

თუმცა „ყაზბეგის თასი 2022“ მხოლოდ ტურნირის ძირითადი მარშრუტის ფინიშზე არ
დასრულებულა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ტურნირის ორმა ორგანიზატორმა
წარმატებით დალაშქრა მყინვარწვერი. დავით ჭიჭინაძე (ალტიჰათი) და მატიას
ჰაიდეგერი (შვეიცარიელი ექსპერტი), დილის 6 საათზე გაემართნენ ალტიჰათიდან
„სკიტურით“, წარმატებით შეასრულეს 5, 054 მწვერვალზე ასვლის მისია და ყაზბეგის
თასის მედალიც აიტანეს მწვერვალზე. ეს ასვლა გამიზნული იყო ზამთრის მარშრუტის
პოპულარიზებისათვის შესაბამისი „სკიტურ“ აღჭურვილობით, რაც ყაზბეგის თასის
სულისკვეთების მნიშნელოვანი ნაწილია და სათხილამურო ალპინიზმის
პოპულარიზებას ემსახურება საქართველოში.

რას ნიშნავს „სკიტური“ – Skimo – ანუ Ski Mountaineering „სათხილამურო ალპინიზმი“
„სკიტური“ სათხილამურო ალპინიზმის სპორტული დისციპლინაა, რომელიც მთებზე
ასვლა და იქიდან თხილამურებით სრიალია. დღეს სპორტის ეს თანამედროვე
მიმართულება სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, მისი პოპულარობა კი იზრდება
და სხვადასხვა ფორმასაც იღებს, თუმცა სკიმოს ტრადიციული განმარტება
სათხილამურო ალპინიზმია და ექსტრემალური, სათავგადასავლო სპორტის
ნაირსახეობას წარმოადგენს.

Skimo გამძლეობის სპორტია, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი თხილამურებით
მთებზე ასვლისა და დაღმართზე დაშვების ციკლია, როგორც სათხილამურო კურორტზე,
ისე გაუკვალავ და გაუვალ სამთო ადგილებში. არაფერი არაა ზამთრის ბილიკზე
სირბილის და თხილამურებით სრიალზე უკეთესი ბუნების მოყვარული ადამინისათვის.
უამრავი მოყვარული ამ მიმრთულებას "ფიტნეს სრიალსაც" კი უწოდებს აშშ-სა და
დასავლეთ ევროპაში, სადაც ეს დისციპლინა მეტად განვითარებულია. სკიმო
შესანიშნავი კარდიოვარჯიშია ზამთრის მიწურულს საზაფხულო სპორტის რეჟიმზე
გადასვლისათვის, კერძოდ, ბილიკებზე სირბილი და, ან ძუნძული, სამთო ველოსიპედი
და კლდეზე ცოცვა.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმი მეტად მზარდი ტურისტული დარგია, ამ
მიმართულებით კი ჩვენს ქვეყნას აშკარა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.
„თრეილაბის“ და „ალტიჰათის“ გუნდების გაერთიანების მიზანიც ამ მიმართულების
ხარისხიანი განვითარება იყო, ასევე სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზება
საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეებისა და საერთაშორისო ტურისტებისათვის.
„სკი-ტური“ მთელს მსოფლიოში მზარდი დინამიკით ვითარდება და ამასთანავე
მაღალანაზღაურებად სეგმენტზეა ორიენტირებული, ჩვენი მიზანიც სწორედ ამ
სეგმენტის მოზიდვაში მცირე წვლილის შეტანით არის ნაკარნახევი, რათა
პოსტპანდემიურ და კრიზისულ პერიოდში რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი
ტურისტის მოზიდვას შევუწყოთ ხელი საქართველოში და ამით სათავგადასვლო
ტურიზმის გლობალურ რუკაზე საქართველოს მძლავრი ადგილი დავუმკვიდროთ.

ყაზბეგის თასის მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას,
კონკრეტულად ყაზბეგის მაღალმთიან რაიონს არსებული გამოწვევების ფონზე.
მოცემულ პერიოდში ამ სიმაღლეზე, როგორც წესი, ტურისტული აქტივობა
მინიმალურია, შესაბამისად, ადგილობრივი პროფესიონალები – გიდები, სამთო
გამყოლები და ადგილობრივი ფერმერები ნაკლებად არიან დასაქმებული (არაკრიზისის
პერიოდშიც); შესაბამისად, ახალი აქტივობის წახალისებითა და პოპულარიზებით
მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ არსებული შეთავაზებების ზრდას და სრულიად
ახალი მომსახურებების კულტურის დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.
ორგანიზატორების შესახებ:
ალტიჰათი არის მყინვარწვერისაკენ მიმავალ ბილიკზე ზღვის დონიდან 3014 მეტრზე
მდებარე სამთო სასტუმრო, რომელიც 2018 წლიდან მთელი წლის განმავლობაში
მასპინძლობს მთაში სიარულის მოყვარულებს – www.altihut.ge .

TRAILLAB (თრეილლაბი) არის ბუნებითა და სპორტით გატაცებული პროფესიონალების
გაერთიანება, რომელიც, ყაზბეგის თასის გარდა, საქართველოში ორგანიზებას უწევს
პრესტიჟულ საერთაშორისო სამთო გარბენებს – ლისის სამთო ფესტივალი, ყაზბეგი
მარათონი, თბილისი ჰილს სამთო გარბენი და თბილისის სათავგადასავლო გარბენი.
www.traillab.ge

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები