რეკლამაspot_img

ინტერვიუ გიორგი სულამანიძესთან

“თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეასრულოს დიდი როლი ბიოლოგიური
მრავალფეროვნების დაცვაში”
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია 1912 წელს შეიქმნა, ის ერთ-ერთ ყველაზე ძველ
დაცულ ტერიტორიად ითვლება არამხოლოდ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის
რეგიონში. ჟურნალ „ველური ბუნების“ სტუმარია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
დირექტორი გიორგი სულამანიძე. როდესაც 2010 წელს ლაგოდეხში მუშაობა
შესთავაზეს, ბევრი არ უფიქრია, ისე დასთანხმდა, რადგან იცოდა, რომ წინ საინტერესო,
მრავალფეროვანი, დიდი გამოწვევებითა და წარმატებებით სავსე წლები ელოდა.
საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ, სწორედ იმ დროიდან, როდესაც ჩვენს გარშემო
არსებული სამყაროს შეცნობას ვიწყებთ.

ჩემი ბუნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოდის. ერთ-ერთი, რამაც მაშინ
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაინ რიდის „ოკეანეში დაკარგულები“ იყო.
მსგავსი ლიტერატურა ძალიან მომწონდა და სულ ვფიქრობდი ჩვენ ირგვლივ
არსებულ სამყაროზე, საინტერესო ადგილებზე, მოგზაურობაზე… როდესაც
ზაფხულობით თბილისიდან არდადაგებზე სოფელში მივდიოდით, ჩემი ძმა
მანქანებს ათვალიერებდა, მე კიდევ ბუნებასა და ცხოველებს. ბუნება
ამოუწურავი ფენომენია, ამიტომ მასზე დაკვირვებისა და შესწავლის სურვილი
წლებთან ერთად უფრო ძლიერდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიისა და
მედიცინის ფაკულტეტზე. მაშინ საქართველოში დიდი გაჭირვება იყო, ამიტომ არ
არის გასაკვირი, რომ არ გვქონდა შესაბამისი პირობები სრულყოფილი ცოდნის
მისაღებად, ე.წ. „პრაქტიკები“ თითქმის არ არსებობდა, არადა ამ სფეროში საველე
მუშაობა და იქ მიღებული გამოცდილება გადამწყვეტია.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული წინსვლა?
– მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ დროს სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა
„ნაკრესი“ მოხალისეთა კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. ვისაც სურვილი
ჰქონდა, შეეძლო მისულიყო და იქ ასწავლიდნენ ველზე მუშაობას,
უზრუნველყოფდნენ კვებასა და ტრანსპორტირებას. 90-იან წლებში ეს იყო კარგი
შანსი, მიგეღო გამოცდილება და გემუშავა თავისი საქმის პროფესიონალებთან
ერთად. გავაკეთე განაცხადი, გასაუბრებაც გავიარე და მოვხვდი ერთ-ერთ
ყველაზე საინტერესო გუნდში გარემოსდაცვით სფეროში. მათგან ვისწავლე ბევრი
რამ, რაც მომავალში ძალიან გამომადგა.

თქვენი პირველი ექსპედიციის შესახებ მოგვიყევით?
– „ნაკრესის“ დახმარებით ერთ-ერთ პირველ ექსპედიციაში ვაშლოვანის დაცულ
ტერიტორიებზე მოვხვდი. ვინც იქ ნამყოფია, იცის, რომ ძალიან განსხვავებული
ბუნებაა, თითქოს საქართველოში არა ხარ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი
პირველივე წუთიდან, თვალწინ ბავშვობაში წაკითხული აფრიკის პეიზაჟები
დამიდგა, იქაურობა ძალიან ჰგავს აფრიკულ სავანას. თანაც, იმ პერიოდში,
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ცნობილი ლეოპარდი -„ნოე“ გამოჩნდა და
მისი ნაკვალევის ნახვის ბედნიერებაც მქონდა.

შემდგომში იყო ბორჯომ – ხარაგაულის დაცული ტერიტორიები, სადაც რამდენიმე
წელი გაატარეთ…
– იმ პერიოდში ვფიქრობდი, რომ წლების შემდეგ რეინჯერად ვიმუშავებდი დაცულ
ტერიტორიებზე, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად განსაზღვრა. ბორჯომამდე იყო
დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც მაშინ ახალი შექმნილი გახლდათ
და სტაჟიორების მიღებას აცხადებდა. ამიყვანეს სტაჟიორად, მაგრამ თბილისში
მუშაობა არ მხიბლავდა, ველზე ყოფნა მინდოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ
მივიღე ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებზე მუშაობის შეთავაზება, რა
თქმა უნდა, დავთანხმდი. სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი და 3 წლით იქ
გადავინაცვლე. საინტერესო დრო იყო, რადგან მაშინ იწყებოდა სახეობათა
რეინტროდუქციის პროექტები; ერთ-ერთი იყო ნიამორების რეინტროდუქციის
პროექტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი საბოლოოდ ზოოპარკში
გადავიყვანეთ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვქონდა ცხოველების კონსერვაციის
წარმატებული გამოცდილება, მაშინ ვსწავლობდით, ბევრი რამ არ ვიცოდით და
ვერ გავითვალისწინეთ. თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველთვის
მაინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ
ტერიტორიებზე უკვე იყო ფოტოხაფანგები, რომლებიც ფირით იღებდა ფოტოებს,
ვიფიქრე, რომ გამოგვეყენებინა ციფრული ფოტოხაფანგები, რომლებიც
ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მოგვაწვდიდა. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ,
2008-2009 წელს კი ახალი სიტყვა იყო, რომელიც ცხოველთა მონიტორინგშიც
გვეხმარებოდა და ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გამოგვადგა.

2010 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გახდით. რა
პრობლემები დაგვხდათ 12 წლის წინ, როცა იქ ჩახვედით?

– ლაგოდეხი ერთ-ერთი ძველი დაცული ტერიტორიაა თავისი გამორჩეული
ბიომრავალფეროვნებით. იმ პერიოდისთვის ბევრი გამოწვევა დამხვდა. იყო დიდი
პრობლემები, უკანონო ხე-ტყის მოპოვებით დაწყებული, ბრაკონიერობით
დამთავრებული. ლაგოდეხი ნადირით მდიდარი ადგილია, გვქონდა შემთხვევები,
როდესაც თბილისიდან ჩამოდიოდნენ მაღალჩინოსნები ამის გამო.
თანამშრომლების გათავისუფლებაც მოგვიწია, რადგან ისინიც იყვნენ შემჩნეული
მსგავს ქმედებებში, მაგალითად, უკანონოდ თევზაობდნენ ელექტროშოკური
აპარატებით. ხალხიც უარყოფითად იყო განწყობილი, არ გვენდობოდა. რთული
პერიოდი იყო, სხვადასხვა მეთოდით გვებრძოდნენ, ჯერ მანქანას მუხრუჭები
გადაუჭრეს, შემდეგ ავტომობილში ხელყუმბარა დადეს, მუქარის ზარებსაც არ
ერიდებოდნენ. მაგრამ საერთო ძალისხმევით მსგავსი შემთხვევები წარსულს
ჩაბარდა.
პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო ისეთი გუნდის შექმნა, რომელთა მთავარი
პრინციპი იქნებოდა გარემოს დაცვა და კონსერვაცია. მათ გააზრებული უნდა
ჰქონოდათ, რომ ნაკრძალი არის ქვეყნის საგანძური, რომელსაც ღირსეულად
უნდა ემსახურო. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე გვქონდა ადეკვატური
რეაგირება და საერთო ძალლისხმევით სიტუაცია გამოსწორდა.

შეიცვალა თუ არა მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოს მიმართ ამ
წლების მანძილზე? გარემოს დაცვა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული
თემა იყო საქართველოში, ცნობიერების კუთხითაც მოვიკოჭლებდით,
გამოსწორდა თუ არა სიტუაცია ამ მიმართულებით?
– რა თქმა უნდა, შეიცვალა უკეთესობისკენ. ბევრი ვიშრომეთ ამ მიმართულებით.
პირველ რიგში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვინაიდან ეს
ძალიან მნიშვნელოვანია. განვავითარეთ ბილიკები და ეკოტურისტული
სერვისები.
2010 წელს სრულად განვაახლეთ ბილიკები, ინფრასტრუქტურა, გავაკეთეთ
მონიშვნები. მახსოვს, იმ წელს 10 000 ვიზიტორი გვყავდა, რომელთა რიცხვი
ყოველწლიურად იზრდებოდა და პანდემიამდე, 2019 წელს, 60 000 მიაღწია.
ეტაპობრივად შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება, დაინახეს, რომ
გულწრფელად და სიყვარულით ვემსახურებით ჩვენ საქმეს. წესებიც შევცვალეთ,
მაგალითად, დაცულ ტერიტორიებზე არსებობს განახლებადი ბუნებრივი
რესურსების გამოყენების საშუალება. იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი
გავხადეთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად
სჭირდებათ.

საძოვრებთან დაკავშირებითაც გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. 2006 წელს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 6000 ჰექტარით გაფართოვდა, აქედან 3000
ჰექტარი იყო ალპური საძოვრები, რომელთაც ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა.
ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე ტრადიციული საქმიანობაა მეცხვარეობა.
როდესაც ეს ადგილები დაცულ ტერიტორიების საკუთრებაში გადავიდა,
მოქმედებდა იჯარის ათწლიანი ხელშეკრულება, რომლის ამოწურვამდე რეჟიმი
ვერ ამოქმედდებოდა. ნაკრძალი კი, როგორც იცით, დაცული ტერიტორიების
ისეთი კატეგორიაა, სადაც ძოვება არ არის დაშვებული. მოცემულობიდან
გამომდინარე, შესაბამის ორგანოებთან ვიმსჯელეთ და მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილი თავისი შინაარსით აღკვეთილის სტატუსს
უფრო შეესაბამებოდა. ზოგიერთი ნაწილი დაზიანებული იყო და აღდგენას
საჭიროებდა, ამიტომ მივანიჭეთ აღკვეთილის სტატუსი. შევადგინეთ საძოვრების
მართვის გეგმა, მოსახლეობაზე მარტივი წესით გავეცით 5 წლიანი საიჯარო
ხელშეკრულებები. ასე ნელ-ნელა ვცდილობდით ურთიერთობის დალაგებას და
ის, რაც ათი წლის წინ პრობლემა იყო, დღეს უკვე წესად იქცა. მათ იციან, რომ
უნდა აიღონ საშვი, მოიტანონ აცრის საბუთი, ცხვარი საძოვრებზე წაიყვანონ
აცრილი, არ მოჭრან ხეები, არ დატოვონ ნარჩენები და ა.შ. ხალხს დავანახეთ
შესაძლებლობები, რომ იქ, სადაც ისინი ცხვარს აძოვებენ, მათი მიერ მიღებული
პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და უფრო მაღალი ღირებულებისაა, კარგი
მარკეტინგული გათვლის შემთხვევაში კი საშუალება აქვთ მიიღონ შემოსავალი
და გააჩინონ საინტერესო საბაზრო სეგმენტი.

რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მენეჯერი?
– საქმის სიყვარული აუცილებელია. ბუნება მოულოდნელობებითა და
აღმოჩენებით სავსეა, მთავარია გიყვარდეს, რასაც აკეთებ და ის რუტინად
არასდროს იქცევა… როდესაც სიყვარულით უდგები საქმეს, ამას ბუნებაც ხედავს
და გიფასებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სიახლეებისკენ ილტვოდე,
არ შეწყვიტო განვითარება. ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ
ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მას თან ახლავს ფათერაკები
და ხიფათი, რადგან ბუნება რას გიმზადებს, წინასწარ არავინ იცის, მუდმივად
მზად უნდა იყო ცვლილებებისთვის. შესაძლოა შეიარაღებულ ბრაკონიერს
წააწყდე, რომელიც წინააღმდეგობას გაგიწევს და საფრთხეს შეგიქმნის. გასულ
წლებში გვქონდა შემთხვევები, როდესაც ბრაკონიერებთან შეტაკება მოგვიხდა,
ბორჯომში რეინჯერის სიცოცხლე ბრაკონიერებს შეეწირა. ლაგოდეხშიც მოხდა
ინციდენტი, ქვები დააგორეს და რეინჯერი დაშავდა, საბედნიეროდ, გადარჩა.
ადამიანის სიცოცხლე არის უზენაესი, ამიტომ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ.
უსაფრთხოების პროტოკოლიც შეიცვალა. თუკი არ გაქვს რიცხობრივი

უპირატესობა ბრაკონიერების წინააღმდეგ, აჯობებს, თანამშრომლის სიცოცხლე
შეინარჩუნო, ვიდრე რისკი გაწიო და ეს რისკი არ იყოს გონივრული. კარგი
მენეჯერი აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებიანი. მნიშვნელოვანია, ასევე,
ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის ნდობა.

მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად კლიმატის ცვლილება ითვლება. როგორ
აისახება კლიმატური ცვლილებები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე?
– ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის
გაცემა გამიჭირდება. ამ საკითხის დასადგენად საჭიროა კლიმატის ცვლილებაზე
გრძელვადიანი და სრულყოფილი მონიტორინგი. მაგალითად, სუბალპურ ტყეში,
სადაც ადრე მინდვრები იყო, დღეს ტყე მოდის, ეს შეიძლება სუბიექტური
მიზეზებით იყოს გამოწვეული, რის გამოც აქ არ იყო ტყე, ან შეიძლება მართლაც
გარემოს გლობალური ცვლილების ბრალი იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება
დაკვირვება და შესწავლა. ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე
ტექნოლოგიები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს გვაქვს
შესაძლებლობა, 2 ავტომატური მეტეოსაგური განვათავსოთ ტერიტორიაზე,
რომელმაც, შესაძლოა, სურათი საერთოდ შეცვალოს. მეტეოსაგურებს
მინიმალური მომსახურება სჭირდება, მოწყობილობა უამრავ სხვადასხვა
კომპონენტს ინახავს. მთელი წლის მანძილზე ინფორმაცია უწყვეტად და
დისტანციურად მოგეწოდება, შეძლებ ნახო, როგორი ამინდია. თუ ეს სისტემა არ
გვექნება, ისე ძალიან ძნელია ილაპარაკო გარემოს გლობალურ ცვლილებებზე.

რას გვეტყვით დაგეგმილი პროექტების შესახებ?
– ლაგოდეხი აღმოსავლეთ ევროპაში არის ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორია
და 110 წელია ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ეს გამოწვევაცაა, რადგან
აღნიშნული სტატუსი არ გვაძლებს მოდუნების საშუალებას, სულ უნდა იყო
მოწინავე და განვითარებადი. ამჟამად ჩვენს ადმინისტრაციულ ცენტრში,
ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ვაკეთებთ საგამოფენო სივრცეს, რომლის
კონცეფციაც უკვე შევიმუშავეთ. აქ წარმოდგენილი იქნება თანამედროვე
ინსტალაციები. ლაგოდეხში მთავარი მამოძრავებელი ღერძი არის ტყე, სწორედ
მის გარშემო აეწყობა გამოფენა. აგვისტო – სექტემბერში უკვე შესაძლებელი
იქნება ამ საგამოფენო სივრცის დათვალიერება.
ვაკეთებთ ბუნების შემეცნებით ბილიკს პატარებისთვის, სადაც, თამაშ-თამაშით,
ბუნების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მიიღებენ. გარდა ამისა,

მიმდინარეობს სამწლიანი პროექტი, რომელიც მოიცავს ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ ბილიკები
უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, სტანდარტიზებული და კარგად
აღჭურვილი მანიშნებლებით. ბილიკი იქნება 1 მ 40 სმ სიგანის. ჩვენი მთავარი
მიზანია ბუნების კონსერვაცია, ხოლო ეკოტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი
ინსტრუმენტი, რომლითაც ამ მიზანს მივაღწევთ.
კავკასიის ბუნების ფონდის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ნაკრესის“
ერთობლივი ძალისხმევით, 6 ჯიხვი აღვჭურვეთ ჯიპიესების საყელურებით და
დავიწყეთ ინფორმაციის მიღება მათ სივრცულ გადაადგილებაზე. საინტერესო
შედეგებიც მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ ჯიხვისთვის მხოლოდ მაღალი მთები და
მწვერვალები არ ყოფილა საბუდარი. ლაგოდეხში, ზღვის დონიდან 800-1000
მეტრზე, მთელი სეზონის განმავლობაში გვხვდებოდა ჯიხვი, მაგრამ ადამიანმა
თავისი სამეურნეო საქმიანობით იმდენად შეავიწროვა, რომ უფრო მაღლა აიწია.
ცხოველები, რა თქმა უნდა, საზღვრებს არ ცნობენ, ლაგოდეხს აქვს საინტერესო
მდებარეობა, ჩრდილოეთით გვესაზღვრება დაღესტნის რესპუბლიკა, სადაც არის
ტრიალადას აღკვეთილი, ხოლო აღმოსავლეთით – აზერბაიჯანის რესპუბლიკა და
ზაქათალის ნაკრძალი, ეს სამი ტერიტორია ერთად წარმოადგენს საინტერესო
საკონსერვაციო ტერიტორიას. ერთ-ერთი ჯიხვი, სახელად – ტარიელი, გადავიდა
დაღესტანში და თითქმის 180 დღე გაატარა იქ. ლაგოდეხში დაბრუნდა ნოემბრის
თვეში, როცა ჯიხვების გამრავლების პერიოდია. ეს იყო ძლიერი, დომინანტი ხარი
და თან წამოიყვანა 20 სულიანი ჯგუფი, ჩვენ ამ პროცესს ფოტოკამერითაც
ვიღებდით. მიმდინარე წლის 3 იანვარს მივიღეთ შეტყობინება, რომ მას 12 საათის
განმავლობაში ადგილი არ შეუცვლია. ეს შეიძლება ყოფილიყო სიკვდილის ნიშანი,
ან, შესაძლოა, საყელური მოძვრა. რადგან ზამთარი იყო, გადავწყვიტეთ, რომ
საყელურს მივაკითხავდით გაზაფხულზე. თუმცა თებერვალში მივიღეთ
შეტყობინება, რომ დაღესტანში დაფიქსირდა ჯიხვების უცნაური დაავადება და
60-მდე ჯიხვი იპოვეს მკვდარი. შესაბამისად, ვივარაუდეთ, რომ ჩვენი ჯიხვიც ამ
დაავადებამ იმსხვერპლა. ადგილზე რომ მივედით, მასთან ერთად კიდევ 2 ჯიხვი
დაგვხვდა მკვდარი. ავიღეთ ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის. აღმოჩნდა, რომ
ეს იყო იმ კონკრეტულ ადგილზე გავრცელებული დაავადება, რომელმაც იქ მყოფი
ჯიხვები დააზიანა. ლაგოდეხში მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა გვქონდა. ძალიან
მნიშვნელოვანია ასეთი საკვანძო სახეობების მონიტორინგი უფრო ეფექტიანი
საშუალებებით დროული რეაგირებისათვის. იგივე შემიძლია ვთქვა ირემზეც,
რადგან ჩვენს ქვეყანაში, დროა, ირემი დაუბრუნდეს, არამარტო დაცულ
ტერიტორიებს, არამედ ჩვენს ტყეებსაც. სულ რაღაც 100 წლის წინ ირემი მთელს
საქართველოში იყო გავრცელებული, მთაწმინდის ფერდობებზე, გომბორის
ქედზე, დღეს კი მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე – ბორჯომ – ხარაგაულსა და
ლაგოდეხში გვხვდება, ბოლო დროს თუშეთშიც გამოჩნდა. დაცული
ტერიტორიები უნდა გახდეს ერთგვარი ტრამპლინი, რათა ირემი დაუბრუნდეს
საქართველოს ბუნებას. მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების მოვლა ასეთი

ძვირფასი სახეობების კონსერვაციისა და გადარჩენისათვის. თითოეულ ჩვენგანს
შეუძლია შეასრულოს დიდი როლი ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვაში.

ესაუბრა ირინა ჯაფარიძე

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები