რეკლამაspot_img

საზოგადოების ჩართულობა რისკის მართვასა და შემცირებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის- „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული
კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“-ფარგლებში ათი სამიზნე
მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა,
სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლებთან აქტიურად მუშაობს მათი
შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით კატასტროფის რისკის შემცირების
მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი აქტივობა – შემუშავდა
ტრენინგმოდულები, გადამზადდნენ დაინტერესებული პირები და ადგილობრივი
კოორდინატორები, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, საჯარო-სათემო დიალოგი,
საკონსულტაციო შეხვედრები და სათემო ფორუმები ადგილობრივი არასამთავრობო,
საგანმანათლებლო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის,
ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისთვის, ახალგაზრდებისთვის. შემუშავდა
ვიდეორგილები პროექტის შესახებ, ასევე საგანმანათლებლო და საინფორმაციო
მასალები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების
შესახებ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, პროექტის სამიზნე
მუნიციპალიტეტებიდან შეირჩნენ მოხალისეები და შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი,
გაიმართა კონკურსები, რომლებიც ემსახურებოდა პროექტის სამიზნე
მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის
შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებებისა და ტრენინგების მიზანია, საზოგადოება
კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეს გარემოსდაცვითი საკითხებით და
მუნიციპალიტეტებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფების
მართვასა და შემცირებაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების
პროგრამის ხელშეწყობით ახორციელებს თემატურ კონკურსებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სათემო ორგანიზაციებისათვის.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა სათემო პროექტების განხორციელებაში
კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანია. კონკურსი ხელს
უწყობს სასკოლო დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების
რისკების შემცირებას და ამ მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.
საგრანტო კონკურსის – „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“- ფარგლებში გამარჯვებულმა
სკოლებმა წარმოდგენილი პროექტების განსახორციელებლად გაეროს განვითარების
პროგრამის მიერ მიიღეს დაფინანსება. 2021 წელს ჩატარებულ კონკურსში
პირველი საპრიზო ადგილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო
სკოლამ დაიკავა, პროექტით – „წყალდიდობა და ჩვენი სკოლის გამოწვევები“. სკოლის
ეზოში მოეწყო „ღია ბიბლიოთეკა“, სადაც პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა სახის
შემეცნებითი მასალა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ 7 ბუნებრივ საფრთხეზე,
ამასთანავე, სკოლის ტერიტორიაზე დაგეგმილია ეროზიული ნაწილის გამწვანება და

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის
უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს
თავმჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა GCF-ის პროექტის მიმდინარე
აქტივობებისა და საინფორმაციო კამპანიების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილების
მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვისთვის შემუშავდა. აბაშის,
ახმეტის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, სამტრედიის, სენაკის, სიღნაღის, ქობულეთისა
და ხობის მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა განიხილეს კლიმატის
ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომები და
ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. შეხვედრების მიზანი
რისკების მართვის ღონისძიებებში სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების
ჩართულობის ხელშეწყობაა.
პროექტის კოორდინატორები სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლებში ატარებენ
ტრენინგს „კლიმატის ცვლილება და გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება.“
ტრენინგების მიზანია  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და
რეაგირების წესების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა
საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობებით და ჯგუფური სამუშაოებით.
„კატასტროფის რისკის მართვა, რომელიც თემის ჩართულობით ხორციელდება, ერთ-
ერთი მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების
რისკების შემცირებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციების
შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ცნობიერების ამაღლება. გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს
სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების
გახშირება, როგორებიცაა- წყალდიდობა, გვალვა და ძლიერი ქარები- დიდ ზიანს აყენებს
მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკურ ზარალს. მოსახლეობის მედეგობის ამაღლების
მიმართულებით ცნობიერების ამაღლება აუცილებლია, რისთვისაც პროექტის
ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდება,“- განაცხადა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ
ალადაშვილმა.
2019 წელს საქართველომ მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რომელიც კლიმატის
ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება.
პროგრამა საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე
ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის
ფარგლებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ
შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები
უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი
მდინარის აუზში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა,
გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები