რეკლამა

“დღესდღეობით პლანეტის საერთო ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, როგორც მძიმე და მუდმივად გაუარესებადი”

ათასწლეულის დასაწყისში გაერომ კაცობრიობის მთავარ პრობლემად შიმშილი, სიღატაკე და ეკოლოგია განსაზღვრა. გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სფეროს წამყვანი სპეციალისტებისთვის კი მთავარ პრობლემად დღემდე რჩება მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტაბილურობა. ზბიგნევ ბჟეზინსკი წიგნში – „სტრატეგიული ხედვა, ამერიკა და გლობალური
კრიზისი“- წერს: „სამწუხაროდ, წამყვან სახელმწიფოებს ახლაღა მოუწევთ შეიმუშაონ ერთობლივი გზები ახალი მზარდი საფრთხეების მოსაგვარებლად, რომლებიც კაცობრიობის კეთილდღეობას ემუქრება, ესენია: ეკოლოგიური, კმილატური, სოციო-ეკონომიკური, სასურსათო და დემოკრატიული პრობლემები. თუმცა, აქვე აღვნიშნავდი, რომ გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე
დაყრდნობის გარეშე საერთაშორისო ურთიერთშეთანხმების მიღწევის მცდელობა მარცხისთვის
არის განწირული“… პროფესორ ფრენსის ფუკუიამას (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ) მიერ წამოწყებული „ისტორიის დასასრულის“ თეზისი „მთელს მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის საბოლოო გამარჯვების შესახებ მტკივნეული ილუზია აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ გეოპოლიტიკური სტაბილურობა სერიოზულ ეჭვებს იწვევს. მაგრამ თუკი ეკოლოგიურ მსოფლიო აღქმას გავიზიარებთ, როგორც ცოდნის ინფორმაციის სინთეზს, მაშინ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საფუძვლად გეოპოლიტიკური სტაბილურობა კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ ყველა ქვეყნისათვის შეთანხმებულ ფუნდამენტად ერთიანი, ახალი ეკოლოგიური კონცეფცია უნდა იქცეს“. გარემოზე ბუნებრივი კლიმატური და, განსაკუთრებით, ანთროპოგენური ფაქტორების ხანგრძლივი გავლენა განსაზღვრავს ეკოსისტემის სხვადასხვა დონეზე ცვლილებებს, რომლებსაც ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, უცხო, ტოქსიკური ბუნების ინფექციების ინვაზიები. გარემოზე მათი ზეგავლენა გამოიხატება, ეკოსისტემებში დიდი რაოდენობით ტოქსიკური და ტექტოგენური ნაერთების დაგროვებაში, რომლებიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციურ აქტიურობაზე უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს.

დღესდღეობით პლანეტის საერთო ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, როგორც მძიმე და მუდმივად გაუარესებადი. დიდი ეკოლოგიური ზარალია ისეთ გვალვიან რეგიონში, როგორიცაა შუა აზია, არალის ზღვის თითქმის მთლიანად დაშრობა, ვინაიდან ეს ზღვა ეკოლოგიურად დიდ როლს ასრულებდა მთელი შუა აზიის რეგიონში ზომიერი ტენიანობისა და, შესაბამისად, ეკოლოგიური ბალანსის არსებობის თვალსაზრისით. სამეცნიერო პუბლიკაციების, პატენტების, მთავრობათაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მიუხედავად, ტოქსიკური ნაერთების ნაკადი ყველა ეკოლოგიურ ნიშაში თანდათან მატულობს. თვალსაჩინოებისათვის საკმარისია შემდეგი მონაცემების მოხმობა: 100 მილიარდი ტონა წიაღისეულის გადამუშავებისას გარემოში ხვდება თითქმის 10 000 დასახელების ტექნოგენური წარმოშობის არაბუნებრივი ქიმიური ნაერთი, მათ შორის, 60 მილიონი ტონა სინთეზური კომპონენტი, 700-800 მილიონი ტონა რკინა, 500 მილიარდი კუბური მეტრი გადამუშავებული თხევადი მასა. ამის გარდა, წარმოების პროცესში რჩება 10 მილიარდ ტონამდე მყარი ნარჩენი, ანუ წიაღისეულის საწყისი რაოდენობის 10%. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ასობით მილიარდი ტონა წიაღისეულის გადამუშავება ხდება!..

ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა ძალზე უარყოფითად მოქმედებს ყველა ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე, იწვევს სპონტანური მუტაციების რაოდენობის კატასტროფულ ზრდას, დეგენერაციული ფორმებისა და ზოგჯერ მთელი გენერაციების წარმოშობას, ახალი ინფექციური დაავადებების მნიშვნელოვან მატებას: სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ტექნოგენური ნაერთების მოხვედრას, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, ეკოსისტემებში ბუნებრივი პროცესების დარღვევას და ა.შ. დიდი ინტენსივობით გავრცელებული ვირუსული დაავადებებიც პლანეტის ბიოლოგიური ბალანსის დარღვევის, მისი იმუნური სისტემის დაქვეითების შედეგია, რაც მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმების რაოდენობისა და მრავალფეროვნების სისტემურ
შემცირებაში მდგომარეობს. სამწუხაროდ, საინფორმაციო რესურსების არსებობის მიუხედავად, ეს
პროცესები სათანადოდ გაშუქებული არ არის.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები