სალომე იდოიძე – თუშეთის დაცული ტერიტორიები
Salome Idoidze – Tusheti Protected Areas
სალომე იდოიძე თუშეთიდანაა, ის ერთ-ერთი პირველია, იმ ქალი რეინჯერებიდან, რომლებიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუშაობენ. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერი ქალის ხილვა თავიდან ბევრს აკვრივებდა. ვერ წარმოედგინათ, რომ დაცულ ტერიტორიებზე სიტუაციის მართვა ქალ რეინჯერსაც ისეთივე წარმატებით შეეძლო, როგორც – მამაკაცს. ამჟამად
კი მსგავსი დამოკიდებულება შეიცვალა. სალომეს გადაწყვეტილებას, გამხდარიყო რეინჯერი,
ოჯახმაც აუბა მხარი, რადგან თვლიდნენ, რომ საქმიანობის სქესის მიხედვით დაყოფა შეცდომაა და რეინჯერობა ისეთივე პროფესიაა, როგორიც სხვა დანარჩენი. „არა აქვს სქესს მნიშვნელობა, ეს თავად ადამიანსა და სურვილზეა დამოკიდებული, ბევრი ისეთი ნაცნობი მამაკაცი მყავს, რომელიც ერთი დღეც ვერ გაძლებს რეინჯერად და, ამავე დროს, ბევრ ქალს ვიცნობ, ვისთვისაც ეს არანაირი პრობლემა არ იქნება“,- ამბობს სალომე.
თუშეთის დაცული ტერიტორიები მის თვალწინ ჩამოყალიბდა, რაც იმ დროისთვის იყო სრულიად ახალი და უცნობი მოვლენა ადგილობრივებისთვის, რადგან არ არსებობდა ანალოგი ისეთი დაცული ტერიტორიებისა, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა და თან სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. „ამის გამო თავიდან შიში გაჩნდა ხალხში, ეგონათ, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ ცხოვრებასა და საქმიანობას თუშეთში, მაგრამ გავიდა დრო და სრულიად გაქარწყლდა ეს მოლოდინები, მოხდა პირიქით, განვითარდა ტურიზმი, თუშებმა დაიწყეს დაბრუნება და საქმიანობა თუშეთში, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მათი ეკონომიკური მდგომარეობა.“
19 წლის ასაკში სტუდენტურ ბანაკში მოხვდა, რომელიც ,,თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ მიერ იყო ორგანიზებული. სტუდენტები 10 დღის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობაში. ბანაკის შემდეგ მაშინდელმა დირექტორმა ანზორ გოგოთიძემ ენთუზიაზმით სავსე გოგონას თავისუფალ დროს ადმინისტრაციაში მოხალისედ მუშაობა შესთავაზა. „მოხალისეობრივი პერიოდის დროს გამოცხადდა რეინჯერის ვაკანსია, სპონტანურად გამიჩნდა სურვილი, მეცადა და გავაგზავნე განაცხადი. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ სხვა გოგო რეინჯერი არ იყო საქართველოში“,- იხსენებს სალომე.
რეინჯერის საქმიანობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რადგან მათ დაცული ტერიტორიების მეთვალყურეობა და შესაბამისი რეაგირება უწევთ. მოვალეობებში შედის – ტურისტების უსაფრთხო გადაადგილება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი პირდაპირი დაკვირვებით ან ფოტოხაფანგების საშუალებით, გარემოს დანაგვიანების კონტროლი, ხანძრის პრევენციები და
ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და სხვა.
კარგად ახსოვს თავისი პირველი დღე სამსახურში: „ივნისის დასაწყისი იყო, თუშეთის გზა სულ რამდენიმე დღის გახსნილი გახლდათ, რეინჯერებიც ახალი ასულები ვიყავით და გეგმიურ რევიზიებს ვაწარმოებდით. პირველივე დღეს ტყის მდგომარეობის შესწავლა მომიწია, ვაკვირდებოდი ფიჭვების მერქანს, რაიმე პარაზიტი ხომ არ ჰყავდა. რამდენიმე საეჭვო სინჯიც ავიღე, მეტად დატვირთული და დასამახსოვრებელი დღე იყო.“ ბუნებაში ყველა დღე განსხვავებული და მოულოდნელობით სავსეა, ეს უფრო მეტად იგრძნობა თუშეთში,
სადაც ამინდი ხშირად ცვალებადია – „პატრულირებას ძირითადად დილის 8 საათზე ვიწყებ, მაგრამ ამინდის გამო, ან პატრულირების მანძილიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს კიდეც. მარშრუტები რელიეფის მიხედვით არის დაყოფილი – სამანქანე, საცხენოსნო ან ქვეითად. სამანქანეს წინასწარი მომზადება არ სჭირდება. საცხენოსნო და საფეხმავლო შედარებით რთულია.
ყოველდღე სხვადასხვა დავალებას ვასრულებთ – ერთ დღეს შეიძლება ტურისტული საინფორმაციო დაფების განახლება-მოწესრიგება გახდეს საჭირო, მეორე დღეს – ტყის მონიტორინგი ან ფოტოხაფანგების დაყენება და შემოწმება, ჯიპიეს კოორდინატების აღება და ა.შ. მესამე დღეს ცხენით პატრულირება და ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება“.
სალომეს აზრით, პროფესიონალად საქმის სიყვარული გაქცევს: „რეინჯერს ბუნება უნდა უყვარდეს. საველე პირობებში მუშაობას ყოველთვის ახლავს დისკომფორტი და ამისთვის მზად უნდა იყო, წინასწარ არასდროს იცი, რა პირობებში მოგიწევს ყოფნა და გამოწვევებს
ადეკვატურად უნდა უპასუხო – იქნება ეს მეტეოროლოგიური პირობები, რთული რელიეფი თუ კიდევ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. ამ წლების განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძალისხმევით უამრავი საჭირო ტრენინგი გავიარეთ და ტექნიკურადაც უკეთ ვართ აღჭურვილნი, რაც გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვებრძლოთ ხანძრებსა და სხვა სტიქიურ მოვლენებს, ასევე, ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.“
გამოწვევები კი თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე საკმარისია, ერთ-ერთია მდგრადი ტურიზმის განვითარება. თუშეთში წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან კარგია ადგილობრივი თემის ეკონომიკური ზრდისთვის, თუმცა, ამავე დროს, მასობრივმა ტურიზმმა შეიძლება საფთხე შეუქმნას ბუნებას, ინფრასტრუქტურას, ადგილობრივ კულტურას – „ამის პრევენციისთვის საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა, ახალი ბილიკებისა და მიმართულებების შექმნა და მარკირება, რათა არ გადაიტვირთოს არსებული ბილიკები დაგადანაწილდეს ტურისტული ნაკადები.
ცნობიერების ამაღლებაც ერთ- ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ბრაკონიერობის რისკებსაც და ბუნების დანაგვიანების შემთხვევებსაც. დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებებითაც, ტარდება შეხვედრები, ადგილობრივებს ურიგდება ბუკლეტები საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად მართვის შესახებ, მიეწოდებათ ინფორმაცია იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მათმა უხეშმა ჩარევამ ბუნებაში“.თუშეთში ასულ ტურისტს ყველაზე მეტად პირვანდელი სახით შემორჩენილი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტები მოსწონს, რომლებიც შერწყმულია ადგილობრივ ტრადიციებთან და მოსახლეობის ყოფით წეს-ჩვეულებებთან „თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნით რეგიონს უამრავი შესაძლებლობა გაუჩნდა, რაც დადებითად აისახა ადგილობრივ თემზე.
დღეს ჩვენ გვაქვს ტურისტული სერვისები, გაძლიერდა ქალთა ჩართულობა, გაჩნდა შემოსავალი, აღდგა მივიწყებული ხელსაქმის ტრადიცია, იქმნება ნატურალური მატყლის ნაწარმი, რომელიც ძალიან მოსწონთ ვიზიტორებს. ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება შემოდგომა-გაზაფხულზე მეცხვარეებთან ერთად ცხვრის გადარეკვა, ადგილობრივ დღეობებზე დასწრება და ა.შ. ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ტურისტული სერვისებიც, სასტუმრო-სახლები, ადგილობრივი ნაწარმი და სამზარეულო, ცხენებით მომსახურება, ადგილობრივი გიდების სერვისი, ფოლკლორი. ტურისტებს ძალიან ხიბლავთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ საქართველოში თუშეთი გამორჩეულია ამ მხრივ“. კითხვაზე, თუ სად ხედავს საკუთარ თავს მომავალში, სალომემ ასე გვიპასუხა – „არ ვიცი, რა მელის მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმიანობა ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის იქნება დაკავშირებული თუშეთთან.“
ეკა ბაჩილავა – მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი
Eka Bachilava – Martvili Canyon Natural Monument
ეკა ბაჩილავა მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერია. თვლის, რომ ძალიან საინტერესო და კარგ საქმეს ემსახურება, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს საგანძურის, დაცული ტერიტორიების, განვითარებაში – „ 2016 წლიდან მატვილის კანიონის რეინჯერი ვარ. სანამ კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდებოდა, მენავედ ვმუშაობდი. ძალიან მიყვარს ბუნება და მინდოდა მასთან კავშირი არ გამეწყვიტა, სწორედ ამიტომ გავხდი რეინჯერი. გამიმართლა, რადგან ამ საოცრებას ყოველდღე ვუყურებ, ჩემს ხელში ათასობით ტურისტმა გაიარა, რომლებსაც აქაურობას დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვაცნობ.“
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის შემქნაში პირველივე დღიდან მონაწილეობდა – „როდესაც აქ სამუშაოდ მოვედი, მარტვილის კანიონის ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა. მაშინვე აქტიურად ჩავერთე საქმიანობაში და მას შემდეგ აქ ვარ. სხვებთან ერთად მეც ჩემი წილი აგური დავდე კანიონის განვითარებაში და შესაბამისი ტურისტული სერვისების შექმნაში. რასაც დღეს აქ ხედავთ, დიდი შრომისა და მონდომების შედეგია.“
რეინჯერის სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წყალთან გაქვს – „მთელი დღის მანძილზე ვღებულობთ ტურისტებს და ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, გვევალება ვიზრუნოთ გარემოზე, რომ არ დაბინძურდეს, ვინმემ ნაგავი არ დაყაროს, ვამონტაჟებთ ფოტოხაფანგებს, რათა შევზღუდოთ ბრაკონიერობა.“
წლების წინ, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლად გამოცხადებამდე, მდგომარეობა საკმაოდ უკონტროლო, შეიძლება ითქვას, კრიტიკულიც კი იყო. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონსა და დღესასწაულებზე, როდესაც უამრავი ხალხი იკრიბებოდა და გარემო, მათ შორის მდინარე, ნარჩენებით უმოწყალოდ ბინძურდებოდა. დაცული ტერიტორიების შექმნით კანიონზე დაბინძურების პრობლემა გადაიჭრა – „ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება ნამდვილად დიდი პრობლემა გახლდათ, რომელიც დღეს აღმოფხვრილია. რა თქმა უნდა, არის სხვა გამოწვევებიც, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით და, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, განვაგრძობთ არსებულთან ბრძოლას. ყოველდღე ვპატრულირებთ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებზე უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად,“ – გვიყვება ეკა.
მიიჩნეოდა, რომ საქართველოში ქალის რეინჯერად მუშაობა რთულია, ეკა კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება – „ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა იმთავითვე მცდარი იყო. ჩემი თანამშრომლებისგან არასდროს მიგრძვნია, რომ, რადგან ქალი ვარ, ეს რამეში დამაბრკოლებს. თავიდან
შეიძლება მართლაც უკვირდა ხალხს, მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია, აღარავის უკვირს.“ საქმის სიყვარული და ერთგულება რეინჯერისთვის მთავარია – „ბუნების სიყვარული, მისი მოვლა და პატრონობა უნდა შეგეძლოს. ამასთანავე, დიდი მონდომება და მოთმინებაა საჭირო, რომ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდე, რადგან ველზე მუშაობა, ბუნებაში ყოფნა, დიდი ადრენალინია, შეიძლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდე, სადაც სწორი გადაწყვეტილების მიღება და სიტუაციის მართვა უნდა შეძლო. არ არის მარტივი რეინჯერობა, მაგრამ საინტერესოა“.
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს, შესაბამისად იზრდება შემოსავლები, რაც რეგიონის კეთილდღეობაზეც აისახება: „ვიზიტორებს ხიბლავთ მარტვილის გასაოცარი ბუნება და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა. საშუალება აქვთ ნავით გაისეირნონ, ზიპლაინზე დაეშვან, ან მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკებით კომფორტულად გადაადგილდნენ. კანიონზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ეს მათი შემოსავლის წყაროა. მიყვარს აქაურობა, მსიამოვნებს საქმე, რომელსაც
ვაკეთებ და ჩემი სამომავლო გეგმებიც მასთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ეკა ბაჩილავა.
მოამზადა ირინა ჯაფარიძემ