რეკლამა

კლიმატის მე-4 ეროვნული შეტყობინება

   ტყეები

საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით არის დაფარული. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ტყის 95−98% ბუნებრივი ტყეებია, რომელთა 2/3-ზე მეტი საშუალო და მაღალი დაქანების ფერდობებზეა განლაგებული და ასრულებს ნიადაგდაცვით, წყალშენახვით, წყალმარეგულირებელ, სანიტარულ-
ჰიგიენურ და სხვა სასარგებლო ფუნქციებს. გარდა ამისა, კავკასიონის ქედზე შემორჩენილ ტყის მასივებს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, ისინი ზომიერ კლიმატურ სარტყელში შემორჩენილ უკანასკნელ ხელუხლებელ ტყეებს წარმოადგეს.

2003 წლის „ტყის ფონდის ერთიანი აღრიცხვის მაჩვენებლების“ მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი 3 005 300 ჰა-ს შეადგენდა (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჩათვლით), საიდანაც ტყით დაფარული ტერიტორია 2 772 400 ჰა-ს უტოლდებოდა. აქედან, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 0,5 მლნ ჰა – ხელუხლებელ ტყეებს, 2,2 მლნ ჰა -სახეცვლილ ბუნებრივ ტყეებს, ხოლო 0,06 მლნ ჰა ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს მიეკუთვნება. მერქნის საერთო მარაგი დაახლოებით 430 მლნ მ3 შეადგენს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური შემატება 4.0 მლნ მ3-ს. ნახაზ 4.10.2–ზე მოყვანილია ძირითად სახეობათა კორომების საერთო მარაგი.

უნდა აღინიშნოს, რომ ათწლეულების განმავლობაში ტყის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, დღეისთვის არ არსებობს საქართველოს ტყის ფონდის ფართობების, მათ შორის, ტყით დაფარული ფართობების დაზუსტებული მონაცემები. სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებსა და ანგარიშებში მითითებული მონაცემები ერთ შემთხვევაში ეყრდნობოდა 2003 წლის მაჩვენებლებს, ხოლო მომდევნო პერიოდისთვის საფუძვლად აღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები. 2011 წელს საზღვრების დადგენისას
დაშვებულია უზუსტობანი, რაც ართულებს საერთო სურათის შექმნას ქვეყნის ტყეების შესახებ.

2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული საზღვრების მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი 2 620 676 ჰა-ს შეადგენს (მონაცემში არ შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ფართობი,
მაგრამ მოიცავს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიების ფართობს).

ინვენტარიზაცია ერთ-ერთი მთავარი და სტატისტიკურად საიმედო მონაცემთა წყაროა არა მხოლოდ ტყის მდგრადი მართვის, არამედ კლიმატის ცვლილების პროცესში ტყის სექტორის სრულად ჩართვის თვალსაზრისითაც. აღნიშნული პრობლემის მოგვარების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება ამჟამად მიმდინარე ტყის ეროვნული ინვაენტარიზაცია, რომლის განხორციელება ქვეყანამ 2019 წელს დაიწყო. ინვენტარიზაციის შედეგად მონაცემები სრულად განახლდა აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ასევე – იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში კონკრეტული სატყეო უბნების დონეზე.

ტყეების შესახებ მოძველებული მონაცემები მუდმივად აფერხებდა სექტორის სრულყოფილად წარმოდგენას კლიმატის ცვლილების შესახებ ქვეყნის ეროვნულ შეტყობინებებში, თუმცა მესამე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მოხერხდა აჭარის, ზემო სვანეთისა და ბორჯომ-ბაკურიანის ტყის მასივების შეფასება, გაანალიზდა კლიმატის მიმდინარე ცვლილებისადმი ადგილობრივი ტყის ეკოსისტემების მოწყვლადობა. მიღებული შედეგების საფუძველზე დაისახა კლიმატის ცვლილების მიმართ საადაპტაციო ღონისძიებები და მომზადდა საპროექტო წინადადებები.

მესამე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში გაიცა რეკომენდაციებიც, მათ შორის:
» ტყის სექტორის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადება;
» ტყეების ნიადაგდაცვითი ფუნქციების გაძლიერება დეგრადირებული ტყეების აღდგენის გზით;
» დაავადებებზე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილზე, მონიტორინგი
და მჭიდრო თანამშრომლობა მიმდებარე რეგიონებისა და ქვეყნების სატყეო სექტორებთან ამ დაავადებების ფართოდ გავრცელების რისკის პრევენციის მიზნით.

2019 წლისთვის შემუშავებულია სექტორის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტი – ტყის კოდექსი, რომელიც, სხვა გამოწვევებთან ერთად, მესამე ეროვნული შეტყობინებით გაცემულ რეკომენდაციებსაც პასუხობს. 2015 წლის შემდეგ გაზრდილია ტყის აღდგენა-გაშენებისა და ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბები.

ამ მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული კვლევებით დაფიქსირდა, რომ ტყეზე კლიმატის ცვლილების პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის შესაფასებლად ყველაზე მყარი ინდიკატორი ტემპერატურისა და ნალექების დროსა და სივრცეში გადანაწილებაა, რაც განსაზღვრავს მცენარეთა სახეობების გავრცელების არეალს, ზრდის მსვლელობას, სახეობათა ცვლას, თვითგანახლების უნარს და, ზოგადად, ტყის ტიპების ფორმაციას.

საქართველოს შემთხვევაში არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ართულებს სრულყოფილი შეფასების პროცესს. რიგ შემთხვევებში საბაზისო მაჩვენებლებისა და ინფორმაციის არარსებობის გარდა, ფაქტიური მაჩვენებლების შეკრებისას ანალიზს ართულებს ისიც, რომ ქვეყნის ტყეები თითქმის 30 წლიან პერიოდში განიცდის ძლიერ ანთროპოგენულ ზეწოლას, რაც პირდაპირ აისახება ტყეების მდგომარეობასა და იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც ტყეებზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის ინდიკატორებსაც წარმოადგენს. მაგალითად, გურიის რეგიონში განახლებულმა ტყის ინვენტარიზაციამ (2017-2018 წლები) გამოავლინა რიგი გაბატონებული სახეობის ფართობების ცვლილება 1996 წელთან (ბოლო ინვენტარიზაციის თარიღი) შედარებით. გაბატონებული სახეობების ფართობის შემცირება დაფიქსირებულია ისეთი სახეობების შემთხვევაში (წიფელი, წაბლი, მუხა, იფანი, ფიჭვი, ნაძვი), რომლებიც ძირითადად კომერციულად ძვირფასი მერქნის მქონე სახეობებს წარმოადგენს და მათი ფართობების შემცირება, დიდი ალბათობით, უპირატესად გამოწვეულია წლების განმავლობაში მათი, როგორც კანონიერი, ასევე, უკანონო ჭრით. მეორე მხრივ, ფართობების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა მერქნის გამოყენების თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველ სახეობებში (ტუნგო, კრიპტომერია).

ტყით დაფარული ფართობების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია მთიან მხარეში. აქ ტყით დაფარული ფართობების ზრდა ძირითადად ხდება იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხარჯზე, რომლებიც მიგრაციის გამო წლების განმავლობაში აღარ გამოიყენება მათი პირდაპირი დანიშნულებით. ამდენად, სავარაუდოა, რომ ცვლილებები უფრო ანთროპოგენული ფაქტორებით
არის გამოწვეული, ვიდრე კლიმატის ცვლილებით.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს უნიფიცირებული ინდიკატორული მონაცემები, ამიტომ ტყის ეკოსისტემების კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობიარობა და ამ ეკოსისტემებზე კლიმატის ზემოქმედება შესაძლოა შეფასდეს შემდეგი რაოდენობრივი ინდიკატორებით:

– ტყის ხანძრების სიხშირე და ხანძრით დაზიანებული ფართობები;
– ფიტოპათოლოგიური მავნებელ-დაავადებების სიხშირე და დაზიანებული ფართობები;

-ტყეების გავრცელების არეალისა და ფართობების ცვლილება.

მეოთხე ეროვნული შეტყობინების მომზადების პროცესში ბორჯომის მაგალითზე განხილულ იქნა 2017 წლის კლიმატური პარამეტრები 2017 წლის აგვისტოს თვეში მომხდარ ხანძართან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების მაჩვენებლებთან მიმართებაში. 2017 წლის აგვისტოს თვეში ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის სწრაფი გავრცელება (მოიცვა 943 ჰა ფართობი) გამოიწვია მთელი ზაფხულის განმავლობაში თითქმის უნალექო პერიოდმა და მაღალმა ტემპერატურამ, რომელმაც გამოაშრო და ადვილად აალებადი
გახადა მცენარეული საფარი.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, 2017 წლის 20 აგვისტოს დაწყებული ხანძრის სწრაფი გავრცელება და მისი ლიკვიდაციის გართულება სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია.
საგულისხმოა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ინტენსივობის ზრდა.

2015 წლის შემდეგ ბორჯომ – ბაკურიანის ტყეებში კვლავ გააქტიურდა მბეჭდავი ქერქიჭამია, რომელიც ნაძვნარ კორომებს აზიანებს. 2016-2019 წლებში პერმანენტულად მიმდინარე ბრძოლის ღონისძიებების (ფერომონიანი მწერსაჭერები, სანიტარული ჭრები) მიუხედავად, ხმობის
ინტენსივობა კვლავ შესამჩნევია. ცნობილია, რომ მავნე მწერი ხის ქერქიდან გამოსვლას და ახალი ხეების დაზიანებას იწყებს გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 15°C – 17°С აღწევს. ასეთი ტემპერატურები ბოლო წლებში გახშირებულია.

რაც შეეხება ტყის ხანძრებს, მათი მატება უმეტესწილად ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგია და, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების პირდაპირ ინდიკატორად გამოყენებული შესაძლოა ვერ იქნეს. თუმცა ცხადია, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ბორჯომის ტყის ეკოსისტემებზე.

გაანალიზებული მასალების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ბორჯომ- ბაკურიანის ტყეებში ხანძარსაშიშროების ზრდასა და მავნებლებისათვის გავრცელების ხელსაყრელი კერების გაფართოებას. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია, კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კლიმატის ცვლილების გავლენა ტყის ეკოსისტემაზე შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირადაპირი.

კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესაფასებლად ეს რეგიონები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იყო ტყის ინვენტარიზაციის განახლებული მონაცემები (2017- 2018) გურიის რეგიონისათვის, რაც იძლევა 1980-იანი წლებიდან 2017 წლამდე რეგიონში არსებულ ტყეებში
მომხდარი ცვლილებების სანდო და საჭირო მონაცემებს შემდგომი ანალიზისთვის. ასევე, ამ სამ რეგიონში გამოკვეთილია აბიოტური და ბიოტური დარღვევები, რაც, გარდა ანთროპოგენული ზემოქმედებისა, შესაძლოა მნიშვნელოვნად გამოწვეული იყოს კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექი, ჰაერის ტენიანობა, გვალვა, ყინვიანი დღეების მატება და სხვ.) ცვლილებით.

მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს, გურიაში, ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის პარალელურად, განხორციელდა ტყის მასივებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოვლინებებისა და ტენდენციების შესწავლა, რომლებიც გასათვალისწინებელია ტყის მდგრადი, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული მართვის დაგეგმვისას.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ გურიის რეგიონში ტყეები, ანთროპოგენულ ზეწოლასთან ერთად, კლიმატის ზემოქმედებასაც განიცდის, რაც ძირითადად გამოხატულია მავნებელ-დაავადებების გავრცელების ინტენსივობაში. 2006-2014 წლების მონაცემებით,
გურიის რეგიონში მავნებელ-დაავადებები დაფიქსირებული იყო 2,504 ჰა ფართობზე, აქედან, ბზის მავნებელ-დაავადებები 105 ჰა-ზე, ხოლო 2 399 ჰა-ზე შემჩნეული იყო ნაძვის დიდი ლაფანჭამიის გავრცელება.

კლიმატის სამომავლო სცენარების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის ახალი მავნებელ-დაავადებების გააქტიურება. ორი სახეობა, წაბლი და ბზა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. წაბლნარებში ინტენსიური ხმობა მიმდინარეობს (გამხმარი და ხმობადი ხეების რაოდენობა შეადგენს 56-60%), რომლის გამომწვევია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული წაბლის ქერქის კიბოს სახელწოდებით ცნობილი პათოგენი სოკო [Cryphonectria (Endothia parasitica Murrill) Barr], ხოლო ბზის შემთხვევაში ხმობა, ერთი მხრივ, გამოწვეულია პათოგენი სოკოთი (Cylindrocladium buxicola), მეორე მხრივ, კოლხური ბზის ნარგაობას აზიანებს მავნე მწერი ბზის ალურა (Cydalima perspeqtalis Walker). აღსანიშნავია, რომ ბზის ალურას გავრცელება და ინტესიური პროგრესი პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ კლიმატის ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბზის ალურა ინვაზიური სახეობაა და მიიჩნევა, რომ საქართველოში იგი მეზობელი რეგიონებიდან გავრცელდა, მისი დამკვიდრება, გამრავლება და სწრაფი ზიანის მოტანა მეტწილად დამოკიდებულია კლიმატურ პარამეტრებზე, რაც გურიის რეგიონში გამოხატულია ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურის მატებით. შესაბამისად, დაზიანებული ფართობების ზრდა არა მხოლოდ გურიის, სხვა მხარეებშიც არის მოსალოდნელი.

გურიის რეგიონში არსებული ტყის მასივების ხანძრების მიმართ მოწყვლადობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს პრობლემა მკვეთრად გამოხატული არ არის. წელიწადის განმავლობაში რეგიონში საშუალოდ 3 დაბლითი ხანძრის შემთხვევა ფიქსირდება მცირე არეალებზე, მაგრამ, კლიმატის ცვლილების პროგნოზის გათვალისწინებით, შეიძლება გაიზარდოს მოწყვლადობა ხანძრების კუთხითაც. ფართობების შემცირება ფიქსირდება ძირითადად იმ სახეობებისთვის, რომლებიც უფრო მიმზიდველია მერქნის გამოყენების თვალსაზრისით და ინტენსიურად იჭრება კანონიერი თუ უკანონო გზებით, ხოლო მომატებულია ქვეტყის სახეობები,
რომლებიც უსისტემო ჭრების შედეგად დეგრადირებულ ტერიტორიებზე ვითარდება. იგივე შეიძლება ითქვას სუბალპური ტყეების საზღვრებთან მიმართებაში. ზოგადად, მთიანი მასივი რაც უფრო ახლოსაა ზღვასთან და, შესაბამისად, ტენიანი კლიმატით ხასიათდება. მით უფრო ქვევითაა ჩამოსული იქ ტყის ზედა საზღვარი, ვიდრე ეს კონტინენტური კლიმატის მქონე რეგიონებისათვისაა დამახასიათებელი.

2071-2100 წლებში, 1971–2000 წლებთან შედარებით, კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, გურიის რეგიონში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 2,8°C-ით გაიზრდება. აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმები ამ პერიოდში საგრძნობლად და ერთნაირად თბება (5,6°C-ით). ნალექების წლიური რაოდენობა 4%-ით შემცირდება. ნალექების სეზონური ჯამები შემცირდება ყველა სეზონზე. ცხელი დღეების რიცხვი დაახლოებით 41- ით გაიზრდება, ყინვიანისა კი 27-ით შემცირდება.

აღნიშნული საპროგნოზო გათვლების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩოხატაურის ტყეებში შესამჩნევი ცვლილებები გვექნება. განვითარდება უფრო სითბოს მოყვარული და გვალვის ამტანი ტყის სახეობები. გაიზრდება ტყეების მოწყვლადობა ტყის მავნებლების, დაავადებებისა და ხანძრების მიმართ. უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
– დეგრადირებული ტყის ფართობების აღდგენა კომპლექსური მეთოდებით (ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, ხოლო, დარგვისას გამოყენებული იქნეს ადგილობრივი სახეობები);
– მოვლითი, მათ შორის, სარეკონსტრუქციო ჭრების ჩატარება;
– მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებების პერმანენტული განხორციელება;

– ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები (ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების მოწყობა, ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ადრეული შეტყობინებისა და აღმოჩენის სისტემების გამოყენება);
– შეშის მოხმარებისა და ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ქმედებები, რაც გულისხმობს როგორც მშრალი შეშის გამოყენებას, ასევე – შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

მცხეთა–მთიანეთი
კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობა შეფასდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში არსებული ტყეებისთვისაც. ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთისთვის არ არსებობს ინვენტარიზაციის შედეგად განახლებული მონაცემები, მაგრამ ხელმისაწვდომია რიგი საბაზისო ინფორმაცია, რაც
ანალიზის საშუალებას იძლევა. რეგიონის ტერიტორიის 39% ტყიანია. ტყის საფარი შეადგენს
269,409 ათას ჰექტარს. ტყეების უდიდესი ნაწილი განლაგებულია მკვეთრი დაქანების ფერდობებზე და ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან ნიადაგდაცვით, წყლის შემნახველ-მარეგულირებელ, სანიტარიულ- ჰიგიენურ, რეკრეაციულ და სხვა მარეგულირებელ ფუნქციებს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული ტყეები განიცდის მაღალ ანთროპოგენულ ზეწოლას, რაც, ძირითადად, გამოხატულია მერქნის მოხმარებითა და გადაჭარბებული ძოვებით. ამასთან, შესამჩნევია კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა ტყის ხანძრებსა და მავნებელ-დაავადებათა გავრცელებაზე. 2007-2019 წლების მონაცემებით, რეგიონში ტყის ხანძრების 35-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რა დროსაც დაზიანდა ან/და ნაწილობრივ განადგურდა 75 ჰა-ზე მეტი ტყის ფართობი.

კლიმატის მიმდინარე ცვლილებების თანახმად, 1986- 2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით ფიქსირდება საშუალო წლიური ტემპერატურის მატება. ამ გარემოებამ გავლენა არამხოლოდ ტყის ხანძრების რაოდენობაზე მოახდინა. საგულისხმოა, რომ 2013 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფოთლოვანი სახეობებისთვის ზიანის მომტანი ახალი მავნებლები გამოვლინდა – მოზამთრე მზომელა, ცქვლეფია მზომელა და ფოთლის მღრღნელი სხვა მავნებლები. სპეციალისტების მოსაზრებით, ამ შემთხვევაში გამოირიცხებოდა ინვაზია, შესაბამისად, მათი გავრცელებისა და ზიანის ინტენსივობა უპირატესად უკავშირდებოდა კლიმატურ პირობებს. 2014-2015 წლებში განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგად მოხერხდა რიცხოვნობის დარეგულირება.

კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, 2071-2100 წლებისთვის, 1971–2000 წლებთან შედარებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
3,3°C-ით გაიზრდება. ნალექების წლიური რა 75 ოდენობა საშუალოდ 5%-ით შემცირდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგიონში ტყეები ძირითადად ფოთლოვანი სახეობებისაგან შედგება, ხოლო სახეობების ცვლასთან მიმართებაში დღეისათვის მკვეთრი ცვლილება რეგიონში გამოხატული არ არის, კლიმატის მოსალოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა დადებითი ზეგავლენაც კი მოახდინოს ბიომასის მარაგების ზრდის კუთხით. მნიშვნელოვნად
გაიზრდება ხანძარსაშიშროების რისკები, რაც, თავის მხრივ, გააუარესებს ტყეების მდგომარეობას.
შესაბამისად, აუცილებელია რეგიონის მასშტაბით ფოტოსანიტარული კონტროლისა და მონიტორინგის გაძლიერება, ხანძარსაშიში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, დეგრადირებული ტყის ფართობების გამოვლენა და ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების ინტენსიური გატარება.

კახეთი
კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის თვალსაზრისით, კახეთის მხარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, მათ შორის – რეგიონში არსებული ტყის ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენის კუთხითაც. კახეთის ტერიტორიის 30% (269 409 ჰა) ტყით არის დაფარული. რეგიონის ტყეების 98% მთის ტყეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც უდიდესი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის მიმდინარე ცვლილების პირობებში კახეთის მხარეში აღინიშნება ნალექების მნიშვნელოვანი კლება ზაფხულში და ტემპერატურის მატების ტენდენციები (საშუალოდ მხარეში დათბობაა გაზაფხულზე 0,31°C–ით, ზაფხულში 0,94°C–ით, შემოდგომაზე 0,6°C–ით და ზამთარში 0,3°C-ით, წლიური დათბობა კი 0,54°C), აქ მავნებელ დაავადებათა მასობრივი გავრცელება და მერქნიანი სახეობებისთვის ზიანის მომტანი ახალი მწერების ან დაავადებების გამოჩენა დღეისათვის შემჩნეული არ არის. თუმცა რეგიონი მოწყვლადია ტყის ხანძრების მიმართ, რომელთა სიხშირე პროგრესულია წლების მიხედვით.

2012-2019 წლების მონაცემების მიხედვით, კახეთში წელიწადში საშუალოდ ტყის ხანძრის 4-5 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, შემთხვევების მატება შეიმჩნევა ბოლო სამ წელიწადში. კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა მკვეთრად გამოხატულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების მომზადების ფარგლებში შერჩეულ იქნა, როგორც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარი ტერიტორია, სადაც აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო ღონისძიებათა ეფექტური დანერგვა. საადაპტაციო ღონისძიებების ჩამონათვალში რეკომენდებული იყო როგორც ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რაც გულისხმობდა ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული ენერგომატარებლების გამოყენების მხარდაჭერას, ასევე, სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციების გაშენების ღონისძიებები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება და 2014-2018 წლებში მუნიციპალიტეტში დაახლოებით 40 ჰა ფართობზე გაშენდა გარემოსთან ადაპტირებული სახეობის – აკაციის პლანტაციები.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყარო ბუნებრივადაც მცირეტყიანი მუნიციპალიტეტია და აქ არსებული ტყეების მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მსგავსი ქმედებების, ასევე ქარსაფარი ზოლების გაშენების მასშტაბების ზრდა. არა მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არამედ, სრულიად კახეთის რეგიონში არსებული ტყის ეკოსისტემების საადაპტაციო ღონისძიებების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს კლიმატის სამომავლო პროგნოზი და ის საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა დადგეს მსგავსი ცვლილების შემთხვევაში. კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, 2071-2100 წლების პერიოდისთვის 1971–2000 წლების მიმართ კახეთის რეგიონში მოსალოდნელია თანმიმდევრული
მშრალი დღეების გახანგრძლივება, ნალექების კლებისა და ტემპერატურის მატების ტენდენციები წლის ყველა დროს, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 3,6°C-ით გაიზრდება, ნალექების წლიური რაოდენობა 18%-ით შემცირდება, რაც იმოქმედებს როგორც ხანძარსაშიშროების რისკებზე, ასევე ახალი მავნებელ- დაავადებების გაჩენაზე. შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით
აუცილებელი იქნება კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება:

– ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით ტყით დაუფარავ ფართობებზე სწრაფმზარდი სახეობებით პლანტაციების გაშენება;
– დეგრადირებული ტყის ფართობების აღდგენა კომპლექსური მეთოდებით (უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, ხოლო, დარგვისას გამოყენებული იქნეს კლიმატთან ადაპტირებული, ადგილობრივი სახეობები);
– ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოვლითი ჭრების ჩატარება;
– მავნებელ დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებების პერმანენტული განხორციელება;
– ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები (ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების მოწყობა, ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ადრეული შეტყობინებისა და აღმოჩენის სისტემების გამოყენება);
– შეშის მოხმარებისა და ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ქმედებები, რაც გულისხმობს როგორც მშრალი შეშის გამოყენებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

სამივე განხილულ რეგიონში გამოვლენილი რისკებისა და კლიმატის სამომავლო სცენარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ კლიმატის ცვლილება, სექტორის მრავალ გამოწვევასთან ერთად, განხილულ იქნეს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ღრმა ანალიზსა და შეფასებას მოითხოვს. მიზანშეწონილია, შედეგები საფუძვლად დაედოს ან/და მათი ინტეგრირება მოხდეს სექტორის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებში. მათ შორის, აუცილებელია:

– კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების უარყოფითი ზემოქმედებისადმი საქართველოს ტყეების ადაპტაციის შესაძლო სტრატეგიის (მათ შორის მუნიციპალურ დონეზე) მომზადება ეროვნულ და საერთაშორისო წყაროებში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;
– საქართველოს ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან საქართველოს ტყეების ადაპტაციის ზომების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რაც საფუძვლად უნდა დაედოს კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ტყის კორომებისათვის კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის გეგმების შემუშავებას;
– ტყის რესურსების კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის ინდიკატორების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც შეგროვდება არაკლიმატური მონაცემების ისტორიული რიგები, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ანალიზის დროს, გეოინფორმაციული ანალიზის ჩათვლით;
– ტყის კორომებისათვის კატეგორიების მინიჭება – ტყის შემადგენლობისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის მიხედვით;
– ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბების ზრდა, სანერგე მეურნეობების მოწყობა და კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მდგრად სახეობებზე ორიენტაცია;
– სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციების გაშენების ხელშეწყობა ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით;
– ხანძარსაწინააღმდეგო მონიტორინგისა და პრევენციის გაძლიერება;
– მავნებელ დაავადებათა მონიტორინგის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები