რეკლამა

ქიმიკოსი ჰენრიხ სტრუვე და ქართველი მეღვინეები

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად დაინიშნა რუსი ქიმიკოსი ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე (1822-1908), რომელიც იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი არაორგანულ, ანალიზურ, ფიზიოლოგიურ და სასამართლო-სამედიცინო ქიმიაში.

იმავე წელს ჰენრიხ სტრუვე კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ ახლადგახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელადაც მიიწვია, ხოლო მიხეილ რომანოვმა ლაბორატორიის ხარჯებისა და ხელმძღვანელისთვის ყოველწლიურად 2500 მანეთი გამოყო. 1869-1888 წლების საქართველოს პერიოდულ გამოცემებში ჰენრიხ სტრუვეს შესახებ არაერთ ინფორმაციას შევხვდებით. მათ შორის „ივერია“ და „Кавказский календарь“ გამოირჩეოდა. 1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ქიმიის მაგისტრი ჰენრიხ სტრუვე, ამავე დროს, კოლეგიის მრჩეველიც ყოფილა.

1878 წელს თბილისში დაიბეჭდა ჰენრიხ სტრუვეს წიგნი „О виноделии: Четыре беседы, читанные в Кавказском обществе сельского хозяйства Генрихом Струве“, რომელშიც
თავმოყრილია მის მიერ კავკასიაში წაკითხული ლექციები მეღვინეობის შესახებ.

მეღვინეობის თემა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმდროინდელ საქართველოში, რომ ეს წიგნი მე-19 საუკუნის დიდი მოღვაწეებისა და მკვლევრების პირად კოლექციებშია დაცული. 1878 წელს ჰენრიხ სტრუვემ პირადად უძღვნა თავისი წიგნი ილია ჭავჭავაძეს წარწერით „განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად“. სწორედ ეს ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის პირად კოლექციაში, დღესაც ინახება (შიფრით TS 3.099/09).

ჰ. სტრუვეს ნაშრომი წიგნის მუზეუმის მეფისნაცვლის კოლექციაშიცაა დაცული (შიფრი: R182.690/409PR). ცნობილი ქიმიკოსი საქართველოში სწორედ იმ წლებში მოღვაწობდა, როდესაც კავკასიის მეფისნაცვალი დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო (1862- 1881). მეფისნაცვლის კოლექციის ეს ეგზემპლარი, როგორც ჩანს, სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და განსხვავებულ ყდაშია ჩასმული.

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ამ წიგნის კიდევ 2 ეგზემპლარი ინახება: ერთი – დიდი ქართველი მკვლევრის (არქეოლოგი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი) დიმიტრი ბაქრაძის (1826-1890) კოლექციაში, ხოლო მეორე – ცნობილი კავკასიოლოგის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის, ევგენი ვეიდენბაუმის (1845-1918) კოლექციაში. ევგენი ვეიდენბაუმი 1877 წლიდან ცხოვრობდა
საქართველოში, კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში არაერთი თანამდებობა ეკავა და, ამავე
დროს, იკვლევდა და აგროვებდა კავკასიისა და საქართველოს შესახებ ლიტერატურას; 1917 წლიდან გარდაცვალებამდე კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკას განაგებდა.

1880-იან წლებში ჰენრიხ სტრუვე ლექციების კითხვითაა დაკავებული, რომლის ანონსებიც იმ დროის პერიოდულ გამოცემებში ქვეყნდებოდა. 1886 წლის 17 მარტს მან საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენება წაიკითხა ავლაბარში მდებარე ჩითახოვის წყაროს ქიმიური ანალიზის შესახებ. 1887 წლის 1 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 4, 11, 18, და 23 მარტს ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე კავკასიის სამეურნეო საზოგადოებისთვის ლექციებს წაიკითხავდა. 1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 12 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ღვინის შეწამვლის შესახებ მოხსენებას ჰენრიხ
ვასილის ძე სტრუვე გააკეთებდა. 1888 წლიდან ჰენრიხ სტრუვე კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრი იყო.

ჰენრიხ სტრუვეს, როგორც ჩანს, იმდროინდელ საქართველოში კარგად იცნობდნენ და ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები ენდობოდნენ მის ლაბორატორიულ კვლევებს. 1888 წელს ქიმიკოს სტრუვეს ქართველმა მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძემ (1847-1895) რამდენიმე ვაზის ფოთოლი წინანდლის ვენახებიდან გასასინჯად
გაუგზავნა. თავადი ზაქარია ჯორჯაძე ცნობილი მეღვინე იყო, მამულს კახეთში ფლობდა. მისი ღვინის სარდაფი თბილისში გოგოლევის ქუჩაზე მდებარეობდა. სწავლობდა და მუშაობდა მეღვინეობის ცნობილ ევროპულ ცენტრებში ავსტრიასა და საფრანგეთში. სწორედ მან დანერგა პირველმა საქართველოში მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვისა და ღვინის ევროპული ტექნოლოგიით დამზადების პრაქტიკა. ზაქარია ჯორჯაძე იბრძოდა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ – მიაჩნდა, რომ ყალბი ღვინო მავნე ნივთიერებებს შეიცავდა და ადამიანის ჯანმრთელობას ვნებდა. 1888 წელს ბრიუსელის საერთაშორისო სასოფლო- სამეურნეო გამოფენაზე „ზ. ჯორჯაძისა და კომპანიის“ მიერ ექსპონირებულ ქართულ ღვინოს ოქროს მედალი მიენიჭა. სწორედ ამ კვლევის შედეგად აღმოაჩინა ჰენრიხ სტრუვემ ვაზის ახალი დაავადება „მილდიუ“.

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში მდებარე ღვინის სარდაფ „ალაზნის“ მფლობელმა ს. დ. ანდრონიკაშვილმა გავრცელებული ხმების აღმოსაფხვრელად, თითქოსდა თბილისში მდებარე ყველა სარდაფში არსებულ ღვინოებს ქიმიურ დანამატებს ურევდნენ, ღვინის ქიმიურად გასასინჯად მოიწვია ექიმები ჰენრიხ სტრუვე და ალიბეგოვი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ „ალაზნის“ ღვინო არ შეიცავდა ქიმიურ დანამატებს და ბუნებრივად სუფთა იყო. თავად ს. დ. ანდრონიკაშვილის ღვინოებს 1890-1895 წლებში ოქროსა და ვერცხლის უმაღლესი ღირსების მედლები ჰქონდა მოპოვებული ჩიკაგოს, პარიზის, პეტერბურგის, მოსკოვისა და თბილისის საერთაშორისო გამოფენებზე.

ჰენრიხ სტრუვეს წიგნი, რომელიც 4 თავისგან შედგება და ღვინის წარმოების მთელი ციკლია წარმოდგენილი, ვენახის გაშენებიდან დაწყებული მარნით დამთავრებული, იმ დროის საქართველოში, როგორც ჩანს, საკმაოდ პოპულარული იყო. იგი დღემდე ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის კოლექციებში.

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები