Caucasus Cycling Network 2019 წელს ენთუზიასტმა ველომოყვარულებმა შექმნეს. ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში მიზნად ისახავს ველოკულტურის განვითარებას, რაც ქალაქში ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენებას, ველოტურებისა და ველოშეჯიბრებების მოწყობას გულისხმობს.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები ამბობენ, კავკასიის რეგიონს წარმოუდგენლად დიდი ბუნებრივი რესურსი გააჩნია სამთო ველოგზების გასაყვანად და საერთაშორისო შეჯიბრის ჩასატარებლად. ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზებას. კავკასიის ველოქსელმა სამთო ველოშეჯიბრის სერია 2020 წელს “Zhinvali XC adventure 2020” ით დაიწყო. ველომოყვარულები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მარშრუტს არჩევენ. მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათთვის ველოკულტურის გაცნობა და გაზიარებაა.
„გაზაფხულზე ზემო იმერეთი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დროის საინტერესოდ გასატარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისე პოპულარული. გვინდა, საქართველოს ეს მშვენიერი კუთხე ამ მიმართულებითაც დავანახოთ საზოგადოებას, ვუთხრათ, რომ სვერის ბანაკში ჩამოსვლა, ველოტურზე წასვლა, იქვე, ტბაში ბანაობა, კლდეზე ცოცვა, მღვიმის დათვალიერება და კიდევ უამრავი საინტერესო საქმიანობა შეუძლიათ“, ამბობს მარ მიხელიძე, კავკასიის ველოქსელის ერთ- ერთი დამაარსებელი.
გაზაფხულის ველოდღესასწაულს 50-ზე მეტი ველომოყვარული შეუერთდა როგორც საქართველოდან, ისე – სხვა ქვეყნებიდან. შეჯიბრს სვერის სათავგადასავლო ბანაკმა უმასპინძლა და 15-მდე კომპანია უჭერდა მხარს.
ამ სათავგადასავლო სტილის ღონისძიებაზე ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. ღონისძიებამ 2 დღეს გასტანა. მონაწილეებმა 22 კმ-იანი მარშრუტი დაფარეს. ისინი წინასწარ გაეცნენ შეჯიბრის მარშრუტს, გაიარეს სვერი-მანდაეთის ტბები და ჩანჩქერი, სადაც ორგანიზატორებმა დროებითი ხიდი მოაწყვეს. როგორც მარ მიხელიძე, გვეუბნება, Sveri XC Adventure 2022 ზემოიმერული გაზაფხულითაა ინსპირირებული. სვერში აყვავებული ხილის ხეები და ხასხასა მინდორი ბუნებასთან იმ სიახლოვეს აძლიერებს, რომელსაც ველომოყვარულები
წლის ნებისმიერ სეზონზე განიცდიან.
ავტორი – მარიამ ბეროძე