რეკლამა

ხმაურის მავნე ზემოქმედება გარემოზე

ნაწილი I 

ირაკლი ჯაში

ხმაური მსოფლიო ქალაქების უდიდესი პრობლემაა. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ხმაურის გავრცელების 90%-ს შეადგენს მობილური წყაროები. საავტომობილო ტრანსპორტის
რაოდენობის გაზრდა იწვევს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების ზრდას, აგრეთვე, გარემოს ფიზიკურ დაბინძურებას ხმაურითა და ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. საავტომობილო ტრანსპორტის მიერ გარემოზე განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედება შესამჩნევია ავტომობილების ძირითად კონცენტრაციის ადგილებზე (მაგ: გზაჯვარედინები, ავტოპარკები და სხვა). ავტომობილების რაოდენობის მუდმივი ზრდის გამო ავტოპარკებთან დაკავშირებული ხმაურის პრობლემები სისტემატურად მატულობს.

ავტოპარკიდან გავრცელებული ხმაური განსაკუთრებით შემაწუხებელია მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ, კომერციულ თუ კულტურული დანიშნულების მქონე ტერიტორიებზე. მისი ხმაურის დონე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: გზის მდგომარეობაზე, ტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარეზე, სატრანსპორტო საშუალების წონაზე, გრუნტის
მდგომარეობაზე, შენობის მახასიათებლებზე, ტრანსპორტის კიდულ სისტემაზე, წელიწადის დროზე, შენობასა და გზას შორის არსებულ მანძილზე, ავტოპარკის მუშაობის მახასიათებლებზე, ავტოპარკზე არსებული სადგომების რაოდენობაზე და ა.შ.

როგორც წესი, ხმაურთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ სახლის მეპატრონეები, როდესაც მათი სახლის მიმდებარე გზებზე და ავტომობილების კონცენტრირების ტერიტორიებზე სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, რაც იწვევს შემაწუხებელ ხმაურს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპისათვის დამახასიათებელია საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, ახალი დანადგარების დანერგვა, ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაცია. ყველა ამ ფაქტორით განპირობებულია საწარმოში აკუსტიკური რხევების ინტენსივობის ზრდა, მეტად წარმოქმნილი ხმაური, არასასურველი სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიმზე. საწარმოში განვითარებული ხმაური უწესრიგოდ იცვლება დროში, აღმოცენდება წარმოების პროცესში და იწვევს მომუშავე პერსონალში უსიამოვნო სუბიექტურ შეგრძნებებს.

ხმაური არის ნებისმიერი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომლებიც არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ხმაურის წყაროები

ხმაურის წყაროები, წარმოქმნის ადგილის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფად იყოფა:• ქალაქის დასახლებაში ხმაურის ძირითად წყაროს წარმოადგენს საავტომობილო მოძრაობა, რომლის წილი ხმაურის დაბინძურებაში ყველაზე მაღალია. ავტომობილების რაოდენობა, სიჩქარე, ურბანული განაშენიანება და საავტომობილო მოძრაობის სისტემა ის ძირითადი პარამეტრებია, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ხმაურის გავრცელებაზე. ასევე, გამოსაყოფია.

  • მძიმე ავტომობილების წილი საერთო საავტომობილო პარკში;
  •  საცხოვრებელის შიდა წყაროებს მიეკუთვნება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, აგრეთვე, ადამიანის საქმიანობა;
  • მიკრორაიონის (კვარტლის) წყაროები: მიკრორაიონის ფარგლებში ადამიანის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული წყაროების (სათამაშო და სპორტული მოედნები, ტერიტორიის დასუფთავება და სხვა);

ხმაურის ზემოქმედება ადამიანზე

ხმაურის მოქმედების მიმართ შეიძლება ორგანიზმი ადაპტირდეს. თუ ხმაურის ზემოქმედების შედეგად მისი აღქმის დონე 10-15 დბ-ით მცირდება, ხოლო ბგერის აღქმის საწყისი დონე 2-3 წთ-ის განმავლობაში აღდგება, ეს მიუთითებს ხმაურისადმი ადაპტაციაზე. უფრო მკვეთრი ცვლილებები მიუთითებს სმენის ორგანოს მოქანცვის განვითარებაზე. აღნიშნულის დაფიქსირებისთანავე რეკომენდებულია დროული სამედიცინო შემოწმება. ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ვითარდება, რომელთა ხასიათი და ინტენსიურობა გარკვეული ეტაპობრიობით ხასითდება:

• სმენის ფუნქციის დაზიანება, სმენითი მგრძნობელობისა და სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვით;
• ყურადღების ფუნქციის დაქვეითება, ძილის რეჟიმის დარღვევა, მოქანცვისა და გაღიზიანებადობის გაზრდა;
• სტრესულ სიგნალებზე ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა, რაც არასპეციფიკურია ხმაურისათვის.
• ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის დარღვევა.

ინტენსიური ხმაურის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ხასიათის ცვლილებები. ხმაურის მომატება იწვევს აგრეთვე ორგანიზმის იმუნოლოგიური აქტივობის, საერთო რეზისტენტობის დაქვეითებას, რაც ავადობის ზრდით ვლინდება. საყოფაცხოვრებო და ქალაქის ხმაურის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
გავლენის შესწავლა და შეფასება საკმაოდ რთულია. ხმაურისადმი ორგანიზმის რეაქციის გამოვლენაზე მრავალ ფაქტორი ახდენს გავლენას. დადგენილია, რომ მოსახლეობის 30% ხასიათდება ხმაურისადმი მომატებული მგრძნობელობით, 60% – ნორმალური მგრძნობელობით, ხოლო 10% – დაბალი მგრძნობელობით.

საწარმოო ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა

საწარმოებში ხმაურის შემცირების ყველა ღონისძიებათა საფუძველია მისი პარამეტრების ჰიგიენური ნორმირება. ამ დროს მხედველობაში მიიღება როგორც შრომითი პროცესის ხასიათი – შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, ისე – ხმაურის სპექტრული შემადგენლობა. ხმაურის დასაშვები სიდიდეები დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.

საწარმოებში ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ტექნიკურ, არქიტექტურულ-დაგეგმარებით, ორგანიზაციულ და სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებებად.

– ტექნიკურ ღონისძიებები გამოიყენება 3 ძირითადი მიმართულებით
– ხმაურის წარმოქმნის მიზეზის თავიდან აცილება ან მისი ინტენსიურობის შემცირება უშუალოდ
წარმოქმნის ადგილზე; ხმაურის გადაცემის შესუსტება (ეკრანირება); მომუშავეთა უშუალო დაცვა ხმაურის ზემოქმედებისაგან;

– ხმაურის შემცირების ყველაზე ეფექტური ტექნიკური საშუალებაა საწარმოებში ხმაურიანი ტექნოლოგიური ოპერაციების შეცვლა ნაკლებად ხმაურიანით. მაგ: ლითონის დეტალების შესაერთებელად მოქლონვის ნაცვლად შედუღების ან ჰიდრავლიკური შეერთების მეთოდის გამოყენება;

– ხმაურის დონის შემცირება შესაძლებელია მანქანა- დანადგართა კონსტრუქციის სრულყოფით, მისი მუშაობის რეჟიმის რაციონალიზაციით, დანადგარებზე დამატებით ბგერის შთანმთქმელების მოწყობით და სხვა;
– ხმაურიანი პროფესიების მომსახურე პერსონალში გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
– ყურსასმენები;
– პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო პროფილაქტიკის საშუალებებს, კერძოდ, დისპანსერული მეთვალყურეობის დაწესებასა და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ჩატარებას;
– სასურველია მომუშავე ბრიგადის მუშაობის ციკლის შემცირება, რათა მუშათა ერთი ციკლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იმყოფებოდეს მაღალი ხმაურის მქონე უბანზე.

 

https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=1d95ccab-2bb1-48a0-bc1d-fb2ab7954aee&fbclid=IwAR1qkig_XgCKmsuplHH0gsPbPgbjMZMXvT2amNMSlM-ajUN78dvv4zSxGag.

https://matsne.gov.ge/ka/document/download/3731522/0/ge/pdf

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები