რეკლამა

ფოტოკონკურსის “ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ ­­პავლიაშვილმა ფოტოკონკურსის „ბიომრავალფე­­როვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.


პირველი ადგილი ნიკა მელიქიშვილმა დაიკავა ფოტოკადრით – „ირემი“, მეორე ადგილზე გავიდა პაატა ვარდანაშვილი ფოტოსურათით – „თოლიები ბათუმში“, მესამე ადგილი კი ნიკა ქერდიყოშვილმა მოიპოვა ფოტოთი – „სალი კლდის ჯარისკაცები”. სოციალური ქსელის  რჩეული გახდა ქეთი ზარანდიას ფოტოსურათი „კუმურდოს უგუმბათო ტაძარი“.

„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და
სატყეო სექტორის მდგრადი მართვის ხელშეწყობაზე. ასეთი კონკურსები გარემოსდაცვითი თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„საქართველო ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა, მცირე ტერიოტრიაზე გვხვდება ძალიან ბევრი სახეობა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს არის უცნობი. მსგავსი კონკურსები ძალიან კარგი საშუალებაა, იმისათვის რომ ხალხმა ნახოს ეს ფოტოები და გაეცნოს, რა სახეობები გვხვდება საქართველოში. თვითონ კონკურსი ფოტოგრაფებისთვის არის ძალიან კარგი წახალისების საშუალება და მოტივაცია, რომ უფრო მეტი ფოტო გადავიღოთ, ხალხმა გაიცნოს ჩვენი ფოტოები და ნახოს საქართველოს ბიომრავალფეროვნება,“ – განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა ნიკა მელიქიშვილმა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” მიზანია, ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი მემკვიდრეობის – ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. გამარჯვებულები, კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად, პროფესიონალი ფოტოგრაფებით შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები