რეკლამა

ნიკო კეცხოველი – მუდამ ყვაოდეს ვარდი და ია

თბილისი რომ დღითი დღე ლამაზდება და მშვენდება, ამას მტკიცება არ უნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ გაშენდა მრავალი ბაღი და სკვერი, ქალაქის შემოგარენი ნორჩი ხელოვნური კორომებითა და ჭალებით დაიფარა. ამ პატარა წერილით მინდა აღვნიშნო ის, თუ ამ სიმშვენიერეში კიდევ რა გვაკლია, რა დავუმატოთ ისეთი, რითაც ჩვენი დედაქალაქი უფრო ლამაზი და კოპწია იქნება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბაღებს, პარკებს, ქუჩებს ყვავილი აკლია; რაც მთავარია, აკლია ვარდი, მაშინ როცა თბილისისთვის იგი განუყრელი უნდა იყოს. დედაქალაქის ქუჩებს ყვავილი ამშვენებს შემოდგომით, როდესავ ქრიზანთემებს ვრგავთ. დანარჩენი დრო? საკმარისი არ არის ერთი-ორი ყვავილნარი. ამისთვის საჭიროა ზაფხულის პირიდან ქალაქის სანერგეებში, სათბურებში გვქონდეს ყოველი ორი კვირისათვის თუ თვისათვის გამოყვანილი, აყვავებული ყვავილნარი მცენარე. მთავარ ქუჩებსა და მთავარ პარკებში ერთი რიგი რომ დაიყვავილებს, მათ სანაცვლოდ სწრაფად უნდა (უმჯობესია ღამით) დაირგოს მეორე. ეს ჯგუფიც დაიყვავილებს თუ არა, ისიც ახალი ყვავილებით უნდა შეიცვალოს. მრავალ ქალაქში ქუჩას გაზაფხულზე ტიტაც ამშვენებს, რატომ არ შეიძლება ჩვენც დავრგოთ იგი და მისი სილამაზით გავახაროთ თბილისელები?

ამის გარდა, არის მრავალნაირი დეკორატიული ალუბალი, ვაშლი, ატამი და ა.შ. კასრებსა და ქოთნებში დარგული დეკორატიული მცენარენი სათბურებში უნდა ავაყვაოთ და ზაფხულობით ქოთნითა და კასრებიანად ქუჩაში დავრგოთ, 20-30 დღის შემდეგ, როდესაც ისინი დაიყვავილებენ, უნდა შევცვალოთ ახლით, სხვა სახეობით. აყვავებულ ატამსა და ალუბალზე უფრო ლამაზი და კოპწია შეიძლება სხვა ვერც ვნახოთ, საპატარძლოს ჰგავს, ჯვრისწერისთვის გამზადებულს. მათთვის ქუჩის გასწვრივ, გაზონებზე, დატოვებული უნდა იყოს ორმოები, რომლებიც სწორედ ასეთი მცენარეებით დროდადრო ამოივსება, ისე რომ ორმო არასდროს ცარიელი არ ჩანდეს.

ვარდი ისეთი მცენარეა, რომელიც მთელ სავეგეტაციო პერიოდში ყვავის, მართალია, მას აქვს ყვავილობის უხვად და ნაკლებად მოყვავილე პერიოდები, მაგრამ მაინც გამუდმებით ყვავის. ამის დამადასტურებელია, თუნდაც ლენინის მოედანი თბილისში, სადაც ვარდი ზამთრის პირამდე იფურჩქნება. რატომ ასევე გამუდმებით არ უნდა ყვაოდეს ეს მცენარე თბილისის სხვა თვალსაჩინო ადგილებშიც? უნდა ყვაოდეს და კიდეც შეიძლება, თუ გულს დავუდებთ.

აყვავებულ მცენარეთა გადმორგვასა და მათ შენაცვლებაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ თბილისში სავეგეტაციო პერიოდი გრძელია და იშვიათია ისეთი მცენარე, რომელიც განუწყვეტლივ ყვაოდეს. ზამთრისთვისაც გვაქვს მოყვავილე მცენარენი. ასეთია ხიმანანთუსი, რომელიც დეკემბერ- იანვარში იშლება, ყვავის დიდხანს და ლამაზად. ამიტომ ფართოდ უნდა გამოვიყენოთ.

მეორე საკითხი, რომელიც ყოველთვის მაწუხებს და ხშირად აღმინიშნავს, ის არის, რომ არ შეიძლება ყველა ქუჩაში და ყველგან ერთი და იგივე ხე დავრგოთ, მაგალითად, ჭადარი, მერე რა,
რომ ადვილად ხარობს. ჯერ ერთი, იგი ფრიად მაღალი იზრდება და ტოტებგანიერია, სულ მალე
ქუჩაში ვეღარ ეტევა, მეორეც, საკმაოდ ანაგვიანებს ქუჩას. რაც დარგულია, ის უნდა ვიკმაროთ.
მომატება, ჩემი აზრით, საჭირო აღარ არის. არის მრავალი სხვა მცენარე, რომელიც თბილისის ქუჩას მოუხდება, არც ძალიან იზრდება და ჩრდილსაც კარგს იძლევა (ქართული ნეკერჩხალი, ზოგიერთი მარადმწვანე მუხა და სხვა). ერთ ქუჩაზე რომ ჭადარს დავრგავთ, მეორეზე თელა იყოს, მესამეზე – ნეკერჩხალი, მეოთხეზე – მარადმწვანე მუხა. საჭიროა ქუჩისთვის უფრო მეტად გამოვიყენოთ ლამაზად მოყვავილე ხეები. მაგალითად, იუდას ხე, ლაგისტრემია და ა.შ. ლაგისტრემია ხომ სამი-ოთხი თვე, ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე, ყვავის ლამაზი წითელი
ყვავილებით.

ჯერჯერობით ვერტიკალური გამწვანების საკითხი თბილისში ვერ გადავჭერით, ვიწრო ქუჩების ხვიარა მცენარეებით გამწვანება (სურო, ამპელოპსისი, ვიშტარია, უცხოური კატაბარდები და სხვა) აუცილებელი, გადაუდებელია. ევროპის ქალაქებში იგი ჩვეულებრივად ვითარდება. სხვა არა იყოს, ერთი-ორი მუშაკი, ვინც გამწვანებაზე მუშაობს, უნდა გაიგზავნოს ევროპის ქალაქებში ამ საკითხის შესასწავლად. ეს ძალიან სასარგებლო საქმე იქნება.

ამ ბოლო დროს თავი იჩინა ქვის ბაღების მშენებლობის ტენდენციამ. აგებენ ქვას, ქვის ზოლებს შორის – ბელტს, არც ხე, არც ბუჩქი, ყვავილიც არ ჩანს. ასეთი ბაღი ჩრდილოეთის ბაღია, იმ მხარისა, სადაც მზე აკლიათ, ჩვენ კი ჩრდილიც გვინდა. თავისთავად, არქიტექტურულად,  ამგვარი სკვერები ლამაზია, კარგია, მაგრამ ჩვენში ფუნქციას მოკლებულია. ერთი-ორი ასეთი სკვერი ურიგო არ არის, მაგრამ მათ გვერდით უნდა გვქონდეს შესაფერი, ჩრდილიანი და ყვავილიანი სკვერიც.

ეზოს გამწვანებასაც დიდი ყურადღება ეთმობა. კარგი იქნება, რომ ზოგიერთს მაინც ძველი თბილისის ეზო- ბაღის კოლორიტი შერჩეს. იგი ძალიან ლამაზიც არის და ქართველი კაცის გულთანაც ახლოს დგას. ასეთ ბაღებში ჩვეულებრივი იყო ნუში, ფსტა, უნაბი, ლეღვი, ბროწეული, ვაზი, ჭერამი, გარგარი და ბალი. ჯერ ერთი, გაზაფხულზე მათი უმრავლესობა ლამაზად ყვავის,
ნაყოფიერების დროსაც თვალწარმტაცია და გვიან შემოდგომაზეც ფოთოლი ნაირნაირად იფერება (ყვითელი, ნარინჯი, წითელი). იქნებ თქვან, ხილია, არ დააყენებენო, კარგად მოვლილ ეზოში დააყენებენ. საყურადღებოა დეკორატიული ყურძენი, რომლის ზოგი მტევანი, ერთი მეტრია და ნაირნაირი ფერისაა.

ამგვარად, მოსაგვარებელი საკითხი ბევრია, თითოეულს დაფიქრება და ყურადღებით მოპყრობა სჭირდება, თუ მათ განვახორციელებთ, თბილისს უფრო დავამშვენებთ.

1968 წელი.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები