მას ლურჯ ანგელოზს ან ლურჯ მერცხალსაც უწოდებენ. გლაუკუსები მუცელფეხიანთა კლასს განეკუთვნებიან, თავდაყირა ცურავენ, რათა ოკეანის ძლიერ დინებას გაუმკლავდნენ. სხეულის ზედა ნაწილი ლურჯი შეფერილობისაა, ქვედა კი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. სხეულის ზომა 3სმ-ია და ნორმალურ პირობებში 1 წლამდე ცოცხლობს. ცისფერი გლაუკუსი პელაგიური სახეობაა, შესაბამისად, ოკეანის ისეთ ადგილებში ბინადრობს, რომლებიც ახლოს არ არის ფსკერთან და სანაპიროებთან. ცისფერი გლაუკუსის საბინადრო გარემო ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებია, მაგრამ ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ მისი ჰაბიტატი თანდათან ფართოვდება და მოიცავს ტერიტორიებს, სადაც აქამდე ეს სახეობა არ ფიქსირდებოდა, მაგალითად: სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროები, ევროპის წყლები, მოზამბიკისა და ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროები. მიუხედავად მინიატურული ზომისა, ცისფერი გლაუკუსი მტაცებელთა რიგს განეკუთვნება და შიშის ზარს სცემს მასზე დიდ და შხამიან სახეობებს, მაგალითად, მედუზებსა და ლოკოკინებს. მისთვის კანიბალიზმიც დამახასიათებელია და თავის მოძმეებსაც სიამოვნებით გეახლებათ.
როგორც ზღვის სხვა სახეობები, ციფერი გლაუკუსიც საფრთხის წინაშე დგას. მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, ადამიანია, რადგან ბევრს სურს მისი აკვარიუმში ყოლა. ეგზოტიკური გარეგნობის გამო ხშირად ხდება ცხოველებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი. ცისფერი გლაუკუსის კვების რაციონი სპეციფიკურია, სახეობები, რომლებითაც იკვებება კი – რთული მოსაპოვებელი. ამიტომ
აკვარიუმებში გამომწყვდეულები ხშირად შიმშილით იხოცებიან.
2021 წლის აგვისტოში ოკეანისა და და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერებმა (NOAA) ახალი სახეობის სისხლისფერი მედუზის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. მათი აზრით, მუქი წითელი შეფერილობის მედუზა Poralia- ს გვარს მიეკუთვნება. აღნიშნული სახეობა პირველად დისტანციური მართვის აპარატმა (ROV) 2,300 ფუტის (700 მეტრი) სიღრმეზე, ნიუ პორტის სანაპიროზე, როდ აილენდზე დააფიქსირა. ოკეანის ღრმა წყლებში ჯერჯერობით ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა Poralia rufescens არის აღწერილი.
https://www.natureworldnews.com/articles/47071/20210813/blood-red jellyfishmysterious-deep-sea-creature-spotted-researchers-footage.htm
ამ მუხლუხოს სხეული ძალიან დრეკადია, რადგან ის ძირითადად ცილისაგან შედგება. მტაცებლებისაგან თავის დასაცავად ეს მწერი საკმაოდ კარგადაა „შეიარაღებული“. მისი სახე შიშის ზარს ჰგვრის ყველა მტაცებელს. თავდასხმის შემთხვევაში ჰარპია მაშინათვე შემოაბრუნებს თავის „სახეს“ და ხშირ შემთხვევაში მისი შემზარავი შესახედაობით დამფრთხალი თავდამსხმელი უკუიქცევა ხოლმე. თუ ამანაც არ იმოქმედა, მწერს ყოველთვის აქვს თადარიგში ჭიანჭველამჟავათი სავსე ორი ხორთუმი, რომლებიც მის ზურგზეა განლაგებული.
მარტორქა ხოჭო, პროპორციული ძალის მიხედვით, უძლიერეს არსებად ითვლება დედამიწის ზურგზე. აღნიშნული მწერი ხეშეშფრთიანთა რიგისაა. მას შეუძლია თავის სხეულზე 850-ჯერ მეტი წონის თრევა იმ დროს, როცა სპილო თავისი წონის მხოლოდ მეოთხედს წევს, ჭიანჭველა კი – მაქსიმუმ 50-ჯერ მეტს. ეს იგივეა, ადამიანმა დაახლოებით 60-65 ტონა რომ აწიოს. მარტორქა ხოჭო ფართოდ არის გავრცელებული თითქმის ყველა კონტინენტზე. მისი 300-მდე სახეობა არსებობს; სიგრძე 4 სმ-ს აღწევს. იკვებება გახრწნილი მცენარეული ნარჩენებით და ამის გამო სასარგებლოდაა მიჩნეული. იშვიათად მცენარეების ფესვებსაც აზიანებს. უყვარს სინათლე, განვითარება 4 წელი გრძელდება. გვხვდება ყველგან, ტუნდრისა და ტაიგის გარდა. თავიანთი ზომის მიუხედავად (ყველაზე დიდია ხოჭოებში), ცოტას ჭამს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ 7-10 წელს შეადგენს. აზიაში მას იშინაურებენ და უვლიან. სხვა ხოჭოებისგან განსხვავებით, ეს ჯიში სისუფთავით გამოირჩევა. ხშირად აწყობენ მარტორქა ხოჭოების ორთაბრძოლებსაც.
„მარტორქა“ გასაგების მიზეზის გამო შეარქვეს – მამლებს თავზე გაღუნული რქა აქვთ მარტორქის მსგავსად. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხოჭო საკვების მოპოვებისას ნაწილს მიირთმევდა, ნაწილს კი მიწაში ღრმად მარხავდა და შემდგომში აკითხავდა, შესაბამისად, დროთა განმავლობაში, რქით „დასაჩუქრდა“, რამაც ეს საქმე უფრო გაუადვილა. სპეციფიკური ფორმის გამო მარტორქა ხოჭოს არ შეუძლია ამ რქით ადამიანს ავნოს ან ატკინოს.
ტუკანები კოდალათა რიგის უდიდესი წარმომადგენლები არიან, სულ 37 სახეობა არსებობს და თითქმის ყველა საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი სხეულის სიგრძე, სახეობიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს 25- დან 50 სმ-მდე, ზრდასრული ფრინველის წონა 200-დან 500 გ-მდეა; მათი ბანანის ფორმის წვერის სიგრძე კი 15-17 სმ აღწევს. მაღალი ინტელექტის მქონე ტუკანები ადვილად თვინიერდებიან, მათ აქვთ სახის საოცარი გამომეტყველება. ისინი მთელი სხეულით ხან გაოცებას გამოხატავენ, ხან – სიამოვნებას, ხანაც – აღტაცებას. ტუკანებს შეუძლიათ ბაყაყების, ხვლიკებისა და სხვა ფრინველების ხმების მიბაძვა. ამრიგად, მათი ყვირილის დიაპაზონი უკიდურესად ფართოა. ამ ფრინველებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ შესაძლებელი გახადა იმის დადგენა, რომ ტუკანები ძალიან ჭკვიანები არიან და ამაში თუთიყუშებსაც კი შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ.
https://a-z-animals.com/animals/birds/
ეს ფრინველი შეიძლება უდავოდ მივაკუთვნოთ „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფრინველების“ კატეგორიას. მთისა და ტროპიკული ტყეების გაჩეხვის გამო მათი რაოდენობაც თანდათან მცირდება. დღეს ისინი იშვიათ და დაცულ სახეობად ითვლებიან. კეზალი გვატემალის სახელმწიფო სიმბოლოა და, ასევე, ამავე ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოსაც წარმოადგენს. მისი უძველესი მკვიდრნი – მაია და აცტეკები – მას წმინდად მიიჩნევდნენ, ეს იყო ჰაერის ღმერთის პერსონიფიკაცია. ეს ფრინველი ცხოვრობს სამხრეთ მექსიკიდან პანამამდე. მისი მთავარი უპირატესობა გრძელი კუდია, რომელმაც შეიძლება რამდენჯერმე გადააჭარბოს თავად კვეზალის სიგრძეს. მას არ შეუძლია ტყეობაში ცხოვრება, თავისუფლებისმოყვარეა და ამიტომაც აირჩიეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
https://a-z-animals.com/animals/birds/
პანგოლინი მარტოხელა ცხოველია, ძირითადად მიწაზე ცხოვრობს და ღამითაა აქტიური. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, შავმუცელა პანგოლინი, ხეებზეც დაცოცავს. როდესაც საფრთხეს იგრძნობს, სხეულით ბურთის ფორმას იღებს და კუდის ჯირკვლიდან სუნიან სითხეს უშვებს,
ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი. ჭიანჭველაჭამიების მსგავსად, პანგოლინს დიდი ნესტოები და გრძელი ენა აქვს, რომლებსაც ჭიანჭველებისა და ტერმიტების დასაჭერად იყენებს.
მშვიდი ბუნების მქონე პანგოლინი ყველაზე ხშირად ხდება ბრაკონიერობის მსხვერპლი. ყოველწლიურად ათასობით პანგოლინს ხოცავენ რქოვანი ქერცლისა და ხორცის გამო. პანგოლინის რქოვან ქერცლს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იყენებენ, ხორცი კი დელიკატესად ითვლება ჩინელი და ვიეტნამელი ულტრამილიონერი ოჯახებისთვის. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა გვხვდება, ოთხი მათგანი აზიურ სახეობას განეკუთვნება და ჩინეთში, სუნდაში, ფილიპინებსა და ინდოეთშია გავრცელებული, დანარჩენი 4 სახეობა კი აფრიკის ბინადარია. IUCN – ის კატეგორიით აზიურ სახეობებს კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსი აქვთ, აფრიკული პანგოლინები
კი მოწყვლადი სახეობების სტატუსის ქვეშ ერთიანდებიან. რვავე სახეობის შემცირების მიზეზად არაკანონიერი ვაჭრობა ითვლება. 2016 წელს CITES -ს კონვენციის ხელმომწერმა (კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, მიღებული 1973 წელს ვაშინგტონში) 186 ქვეყანამ მხარი დაუჭირა პანგოლინებით ვაჭრობის აკრძალვას.
https://www.nationalgeographic.com/animals/mammals/facts/pangolins
ტასმანიური ეშმაკი მტაცებელი ცხოველია. ის ავსტრალიის სამხრეთით მდებარე კუნძულის, ტასმანიის, ბინადარია. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ტასმანიური ეშმაკი ველურ ბუნებაში გვხვდება. ზრდასრული ტასმანიური ეშმაკი პატარა ძაღლის ზომისაა. სხეული დაფარულია ყავისფერი ან შავი უხეში ბეწვით, იგი, ერთი შეხედვით, პატარა დათვის ბელს მოგაგონებთ, მაგრამ მისმა უწყინარმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ, რადგან ბასრი კბილები და მძლავრი კუნთოვანი ყბები აქვს, რომელთა საშუალებით ღრმა და ძლიერი ჭრილობის (ნაკბენი) მიყენება შეუძლია. ის მკაცრად ხორცისმჭამელია, მცირე ზომის ცხოველებითა და ლეშით იკვებება. ჭამს თითქმის ყველაფერს – მსხვერპლის თმებს, ძვლებსა და ორგანოებს. ტასმანიური ეშმაკი ღამის ცხოველია. დღის მანძილზე ღრმა სოროებსა და გამოქვაბულებში იმალება, ღამით კი სანადიროდ გამოდის. აქვს შესანიშნავი ყნოსვა და მხედველობა, რაც ეხმარება როგორც მტაცებლისგან თავის გადარჩენაში, ისე საკვების მოპოვებაში.
სახელწოდება „ეშმაკი“ ძველმა ხალხმა შეარქვა, რადგან ღამღამობით მისი საზარელი ხმები და ხმაური ესმოდათ. ტასმანიური ეშმაკი სხვადასხვა სახის ხმებს გამოსცემს: ყვირილის, ღრიალისა და ხველის მსგავსს. ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი, რითიც ტასმანიური ეშმაკი სხვა მტაცებლების დაშინებას ცდილობს.
1800-იან წლებში ადამიანებმა მისი დახოცვა დაიწყეს, რადგან შინაურ ცხოველებს ანადგურებდა. 1941 წელს ავსტრალიის მთავრობამ ის დაცულ სახეობად გამოაცხადა და რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. 1990-იან წლებში მის პოპულაციაში სახის სიმსივნური დაავადება გავრცელდა, რამაც ათიათასობით ტასმანიური ეშმაკი იმსხვერპლა. დღეს აღნიშნულ სახეობას
IUCN -ის კატეგორიებში გადაშენების პირას მყოფის (EN) სტატუსი აქვს მინიჭებული.
https://www.nationalgeographic.com/animals/mammals/facts/tasmanian-devil