რეკლამა

ქ. ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება

საბა კურდღელია – ლანდშაფტის არქიტექტურის მაგისტრი;
იზა ოჩხიკიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ქუთაისი ტურისტული პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქია, სადაც კეთილმოწყობილი გარემო გულისხმობს ხელსაყრელი პირობების შექმნას არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისათვის, არამედ ტურისტებისათვისაც, რადგან საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იდეის „ოქროს საწმისის“ რეალობაში განხორციელება გახდა საჭირო. საკვლევი ობიექტი მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან.

არსებული ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ობიექტზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: ვიზუალური დათვალიერება, ფოტოგადაღება,ზომების აღება, მცენარეების მონიშვნა და შეფასება. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი ობიექტი იკავებს 17500 მ2. ჭავჭავაძის გამზირის, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხიდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. არსებული თარგები ვაკეა, თუმცა ოდნავ შემაღლებულ ფორმას წარმოადგენს. გეგმარების
თვალსაზრისით, ხიდის ორივე მოსაზღვრე მხარე სიმეტრიულია. ხიდის მიმდებარედ მცენარეებიდან გვხვდება ჰიმალაის კედრებსა და თარგებზე არსებული რამდენიმე აკაციის ნარგაობა, აგრეთვე, არსებულ ტერიტორიაზე ვხვდებით ელექტრო მომარაგების ბოძებს.

საპროექტო ობიექტი წარმოადგენდა სიმეტრიული ფორმის თარგებს, რომელიც მოიცავს ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ცენტრალური ხიდის მარჯვენა და მარცხენა ნაწილს. გეგმარება შინაარსობრივად წარმოისახა ვერძის რქის ფორმით. მხატვრული გადაწვეტილების ეტაპზე შეიქმნა მისი საბოლოო მოხაზულობა, რქების იმიტაციის რამდენიმე ესკიზური ვარიანტი. პროექტის მუშაობის დროს შერჩეულმა ვარიანტმა, რომლის მიზანიც თანამედროვეობაა, რათა შიგნით მყოფი მნახველი მაქსიმალური შთაბეჭდილების ქვეშ იყოს, საკმაოდ გაამართლა.

პარკის პროექტის გეგმარების დროს ტერიტორია დაიყო თარგებად. თარგი 1 და 2 მოიცავს ხიდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თითოეული თარგის ფართობი შეადგენს 6 500 მ2. თითოეულ თარგზე დაგეგმილია 5 სახეობის 30 ძირი მცენარე, ესენია: დასავლეთის ტუია – Thuja Occidentalis, ღვია, გართხმული ფორმა – juniperus, გინგკო ბილობა – Ginkgo biloba, ამერიკული ლიქვიდამბრი Liquidamba, ლირიოდენდრონი – Liriodendron tulipifera. არსებული მცენარეები წრიული ფორმის მოედნის შუაგულ ნაწილშია განლაგებული – ნახევრადწრიული, რქის ფორმის მოყვანილობის, რიგობრივი ნარგაობის და სოლიტერის სახით. მოედანი წარმოადგენს პარკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს და აქ მცენარეები არის როგორც მხატვრულ კომპოზიციურ ელემენტის, ასევე კოლორიტული ეფექტის მომცემი.

თარგი 3 და 4 წარმოადგენს ნახევრად ელიფსურ ფორმას. თითოეულის ფართობი შეადგენს 150 მ2. თარგებზე დაგეგმილია ერთი სახეობის, 25-25 ძირი მარადმწვანე კვიპაროზის პირ. ფორმის – Cuprezus sempervirens რიგობრივი ნარგაობა. ტერიტორიაზე დაპროექტებული მცენარეული საფარის მიმზიდველობა გამოიკვეთება სეზონურობით, მცენარეების ფერთა ცვალებადობისას, პარკი ამ პერიოდისთვის, მასში არსებული დეკორატიული მცენარეების ხარჯზე (გინგკო ბილობა – Ginkgo biloba, ამერიკული ლიქვიდამბრი – Liquidamba, ლირიოდენდრონი – Liriodendron tulipifera), კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და სრულიად ოქროსფრად გარდაიქმნება, რაც კიდევ უფრო მეტ შთამბეჭდავ და ორიგინალურ იერსახეს შესძენს. მცირე არქიტექტურული ფორმებიდან პარკში დაიგეგმა თანამედროვე ფორმის ბაღის სკამები, რომლებიც განლაგდება გზის ფორმის გაყოლებით და ასევე მწვანე თარგებზე ერთეულების სახით. ტერიტორიაზე მოეწყობა ურნები და სხვადასხვა სიმაღლის საბაღო განათების სისტემები. ტერიტორიის გამწვანებისათვის გათვალისწინებულ იქნა:
• დეკორატიული წიწვოვანი მცენარეები – 4 სახეობის ძირი;
• დეკორატიული მერქნიანი მარადმწვანე ფოთლოვანი ხე მცენარეები – 1 სახეობის ძირი;
• დეკორატიული ფოთოლმცვენი ხე მცენარეები – 3 სახეობის ძირი;

ტერიტორიის გარე სივრცის სხვადასხვა კუთხეების გამწვანების პროექტები შესრულდა თანამედროვე დიზაინერული 3D პროგრამით blender“ და „Lumion“ -ის საშუალებით, მომზადდა პროექტის ელექტრონული ვერსია, ვიდეო-რგოლი და სხვადასხვა კუთხეების ხედების სურათები 3 D განზომილებაში, შეიქმნა პარკის რეკონსტრუქცის პროექტის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღიწერა პროექტის გეგმარებისა და მცენარეთა გამოყენების საკვანძო საკითხები.

რაც შეეხება პროექტში გამოყენებულ მცენარეებს:

ჰიმალაის კედარი – C e d r u s d e o d o r a (R o x b.) L o u d.
ბუნებრივად ხარობს ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაის მთებში – ავღანეთში, ჩრდილოეთ ბელუჯისტანში და ტიბეტში. პირველი სიდიდის ხეა. იზრდება სიმაღლით 50-60 მ. ვარჯის განი 10-15 მ-მდე აღწევს. ცოცხლობს 2 000-3 000 წელიწადს. ახასიათებს მონოპოდიალური დატოტვა. გვერდითი ტოტები ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვითარდებიან და ქმნიან განიერ ვარჯს, რომელიც შემდეგ მომრგვალო ქოლგისებურ ფორმას იღებს.

 

 

 

მარადმწვანე კვიპაროზი – C u p r e s s u s s e m p e r v i r e n s L.
ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, როდოსის, კრიტისა და კვიპროსის კუნძულებზე და ავღანეთში. აქვს მომრგვალო ოთხწახნაგოვანი წვრილი ყლორტები, რომლებიც შედგება პატარა ზომის ქერქლისებური ბლაგვი, მოგრძო – რომბული ფორმის, ყლორტებზე შეზრდილი და ბოლომდე მიტკეცილი წიწვებისაგან. მრავლდება თესლით, კალმებითა და მყნობით.

 

გვარი ტუია – Thuja L.
ქვეგვარი ტუია – Thuja L.
ამ ქვეგვარში გაერთიანებულია მარადმწვანე ერთბინიანი ხეები ან ბუჩქები ბრტყელი ყლორტებით და ჯვარედინ-მოპირისპირედ განლაგებული ქერქლისებური წიწვებით, რომლებიც მჭიდროდაა ერთმანეთზე მიტკეცილი.

დასავლეთის ტუია – T h u j a o c c i d e n t a l i s L.
ველურად ხარობს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, კანადიდან კაროლინამდე. სამშობლოში მას უწოდებენ „ამერიკულ სიცოცხლის ხეს“, ანუ ჩრდილოეთის „თეთრ კედარს“. იზრდება სიმაღლით 20 მ-მდე. ხეა, ან ბუჩქი. აქვს პირამიდული ფორმის ვარჯი, რომელიც, ხანში შესვლის შემდეგ, ბურთისებურ ფორმას ღებულობს. ღეროს ქერქი მოყავისფრო-ნაცრისფერია. იგი დახეთქილია და გრძელ ფირფიტებად ცვივა.

 

 

გვარი: გინკგო – G i n k g o L.
სახეობა ორნაკვთიანი გინკგო – G I n k g o b i l o b a L.
ორნაკვთიანი გინკგოს სამშობლო იაპონია და ჩინეთია, სადაც მას ამრავლებენ, როგორც საღვთო ხეს მონასტრებისა და სასაფლაოების ტერიტორიებზე გასაშენებლად. რელიქტური სახეობაა. გინკგოს ახალგაზრდობაში აქვს კონუსისებური ფორმის ვარჯი, რომელიც ხანში შესვლის შემდეგ იცვლის ფორმას. კერძოდ, მამრობით ეგზემპლარებს უვითარდებათ მაღალი პირამიდული ფორმის ვარჯი, მდედრობითი ეგზემპლარები კი გამოირჩევიან შედარებით დაბალი და გადაშლილი მომრგვალო ფორმის ვარჯით.

 

ჩვეულებრივი ღვია – Juniperus communis L.
ველურად იზრდება ევროპის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბუჩქია, ან დაბალი ხე. იზრდება სიმაღლით 8-10 მ-მდე. ვარჯის ფორმისა და სიმაღლის მიხედვით ძლიერ იცვლება, გამომდინარე გარემო პირობებიდან. იგი ორბინიანი მცენარეა. მამრობითი ეგზემპლარები გამოირჩევიან შედარებით ვიწრო კონუსისებური ან კვერცხისებური ფორმის ვარჯით, მდედრობით ხეებს კი უფრო გადაშლილი ვარჯი აქვთ.

 

ამერიკული, ანუ სტირაქსიანი ლიქვიდამბრი – L i q u i d a m b a r s t y r a c i f l u a L
სამშობლო – ჩრდილოეთ ამერიკა; 45 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენი ხეა; განიერი, პირამიდული ფორმის ვარჯი. ტოტები ხშირ შემთხვევაში დაფარულია ყავისფერი ქერქით, რომელსაც ზოგჯერ ახასიათებს კორპისებური გამონაზარდები. ძირითადი შტამბის ქერქი მორუხო ყავისფერია და დაღარული.

 

 

 

ტიტას ხე – ამერიკული ლირიოდენდრონი – Liriodendron tulipifera L.
სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა. ფოთოლმცვენი 59 მეტრამდე სიმაღლის ხეა. აქვს 3 მეტრის დიამეტრის მქონე ცილინდრული ფორმის შტაბი, რომელიც გარკვეული სიმაღლემდე იწმინდება გვერდითი ტოტებისაგან. ახალგაზრდა ღეროს ახასიათებს გლუვი, მორუხო და მონაცრისფრო ქერქი. ხნიერ ღეროზე კი ქერქი დამსკდარია. პირველ ხანებში აქვს პირამიდული, განიერი ფორმის ვარჯი, რომელიც დროთა განმავლობაში იღებს მომრგვალო – ოვალურ ფორმას.

 

 

 

ჩვეულებრივი, ანუ მარადმწვანე ბზა – Buxus sempervirens L.
ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და დასავლეთ საქართველოში. მარადმწვანე ფოთლოვანი ბუჩქია, ან პატარა ზომის ხე. იზრდება სიმაღლით 6-10 მ-დე. აქვს მრავალტოტიანი მჭიდრო ოვალური ფორმის ვარჯი. ქერქი რუხი ფერისაა, წვრილ ფირფიტებად დამსკდარი.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები