მირიან ხოსიტაშვილი – ეთნოგრაფიის დოქტორი
ისტორიული მესხეთი წყაროებში სხვადასხვა დროს ზემო ქართლად, ან სამცხე-საათაბაგოდ, იწოდებოდა. იგი მოიცავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიას. VIII-X საუკუნეებში იგი იყოფოდა ცხრა მხარედ, რომელთა ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები ისტორიულ წყაროთა მეშვეობით
დღეისათვის სრულადაა აღდგენილი. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მესხეთი ოდესღაც სიდიდით საქართველოს ერთ მესამედს აღემატებოდა. იგი იწყებოდა ტაშისკარიდან და გადაჭიმული იყო ისპირ-ტრაპიზონის მთაგრეხილების დაბლობამდე. ამ კუთხის ერთი მკვლევრის ხატოვანი გამოთქმით, „აწყურიდან მოყოლებული მესხეთის კალთა შავ ზღვასა სცემდა, ფრთანი კი აზრუმსა, ტაპეზონსა და იმერეთს“. ვახუშტის მიხედვით, მესხეთში იგულისხმებოდა „ტაშისკარს ზეითი
და მტკვრის დასავლეთი, ვიდრე ზღვამდე…არიან აწ სამცხე, გურია, ლივანი, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკერტი, ოლთისი და ტაო, და ამათ ადგილებთა უმეტეს ეწოდა ზემო ქართლი“.
მესხეთი უძველესი დროიდან დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელი საქართველოს როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში.
ადრეფეოდალური ხანიდან აქ ფართოდ იყო გაშლილი სამონასტრო ცხოვრება და ჩნდება ისეთი საეკლესიო-კულტურული ცენტრები, როგორებიცაა: ვარძია, შატბერდი, ოპიზა, საფარა, ოშკი,
წყაროსთავი, ზარზმა და სხვა.
მესხეთი ძველთაგანვე საქართველოში შემავალი ერთ- ერთი მძლავრი ეკონომიკური ერთეული იყო. მდიდარ ბუნებრივ პირობებთან ერთად ეს მხარე გამოირჩეოდა საკმაოდ განვითარებული მიწათმოქმედებით. მესხეთის ტერიტორიაზე მოსახლე ქართველებს პური იმდენი მოჰყავდათ,
რომ საზღვარგარეთაც კი გაჰქონდათ; მისდევდნენ ისინი მევენახეობა-მეღვინეობასაც და ბლომად
ჰყავდათ შინაური ცხოველიც. უცხო ქვეყნებთან ვაჭრობას, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, ხელს უწყობდა საკმაოდ განვითარებული საგზაო ქსელი.
მესხეთის კლიმატი განისაზღვრება მეზობელი რაიონებისგან მკვეთრად განსხვავებული მონაცემებით, რაც, ძირითადად, განპირობებულია რელიეფის თავისებურებით. საერთოდ, იგი ხასიათდება მკაცრი ზამთრით, ცხელი ზაფხულითა და ჰაერის მნიშვნელოვანი სიმშრალით,
რომელიც წლის სხვადასხვა დროს მკვეთრი ცვალებადობით აღინიშნება.
დღეისათვის, სპეციალური მონაცემებით, მესხეთის ტერიტორია იყოფა 4 ძირითად ვერტიკალურ ზონად. თითოეული მათგანის სამეურნეო სახე დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ ზონალობის ამპლიტუდა ზ. დ. 900-1000 მეტრიდან 2000-2500 მეტრამდე მერყეობს.
მესხეთის ტერიტორია, შემოსაზღვრული მაღალი მთებით, დიდწილად კლდოვანი ქვეყანაა. ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებით, „…არს სამცხე შიგნით მთიანი, გორიანი, ღრატანი, ხევიან-კლდიანი, მაგარი, მთა-ბართა სიახლოვითა, ვენახიანი, ხილიანი მრავლად, მარცვალნი
ყოველნი ნაყოფიერებენ… ჰავით მშვენი და შემკული“ მე-16 საუკუნეში მესხეთი მიტაცებული აღმოჩნდა თურქ დამპყრობელთა მიერ და საუკუნეთა მანძილზე მოწყვეტილი იყო საქართველოს. მესხეთის დაკარგვა გამოუსწორებელი ეკონომიური ზიანი იყო ფეოდალური
საქართველოს მეურნეობისთვის. ამიერიდან ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო აღმოსავლეთ საქართველოს მესაქონლეობა, რომლის საზაფხულო საძოვრებს სწორედ ეს მხარე წარმოადგენდა. მთლიანი სამეურნეო ტერიტორიის დანაწევრება საზიანო იყო თვით მესხეთისათვისაც. დაპყრობილ პროვინციებში ოსმალებმა ახალი წესები შემოიღეს, რომელთა მიხედვით, მთელი მიწა-წყალი ახალი ბატონების სურვილისამებრ გადანაწილდა. შეიცვალა მმართველობის
სისტემაც, რომელიც ახლა მუსლიმანურ კანონებს დაექვემდებარა. მესხეთის ზოგი რაიონის გათავისუფლება თურქეთის ბატონობისაგან შესაძლებელი გახდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო მოქმედებათა შედეგად, 1828 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა საქართველოსათვის. საუკუნეთა მანძილზე უცხოელთა ბატონობამ ამ მხარეს ძალიან მძიმე დაღი დაასვა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, დიდი გაჭირვებითა და თავგანწირვით, შეძლო თავი დაეღწია მუსლიმანობისთვის, ხოლო ნაწილმა უფრო
რადიკალური გზა აირჩია, დატოვა სახლ-კარი და საქართველოს შიდა რაიონებს შეაფარა თავი.
მესხეთის ტერიტორიის ზოგად-სამეურნეო დახასიათებას საინტერესოდ გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: „..ჰავით მშვენი და შემკული, აგარაკოვანი… ნაყოფიერებს ქვეყანა ესე ყოვლითა მარცვლითა და არა ყოველგან, ადგილად აკეთებენ აბრეშუმსაც მცირედ და ხილნი, რომელნიცა აღვსწერეთ არიან მრავლად და კეთილნი არიან წალკოტნი, მტილნი და სავარდენი… პირუტყვნი ყოველნი მრავლნი და ნადირნი მრავლად. ფრინველნი ურიცხვნი. აქ მობინადრე ქართველები დიდი ტრადიციების მატარებელი იყვნენ მეურნეობის მრავალ დარგში, განსაკუთრებით – მიწათმოქმედებაში.
მესხეთის მრავალდარგოვანი მიწათმოქმედებიდან ჩვენამდე ყველა დარგმა ერთნაირი სისრულით ვერ მოაღწია. ზოგი მათგანი სრულიად მოისპო და დაიკარგა. ამ თვალთახედვით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მემინდვრეობაში, რადგან მესხი მეურნისათვის არსებობის მთავარი წყარო ხვნა-თესვა იყო. აღნიშნულ სიტუაციაში მხოლოდ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, რომელიც გადაურჩა უცხო რელიგიის გავლენას, ან არ გაიხიზნა სამშობლოდან საქართველოს სხვა კუთხეებში, მოიტანა ჩვენამდე თავისი ხალხის უძველესი ტრადიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულების ზოგი მონაკვეთის რეკონსტრუქცია.
ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობა და, კერძოდ, მიწათმოქმედება მესხეთში ისტორიულად ვითარდებოდა თავისებურ სამეურნეო გარემოში და შეესაბამებოდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს (რელიეფი, ნიადაგები, მცენარეული საფარი, რწყვის საშუალებანი). ამ თვალსაზრისით აქაური მიწათმოქმედება ბარის ხასიათსაც ატარებდა (ახალციხის ქვაბული), მთისასა და მთისწინეთისასაც (მესხეთის მთათა მთისწინების ზოლი, მთიანეთი). მესხეთის ქვაბული და მესხეთისა და არსიანის ქედის კალთები, ნ. კეცხოველის კლასიფიკაციით, შეყვანილია სამხრეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ზონაში, განეკუთვნება მეხილეობისა და მევენახეობის სარტყელს და მისი მეურნეობის ტიპი დახასიათებულია, როგორც
მეხილეობისა, მემინდვრეობისა და მესაქონლეობისა.
მიწათმოქმედების დარგებიდან მესხეთში ყველაზე უფრო განვითარებულ და საყოველთაოდ გავრცელებულ დარგად გვევლინება მემინდვრეობა. მემინდვრეობას მისდევდა სამივე ზოლში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კლიმატისა და მდებარეობის შესატყვისად არჩევდნენ როგორც საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეულს, ასევე – ნიადაგსაც ამა თუ იმ კულტურისათვის. თბილი ჰავა განაპირობებდა საშემოდგომო პურეულის ჯიშობრივ მრვალფეროვნებას მაშინ, როცა უფრო ცივი სარტყელი მხოლოდ საგაზაფხულო კულტურებისათვის იყო განკუთვნილი. ასეთ პირობებში ხვნა-თესვის მიმდევარი ხალხი განსაკუთრებული სიზუსტით იცავდა თესვის ვადებს. ყოველი მიკროუბანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებებით იყო შეფასებული.
ამავე რაიონში ცალკე დარგად გვევლინება მევენახეობა-მებაღეობა. ამ საკითხშიც თავს იჩენს მესხეთის რელიეფის თავისებურება. მესხეთის ქვაბულში აღნიშნული დარგები განვითარებულია
საქართველოში საყოველთაოდ გავრცელებული ტრადიციის საფუძველზე, ასპინძის რაიონში და ასევე მესხეთის მთელს ტერიტორიაზე კი დამკვიდრებული იყო ამავე სახის მეურნეობის ტერასული ფორმები, ღრმა ფესვები რომ ეძებნება იტორიულ წარსულში. მესხეთის სამეურნეო თავისებურებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტერასული მეურნეობის მნიშვნელობა. ტერასები, როგორც წესი, რამდენიმე სართულად გვხვდება, სართულები ქვის ყორეებით იყო ამოშენებული, განსაკუთრებით საინტრესოა ის ფაქტი, რომ მესხებში მნიშვნელოვანი ცოდნა იყო დაგროვილი საირიგაციო სისტემის მოწყობისა, ხშირ შემთხვევაში დღესაც გხვდება ტერასების მაღალ სართულზე სარწყავი სისტემის არსებობის კვალი.
მესხური ვაზი საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა. მას ახასითებს ადგილობრივ პირობებთან შეგუების იშვიათი უნარი. ეს ტერიტორია, მევენახეობა-მეღვინეობის ფართოდ განვითარებასთან ერთად, ვაზის მთელი რიგი აბორიგენული ჯიშების კერად არის მიჩნეული. აქ გავრცელებული უძველესი ჯიშების უმეტესობა საუკუნეთა განმავლობაში შეგუებულია მაღალმთის
კლიმატურ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი სითბომოყვარული მცენარეა, მესხური ჯიშები
უფრო სიგრილეს არიან შეჩვეულნი და საუკეთესო მსხმოიარობით ხასიათდებიან. მკვლევრები მესხური ენდემური ვაზის ჯიშების სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ, ზოგი 16 ჯიშს ვარაუდობს ზოგიც -19-ს. მესხური ვაზის ჯიშებია: ბეჟანა, თავკიდული, თავცეცხლა, მესხური
თითა, კლდის წითელი, თეთრი საფარული, ცხენის ძუძუ თეთრი და შავი, ხატისთვალა თეთრი და ვარდისფერი. რაც შეეხება მეხილეობას, ეს კუთხე ძველთაგანვე განთქმულია შესანიშნავი, მრავალნაირი, მაღალხარისხოვანი ხილით, რომელიც არა მარტო შინა ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, არამედ ხშირად საექსპორტოდ იგზავნებოდა. ხილეულიდან საწარმოო მნიშვნელობა ენიჭებოდა უმთავრესად ვაშლსა და მსხალს. წვრილი ხილი გადიოდა გასაყიდად მომიჯნავე რაიონებში.
მებოსტნეობა მესხეთში საკმაოდ ფეხმოკიდებულია. მოჰყავთ კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, სხვადასხვა მწვანილი და სურნელოვანი ბალახი. დიდი რაოდენობით ითესება ხახვი, ბოლოკი, ნიორი, ლობიო, ჭარხალი. მესხეთის სამეურნეო თავისებურებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტერასული მეურნეობის მნიშვნელობა. საკვლევ რაიონში მესაქონლეობა მეურნეობის ერთ- ერთი ძირითადი და წამყვანი დარგია. ძველად მსხვილფეხა საქონელი ემსახურებოდა უმთავრესად მიწათმოქმედების დარგებს, ხოლო მეწველი – კვების
პროდუქტების მომზადებას. ცალკე დარგად არის გამოყოფილი მეცხვარეობა, იგი მუდამ შეადგენდა როგორც მიმოცვლის ღირებულებას, ასევე ფართოდ იყო დანერგილი ცხვრის ყველის დამზადება, რომელიც თუშური ყველის მსგავსია.
ადგილობრივ მოსახლეობაში მეტად ფესვგადგმული ჩანს მეფუტკრეობა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, სამცხეში იყო „ფუტკარნი მრავალნი, და თაფლნი კარგნი და მრვალნი“. აქაური თაფლი საუკეთესო თვსებებით ხასიათდება. მართალია, იგი არ ითვლებოდა მოსახლეობისათვის შემოსავლის ძირითად წყაროდ, მაგრამ დიდად იყო გამოყენებული საკვებად
და ბაზარზეც გადიოდა.
საკვლევი ტერიტორიის ბევრ რაიონში მისდევნენ მეჭურჭლეობას. მეჭურჭლეობის ამა თუ იმ დარგში სპეციალიზაციას განაპირობებდა ადგილმდებარეობა და ნედეული რესურსები. შესაბამისად, ამზადებდნენ დაწნულს, თიხის, ლითონისა და ხის ჭურჭელს. საუკეთესო ოსტატებად ითვლებოდნენ ახალციხელი ხელოსნები ლითონის სხვადასხვა იარაღისა და ჭურჭლის დამზადების საქმეში. ოქრომჭედლები ოქროსა და ვერცხლისაგან ამზადებდნენ უფაქიზეს სამკაულებს, ჭურჭელს, ორნამენტირებულ იარაღს. განსაკუთრებით დიდი გასავალი ჰქონდა დაფანჯრული „აჟურის“ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ მესხეთში ფართოდ იყო გავრცელებული ხის საგნების დამზადება. ამის მაჩვენებელია მთელი რიგი ტრადიციული დარგის არსებობა, რომელთაც როგორც საოჯახო მოხმარების, ასევე გაცვლითი ღირებულება ენიჭებოდა. ამჟამად მესხეთის ტყეები გაჩეხილია, რაც შემორჩა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია მაჟაურის მიერ და დღეისათვის მათ მხოლოდ წყლის დამცველი, ნიადაგდამცველი, კლიმატის მარეგულირებელი და საკურორტო ფუნქცია აქვთ. მესხეთში განვითარებული იყო, ასევე, მეაბრეშუმეობა.