ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში
1890 წლის 17 (30) ივნისს ბათუმის ნავსადგურს ფლორენციიდან გემი მოადგა. მგზავრებს შორის იმყოფებოდა ორი საპატიო სტუმარი, რომლებმაც პირველად დაადგეს ფეხი საქართველოს მიწაზე. ესენი იყვნენ ცნობილი იტალიელი მეცნიერები – ბოტანიკოსი ემილ ლევიე და ანთროპოლოგი სტეფან სომიე. მოგზაურებმა შემოიარეს მთელი აჭარა, სვანეთი, იყვნენ ქუთაისსა და თბილისში. მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია ემილ ლევიეს მოგზაურობის ჩანაწერები – „ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში.“ იგი ჩანაწერებს, რომლებსაც დღიურების სახე აქვს, საქართველოდან ფლორენციაში უგზავნიდა თავის მეუღლეს – მატილდას. 1890 წელს მეცნიერმა ამ წერილების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ (გამოდიოდა შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში). ემილ ლევიეს ჩანაწერები ქართულად გამოქვეყნდა ჟურნალ „მოამბეში“ ოთხი წლის შემდეგ, 1894 წელს.
ემილ ლევიე ჩანაწერებს ბათუმისა და მისი შემოგარენის ბუნების აღწერით იწყებს – „ჩვენ თვალწინ გადაშლილია საუცხოო სურათები, რომელნიც იზიდავენ ჩვენს ყურადღებას და ხიბლავენ ჩვენს გრძნობას. საღამოს, როცა ბათუმის ნაპირებს გემით მივუახლოვდით, კავკასიის ხედი დავინახეთ და, როგორც შემდეგ გავიგეთ, ელბრუსი ყოფილიყო. არც ბათუმის გარშემოა მთები ნაკლებად. კარჩხალის სიმაღლე, 11, 248 ფუტია.“
მე-19 საუკუნის ბათუმი ახალი ქალაქი გახლდათ, ოთკუთხა შენობებით, თითო სართულიანი სახლებით, დაჭაობებული და ხავსმოდებული ქუჩებით. ქალაქის მაცხოვრებელები ევროპელებს ჰგავდნენ. ერთმანეთში ირეოდნენ მუნდირიანი რუსის ჯარისკაცები, მკვიდრი ქართველები, რომლებიც ხალათივით გრძელ, წელშიგამოყვანილ, გულთან ჯიბეებით გაწყობილ ტანისამოსს ატარებდნენ.
ბათუმში ჩასვლისთანავე მათ იტალიის კონსული ესტუმრათ. ჯერ თამარის ციხის სანახავად წავიდნენ, რომლის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, შემდეგ კი ახლო გორებისკენ გაემართნენ – „აქ ბილიკის გარდა სხვა არა არის რა. ბუნება ხელშეუხებელი და დიდებულია! საკვირველია, რომ ბუჩქები, დაბალი მცენარეები, რაც ჩვენს ევროპაში ბევრია, აქ სრულიად არ არის. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია მაღლა-მაღლა ვიცქიროთ. გარეული ხეხილით სავსეა აქაურობა. ვაშლი, ალუბალი, თხილი და სხვ. ყოველ ფეხის გადადგმაზედ შეგხვდებათ. წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, როცა
დავინახეთ ხეები ვაზებით დაფარული. ყოველივე ეს მოკლებულია ადამიანის ხელს და ბუნების ანაბარაზეა მიტოვებული.“
იტალიის კონსულთან ვახშამზე ემილ ლევიემ ინგლისის კონსული ბ. პიკოკი გაიცნო, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ბათუმის არემარე და ზოგადად კავკასია. რუკებიც გადასცა და აუხსნა, როგორ უნდა მიეღწიათ კოდორის ხეობამდე. იქვე გადაწყდა, რომ ბათუმის ჭალებს მოინახულებდნენ და ახლომდებარე თოვლიან მთასაც დალაშქრავდნენ, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა შესწავლილი. დღეში თუმნად „ტროიკა“ დაიქირავეს, ე.წ. „ზამფთია“ – ცხენიანი მილიციელი, თარჯიმანი და იტალიელი მოსამსახურე – გოსტო იახლეს და ჭოროხის ნაპირებისკენ გასწიეს – „სამხრეთისკენ გავემართენით და ერთი საათის განმავლობაში მდინარე ჭოროხს მივუახლოვდით. ღელეები და ბაყაყით სავსე ტბები ბევრი შეგვხვდა გზაზედ. მარცხნივ, სამხრეთისკენ, ჭოროხის მეორე ნაპირას ამართულია მრავალი გორა, მცენარეულობით შემოსილი. აქ ყველანაირ ხილს ნახავთ – ვაშლს, ნიგოზს, თხილს, ბალს, წაბლს და სხვ. რასაკვირველია, სულ ყველა ეს გარეულია.“ ჭოროხის ნაპირებს მიუყვებოდნენ, ჭალები ვიწროვდებოდა, თან ისე, რომ ეტლს გადაადგილება უჭირდა – „გაგკვირვებაში მოვყავართ მცენარეულობას: ვეებერთელა, თვალუწვდენელი წიფლებით, შკერის ბუჩქებით და სხვა ამისთანა უცხო ხეებით დაფარულია მთები. რაც წინ მივდიოდით, მით უფრო მაღალი მთები გვხვდებოდა ორივე ნაპირას.“ სულ მალე მდინარე აჭარისწყალს მიადგნენ, იქ სადაც ეს მდინარე ჭოროხს უერთდება. ჭოროხისგან განსხვავებით აჭარისწყალი წმინდა და კამკამა ყოფილა. რელიეფი მკვეთრი მოსახვევებით გამოირჩეოდა – „გზა უცებ უხვევს ჩრდილო-აღმოსალეთისაკენ და ვიწრო გზა ახალციხემდე მიდის,“ – ამბობს ლევიე. რამდენიმე საათში სოფელ ქედას მიაღწიეს, სადაც მცენარეები უხვად დაკრიფეს – „ალაგ- ალაგ ასე გეგონება, იტალიაში ან შვეიცარიაში ვარო, მაგრამ ცხელი მზე, გზის პირას ამოსული ყვავილები, გამვლელ-გამოვლელთა ყაბალახი და ულვაში ჩქარა შეგატყობინებთ, რომ სულ სხვა ქვეყანაში ხართ. აჭარა არის ნაწილი ლაზისტანისა და კავკასიისა. ამ ორი ქვეყნის მცენარეულობა ისე არის აქ არეული, რომ ნათლად ამტკიცებს ამას.“
რამდენიმე დღეში ქედადან ხულოსკენ გაემართნენ, აღმართ-აღმართ მიდიოდნენ აჭარის წყლის მარჯვნივ, გზად საუცხოო მცენარეებს ხვდებოდნენ – „ეს ფლორა აქამდინ სრულიად უცნობი იყო. ამან მით უფრო გაგვამხნევა, რომ აჭარა ბუასიესაც არ აქვს მოხსენიებული. ვიცით მხოლოდ რომ ჩვენზე წინ აქ ყოფილა ნორდმანი, მაგრამ სადამდინ იმოგზაურა, არ იციან.“
შუახევს და ხულას შორის მდინარე აჭარისწყლის შენაკადი სხალთა ჩამოდის, რომელიც შუახევს ქვემოთ ჭოროხს ერთვის – „როდესაც ხულასთან ეტლი შეჩერდა, გაკვირვებით ვკითხე ჩემს თავს – „სად არის ხულა“? მართლაც, ორი პატარა სახლის მეტი არა მოსჩანდა, ისიც ინჟინრების განკარგულებაში იყო.“ იტალიელი მეცნიერების მასპინძლობა თავადმა ჯაიანმა ითავა – „მოგვართვეს ყავა რძით, კარაქი, პატარ-პატარა ხაჭაპური და სხვ. ყავის შემდეგ ჩვენ მოვინდომეთ წასვლა, მაგრამ ნუ გაგიწყრეს ღმერთი; ყველანი წინააღმდეგნი გაგვიხდნენ და გვითხრეს: „როგორ შეიძლება! როგორ შეიძლება! ვახშამი მიირთვითო. ძლიერ ვნანობ, რომ არ წამოვიღე სია იმ უცხო საჭმელებისა. თეთრი ღვინის წყალობით, რასაც სავსე-სავსე ჭიქით მიირთმევენ, მალე სუყველანი გავმხიარულდით.“
შემდგომში მათ თოვლიანი მთისკენ აიღეს გეზი, თან ახლდათ თავადი ჯაიანიც – „ჩქარა შევუდექით მთას. თვალუწვდენელი სიმაღლისა და წარმოუდგენელი სილამაზის ნაძვის და ფიჭვის ხეები ჰფარავდნენ არემარეს. ასეთი მშვენიერი მცენარეულობა მხოლოდ ფოტოგრაფიულ
სურათში მინახავს. ამან გვაგრძნობინა, რომ ნამდვილ კავკასიაში ვიყავით.“ ემილ ლევიემ და სტეფან სომიემ თბილისიც მოინახულეს. ლევიე საქართველოს დედაქალაქს აღწერს, როგორც
„მოწყენილ-მოღრუბლულ ქალაქს. ნიადაგი იხრაკება მზის სიძლიერით და გაშენებულია მტკვრის ფართო ხეობაში. ქალაქი გარემოცულია სამხრეთით ათას-ფუტიანი მოტიტვლებულ-მოხრიაკებული მთით. სამხრეთის საზღვარს, ანუ დავითის მთას ქვემოდან რომ შეხედოთ, ასე გეგონებათ ჩვეულებრივი შეხედულების მთა არისო, მაგრამ, როცა მაღლა ადიხართ, გაკვირვებით ათვალიერებთ სხვადასხვა მხრით მხარეებს და ვიწრო მინდორს, რომელსაც შეუერთებია კლდეთა წვერები.“ თბილისის მცენარეული საფარი ისეთი სახეობებისგან შედგებოდა, რომლებიც კარგად უძლებდა გვალვას და თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო იშვიათად
ხმებოდა – „წარმოიდგინეთ ახლა ამ უდაბნოში ერთი დიდი ორმო სიღრმით ათასი ფუტი, სადაც მდინარეს კიდევ უფრო ღრმად გაუკეთებია კალაპოტი. აი, ამ ქვაბის ძირში არის ქალაქი 120 ათასი მცხოვრებით. მიწა უსახლოდ აღარ დაუტოვებიათ, მტკვრის ორივე ნაპირზე გროვა-გროვად არის შენობა. ძლიერი ტემპერატურა და ისეთი სიმშრალეა, როგორც თონეში.“
ლევიეს თქმით, თბილისი ხალხმრავალი და ხმაურიანი ქალაქი იყო, ქუჩაში ათასნაირი ხალხი ირეოდა- „ეტლის, ცხენის, რკინის გზის და სხვათა რახა-რუხისგან ყურთა სმენა აღარ არის.“ თბილისის აბანოებსაც ესტუმრნენ, რომლებიც – „მთელ ერთ უბანს შეადგენს. წყალი ბუნებით თბილია, მისი სათავე მთის ძირშია და იქიდან არის გამოყვანილი აბანოს შენობებში. აუზი ორია – ერთი ცივი და მეორე ცხელი. უკანასკნელის ტემპერატურა 50 გრადუსზე მეტი იქნება. პირველად ფეხი ვერ ჩავდგით აუზში, ცივი წყლით გავანელეთ, მაგრამ მაინც ვერ ვძლებდით.“
თბილისის სიცხით შეწუხებულებმა ქალაქის არემარის დათვალიერება გადაწყვიტეს, რამაც სრულიად შეცვალა მათი წარმოდგენა თბილისის მიდამოების უნაყოფობის შესახებ – „ხრამებში და მის ნაპირებზე ბლომად ვიპოვეთ მშვენიერი ბალახეულობა და ყვავილები, ზოგი ადგილები სრულიად დაფარულია მცენარეულობით. ბევრ ალაგას ყანები ეთესა, მაგრამ გვალვის გამო ნაკლებ მოსავალს იძლევიან.“
თბილისიდან ბორჯომში გაემგზავრნენ – „სოფლები ბევრი მოჩანს, ყანები ზოგი პურით არის დათესილი, ზოგი სიმინდით. ორივე მხრით გორებია, მცენარეებით შემოსილი. საზოგადოდ აქაური ბუნება ერთფერი და ნამდვილი ევროპულია. რამდენიც უფრო ვუახლოვდებით ბორჯომს, არემარე თანდათან უფრო მშვენიერია. ქალაქი მოთავსებულია ვიწრო ხეობაში, რომელიც ალაგ-ალაგ ხან ფართოვდება და ხან ისევ ვიწროვდება. მტკვარზე და ბორჯომის წყალზე ლამაზი ხიდებია. აქ ბევრნაირი მადნის წყლებია, ზოგი – ცივი, ზოგი – თბილი“. წყლის დასალევი ადგილი კარგად ყოფილა მოწყობილი, ისე როგორც გერმანულ ცნობილ წყლებზე. „სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში ეს ტურფა მხარე, სადაც გარეული შეგნება და ცივილიზაცია ერთად არის მოთავსებული. მეორე დღეს დილით გამოვედით ბორჯომიდან და საღამოს ქუთაისში შევედით.“
ქუთაისიდან ცაგერის მიმართულებით გაემართნენ – „ჩვენ თვალწინ გადაშლილია მშვენიერი ბუნება – ამწვანებული რგოლივით მოგრეხილი მთა, რომელიც, როგორც სჩანს, ცხენისწყლის ჭალას საზღვრავს ჩრდილოეთით. ყელის ბოლოს ცხენისწყალი მიმდინარეობს ფართო ჭალაში, რომლის შეხედულობა მოგაგონებს ვეებერთელა გაშლილ ველ-მინდორს, აქა-იქ ხეებით შემოსილს.“
მოიხიბლნენ ლაჯანურის ხეობის სილამაზით – „შესანიშნავია ლაჯანურის ხეობა, კავკასის ტიპური ყელი, ისეთი, როგორსაც მოგზაურები აღგვიწერენ აქ ყოველგვარ მცენარეს შეხვდებით, რომელთაც ჯოხზე მიკრული მაკრატლით ვკრეფდით. ხანდახან მცენარეებს ვგლეჯდით, ვაზი ვნახეთ შუა ყელშიაც, შემდეგ ურთხმელმა და ატმის ხემ გაგვაოცა.“ ცოტა ხანში თავდაღმართში დაეშვნენ, მიუახლოვდნენ ველს, რომლის დასავლეთ მხარე დიდი სოფელი აღმართულიყო – „ჩრდილოეთისაკენ გამოჩნდა თოვლიანი ზოლები. თოვლი! ვაშა! ეს არის ლაილა, რომელიც სვანეთს ორად ჰყოფს და რომელზედაც ჩვენ ამ რამდენიმე დღეში გადავალთ.“ მოგზაურებს უნდა გადაელახათ ქედი, სიმაღლით 800 მეტრი – „რომელიც ძევს რიონსა და მისი შესართავის, ლაჯანურის, ცხენისწყლის ჭალებს შუა. ესეც რიონს ერთვის, მაგრამ შორს, ზუგდიდისკენ, კოლხიდის დიდ ჭალებში.“
7 საათსა და 50 წუთზე ემილე ლევიე და სტეფან სომიე ქედის წვერზე ავიდნენ, საიდანაც შესანიშნავი ხედი გადაიშალა – „ჩვენ წინ, დაბლა, სამხრეთ დასავლეთისაკენ გამოჩნდა ცხენისწყლის ღრმა ჭალები. ნისლში გამოანათა ლაილას თოვლიანმა ზოლმა. დანარჩენი 3 კილომეტრი გზა, უნდა გამოვტყდე, ძლიერ გრძლად გვეჩვენა. ათ საათზე მივედით. ხვალ წავალთ
ლენტეხში. ლაილას თოვლმა მოგვაჯადოვა და თავისკენ გვეზიდება.“ სოფელი ჩოლური ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარობს, რუკაზე თუ დახედავთ, გეგონება, რომ კავკასიის დიდ ქედთან ხარ, მაგრამ იქამდე კიდევ შორი თბილისი, ხედი მტკვარზე, 1890 წელი გზა იყო გასავლელი – „გასაშტერებელ და მომხიბლავ სანახაობას წარმოადგენს ცხენისწყლის ჭალა. ყველაფერი კარგი და საუცხოვო, რაც კი ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს კლდისაგან, ხეებისა და წყლისაგან შეზავებულ-შეხამებული, ჩვენ წინ არის გადაშლილი. ეს არის კავკასია ამწვანებული. ადამიანს აქ ბუნების სურათისათვის თითქმის არაფერი გაუფუჭებია, აქ არ არის ტელეგრაფის ბოძები, არც სასტუმროები, არც შოკოლადის თუ საკერავი მაშინის შესახებ აფიშა-განცხადებანი. აქა-იქ, სამწუხაროდ, ტყის გადაჩეხა დაუწყიათ. გამონახავენ თავ-ჩაღმართ ალაგს, იტკეპნება და კეთდება სრიალი გზა. ზოგი ხე იფლება წყლის პირას, ჭაობში და იქვე ლპება, ზოგიც სრიალის დროს განზე უხვევს და სხვაგან ვარდება, მაგრამ რა ენაღვლებათ! კიდევ რჩება შვილის და შვილიშვილის საყოფი.“
სვანეთის მთებში მოგზაურობისას მათ თან ახლდათ გზის მაჩვენებელი და თარჯიმანი იოსებ ასათიანი – „შავგვრემანი, ხმელი, მეტისმეტი მორჩილი ყოფაქცევა აქვს და გველური მიხრა-მოხვრა.“ მის გარდა მეგზურად კიდევ ოთხი სვანი ახლდათ. ხუთი საათის შემდეგ მიაღწიეს ლენტეხს – „ლენტეხი არის გარშემოკრული ექვსი ტყიანი მთით და ლაშარის ნანგრევით; ამით საუცხოვო შეხედულობა ეძლევა არემარეს. ბუნების მშვენიერებამ ისე გაგვიტაცა, რომ ღამის ათ საათამდინ სახლში არ შევსულვართ…“
სვანეთის გზები მეტად დამღლელი და სახიფათო იყო – „კავკასიის ქედზე ცხენით მოგზაურობა არაფრად წააგავს იტალიის გრან სასოს გორაკზე გასეირნებას, – ოხ, რა საკვირველი პირუტყვია კავკასიის ცხენი! თვალადი მაინც და მაინც არ არის, მაგრამ სიმაგრე ჯიხვისა აქვს და თვინიერება ცხვრისა, მართლაც და, დიდად გაწვრთნილი და თვინიერი უნდა იყოს პირუტყვი, რომ ამნაირ
ფრიალო კლდეებზე ატაროს და ზიდოს კაცი! – გზა – რის გზა? ბილიკი – რის ბილიკი? მიხვალ ღვთის ანაბარად ბუნებისგან აკიბულ გზაზე იმ სიმაღლეზე, რომ ხანდისხან თავბრუ გესხმის. შტოები უწყალოდ გცემენ ცხვირ პირში, წაგიჭერენ კისერში. აბჟანებზე ფეხებს მოიმაგრებ როგორმე და, რაც ძალი და ღონე გაქვს, დაიწყებ ხელებით მოქმედებას; ზოგიერთ შტოს, თუ მოერიე, მოამტვრევ, ზოგს გვერდზე მისწევ და ზოგს კიდევ თავზემოთ აიცილებ. ხან მარჯვნით გადაიხრები, ხან მარცხნით, ხან სრულიად მუცლით დააწვები ცხენს. ერთი სიტყვით, ცხენდაცხენ სწავლობ ცურვას. სად უნდა შეგხვდეს მსგავსი რამ ევროპაში?“ იტალიელები მოხიბლული არიან ბუნების სილამაზით – „რა სიამოვნებას გრძნობ, როცა შეჩერდები და მიიხედ-მოიხედავ. იქვე ჩოლურს ზემოთ იწყება ზოლი ბუჩქნარებისა, შკერისა, კუნელისა, თხილისა, მაჟალო ვაშლის
ხისა, დათვის-მსხლისა. მალე შედიხართ დიდ ტყეში, საცა ტირიფი ხედ-ქცეული, რცხილა, ვერხვი, მუხა არეულა ვეებერთელა წიფლის ხეებთან, რომელიც თან და თან ილევა ზემოთკენ და ბაღის ბუჩქად იქცევა. ნაძვი აქა-იქ მოჩანს, მერე თანდათან უფრო გახშირდება და მოიკავებს მთლად მთელ ფერდობს.“
თალუწვდენელი სიმაღლისა და სილამაზის ტყეებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ემილ ლევიე – „ეს ტურფა მცენარეულობა თავისთავად ვერ გაჩნდებოდა აქ, თუ რომ პირვანდელი მიზეზი, საბაბი რამ არ ჰქონოდათ. ეს საბაბი გახლავს ნიადაგის სიმდიდრე-ნოყიერება, რომლისთვისაც თვით ბუნებას უზრუნვია და მიუცია გამოულეველი სასუქი, პატივი. ამნაირი დაპატივება მიწისა მუდამდღე ხდება კავკასიის ტყეებში: ცოცხალ, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ტყის ქვეშ დამარხულია ათასი და ათი ათასის წლისა და მოდგმის ტყე; თვალითა ხედავ და ფეხქვეშ გრძნობ, როცა მოდიხარ ამნაირ ტყეში, ვეებერთელა წაქცეული ხის ნაფლეთებს; იგი ნელ-ნელა ლპება, მიწად იქცევა და აღმოაცენს აღურიცხველ მცენარეულობას: გვიმრას, ხავსს, სოკოებს და სხვ.“ ნელ-ნელა გადიან დაშვებულ ფერდობზე, საიდანაც ალპიური მინდვრები იწყება – „ჩვენ წინ მარცხნივ კლდოვანი მთის წვერია აშვერილი, სანახევროდ თოვლით დაფარული. ნაძვნარის უკანასკნელი წვეტები თანდათან იკარგებიან ჩვენ უკან და ლაჰილას მთა წინ გვეშლება. ერთი რამ საგანი გვიშტერებს თვალებს, ეს არის ალმასებრ გაბრწყინვებული პირამიდი, რომელიც ლაჰილას უკან ამართულა; იგი ცის ლაჟვარდზედ გამოკვეთილა და რაც უფრო ზევით ავდივართ, მით უფრო
იზრდება და მატულობს. ვაშა! გავშალეთ ხუთვერსიანი გეოგრაფიული რუკა და ვეძებთ იმ მყინვარის სახელს. გამოდგა თეთნულდი – უმაღლესი მწვერვალი კავკასიის ქედისა, იმ დიდებული კრებულისა, რომელიც მოჩანს 120 კილომეტრის მანძილის სიშორიდან, ესე იგი ქუთაისსა და ბათუმს შუა რკინის გზიდან. ლატფარის ყელი უნდა გადავლახოთ ზეგ; ეს არის ყველაზედ უფრო მოკლე გზა თავისუფალ სვანეთში გადასასვლელი.“
ლატფარის ქედზე, სოფელ ჩოლურიდან კალამდე (თავისუფალ სვანეთში პირველი სოფელია მდინარე ენგურის პირას) გადასვლას 3 დღე მოანდომეს – „ყვავილები გვესიყვარულებოდნენ, თითქოს ჩვენ მიგველოდნენ. 2 000 და 3 000 მეტრის სიმაღლეზე ეს დრო ყველაზედ უმშვენიერესია, როცა გაზაფხული და ზაფხული შეხვედრიან და ერთმანეთს ჩაჰკონებიან და როცა
ორთავე დროის ყვავილოვნება ერთმანეთში არეულან. ასი წელიწადიც რომ ვიცოცხლოთ, თავის დღეში არ დაგვავიწყდება ის პირველი დიდი კავკასიური ღამე, რომელიც გავატარეთ 2 000 მეტრის სიმაღლეზედ.“ გზად გოსტომ ინადირა კიდეც – „ამობერილ ჩანთას მონადირისას,
ორი მშვენიერი ფრინველი ელაგა. კავკასიის მშვენიერი ტყის ქათამი. გოსტოს მოეკლა დედალ-
მამალი ქათამი, მამალი შავია, დედალი- ნაცრისფერი. ისე ძლიერ განირჩევიან იგინი ერთმანეთისაგან, რომ კაცი ვერ იტყვის მათ ნათესაობას. როცა ხუთი-ათასიოდ მცენარეს მოჰკრებ, გააშრობ მზეზე და ამდენ დავიდარაბას გამოივლი, მაშინ ბინდი, პირველი ვარსკვლავის
ამოსვლა და ცეცხლზე ქოთნის შიშინი საამურია; მით უმეტეს, როცა ქოთანში გეგულება ტყის ქათამი წვრილი მუხუდოთი ჩახარშოებული.“ მოგზაურობა სრული სვლით გრძელდებოდა, დიდხანს იარეს 3000 მეტრის სიმაღლეზე, ბოლოს მიადგნენ ერთ სერს, საიდანაც დაინახეს მდინარე ენგური – „და აქა-იქ გაბნეული სოფლები თავიანთის კოშკებით. ეს სვანეთის
განთქმული კოშკებია, განსაკუთრებულ ფერსა სდებს ამ განკერძოებულ და საიდუმლოებით მოცულს ნაწილს კავკასიისას და ძლიერ განასხვავებს სადადიანო სვანეთს თავისუფალ სვანეთისგან.“
კალადან იფრალში მიემგზავრებიან. გზად მყინვარისკენ ტირიფის ქვეშ შეისვენეს – „ძირში დაფენილი იყო მშვენიერი მოლი სისხლის ძარღვებით დაფარჩხული. მართლაც, ამ მოლზე მიწანწკარებდა ყოველის მხრით მრავალი რუები მშვენიერის წითელის ფერისა, რაიცა იყო იმის მომასწავებელი, რომ ამ რუებში რკინანარევი წყალი იყო. წყალი ანკარა და ცივია. ეს წყალი ჯერ კიდევ უცნობია; არცერთი მოგზაური მას არ იხსენებს. აი კიდევ ერთი თავ-მინებებული სიმდიდრე დიდის კავკასიის ერთს უმშვენიერეს ალაგზე.“ გზა აღმართისკენ გააგრძელეს – „ჩვენ წინ, ჩვენ ფეხთ ქვეშ, მეორე ზღვა იდგა მყინვარისა იმ სიდიდე, როგორც მონბლანზეა. ამ დიდებულის სურათის დანახვაზე მივყუჩდით და შევისისხლხორცეთ რამდენადაც შეგვეძლო ყველა ის ფიქრი, რაც ამ სურათმა გვაგრძნობინა. ჩვენ ფერხთით, ძირს, ღრუბლები ელვისაგან განათდებოდა ხოლმე და ბდგვენა გვესმოდა ჯურღმულიდან. მოგვესმა კიდეც მედგარი შიშინი და ჩამოცვივდა პირველი წვეთები.“
კალადან ბეჩომდე 48 ვერსია, რომლის გავლას 3 დღე მოანდომეს. გზად მესტიაში უნდა მისულიყვნენ. მართალია, დიდი მანძილი არ ჰქონდათ გასავლელი, მაგრამ გზა დიდად ოღროჩოღრო იყო – „მესტიაში მოვედით 6 საათზედ. დაუშვა წვიმამ და მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა. მართალი უნდა თქვას კაცმა – ძლიერ თავაზიანად გვექცევა ბუნება: სანამ ჭერქვეშ არ დაგვიგულებს, მანამ წვიმით არ გვაწუხებს.“
გზა მესტიიდან ლატალამდე მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადიოდა – „3 საათზედ გავუდექით გზას და მივმართეთ ბეჩოს. 4 სათ. 20 წ. გადავადექით უმაღლეს ქედს (1 700 მეტრის სიმაღლეზე). ქუდი მოიხადეთ და თაყვანი ეცით მის უდიდებულესობას, ბ-ნ უშბას, რომელიც
ეხლა გამოგვეცხადა მთელის თავისი დიდებულებით! უშბა, რომელსაც ამაყად მოუღერებია თავისი ორი თავი ბეჩოს ჭალის ბოლოში, ტყუილად შეადარეს სერვენის მთას; ეს კავკასიის ბუმბერაზი წვეტიანი არ არის. მისი უდიდებულესობა ყოველ დღეს როდი ეჩვენება მნახველს; პირბადეს აიხსნის მხოლოდ რჩეულთათვის და ისიც მაშინ, როდესაც სურს თავი მოაწონოს;
დანარჩენს დროს პირქუშობს, სქელს ღრუბლებს იხვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწვიმს ისე,
როგორც დღეს.“
ახალი საცხოვრებელი ბეჩო, კალას, იფარსა და მესტიის შემდეგ სამოთხედ ეჩვენათ. მათ გვერდით ოთახი ექიმს, ვინმე სეგალს დაეკავებინა – „ბ-ნმა სეგალმა მიგვიპატიჟა საღამოს ჩაიზე და ისე შნოიანად მოაწყო სუფრა, რომ გაგიკვირდებოდათ, რა გინდა, სულო და გულო, რომ არ ყოფილიყო სუფრაზე: ხმელი ხილი, სხვადასხვა მურაბა და ათასი სხვა რამე“. ლევიემ და მისმა ჯგუფმა აფხაზეთისკენ წასვლა განიზრახეს. სვან მეგზურებს გამოემშვიდობნენ – „სვანები გულკეთილნი არიან და დიდი სიყვარული აქვთ მათი, ვისაც ცოტათი მაინც გულკეთილობას ამჩნევენ. ეს ხომ დიდი საქმეა. ამისათვის ბევრი რამ მიეტევება ადამიანს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ამასთან მეტად პატიოსნებიც არიან, რადგან არ გვახსოვს, რომ დაგვკარგოდეს რამე მათ ხელში, თუნდ ნემსის საღირალი.“ ბოქაულმა გაბაროვმა სტუმრებისთვის მეჯლისიც გამართა – „დალიეს ყველა სტუმრის სადღეგრძელო, რიგ- რიგით – მარცხნიდან დაწყებული. სუფრის ერთს თავში, ჩვენკენ, საუბარი ფრანგულად იყო, მეორე თავში კი, სადაც ბოქაული იჯდა, ლაპარაკობდნენ რუსულად, ქართულად და სვანურად. თავისუფალ სვანეთში 15 000 სულამდე ითვლებაო. ყოველ წლივ აქედან გაჰყავთ 8 ჯარისკაციო. ამნაირი სამხედრო ბეგარა თითქმის აზატობად ჩაითვლება, მაგრამ აწი წლითი წლამდე იმატებს რიცხვი ჯარში გასაწვევთა, რაკი რუსობა ფეხს გაიდგამს და გამაგრდება სვანეთში.“
აქ ემილ ლევიე მკითხველს ემშვიდობება და ამბობს, რომ ყარაჩაიმდე ვერ შეძლებს წერილის გაგზავნას – „გემშვიდობებით სამი კვირით მაინც, ჩემნო ღვთაებანო, რადგან წერილს ვერ მოგაწვდით, სანამ ყარაჩაიში არ მივალთ. მაგრამ ფიქრი ნუ გაქვთ; ჩვენა ვართ ათი კაცი;
ბუბასთანა ღონიერი მეორე არ მოიძებნება მთელს სვანეთში. იმდენი სურსათი მიგვაქვს, რომ მთელს სახარას უდაბნოს გადაგვარონინებს. აი, კიდევ მეორე სანუგეშო ამბავი: თურმე ჩვენი მცველი იზმაილი ხაბაზიც ყოფილა. აბხაზეთის მივარდნილ ადგილებში იგი მოგვცემს პურსა ჩვენსა არსობისასა.
მაშ ასე, მარადის და სრულიად თქვენი ემილ ლევიე.“
გამოყენებული ლიტერატურა:
ანი ჭეიშვილი, ანი მარგველაშვილი – „ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში“
სულიკო ნუცუბიძე – „ემილ ლევიე საქართველოში“, ჟურნალი „სახალხო განათლება“, ივლისი, 1990 წელი.