წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა
გია რაზმაძე
ვატო წერეთელი
ირაკლი ლომოური
რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი
დასასრული
– არა, არც ეგრე მარტივადაა საქმე…
– ვაჰ, თქვენ რა ჯიუტი კაცი ბრძანდებით, ჩემო ბატონო,
– ჩაიცინა სანდრომ, – კახელი ხართ, ეტყობა… არ მოგბეზრდათ მაინც ამდენი… ბაზარ-ვაგზალი?
– არ მომბეზრდა… ბოლომდე მივიყვან ამ ჩვენ საუბარს და… ბოლოს ვნახავთ!
– რას ვნახავთ ბოლოს? – სანდრო ეჭვით ჩაეკითხა.
– სიურპრიზს!
– ჰოჰ! სიურპრიზებიღა გვაკლდა!
– დიახ, ბატონო სანდრო, ეგრეა. მაგრამ სანამ თბილისში ჩავსულვართ, დაწყებულ სათქმელს გავაგრძელებ… პერმაკულტურის თორმეტ პრინციპს… მეოთხეზე ვიყავით, არა?
– უკვე დამავიწყდა ეგენი… აი, ფუკუოკასი კი მახსოვს… მიწა არ მოხნა და ქიმია არ იხმაროო…
– ფუკუოკა ხომ გახსოვთ, მშვენიერია… იმასაც გაგახსენებთ, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: პირველი: დააკვირდით და ურთიერთქმედებაში შეისწავლეთ… მეორე: დაიჭირეთ და დააგროვეთ ენერგია… მესამე: მიიღეთ სარგებელი… მეოთხე: თვითრეგულირება და უკუკავშირი…
– მოდი, ეგრევე გააგრძელეთ რა, მოკლედ!… თითო სიტყვით!
– კარგი, ბატონო სანდრო, ასე შეიძლება უკეთესიც კი იყოს, უფრო აღიქვათ, ერთიანად… კითხვები და კომენტარები მერე იყოს… მაშ ასე, მეხუთეა: გამოიყენეთ აღდგენადი რესურსები… მეექვსე: წარმოება ნარჩენების გარეშე… მეშვიდე: დიზაინი მთლიანად ნაწილებისკენ… მერვე: ურთიერთშევსება და არა განცალკევება… მეცხრე: გამოიყენეთ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები… მეათე: გამოიყენეთ მრავალფეროვნება… მეთერთმეტე:ეფექტიანი
გამოყენება… მეთორმეტე: შემოქმედებითი რეაგირება ცვლილებებზე.
– ჰმ, ვერაფერიც ვერ აღვიქვი ერთიანად… გაუგებარია…
– სანდრომ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა – გუგლი რომ თარგმნის, იმასა ჰგავს… რას ნიშნავს „გამოიყენეთ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები?“ ეგრე თქვით, არა?
– დიახ, ეგ მეცხრე პრინციპია…
– და რას ნიშნავს? პატარა და ნელი გადაწყვეტილებები რა უბედურებაა? რატომ უნდა გამოვიყენო?
– ბატონო სანდრო, სხვათა შორის, გუგლზე რაც თქვით, მართალია, სამწუხაროდ. ძალიან მოქმედებს ქართულ ენაზეც და ჩვენს ფსიქიკაზეც. ანუ პრიმიტიულად, სწორხაზოვნად რომ თარგმნის… მაგრამ პერმაკულტურას მივუბრუნდეთ… ეს, მეცხრე პრინციპი გულისხმობს, რომ პერმაკულტურაში სწრაფი შედეგის მიღებას მიზნად არ ვისახავთ. ჩვენი მიზანია ისეთი ბაღი, ისეთი ფერმა შევქმნათ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, მთლიანობის ფუნქციონირებაში წვლილი რომ შეაქვთ. ანუ დაბალანსებული სისტემა, რომელიც თავისით მუშაობს. ამის მაგალითია მრავალწლიანი კულტურები. ენერგიას გვიზოგავენ, ნიადაგსაც არ აწუხებენ. მათგან შემოსავალი, შესაძლოა, უფრო მცირეა, ვიდრე ერთწლიანი კულტურებისგან, მაგრამ სტაბილ…
– ჩემო ბატონო, ქართველ კაცს ყველაფერი უნდა უცებ და ბევრი! პატარა და ნელი იყავიო, რომ ეტყვით, აბა გამოგყვებათ? დაგიჯერებთ?!
– სიტყვაზე არ დაიჯერებს, ეგ მართალია, მაგრამ…
– სიტყვის მეტი რა გაქვთ რო? გიამ არ უპასუხა, თვალები მილულა, გაიღიმა და იდუმალი, ლამისაა მისტიკური ინტონაციით ჩაილაპარაკა:
– სიუურ პრიი ზიიი… სანდრომ გაოცებით გახედა, – მოგცლიათ, ერთი … ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ
– რამდენ ხანში ჩავალთ? – იკითხა გიამ
– ერთ საათში დაახლოებით…
– მაშინ კიდევ მოვასწრებ რაღაც-რაღაცების თქმას, რაც გამომრჩა, არადა, სათქმელია.. აქცენტების გაკეთებაა საჭირო…
– საჭიროა, რო? რაც უნდა მითხრათ, არაფერი შეიცვლება,
– თავი გააქნია სანდრომ, – მაინც არ დაგიჯერებთ… ასე რომ, ტყუილად ირჯებით, ჩემო ბატონო…
– ეგ ახლა გგონიათ ეგრე, – პატარა ბავშვივით დაუყვავა გიამ, – მაგრამ ბოლოს ყველაფერი შეიცვლება, ბატონო სანდრო, ყველაფერი!… სანდრომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– სრული სურათი რომ დაიხატოს, ფუკუოკასა და მოლისონის სისტემებზე სწორი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, კიდევ ბევრია სალაპარაკო, ძალიან ბევრი… – გააგრძელა გიამ.
– უუჰ, ამოიოხრა სანდრომ, – თანაც „ძალიან“?
– მაგრამ მოკლედ ვიტყვი, მაქსიმალურად მოკლედ, ნუ ღელავთ!-გაუღიმა გიამ, – უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემები, რომლებზეც ვლაპარაკობ, უბრალოდ მებაღეობის პრაქტიკული მეთოდები კი არაა, არამედ აზროვნებისა და ცხოვრების წესი, ერთგვარი ფილოსოფიაა…
– ფილოსოფია ქართველ კაცს არ უყვარს, – ჩაურთო სანდრომ,- არავინ მოგისმენთ… ბოლომდე
– თქვენ გარდა, – ჩაეცინა გიას.
– სხვა გზა არ მაქვს, თორემ არც მე მოგისმენდით ბოლომდე, – გულახდილად აღიარა სანდრომ.
– ჰოდა, მაშ, ისმინეთ… – ღიმილით გააგრძელა გიამ, – ესაა ფილოსოფია, რომელიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ, ჯანსაღ, დაბალანსებულ თანაცხოვრებას გულისხმობს, ანუ რეალურ თანამშრომლობასა და უკუკავშირს… ფუკუოკას ნათქვამია: „ბუნებრივი სოფლის მეურნეობა მხოლოდ მოსავლის მისაღებად კი არაა, არამედ ადამიანის კულტივირებისა და სრულყოფისათვის“.
– ხუმრობთ? – სანდრომ ალმაცერი მზერა ჰკიდა, – ადამიანის სრულყოფისათვის?!
– არა, არ ვხუმრობ, – სერიოზულად მიუგო გიამ, – დიახ, ადამიანის სრულყოფისათვის… მეტსაც გეტყვით, ესაა ჩვენი ერისა და მთელი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი იმედი და საშუალება…
– თუ ეგაა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ჩათვალეთ, რომ უკვე დავღუპულვართ! – მწარედ ჩაიცინა სანდრომ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ თქვენი ახალი ფილოსოფიით თავს არ შევიწუხებთ და არც იმას დავიჯერებთ, თითქოს მიწის ხვნისა და ქიმიკატების გარეშე შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი… იაპონიაში და ავსტრალიაში მე არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ასეა და! ნახევარი საქართველო თბილისში ცხოვრობს, მეორე ნახევარი კი საზღვარგარეთაა გაქცეული!…
– მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სიამოვნებით დაბრუდებოდით თქვენს სოფელში, მიწა რომ გარჩენდეთ!
– კი ვთქვი, მაგრამ ჩემი მიწა ჩემს ოჯახს ვერ არჩენს!
– ფუკუოკას მეთოდით ანდა პერმაკულტურით გარჩენთ! დამიჯერეთ!
– გამორიცხულია, ვერ დაგიჯერებთ. ზღაპარია! ეგ თქვენი ბაღი, ტყე-ბაღი… ეგრე ეძახით, ხო?
– დიახ, ტყე-ბაღი.
– საერთოდაც ვერ გაიხარებს, მოსავალს არ მოიტანს! გიას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად შუბლი მოიჩრდილა, თვალი მოჭუტა, შორს გაიხედა და იკითხა:
– ეს რა, თბილისი გამოჩნდა უკვე?
– კი, თბილისია.
– ჰმ, რა სწრაფად ჩამოვსულვართ.
– ასწრაფდა ცხოვრება, – ჩაიცინა სანდრომ, – ჰოდა, აბა, გვაწყობს ახლა ჩვენ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები? გიამ არაფერი უპასხუა. ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ. დიღომს როცა მიაღწიეს, გიამ თქვა:
– სად შევუხვიოთ, გეტყვით… აი, აქეთ, მარცხნივ… ახლა პირდაპირ… ახლა მარჯნივ… სდექ, მოვედით! მანქანა რკინის ალაყაფის კარებთან გაჩერდა. სანდრო მობრუნდა და გიას მდუმარედ მიაჩერდა, მის მზერაში კითხვაც იყო, მოლოდინიც და რაღაცნაირი, შინაგანი დაღლილობაც. გიამ წამიერი პაუზა დაიჭირა, მერე კი გაუღიმა და უთხრა:
– დაღლილი ჩანხართ, ბატონო სანდრო, შემოდით, ცოტა დაისვენეთ…
– არა, არა, – გააწყვეტინა სანდრომ, – დიდი მადლობა. წავალ, ოღონდ…
– რა დროს წასვლაა, სიურპრიზი გელოდებათ!
– არ მინდა სიურპრიზი… რაც ღირს მგზავრობა, გადამიხადეთ, ჩემო ბატონო, და წავალ…
– ტყე-ბაღის ნახვა არ გინდთ?
– ტყე-ბაღის? – გაიმეორა სანდრომ და წამით დაფიქრდა,
– სად უნდა ვნახო? ვიდეოზე? კომპიუტერში?
– ბაღი უნდა ნახოთ ბაღში! შევიდეთ! – უთხრა გიამ კატეგორიულად, მაგრამ პასუხს არ დაელოდა, მანქანიდან გადავიდა, ჭიშკარი გააღო, გვერდზე გადგა და ხელის ცერემონიული მოძრაობით აჩვენა, შემობრძანდითო.
– სანდრო თითქოს დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ერთხანს იჯდა და ფიქრობდა, ბოლოს დაქოქა მანქანა და ეზოში შეიყვანა. ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, გადმოვიდა. გია მასთან მივიდა, წინ დაუდგა, გაუღიმა და გამოაცხადა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტყე-ბაღში! ალბათ, მიხვდით, სიურპრიზი და ტყე-ბაღი ერთი და იგივეა!
– ანუ რა, ეგ თქვენი ტყე-ბაღი მართლა არსებობს? – სანდრო გაოცებას ვერ ფარავდა, -ააქ? დიღომში?
– სანდრომ მიმოიხედა. გარშემო კერძო სახლის ჩვეულებრივი ეზო იყო. პერმაკულტურისა არაფერი ეტყობოდა.
– აბა, სადაა ეგ თქვენი ტყე-ბაღი? სად?! – სანდრომ ეჭვით და თან გამომწვევად იკითხა.
– ახლავე გაჩვენებთ, – გაუღიმა გიამ, – წამომყევით… გია შებრუნდა და წინ წავიდა. სანდრო მიჰყვა. სახლს შემოუარეს, მომცრო აუზს გასცდნენ, სადაც თევზები დაცურავდნენ, ბილიკით რამდენიმე მეტრი დაფარეს და შემოღობილ ნაკვეთს მიადგნენ. გიამ ბოქლომიანი კარი გახსნა, შევიდნენ. პირველი, რაც სანდროს თვალში ეცა, ბაღის დაბურულობა, მცენარეთა თვალშისაცემი სიჭარბე თუ ხვავრიელობა იყო.
– თანამედროვე ადამიანი მიჩვეულია, – დაიწყო გიამ, – ბაღში ყველა მცენარე ცალ-ცალკე უნდა იზრდებოდეს, თუ ერთადაა, ჰგონია, ბაღი მიშვებულია და მიტოვებული, არადა, ჩვენთან ყველაფერი გააზრებულია, ყველაფერი…
– როგორ? – მოკლედ იკითხა სანდრომ. ეტყობოდა, დაიბნა, ეჭვებით იყო შეპყრობილი, ანუ ძალიან უჭირდა იმის დაჯერება, რასაც ეუბნებოდნენ და უკვე რასაც საკუთარი თვალით ხედავდა.
– აი, შეხედეთ, ყველა ხეს მირგული აქვს ვაზი. ეს ნაკვეთი მაღლა ვენახადაა ჩაფიქრებული. რამდენიმე ზრდასრულ ხეზე ყურძნის მოსავალი 50 კილოგრამსაც კი აღწევს!… ამ ნაკვეთზე ადრე, სანამ ტყე-ბაღს გავაშენებდით, ჩვეულებრივი ვენახი იყო… შპალერზე მიბმული ვაზი… ისე, პატარა ნაკვეთი კია…
– რამდენი მეტრია?
– დაახლოებით 500 კვადრატია, მაგრამ ხეზე გაშვებული ვაზიდან იმდენივე და იმაზე მეტი ყურძენიც კი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივი ვენახი იძლეოდა. თანაც ახლა ყურძენიც გვაქვს და უამრავი სხვა რაღაცაც!
– რა გაქვთ? გიამ სანდრო შემაღლებულ კვლებთან მიიყვანა.
– აი, მაგალითად, კარტოფილი. კარტოფილი სინათლის მოყვარე მცენარეა და ჩრდილს ვერ იტანს, მაგრამ ჩვენ კარტოფილს თებერვალში ვთესავთ. ივნისში, სანამ ხეები გაიფოთლება და ჩრდილი გაჩნდება, მოსავალი უკვე აღებულია. ვთესავთ დაბარვის გარეშე. მიწაზე ვაწყობთ და მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. ასევეა ნიორიც. შემოდგომაზე ითესება და ხეების გაფოთვლამდე
მოსავალი აღებულია. გია დაიხარა და მულჩის ფენა გადასწია – სანდრომ ბლომად კარტოფილი დაინახა. ზოგი საშუალო ზომისა იყო, უმეტესობა – წვრილი.
– ჰოო… – ჩაილაპარაკა სანდრომ – კიდევ?
– ნაკარტოფილარზე და ნანივრალზე ითესება კიტრი და სიმინდი ერთად. მშვენივრად ასწრებს. შეიძლება დაბალი ლობიოც შეერიოს. თუ რამე სხვა ბალახიც ამოვა, არ ვერჩით.
– რატომ?
– ასე ჯობია და იმიტომ, – ღიმილით მიუგო გიამ, – სარეველა თავისთავად ბიოლოგიური სასუქია, ხომ გახსოვთ, უნდა შეაკავო, კი არ მოსპო…
– კიდევ რა მოგყავთ?
– კიდევ, ბატონო სანდრო, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა მწარე, წიწაკა ბულგარული და სამწნილე. ამ კულტურებისთვის სინათლე აუცილებელია. ამიტომ მათთვის ყველაზე ნათელ ადგილებს ვარჩევთ. დარგვა დაბარვის გარეშე ხდება. დარგვამდე 1-2 თვით ადრე კვალს მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. დარგვისას მულჩს გადავწევთ ნიადაგის ზედაპირამდე, მერე მიწაში პატარა ორმოს ვაკეთებთ და შიგ ვრგავთ ჩითილს. მათთან ერთად ვრგავთ დაბალ ბალახოვან მცენარეებს: მარადმწვანე სალბს, რეჰანს, ხავერდულას, კალენდულას… მულჩის ფენამდე მზის სხივი ვერ უნდა აღწევდეს.
– რატომ?
– რადგან ჩვენი მიზანია, გვქონდეს „ორმაგი მულჩი“. პირველი ფენა მკვდარი ორგანიკაა და მეორე – ცოცხალი სარგებელი შემდეგია: პირველი, ეს მცენარეები მოსაყვან მცენარეებს იცავენ მავნებლებისგან. მეორე, კვალი დაფარულია მწვანე საფარით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ფოტოსინთეზის აქტიური პროცესი. ნიადაგი მინიმუმ 3-4 გრადუსით უფრო გრილია, ვიდრე ჰაერი. ამიტომ კვალზე ჩნდება დღის კონდენსატი, ანუ კვალი თავისით ირწყვება. მკვდარი ორგანიკა კი იწვევს ღამის კონდენსატის გაჩენას, რაც ნიადაგს გამოშრობისაგან იცავს. მულჩის გარეშე ნიადაგიდან აორთქლებული წყალი გააჩენდა ცვარს, რომელიც სოკოვანი დაავადებების მთავარი მიზეზია, შემდეგ აორთქლდებოდა და ატმოსფეროს შეუერთდებოდა. ჩვენს შემთხვევაში ნიადაგიდან აორთქლებული წყალი მულჩის ქვედა ფენაზევე კონდენსირდება და ნიადაგს უბრუნდება. მესამე, ამ კვალზე მუდმივად მიმდინარეობს ჰუმუსის წარმოქმნის პროცესი. ნიადაგში მრავლდებიან ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც აუცილებელია მცენარის კვებისა და ჯანმრთელი განვითარებისათვის. მკვდარი ორგანიკა ბაქტერიებისა და სოკოების საკვებია. მათი განვითარებისათვის საჭირო სიგრილე და ნესტიც უზრუნველყოფილია. უცებ სანდრომ ქათამი დაინახა, რომელმაც ცხვირწინ გადაურბინა და ბუჩქებში შეძვრა.
– ქათამს უშვებთ ბოსტანში? არ აფუჭებს?
– პირიქით, გვეხმარება… პერიოდულად ქათმებსა და იხვებს ვუშვებთ. ჰუმუსის წარმოქმნის პროცესის გასააქტიურებლად
– ბუნებრივ სასუქს იძლევიან. ამასთანავე, ლოკოკინებსა და მწერებს ჭამენ. სანდრო დაფიქრდა, ჩაცუცქდა, მულჩის ფენა ასწია, ქვეშ შეიხედა და მერე იკითხა:
– მულჩი მართლა ეგეთი მაგარი რაღაცაა?
– მაგარია. ნიადაგი ორმაგი საფაარველითაა დაფარული: ცოცხალი და მკვდარი ორგანიკით, რაც მნიშვნელოვან შედეგს უზრუნველყოფს: მცენარეებს მუდმივად აქვთ საჭირო რაოდენობის წყალი და საკვები…გარდა ამისა, არის ადგილი მტაცებელი მწერების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებლად, რომლებიც ჩვენთვის „მავნე მწერებით“ იკვებებიან და, თავისდაუნებურად, ჩვენს მოსავალს იცავენ. ვგულისხმობ ჭიამაიას, ჩოქელას, ობობას, გომბეშოს, ხვლიკს… სანდრო წამოდგა, წელში გასწორდა და ხის ტოტზე ქლიავი დაინახა… გიამ ეს შენიშნა, ქლიავი მოუწყვიტა და მიაწოდა.
– გასინჯეთ. შემოვიდა უკვე. გემრიელია. სანდრომ ჩაკბიჩა, დაგემოვნებით გაღეჭა, გადაყლაპა
და ჩაილაპარაკა:
– მართლა გემრიელი ყოფილა… – მერე გიას მიუბრუნდა და ჰკითხა, – კიდევ რა ხეები გაქვთ?
– ძირითადად, უნაბია და ფშატი… ქლიავი შიგადაშიგაა… კიდევაა ლეღვი, კომში, ჯუჯა კაკალი, თუთა, ფსტა… ახლა კენკრას გაგასინჯებთ, ამ ხეების ქვეშ კარგად რომ
ხარობს… რამდენიმე მეტრი მაღალ, ხშირ ბუჩქებში გაიარეს და გაჩერდნენ.
– აბა, ეს ჟოლო ნახეთ…
– რა გემრიელია…
– კიდევ გვაქვს მოცხარი, ხურტკმელი… ბუნებაში ეს მცენარეები ტყეში იზრდება, ხეების ქვეშ. პირდაპირი მზის სხივები არ უყვართ. მონოკულტურულ პლანტაციებში ეს არაა გათვალისწინებული და ამიტომ კენკრა მუდმივად სტრესშია. ახლა დაიწყეს „მზის დამცავი ბადეებით“ პლანტაციების გადახურვა. არადა, ხეებით გადახურვა ბევრად იაფიცაა და სხვა სიკეთეებიც მოაქვს.
– რამდენი წელია, რაც ეს ტყე-ბაღი გაქვთ?
– მეექვსე წელია… ასეთი ბაღის მოვლა ერთი სიამოვნებაა, ბატონო სანდრო. არ იღლები, უბრალოდ თვალყურს ადევნებ და რასაც დაინახავ გასაკეთებელს, ეგრევე აკეთებ… მუდმივად რაღაც მწიფს, რაღაც ახალი შემოდის… ნამდვილი სავანეა… როგორც კი ხეები მოძლიერდება, აუცილებლად დავკიდებთ ჰამაკს… ახლა კი მოდი, თითო ჭიქა დალიოთ, დავილოცოთ…
– ერთი წამით, ჩემო ბატონო, – სანდრომ გია გააჩერა, და მერე დაფიქრებით, პაუზებით ალაპარაკდა, – რომ ამბობთ, თავის მიწაზე კაცი ამ მეთოდით თუ იმუშავებს, ოჯახს არჩენსო… დავუშვათ, მართლაც მიიღებს მოსავალს, სხვადასხვანაირ პროდუქტს, მაგრამ ოჯახს მხოლოდ ჭამა ეყოფა?… ფული უნდა, მუდმივი შემოსავალი… რომ იცხოვროს… გადასახადებისა და ტრანსპორტის ხარჯია, ჩაცმა-დახურვა უნდა, წამალი უნდა, ბავშვებს სწავლა უნდათ… საიდან ექნება შემოსავალი?… რა მოუვა ისეთი და იმდენი რომ გაყიდოს?… და იმ ფულით იცხოვროს ადამიანურად?… ღირსეულად?
– ბატონო სანდრო, მოკლედ გეტყვით, – მიუგო გიამ, – ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან კაცი დაახლოებით 20 ტონა ყურძენს მიიღებს შემოდგომაზე. ეს იქნება მისი ერთიანი შემოსავალი. გარდა ამისა, პერიოდულ შემოსავალს მისცემს ბოსტნეული, კენკრა, ხილი…
– 20 ტონა? – თავისთვის გაიმეორა სანდრომ, ისევ ჩაფიქრდა. გიამ ანიშნა და წინ წავიდა. იმავე ბილიკით სახლთან მივიდნენ. გიამ სტუმარი ძელსკამზე დასვა მომცრო მაგიდასთან. სანდრო ხმას არ იღებდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ერთდროულად ფიქრებში ჩაძირულსა და დარეტიანებულს ჰგავდა.
– ბატონო სანდრო, ერთი წამი დამელოდეთ, ახლავე მივხედავ ყველაფერს… ჩემები ქალაქში არიან საქმეებზე. დიასახლისიც მე ვიქნები და მამასახლისიც!… სახელდახელო სუფრა გიამ მართლა წამში გაშალა, მაგრამ სანდრო ვერაფერს ამჩნევდა. გაშეშებული იჯდა, ერთ წერტილს მიშტერებული. გიამ ღვინო ჩამოასხა, ჭიქები შეავსო, სადღეგრძელო უნდა დაეწყო, მაგრამ სანდრო თითქოს უცებ გამოფხიზლდაო, სიტყვის თქმა არ აცალა, წამოდგა და გამოაცხადა:
– ჯერ მე ვიტყვი, ბატონო გია, თუ შეიძლება!… ჯერ მე!… მაპატიეთ… ღმერთმა დაგლოცოთ!… და ხელი მოგიმართოთ!… ფულს იქით გადაგიხდით, ოღონდ ეგეთი ტყე-ბაღი იმერეთში როგორ გავაშენო, მასწავლეთ, თქვენი ჭირიმე!…
2020 წელი
იანვარი-თებერვალი