რეკლამა

ურბანული ტყის მნიშვნელობა

შევდივართ ეპოქაში, რომელშიც კლიმატური ცვლილებების მიმართ ადამიანის დამოკიდებულება
მკვეთრად შეიცვლება, რადგან იგი აღარ არის ე.წ. „ჩვენ ეგ არ მოგვესწრება“ კატეგორიიდან. ყოველდღიურ ცხოვრებაში კლიმატურ ცვლილებებს არათუ ვამჩნევთ, არამედ მისი ზეგავლენის ქვეშ ვექცევით. რამდენჯერ გაგვიგონია, რომ ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს, ზამთარი კი – ზამთარს. ეს ყველაფერი კი უკვე ჩვენთვის სერიოზული პრობლემების მომტან ზეგავლენას ახდენს
ბუნებაზე, როგორებიცაა გახშირებული ხანძრები, გაუდაბნოება, ღვარცოფები, წყალდიდობები და სხვა.

სანამ ბოლომდე გონს მოვეგებით, ადამიანმა იმ მასშტაბის ზიანი მიაყენა ჩვენ პლანეტას, რომ მხოლოდ კონსერვაცია საქმეს ვეღარ უშველის, საჭიროა ინტენსიური აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. როგორც ვიცით, ყველა წყარო ადასტურებს, რომ საქართველოს 40% ტყით არის დაფარული. დიახაც, რუკებსა და ფურცელზე ასეა, მაგრამ რეალურად ტყის რა ნაწილი გადაურჩა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბარბაროსულ ჭრებს, ამას სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე აღწერა უპასუხებს ფურცელზე მაინც. საქართველოს ტყეების მდგომარეობიდან გამომდინარე,
არსებულის მხოლოდ დაცვა და შენარჩუნება საკმარისი აღარ არის, საჭიროა გატყიანების მასშტაბური პროექტები, რომლებშიც სახელმწიფოს მხარდამხარ მთელი საზოგადოება უნდა ჩავერთოთ.

ერთი უბედურებაა, როცა სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საზოგადოება თვითონ ჩეხავს და ანადგურებს ტყეს, ხოლო ბევრად დიდი მასშტაბების ზიანის მომტანი არის ის ეკონომიკურად „განვითარებული“ საზოგადოება, რომელიც, ქვეყანაში ტურიზმის, ეკონომიკისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მზად არის ინფრასტრუქურულ განვითარებას შესწიროს თავისივე გარემო.
ფონდის სახელწოდებიდან გამომდინარე – „ განვითარება და გარემო“ – მკაფიოა, რომ ჩვენი გუნდი განვითარების არათუ მოწინააღმდეგე, არამედ მის აუცილებლობაში დარწმუნებულია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოს ხარჯზე. ქარხანა, ჰესი, მაგისტრალი, კორპუსები შეგიძლია ააშენო, დაანგრიო, ისევ ააშენო, მაგრამ დაზიანებულ და განადგურებულ ბუნებრივ ჰაბიტატებს ვეღარ
აღადგენ, ან ისეთი ძვირი დაგიჯდება, რომ ამისთვის განხორციელებული პროექტი არარენტაბელური ხდება.

ბუნება ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ ექცევა ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწის კომერციულად გამოყენება ბევრად დიდი ცდუნებაა, ვიდრე მისი დაცვა და კონსერვაცია. შესაბამისად, ურბანული ტყეების არსებობა და განვითარება კრიტიკულად აუცილებელია ნებისმიერი ქალაქისთვის. თბილისის ურბანული ტყის (მთაწმინდა-კუს ტბის ფერდი) რეაბილიტაცია-განვითარების პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ურბანული ტყეების კონცეფციის განვითარება; პირველ ეტაპზე შეირჩა ორი: საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი და დღეისთვის ალბათ ყველაზე მეტი ეკოლოგიური პრობლემის მქონე ქალაქი რუსთავი.

ქუთაისი

უკანასკნელ ათწლეულში ქუთაისში მიმდინარე მოვლენებმა, ვგულისხმობთ პარლამენტის გადატანა-უკან დაბრუნება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, მკვეთრად შეცვალა როგორც ქალაქის კონკრეტული მონაკვეთების იერსახე, ასევე მთლიანად ქუთაისს შესძინა სხვა დატვირთვა და განვითარების შესაძლებლობები. უნივერსიტეტის მიმდებარედ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია საღორიას ტყე, რომელსაც შესაბამისი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კვლევები დაადგენს, თუ რა ნაწილიდან იქნება საჭირო გამხმარი ხეების გამოტანა და ბუნებრივი თვითგანახლების პროცესისთვის ხელშეწყობა, სად იქნება შერგვები საჭირო და ა.შ.

რუსთავი

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მრეწველობის მიმართულებით რუსთავში ფუნქციონირებს რამდენიმე ობიექტი, ქალაქს მწვანე სივრცეების განვითარების კუთხით გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი. გამოკვლეული იქნება დაახლოებით 1000 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია. კვლევების შესაბამისად დაიგეგმება რუსთავის ურბანული ტყის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ჭალის ტყის აღდგენა რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები