ფონდ „განვითარება და გარემოსა“და „კუს ტბა კალას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კუს ტბა გეოგრაფიულად ოთხივე მხრიდან ესაზღვრება თბილისის ურბანული ტყის ტერიტორიას, შესაბამისად მხარეები შეთანხმდენენ ითანამშრომლონ „კუს ტბის პროექტის“ განხორციელებისას, რადგან პროექტი სრულად იზიარებს თბილისის ურბანული ტყის კონცეფციას. თავის მხრის, ფონდი „კუს ტბა კალას“ გაუზიარებს თბილისის ურბანული ტყის ფარგელებში ჩატარებულ კვლევებს და გასცემს რეკომენდაციებს „კუს ტბის პროექტის“ განხორციელების პროცესში.
კუს ტბის განვითარების ახალი გეგმა
რეკრეაციული ზონა თბილისის თავზე, ფერდობებში ჩაკარგული კუს ფორმის ტბა, დიდი ხანია თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი სივრცეა, სადაც მრავალი წელია თავს იყრიან მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ცხოველებთან ერთად.
1960 წელს კუს ტბაზე ასასვლელად გაჭიმულმა საბაგირო გზამ მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, თბილისური სიცხისა და ქაოსისგან თავშესაფრად სიმწვანეში ჩაფლულ ბუნებრივ გარემოს ნამდვილად მოჰქონდა შვება. არქივებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1963 წლის გრანდიოზული პროექტი მთლიანად მოიცავდა მთაწმინდის, კუს ტბისა და ვაკის პარკის კომპლექსს, მაგრამ შემდგომ წლებში ერთიანმა გეგმამ სახე დაკარგა და კუს ტბის მიდამოები დამოუკიდებლად, ქაოტურად და სტრატეგიის გარეშე განვითარდა. მრავალი წლის განმავლობაში ამ ყველაფრის კვლავ გაერთიანება და ერთიანი სახის მიცემა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რამაც კუს ტბის იერსახე დააზიანა, ასევე, გაჩნდა სხვადასხვა ტიპის პრობლემა:
– ტერიტორია მრავალრიცხოვანი ღონისძიებების დროს გადატვირთულია, პარალიზებულია მისასვლელი გზები.
– რთულდება სარეკრეაციო ხასიათის შენარჩუნება, რადგან ტერიტორიაზე არსებული ობიექტები და სივრცეები არათანაბრადაა გადანაწილებული, რაც პერიოდულად იწვევს სხვადასხვა ინტერესთა და ასაკობრივ ჯგუფებს შორის კონფლიქტურ გადაკვეთებს.
– ერთიანი სტრუქტურის არარსებობის გამო არსებულ ობიექტებს უჭირთ განვითარება, რაც გამოიხატება დაბალი ხარისხის სერვისსა და მომსახურებაში.
– დროთა განმავლობაში სახე იცვალა ისტორიულმა შენობებმა, სხვადასხვა ობიექტის იერსახე კი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.
ამ და სხვა ხარვეზებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია კუს ტბის განვითარების ერთიანი გეგმა, რომელიც უკვე არსებობს და მისი ეტაპობრივი აღსრულებით თბილისის ერთ-ერთი ისტორიული და უძვირფასესი სარეკრეაციო ზონა მიიღებს სწორედ იმ სახეს, რომლითაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს პირველ რიგში ბუნებას, ეკოლოგიურ ზონას, ასევე, სივრცის ვიზიტორებს – ყველა ასაკის, ინტერესისა და ხასიათის მქონე ადამიანს, მათთან ერთად კი – ოთხფეხა მეგობრებს.
რა იგეგმება კუს ტბაზე?
– ზრუნვა გარემოზე: ტბის ეკოლოგიის დაცვა და წყლის დონის კონტროლი, ბალანსი ნაშენ და მწვანე სივრცეებს შორის ბუნების სასარგებლოდ. – რეკრეაციული ზონის ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისა და ასაკობრივი ჯგუფისა და ტურისტებისთვის. კუს ტბამ უნდა დაიბრუნოს სოციალური მნიშვნელობა და ურთიერთობები კვლავ ეფუძნებოდეს გახსნილ კომუნიკაციას. ახალი გეგმის მიხედვით, ტერიტორია დაყოფილი იქნება ოთხ ძირითად ზონად: შერეული, წყნარი, აქტიური და ლანდშაფტური.
– პირველ ზონაში თავმოყრილი იქნება კუს ტბის მთავარი მოედანი, რესტორანი – თაღებიანი შენობის რესტავრირების შედეგად, სარეკრეაციო სივრცეები, ეკო კაფე, სანაპირო ზოლი, ნავსადგური.
– წყნარი ზონა მოიცავს სივრცეს პატარა ბავშვებისთვის, სანაპირო ზოლს, კაფესა და ერთდღიან დასასვენებელ კომპლექსს (სპა, მასაჟი, იოგა, დეტოქს კაფეები).
რაც შეეხება აქტიურ სივრცეს, აქ შეხვდებით სკეიტ პარკს, ღია და დახურულ სავარჯიშო სივრცეებს, ადგილს შინაური ცხოველებისთვის, თავშეყრისა და სოციალიზაციისთვის კომფორტულ გარემოს, სცენას ღონისძიებებისთვის, სპორტულ მოედნებსა და პარკინგის შენობას. სარეკრეაციო ზონა კი მთლიანად მოცული იქნება საფეხმავლო ბილიკითა და გამწვანებით. არსებულ წრეს ემატება დამატებითი ორი წრე, რომელიც შეუერთდება ძირითად ბილიკს და ერთიანი სისტემით განვითარდება. რაც შეეხება სანაპირო ზოლებსა და კაფე-ბარებს, სანაპირო ზოლი მთლიანად უნდა გაიხსნას, დაუშვებელია ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების მოწყობა, მათი იერი უნდა შეესაბამებოდეს საერთო დიზაინს.
პარკინგის ნაცვლად მთავარი მოედანი, სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილთან და ორ ბორცვზე განლაგებულ ობიექტებთან ერთად ტბის მთავარ ცენტრად იქცევა. კაფე-ბარების ვიზუალური სახე კი ერთიანი უნდა იყოს და ნაწილობრივ გაიხსნას, რომ არ ტოვებდეს დანაწევრებული, დამოუკიდებელი ობიექტების შთაბეჭდილებას. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს კუს ტბის, როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმის სახე. აქ მოსულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა, ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანი პოულობდეს მისთვის შესაბამის სივრცეს და ირგებდეს ინტერესების მიხედვით. უმნიშვნელოვანესია როგორც ადამიანების, ისე ცხოველების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე, ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა. ერთიანი დიზაინით და ინფრასტრუქტურით ამ სივრცეს საშუალება მიეცემა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული ზონა, რაც, ბუნებასთან კავშირის გარდა, სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.