მერაბ გაფრინდაშვილი
გეოლოგი (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი)
ნანა ქიტიაშვილი
ჰიდროგეოლოგი (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გეოლოგიის დეპარტამენტი)
გიორგი გაფრინდაშვილი
გეოლოგი (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გეოლოგიის დეპარტამენტი)
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსია, რომელიც ნიადაგებში, ქანების ფორებსა და ნაპრალებში, ან კარსტულ სიცარიელეებში წარმოიქმნება. იგი არა მხოლოდ ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გარემოში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობს, არამედ უდიდეს როლს თამაშობს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მიწისქვეშა წყალი ადამიანებისათვის უხილავ გარემოში წარმოიქმნება, იგი ხილულია ბუნებრივად გამომავალი წყაროების, ხელოვნურად გაყვანილი ჭაბურღილების ან საყოფაცხოვრებო ჭების საშუალებით. ვხედავთ რა ჩვენ გარშემო მრავალ წყაროს, ან ვაგემოვნებთ რა ჭის ცივ წყალს, იშვიათად გვახსენდება თუ რაოდენ დიდი საჩუქარია ის ჩვენთვის. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლებით, რომელთა გამოყენებას
დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის ინდივიდუალურ მოპოვებას საყოფაცხოვრებო ჭებისა და ჭაბურღილების საშუალებით, შემდეგ წყაროების კაპტაჟს და დღეს უკვე მიწისქვეშა წყლების წილი გადამწყვეტია მსხვილი ქალაქებისა და სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტების როგორც ცენტრალიზებული, ასევე დეცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემებში. გარდა სასმელი წყალმომარაგებისა, მტკნარი მიწისქვეშა წყლები სარწყავად, სამეწარმეო დანიშნულებით და ჩამოსხმის მიზნით გამოიყენება.
მაინც რამდენია ჩვენს ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსი?
საქართველოს სხვადასხვა მხარეში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსები დარგის სპეციალისტების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური კვლევებით შეფასდა. მტკნარი სასმელი წყლის პირველი არტეზიული ჭაბურღილი 1925 წელს – მუხრანის ველზე, 1939 წელს კი ტირიფონის დაბლობზე იქნა გაყვანილი, რასაც მოჰყვა დიდი ინტერესი
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების შესაფასებლად. ამ დროიდან
მოყოლებული XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე განხორციელებული საველე-ძიებითი სამუშაოების, დეტალური ჰიდროგეოლოგიური კვლევებისა და რეჟიმული მონიტორინგის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში) ფორმირებული მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსი 573 მ3/წმ (573 000 ლ/წმ) ოდენობით განისაზღვრა და უმაღლესი ხარისხის სასმელი თვისებებით დახასიათდა.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების ბუნებრივი რესურსის 63% (363 მ3/წმ) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონო-მიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის მხარეებში ფორმირდება; 24% (137 მ3/წმ) – აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – შიდა
ქართლის (მათ შორის, ისტორიული სამაჩაბლოს), კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში, ხოლო 13% (73 მ3/წმ) – სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილი ინფორმაცია XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე განხორციელებულ კვლევებს ეყრდნობა. მას შემდეგ ცენტრალიზებული ჰიდროგეოლოგიური კვლევები პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების მონიტორინგი აღარ ხორციელდებოდა (თუ არ ჩავთვლით დიდი ქალაქების წყალმომარაგებისთვის გამოყენებული წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩატარებულ
ლაბორატორიულ კვლევებს). პარალელურად, სწორედ ამ წლების განმავლობაში, სასმელ-სამეურნეო წყალზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა და მიწისქვეშა წყლების ექსპლუატაცია უსისტემოდ მიმდინარეობდა, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.
სასმელ- სამეურნეო წყლის რესურსებზე მზარდი მოთხოვნილების გამო, მრავალი კერძო თუ იურიდიული პირი ცდილობს წყალმომარაგების ინდივიდუალური წყარო იქონიოს, რის გამოც ბოლო ათწლეულებში მიწისქვეშა წყლის რესურსზე ზეწოლა განსაკუთრებით გაიზარდა. სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების გაყვანა და წყლის რესურსის მზარდი ათვისება წლების
განმავლობაში სახელმწიფო ცენტრალიზებული კადასტრის წარმოების გარეშე მიმდინარეობს (თუ არ ჩავთვლით, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ ობიექტებს). უმეტეს შემთხვევაში, ჭაბურღილების კონსტრუქციის შერჩევისას და ბურღვითი სამუშაოებისას, არ არის გათვალისწინებული ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ბუნებრივი კანონზომიერებების შენარჩუნებას. სწორედ მიწისქვეშა წყლების
ჭაბურღილების ინტენსიური ბურღვის, გარემოზე ტექნოგენური დატვირთვისა და კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში, დღის წესრიგში დადგა საკითხი თანამედროვე მდგომარეობით შეფასებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მიწისქვეშა
მტკნარი სასმელი წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
დროში ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, მონიტორინგის ქსელის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები 2013 წლიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან ჰიდროგეოლოგიურ მონიტორინგულ კვლევებზე, მონიტორინგის ქსელის აღდგენა- გაუმჯობესებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი. აქვე მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რისთვის არის საჭირო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების
მონიტორინგი და როგორ ხორციელდება იგი საქართველოში? ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი
ინტეგრირებული საქმიანობაა, რომელიც ხორციელდება მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და შეფასებისთვის. ძირითადი რეჟიმული პარამეტრებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლებლების რეგულარული მონიტორინგი უზრუნველყოფს შეიქმნას სრული ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოქიმიური, ჰიდროგეოეკოლოგიური და ჰიდროგეოდინამიკური მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ მონიტორინგის საფუძველზე მიღებული შედეგები გამოიყენება როგორც უშუალოდ კვლევების განხორციელების პროცესში სწრაფი რეაგირებისათვის, ასევე, პერსპექტივაში, მიწისქვეშა წყლის რესურსების მოკლევადიანი და/ან გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი დროში ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 2013 წლიდან განახლდა და ქვეყანაში მონიტორინგის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგა. ამ პერიოდიდან დღემდე, ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგული აპარატურა ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, 7 სამხარეო ერთეულის 21 მუნიციპალიტეტში,
68 წყალპუნქტზე დაინსტალირდა, რომელიც მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების უწყვეტი მონიტორინგისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გადმოცემის საშუალებას იძლევა. ძირითადი რეჟიმული პარამეტრების მონიტორინგის გარდა, თითოეული წყალპუნქტიდან, წელიწადში ორჯერ მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული კვლევებისთვის.
ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოება მომავალშიც ყოველწლიურად იგეგმება, რათა შეგროვდეს სათანადო ინფორმაცია და შესაძლებელი გახდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზების განახლება, რაც აუცილებელი საფუძველია მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში და, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვაც – არის თუ არა საქართველოში საკმარისი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსი, რომელსაც ქვეყანა კლიმატის ცვლილების პირობებში ადაპტაციისთვის გამოიყენებს? როგორც აღვნიშნეთ, მრავალ დასახლებულ პუნქტში სასმელ-სამეურნეო წყლის მოპოვება ინდივიდუალურად, საყოფაცხოვრებო ჭების, წყაროების, ან ჭაბურღილების საშუალებით ხორციელდება. ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის
მიუხედავად, წყალაღების მაჩვენებლები მიწისქვეშა წყლის რესურსების გამოყენების შესახებ სრულ
სურათს ვერ იძლევა. აღნიშნული გარემოება, ერთი მხრივ, დამაიმედებელია – არაერთი დასახლებული პუნქტის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ მიწისქვეშა წყალს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს მოსახლეობა სასმელ-საყოფაცხოვრებო, თუ, ნაწილობრივ, სარწყავი
დანიშნულებისათვის საჭირო წყლის რესურსით. თუმცა, მეორე მხრივ, დეცენტრალიზებული წყალმომარაგების არსებული მდგომარეობისა და წლების განმავლობაში ჭაბურღილების საშუალებით მიწისქვეშა წყლების უსისტემო ექსპლუატაციის შედეგად, შეუძლებელია თანამედ-როვე მდგომარეობით შეფასდეს მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსი გარკვეული კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების გარეშე.
2013 წლიდან დღემდე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა, წინასწარმა ჰიდროგეოლოგიურმა კვლევებმა, თანამედროვე მეთოდოლოგიით მიმდინარე სახელმწიფო გეგმიურმა მონიტორინგმა და საველე სამუშაოების პერიოდში მოპოვებულმა უახლესმა ფაქტობრივმა მასალებმა დარგის სპეციალისტებს საშუალება
მისცათ განესაზღვრათ, თუ რა არის საჭირო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, 2021 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, მომზადდა საინფორმაციო ჰიდროგეოლოგიური ანგარიში – „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასება (არსებული მდგომარეობის ანალიზი, პროგნოზი და რეკომენდაციები)“. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია გასათვალისწინებელია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, ასევე – სახელმწიფო უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რადგან დეტალურად მოიცავს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა ეტაპობრივი განხორციელება უალტერნატივო ღონისძიებებად გვესახება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვისთვის.
დასასრულს, შეუძლებელია გვერდი აუაროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მონიტორინგული სადგურების დაზიანების შემთხვევებს უკავშირდება.
ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგული კვლევების განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, ადგილი ჰქონდა ავტომატური სადგურების ძარცვის და/ან დაზიანების შემთხვევებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიოში გარემოს დაცვისადმი ადამიანთა დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად შეცვლილია, მათ შორის, ხორციელდება ქმედითი
ღონისძიებები წყლის რესურსების დაზოგვის მიზნით. ამიტომ, არც ჩვენთვის იქნება ურიგო მუდმივად გვახსოვდეს, რომ „დალეულა ზღვაც თურმე კოვზით“ და ქვეყნისათვის მთავარ სტრატეგიულ ნედლეულს როგორც სახელმწიფოს, ასევე, თითოეული მოქალაქის მხრიდან, განსაკუთრებული დაცვა და რაციონალური ხარჯვა ესაჭიროება.