ნინო ხვედელიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ფონდში დაცულ მრავალ იშვიათ გამოცემას შორის გვხვდება ალბომი უნიკალური გრავიურების ფაქსიმილეებით. მაღალი პოლიგრაფიული დონის გამო გამოცემა, თავის მხრივ, იშვიათი წიგნის კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს გახლავთ მეცნიერ-ილუსტრატორისა და მხატვარ-ენტომოლოგის ანა მარია სიბილა მერიანის ორტომეული – „Maria Sibylla Merian. Leningrader Aquarelle, Leningrad watercolors“. ოთხენოვანი (რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული) გამოცემა დაიბეჭდა 1974 წელს ლაიფციგში. ალბომში თავმოყრილია ლენინგრადში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის არქივსა და ვ. ლ. კომაროვის სახელობის ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში დაცული პეტრე დიდის კუთვნილი უნიკალური კოლექციის ასლები. მერიანის ნამუშევრები პეტრე პირველმა 1717 წელს შეიძინა საკუთარი მუზეუმისათვის, რომელსაც „კუნსტკამერას“, ანუ იშვიათი ნივთების კაბინეტს უწოდებდა. იქ, სხვა ექსპონატებთან ერთად, დაცული იყო ანა მარიას მიერ პერგამენტის თხელ ფურცელზე აკვარელის საღებავით შესრულებული 196 ნახატი.
დიდფორმატიანი გამოცემის პირველი ტომი შედგენილია ორმოცდაათი ბუკლეტისაგან. თითოეული მათგანი მოიცავს აკვარელის უნიკალური ფერადი მთლიანფურცლიანი გრავიურის რეპროდუქციას, რომელიც დაბეჭდილია ძვირფას ქაღალდზე „ფოტოტიპიის“ მეთოდით. ყოველ ილუსტრაციას ახლავს განმარტებითი ტექსტი. წიგნს წინ უძღვის ბუკლეტების აღწერილობა-საძიებელი. გამოცემის მეორე ტომი მოიცავს 319 დანომრილ გვერდზე განთავსებულ კომენტარებს და ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილ 146 ტაბულას. თითოეულ მათგანზე დაბეჭდილია 8-9 ჩანახატი. გამოცემას ერთვის სახელთა საძიებელი და ბიბლიოგრაფია. თითოეული ტომი მოთავსებულია მუყაოს ყუთში. არაჩვეულებრივი ფოლიანტი 536 ერთეული ტირაჟით გამოიცა.
მარია სიბილას ნახატებზე წარმოდგენილია მწერების განვითარების ფაზები ყოფით დინამიკაში. ხოჭოები, მატლები, ჭუპრები, პეპლები დახატულია ევროპულ და ტროპიკულ მცენარეთა ფოთლებზე, ღეროებზე, ყვავილებზე, ფესვებზე, თესლებსა და ნაყოფებზე; ანუ, მწერებთან ერთად, ანა მარია იკვლევდა მცენარეთა მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებს თავიანთი განვითარების ყველა ეტაპზე. ალბომის ფურცლებით მკითხველი ეცნობოდა მაშინ ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობ და ეგზოტიკურ ხილსა და ბოსტნეულს: ბანანს, ანანასს, ამერიკულ ალუბალს, ვანილის ხესა და სხვ. გრავიურებზე ჩვენ ვხედავთ არა მარტო მწერებსა და მცენარეებს, არამედ ტროპიკული სამყაროს სხვა ბინადრებს: ლოკოკინებს, გველებს, ბაყაყებს, ხვლიკებს, ობობებს,
მორიელებს, ქვეწარმავლებს, კიბოსნაირებს, მოლუსკებს, მინერალებს. ანა მარია იყენებდა მიკროსკოპს და დეტალურად აღწერდა კვლევის ობიექტს. მისი სამეცნიერო საქმიანობა არ იყო უსაფრთხო: ერთ-ერთი შემთხვევის დროს იგი კინაღამ შეეწირა შხამიანი მატლის დათვალიერებას. სიკვდილისაგან მეცნიერი ადგილობრივმა ხალხურმა წამალმა იხსნა.
წიგნის მეორე ტომში მკითხველი დეტალურად ეცნობა ამ უნიკალური გრავიურების ავტორის ცხოვრებასა და მის მრავალმხრივ მეცნიერულ მოღვაწეობას. ანა მარია გახლდათ ცნობილი მესტამბე-გამომცემლისა და სამეცნიერო-დოკუმენტური ილუსტრაციის ფუძემდებელის – მატეუს მერიანის (1593-1650) ქალიშვილი. მარია დაიბადა 1647 წლის 4 აპრილს ფრანკფურტში. სამი წლის ასაკში გოგონას გარდაეცვალა მამა. დედამისი – წარმოშობით ჰოლანდიელი იოჰანა სიბილა ჰეიმი, აბრეშუმის პატარა ქარხნის მფლობელი იყო. 1651 წელს იგი ცოლად გაჰყვა იაკობ მარელს. იაკობი „ბლუმენმალერი“ (ყვავილების მხატვარი) გახლდათ და ქსოვილების მოხატვით არჩენდა ოჯახს. მამინაცვალმა შეამჩნია პატარა მარიას ხატვისადმი მიდრეკილება და ფერწერის ხელოვნებას აზიარა. ხატვის გაკვეთილებს გოგონას ჰოლანდიელი მხატვარი აბრაჰამ მინონიც უტარებდა. 1664 წლის მაისში თვრამეტი წლის მარია ცოლად გაჰყვა მარელის ერთ-ერთ მოსწავლეს, იოჰან ანდრეას გრაფს. 1670 წელს, ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნიურნბერგში, სადაც იოჰანმა დააფუძნა პატარა სტამბა. მარიას სიყვარულმა ყვავილების ხატვისადმი მოულოდნელად შეიძინა პრაქტიკული დანიშნულება. იგი შეუდგა თავსაფრებისა და მაგიდის გადასაფარებლების ყვავილებით მოხატვას. ანამ აკვარელის ფუძეზე შექმნა მდგრადი საღებავი, რომელიც არ ირეცხებოდა წყლის ჭავლით, არ ხუნდებოდა მზის სხივების ზეგავლენით და ქსოვილის ორივე მხარე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ნიურნბერგელი ქალბატონები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და უხვად ყიდულობდნენ მარიას დახვეწილ პროდუქციას. მრავალფეროვანი ნაქარგი ტანსაცმელი და სახლის დასამშვენებლად საჭირო ათასგვარი დეკორატიული ქსოვილი იმ დროისათვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალბატონების თხოვნით, მარიამ 1675 წელს გამოსცა პირველი სახელმძღვანელო საქარგავი სქემებით და მას „ყვავილების ახალი წიგნი“ უწოდა. ორი წლის შემდეგ – 1677 წელს – გამოსცა მეორე ალბომი, 1680 წელს კი მესამე წარუდგინა მკითხველს.
დედის კუთვნილმა აბრეშუმის ქარხანამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ანა მარიაზე, იგი მწერებით დაინტერესდა და დროის უმეტესი ნაწილი ენტომოლოგიის შესწავლას მოანდომა. მხატვარი მწერებს მინდვრებსა და ტყეებში ეძებდა, იჭერდა, აშრობდა, აგროვებდა კოლექციებს და აკეთებდა ჩანახატებს. მისი ხოჭოებისა და პეპლების კოლექციები ევროპის საუკეთესო ენტომოლოგიურ კოლექციებად იქცნენ. 1674 წლიდან მხატვარი შეუდგა მწერების სისტემატიზაციის შესწავლას და 1679 წელს ნიურნბერგში დამოუკიდებლად გამოსცა ალბომი. მან აღმოაჩინა, რომ სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად გარდაიქმნება, მწერები განვითარების ერთი ფაზიდან მეორეში გადადიან: კვერცხიდან – მატლი, მატლიდან – ჭუპრი, ჭუპრიდან კი პეპელა იჩეკება. მერიანმა დაიწყო მუშაობა ნაშრომზე მუხლუხების შესახებ. ასე დაიბადა გამოცემა: „მუხლუხოების არაჩვეულებრივი გარდასახვა და მათი განსაკუთრებული ფერადოვანი საკვები…“ მხატვარმა დაწვრილებით შეისწავლა და აღწერა მუხლუხოები, მატლები, ჩრჩილები, ბუზები, ობობები და მსგავსი არსებები, მათი წარმოშობა, კვება და გარდასახვა. ნატურიდან ჩახატული მწერების გამოსახულებები გადაჰქონდა სპილენძის საგრავიურო დაფებზე და ზღაპრულ სამყაროს ფურცლებზე ბეჭდავდა, რაც საკმაოდ შრომატევადი და რთულად შესასრულებელი გახლდათ ფიზიკურად ძლიერი მამაკაცისთვისაც კი.
1686 წელს მარია გასცილდა ანდრეას გრაფს, დაიბრუნა მამისეული გვარი და გაწევრიანდა ლაბაგისტების რელიგიურ სექტაში. იგი დედასა და ორ ქალიშვილთან – იოჰანა ჰელენთან და დოროთეა მარიასთან ერთად დასახლდა ნიდერლანდების პროვინციაში, ფრისლანდიაში, ვალტის სასახლეში. 1691 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა. მხატვარს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა პეპლებისადმი. იმ დროისათვის პეპელას აღორძინებული, განწმენდილი ადამიანური სულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ანა მარია 1699 წლის ივნისში პროტესტანტ მისიონერებთან ერთად გაემგზავრა სურინამში, პარამარიბოში, ნიდერლანდების სამხრეთ ამერიკულ კოლონიაში. იმ დროისათვის ეს წამოწყება უსაფრთხო არ იყო, არც მხატვარი გახლდათ ახალგაზრდა. გემზე ასვლამდე მარიამ ანდერძიც კი შეადგინა და ნოტარიუსთან დაამოწმა. მარიამ სურინამში ორი წელი დაჰყო. ამ დროის მანძილზე იგი დილაუთენია მიდიოდა პლანტაციებსა და ახლომდებარე ჯუნგლებში მხარზე
მოლბერტგადაკიდებული. ის ევროპულისაგან განსხვავებულ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს გასაოცარ ნატურმორტებს ქმნიდა. მერიანის ყურადღებას განსაკუთრებით მწერთა სახეობები იპყრობდა.
1701 წელს მარიამ დაასრულა სურინამში მოგზაურობა და ევროპაში დაბრუნებისთანავე დაიწყო თავისი ნახატების გამოსაცემად მომზადება. გრავირება მისთვის უკვე რთული პროცესი იყო, რისთვისაც მან პროფესიონალებს მიმართა. ალბომისათვის გათვალისწინებული 60 ილუსტრაციიდან ავტორმა თავისი ხელით მხოლოდ სამის გრავირება შეძლო. 35 ნახატისთვის სპილენძზე გრავირება შეასრულა პიტერ სლუიტერმა, 21 – იოზეფ მულდერმა და ერთი – დანიელ სტოპენდალმა. გრავიურების გაფერადება კი მხატვარმა ვერავის მიანდო და ეს სამუშაო თვითონ იკისრა საკუთარი ქალიშვილის დახმარებით. მანვე დაწერა ტექსტი. სამეცნიერო-ბოტანიკური შენიშვნები, მისივე თხოვნით, შეადგინა პროფესორმა კასპარ კომელინმა. მარია სიბილას მთავარ ნაშრომად იქცა „სურინამიული მწერების მეტამორფოზები“. შთამბეჭდავი ალბომი გამოიცა ამსტერდამში 1705 წელს. მისი ტირაჟი განისაზღვრა ხელმომწერთა სავარაუდო რაოდენობით და სულ ცოტათი გადააჭარბა 60 ეგზემპლარს. მათგან მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავში 12 ეგზემპლარია შემორჩენილი. ალბომი შედგენილია დიდი ფორმატის ფურცლებით. მისი ზომაა 500×345 მმ. წიგნის სატიტულე ფურცელი ულამაზესი შრიფტული ანაკრეფითაა წარმოდგენილი, რომელიც კოლოფონით მთავრდება. ფურცლის მეორე მხარეს მცირე მიძღვნაა „ბუნების მოყვარულთათვის“. მომდევნო ორ გვერდზე მკითხველისათვის განკუთვნილი მარია სიბილა მერიანის შესავალი წერილია დაბეჭდილი. წიგნის ბლოკი აწყობილია ერთიანი სქემის მიხედვით: გრავიურას მოსდევს ორ გვერდზე განთავსებული ტექსტი, შემდეგ ისევ გრავიურა და ა.შ. ილუსტრაცია შეესაბამება ტექსტის შინაარსს. წიგნში 60 მთლიანფურცლიანი გრავიურაა, რომელზედაც 90 სხვადასხვა სახეობის მწერია გამოსახული. ალბომი „სურინამიული მწერების მეტამორფოზები“ იყიდებოდა შედარებით დაბალ ფასში: 45 გულდენად, აქედან 30 გულდენი გრავიურების გაფერადებისათვის იყო განკუთვნილი, 15 – ბეჭდვისა და სხვა პოლიგრაფიული საქმიანობისათვის.
გრავიურების ხელით მოხატვა დამახასიათებელი იყო წიგნის ბეჭდვის ადრეული პერიოდისათვის. ამ მეთოდს იყენებდნენ ჯერ კიდევ ინკუნაბულების ბეჭდვამდე ქსილოგრაფიულ გამოცემებში. ნაბეჭდი წიგნებიდან იხატებოდა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი და თანაც, ამას ხშირად გამომცემელი კი არა, მისი მფლობელი აკეთებდა. მარია სიბილამ შექმნა ერთგვარი საგამომცემლო სიმბიოზი, რომელიც გულისხმობდა პოლიგრაფიული ბეჭდვისა და ხელით მოხატვის ტექნიკის შერწყმას. ამ ხერხით შეიქმნა არაჩვეულებრივი შედევრები ოფორტის ხელოვნებაში. მარია მერიანი ხატავდა უშობელის ტყავისაგან დამზადებულ უთხელეს პერგამენტზე აკვარელისა და გუაშის საღებავებით. გამონაკლისის სახით იგი იყენებდა პ. ბერჟეს (ძონძის) ქაღალდსაც. მხატვარი და მეცნიერი ნახატის ქვედა ფენას ფუძის სახით, თეთრი ფერის საღებავით ღებავდა, რომლის საშუალებით პერგმენტის ზედაპირი ერთგვაროვანი და ნაზი მოჩანდა. გასაოცრია, რომ სამასი წლის შემდეგაც საღებავის ფერები ისევ ხასხასაა. დახვეწილ ნამუშევრებზე არაჩვეულებრივი სიზუსტითაა შესრულებული თითოეული დეტალი. მერიანი თითქმის არ იყენებდა ჩრდილებს და ნახატებზე განათების ეფექტი თითქმის უგულებელყოფილია. მისი ხატვის ტექნიკა გვაიძულებს აღფრთოვანებით ვუყუროთ პერგამენტის ფურცლებზე თითქოს ჯერ კიდევ ახლახან დამთავრებულ და გაუმშრალ ნახატებს. „დავცქერით ბუნების უმშვენიერეს სამყაროს, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენი მოკლე ზაფხულის მანძილზე“ – წერდა მათზე ერთ–ერთი მკვლევარი.
მარია დეტალურად გადმოგვცემდა მწერების ცხოვრებას. იგი წერდა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მახინჯი შავი მუხლუხოსაგან უმშვენიერესი პეპელა გამოიჩეკებოდა“… საკუთარ მრავალწლიან, დაუღალავ შრომას მარია მერიანი ასე ხსნიდა:
„მინდოდა მკითხველისთვის წარმედგინა ღვთის სასწაული იმისთვის, რომ მედიდებინა უფალი, როგორც ამ პატარა არსებათა შემქმნელი“…
მარია სიბილა გარდაიცვლა ამსტერდამში 1717 წლის 13 იანვარს ორი წლის ავადმყოფობის შემდეგ, სამოცდაათი წლის ასაკში. მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა მან თავის ორ ქალიშვილს დაუტოვა. მათგან არცერთს არ გაუგრძელებია დედის
საქმიანობა.
მარიას გარდაცვალების შემდეგ ამსტერდამელმა გამომცემელმა იოჰან ოსტერვიკმა შეისყიდა სახელგანთქმული ალბომის ყველა საგრავიურო დაფა, პირველი გამოცემის 60 გრავიურას დაუმატა 12 გრავიურა და 1719 წელს გამოსცა „სურინამიული მწერების მეტამორფოზების“ ახალი გამოცემა. მის გასაფერადებლად აკვარელის საღებავსაც მარია მერიანის სამხატვრო სახელოსნოში მიაკვლიეს. მეტამორფოზების მესამე გამოცემა 1726 წელს დაიბეჭდა ჰააგაში. მას მიჰყვა მეოთხე, რომელიც 1730 წელს ამსტერდამში გამოიცა და მეხუთე – 1771 წელს პარიზში. ყველა მათგანი განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს.
მარიას გარდაცვალების შემდეგ მისი უმცროსი ქალიშვილი დოროთეა მარია გენრიეტა ცოლად გაჰყვა შვეიცარიელ ფერმწერს გეორგ გზელს. ოჯახი 1717 წელს სანკტ- პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. გზელი დაკავებული იყო მეფის საზაფხულო სასახლეში ფერწერული ნიმუშების ხატვით. ცოლ-ქმარი ზრუნავდა პეტრე დიდის მიერ დაარსებული კუნსტკამერაზე. დოროთეას ქალიშვილი 1776 წელს ცოლად გაჰყვა მსოფლიოში ცნობილ მათემატიკოსს, პეტერბურგის აკადემიის აკადემიკოსს ლეონარდ ეილერს. მისი წყალობით მოხვდა რუსეთში მარია მერიანის სამხტვრო მემკვიდრეობის ნაწილი.
მარია სიბილას სახელი და მისი ნამუშევრები კარგადაა ცნობილი ევროპაში, იაპონიაში, ამერიკაში. მხატვრისა და ბუნების დაუღალავი მკვლევრის შემოქმედება არა მხოლოდ ხელოვნების ისტორიკოსების, არამედ ბოტანიკოსების, ენტომოლოგებისა და სამეცნიერო ილუსტრაციების ტექნიკის მკვლევრების უდავო ინტერესის იწვევს, რასაც ცხადყოფს მისი ნამუშევრების გამოფენების სიმრავლე და წიგნების მრავალჯერადი გამოცემა. სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ბევრია დაწერილი მარიას კვლევის მნიშვნელობაზე ენტომოლოგიასა და ბოტანიკაში. ხელოვნების კრიტიკოსები აღიარებენ მისი მხატვრული უნარ-ჩვევების თავისებურებებს.
მარია სიბილა მერიანის სახელის უკვდავსაყოფად გერმანიის სახელმწიფომ მისდამი პატივისცემა ფულის ერთეულზე ასახა: გერმანული მარკის 500 ბანკნოტიანი ვალუტის წინა მხარეს მისი პორტრეტი და ნიურნბერგის სტილიზებული პეიზაჟია აღბეჭდილი.