რეკლამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალი პროექტი მწვანე ბანაკი – ,,კლიმატის ელჩები” მოსწავლეებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ახალი პროგრამის, მწვანე ბანაკის – „კლიმატის ელჩები“ პირველი ნაკადი დაასრულა. მასში მონაწილეობა  26-მა  ეკოლიდერმა და მოხალისემ  მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.  მწვანე ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლიდერებისათვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობის შეთავაზებას, ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეები. მონაწილეები, ასევე, 8 დღის განმავლობაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, მუშაობდნენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე, როგორებიცაა: ტყის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნება, თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის შემცირება. კლიმატის ელჩებმა დაბა ბაკურიანში განლაგებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური მოინახულეს და მიიღეს ინფორმაცია, თუ რა პარამეტრებს ზომავს ის, რა მიზნით გამოიყენება მიღებული ინფორმაცია და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დაკვირვებების არსებობა მეტეოროლოგიაში. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა დაკვირვების სისტემები, რომლებიც გამოიყენება ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებისთვის. ინტენსიური საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში ეკოლიდერები და მოხალისეები მონაწილეობდნენ შემეცნებით აქტივობებში,  გუნდურ თამაშებში და შექმნეს ბანაკის ჰიმნი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ახალგაზრდებს ბანაკის დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. „მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების გზით,“ – განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ბანაკის მონაწილე მოხალისეები და ეკო-ლიდერები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ – ახმეტას, გარდაბანს, გორს, გურჯაანს, ზუგდიდს, თბილისს, თელავს, ლაგოდეხს, სენაკს, ქობულეთსა და ხობს.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება არის ძალიან აქტუალური და რთული დღევანდელ ცხოვრებაში, სწორედ ამან გამოიწვია პროექტით ჩემი დაინტერესება. ბანაკის ფარგლებში შევიძინეთ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორებიცაა – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა; ასევე გავიარეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი სესიები ტყეების მართვის, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, ორჰუსის კონვენციის, კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ, შეძენილი ცოდნა გავაზიაროთ ჩვენს მუნიციპალიტეტში. ტრენინგებს გვიტარებდნენ გამოცდილი ტრენერები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი,“ – აღნიშნავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე  ანიტა ლაზიშვილი.

„ბანაკში შევქმენით პროექტები კატასტროფების მართვის საკითხთან მიმართებით, რომლებსაც ბანაკის დასრულების შემდეგ რეგიონებში განვახორციელებთ. სწორედ ასეთი პატარა პროექტები, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული და განათლებული საზოგადოება შეცვლის ჩვენს სამყაროს უკეთესობისკენ,“ – განაცხადა გიორგი ჯოჯუამ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

„მწვანე ბანაკში განვივითარეთ ისეთი უნარები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ თემში კიდევ უფრო აქტიურები გავხდეთ და განვახორციელოთ გარემოსდაცვითი პროექტები, რომლებიც ბანაკში შევიმუშავეთ. ლექციებზე განვიხილეთ მეტყევის პროფესია, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები,“ – აღნიშნავს ია ეპიტაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის – ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" – ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდისა, საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები