რეკლამა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უხუცესი მცველი

ტარიელ ხიჯაკაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერად 1999 წლიდან მუშაობს. იგი 23 წელია ერთგულად ემსახურება ბუნებას და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა, რომელსაც ახალგაზრდა თაობას უზიარებს. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, იყო უამრავი სიხარული, წარმატება, სევდა თუ ხიფათი, მაგრამ ერთი რამუცვლელი დარჩა – ბუნებისადმი უანგარო სიყვარული:
– ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ბუნებაში გავატარე, მიყვარს ტყეში ხეტიალი, ცხოველები, გარემოზე დაკვირვება და რეინჯერიც ბუნების სიყვარულის გამო გავხდი. თუ ბუნება არ გიყვარს, რეინჯერად ვერ იმუშავებ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მისი შექმნის პირველი დღიდან ვმუშაობ, ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა და განვითარდა აქაურობა.

გაიხსენეთ ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკის შექმნის პირველი დღეები… რა სირთულეები იყო მაშინ…
– ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩამოყალიბებას ბევრი სირთულე ახლდა თან, მიმდინარეობდა ხე-ტყის უკანონო ჭრა და ნადირობა. ბრაკონიერობა განსაკუთრებით აქტიური იყო ხარაგაულის რაიონში. მოსახლეობაც უარყოფითად იყო განწყობილი, თვლიდნენ, რომ ეს ტერიტორიები გერმანიის მთავრობამ იყიდა, რადგან აღნიშნულ პროექტს ისინი აფინანსებდნენ და სარგებელიც მათ ექნებოდათ. შემდგომში მათი დამოკიდებლება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ
შეიცვალა. ხალხმა დაინახა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნით ჩვენ შევძელით ამ უნიკალური ბუნებისა და სახეობების შენარჩუნება.

როგორი უნდა იყოს კარგი რეინჯერი?

– რეინჯერი უნდა იყოს გაწონასწორებული, უშიშარი, ბუნებისა და ბრიომრავალფეროვნებისადმი დიდი სიყვარულით გამორჩეული. კარგად უნდა იცნობდეს იმ ტერიტორიას, რომელზეც პატრულირებს. მნიშვნელოვანია იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საერთო ენის გამონახვა მოსახლეობასა და სტუმრებთან, საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

თქვენი სამუშაო განრიგი საკმაოდ დატვირთულია, უფლება-მოვალეობებიც ბევრი გაქვთ, რთულია იყო რეინჯერი?
– ადვილი საქმე არ არსებობს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. თუკი საქმეს გულწრფელად უდგები, სირთულეებსაც გადალახავ და ბუნებაც უხვად დაგაჯიდოვებს სიკეთით. ჩვენთან განსაზღვრული სამუშაო დრო არ არის, შეიძლება, რაღაც შემთხვევა მოხდეს და ველზე გასვლა შუა ღამეს მოგიწიოს. ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საქმის შესრულება გვიწევს, რაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეს, დრო, ენერგია, რისკები… უნდა იცოდე დღის გეგმა, რისი გაკეთება მოგიწევს, თუ გინდა რომ საქმე კარგად შეასრულო. პირველ რიგში, სამოქმედო ტერიტორიაზე გასვლამდე, აუცლილებელია, შევამოწმოთ აღჭურვილობა, რომელიც თან უნდა ჰქონდეს რეინჯერს – ჯიპიესი, დურბინდი, იარაღი, რაცია, ფოტომახე, ზურგჩანთა, საძილეტომარა და პერსონალური პირველადი დახმარების ყუთი. ყოველდღიურად გვევალება გავაკონტროლოთ ტერიტორიაზე არსებული ბიომრავალფეროვნება. საკვანძო სახეობებისა და ბრაკონიერების პრევენციის მიზნით, ტყეში ფოტო-მახეებს ვათავსებთ. ეს საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ბრაკონიერობის ფაქტი შემდგომში მისი აღმოფხვრის მიზნით. ასევე, გვევალება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მყოფ ვიზიტორს გავუწიოთ სათანადო დახმარება. ჩვენი ყველა თანამშრომელი და რეინჯერი გადის სხვადასხვა სასწავლო კურსს და ტრენინგს იმისათვის, რომ კრიზისული სიტუაციების სწორად მართვა შეძლოს და საჭირო დროს თავის ცოდნა და გამოცდილება შესაბამისად გამოიყენოს.

რა სირთულეებს აწყდებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს?
– ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა და მისმა რეინჯერებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრი ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიწევს უკანონობასთან გამკლავება. გვქონდა რამდენიმე სამწუხარო ფაქტი, რომლებსაც ჩვენი რეინჯერების სიცოცხლე შეეწირა. 2012 წელს ბრაკონიერებმა მოკლეს მარელისის უბნის უფროსი რეინჯერი, მერაბ არევაძე. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაიღუპა დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპორაძე. ასევე, სამსახურებრივ მოვალეობას შეეწირა რეინჯერი თემურ ლომიძე. დღესდღობით ძირითად გამოწვევებს წამოადგენს ბრაკონიერობასთან ბრძოლა, ასევე ტერიტორიის დანაგვიანება, ხე-ტყის უკანონო ჭრა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე.

ამ ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო და სახალისო ისტორია გადაგხდებოდათ, ხომ ვერ გაიხსენებდით…
– როგორც გითხარით, ეროვნული პარკის ჩამოყალიბების დროს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ტერიტორია გერმანელებმა შეისყიდეს და, შესაბამისად, ეროვნულ პარკს გერმანელები მართავდნენ. ერთ-ერთი რეიდის დროს, როდესაც მთიდან ვბრუნდებოდით სოფელში, წყაროსთნ რამდენიმე ქალბატონი იჯდა. ჩვენი დანახვისთანავე დაიწყეს გაოცებული საუბარი – „შეხედეთ,შეხედეთ გერმანელები მოდიანო…“ როდესაც მივუახლოვიდთ ქალბატონებს, ქართულად მივესალმეთდა გავიარეთ. ქალბატონებიდან ერთ- ერთმა თქვა, ესენი გერმანელები კი არ ყოფილან, ანდრო ხიჯაკაძის ბიჭი, ტარიელი, ყოფილაო…

გვერდს ვერ ავუვლით ბოლო დროს მოხშირებულ ხანძრებს ბორჯომის ხეობაში, რამდენად არის დაცული ამ მხრივ კონკრეტულად ის ადგილები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის?
– ხანძრები გლობალურად პრობლემას წარმოადგენს და, კლიმატის ცვლილებასთან ერთად,მათი რაოდენობა და მასშტაბებიც იზრდება. ჩვენს ხელთ არსებული რესურსით მაქსიმალურად ვცდილობთ ხანძრების პრევენციას და გაჩენის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას ხანძრის ლიკვიდაციისთვის. გარდა კლიმატის ცვლილებისა, ხანძარს ადამიანის დაუდევრობაც იწვევს, მცირე ცეცხლის კერა ხშირად მასშტაბურ ხასიათს იღებს და ტყის ხანძრებში გადაიზრდება ხოლმე. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ყველა სტუმარმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიცვას განსაზღვრული რეგულაციები და ნორმები ხანძრების თავიდან აცილების მიზნით. ამით შევძლებთბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ჩვენ კი რეინჯერები, სანამ შეგვეძლება ერთგულად ვემსახურებით საქართველოს უნიკალურ ველურ ბუნებას.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები