სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი) მიერ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობითა და USAID/Zrda Activity in Georgia-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით.
ორგანიზაციის მისია
სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს რეგიონის ბუნებრივი და ანთროპოგენური რესურსების წარმატებული პოზიციონირება მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და, ამავდროულად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობით.
სამი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის DMO-ს ბევრი წარმატებული ისტორია დაუგროვდა. რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად ორგანიზაცია მართავს ინფორმაციულ და მარკეტინგულ ტურებს; მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში; ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად და სერვისების გასავითარებლად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
2020-2022 წლებში სამცხე-ჯავახეთის DMO ახორციელებდა აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ პროექტს – მთისა და ეკო-ტურიზმის განვითარება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. გრანტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, განხორციელდა საგანმანათლებლო აქტივობები საფეხმავლო გიდებისთვის და შეიქმნა მარკეტინგული პროდუქტი, როგორიცაა საიმიჯო ვიდეო რგოლი, საფეხმავლო ბილიკების აპლიკაცია და გზამკვლევები.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია აერთიანებს სამცხე- ჯავახეთის ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს და თავის თავში მოიაზრებს რეგიონის ტურიზმის მართვის ძირითად რგოლს. ორგანიზაციის გუნდი მზადაა თანამშრომლობისთვის!
კონტაქტი:
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
მისამართი: ხარისჭირაშვილის ქუჩა #1, ქალაქი ახალციხე, 0800
მეილი: s.javakhetidmo@gmail.com
ვებგვერდი: www.visitjs.ge
სოც. მედიის იკონკები – Visit Samtskhe-Javakheti
სამცხე-ჯავახეთის შესახებ
სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც ნებისმიერ მოგზაურს დაუვიწყარ მოგონებებს, შთაბეჭდილებებსა და თავგადასავალს უმზადებს. სამხრეთ საქართველოს ეს საუკუნოვანი კარიბჭე მოიცავს სამი უძველესი პროვინციის: სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიას. რეგიონი ისტორიული მესხეთის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. აქ წარმოდგენილ კულტურას დღემდე მესხურად მოვიხსენიებთ. რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ხოლო ახალციხე მისი ადმინისტრაციული ცენტრია.
სამცხე-ჯავახეთი ამართლებს „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავ სიტყვებს, „გვაქვს უთვალავი ფერითა“, და ეს იგრძნობა ყველგან და ყველაფერში, არა აქვს მნიშვნელობა დროს სად გაატარებთ: ტყის სიმშვიდეს შეაფარებთ თავს თუ ტბებზე მობინადრე ფრინველების ცქერით დატკბებით; ტრადიციულ მესხურ კერძებსა და ღვინოს გასინჯავთ თუ არქიტექტურითა და მასში ასახული მრავალსაუკუნოვანი ისტორიით დაინტერესდებით. გაუყევით წმინდა ნინოს ნაკვალევს და შეიგრძენით ათასწლოვანი ისტორია გამოსახული ლანდშაფტში, კულტურასა თუ კლიმატში. რეგიონის მრავალფეროვნება აქ მცხოვრებ ხალხშიც გამოიხატება. მრავალი წლის განმავლობაში სამცხე- ჯავახეთში გვერდიგვერდ სახლობდნენ სხვადასხვა რელიგიის, ტრადიციისა თუ ისტორიის მქონე ადამიანები, რაც დღემდე გრძელდება.
თუ ჯერ კიდევ არ იცნობ სამცხე-ჯავახეთს, მაშინ დრო არ დაკარგო. შეარჩიე ნაცნობი თუ ახალი ადგილები და დააგროვე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!
საფეხმავლო ბილიკები
სამცხე-ჯავახეთის მთლიან რეგიონში საფეხმავლო ბილიკები გელოდება, რომლებიც მზად არის დაუვიწყარი თავგადასავლები მოგიწყოს, საკუთარი ფეხით გაუყევი ზღაპრული ბუნებას საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. ბილიკებს მიჰყავხარ ჯავახეთის ციკლოპურ ციხეებამდე, აქ მარშრუტს თავად ირჩევ, შეგიძლია, შაორის ათასწლეულებგამოვლილ ქვაფენილს გაუყვე, ანდა აბულის მეგალითური ციხის ბილიკს დაადგე, ორივე გზა დიდებულებას შეჰმატებს შენს მოგზაურობას.
ქედი, რომელიც იდეალურ თანწყობას წარმოადგენს რელიეფთან და მუდამ მზად არის გაგაოცოს მის კალთებზე მთის ბროლებივით ჩამჯდარი ვულკანური და მყინვარული ტბებით. გინახავს ლევანის ტბა?! აბულ-სამსრის ვულკანურ რელიეფში მოქცეული, მყინვარული, მოლურჯო ელფერის ტბა ჩუმი იდუმალებით ელის მნახველთ.
გსურს გარიელების უკანასკნელი თავშესაფარი მოინახულო? მაშინ ტაბაწყურისკენ მიმავალ ბილიკს გაჰყევი, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფლამდე მიგიყვანს, იქ მისული კი აღმოაჩენ, რომ იქ ხარ, სადაც ზღაპარი და რეალობა ერთმანეთს ერწყმის. რაღას უცდი? შეარჩიე სასურველი მარშრუტი, დასტაცე ზურგჩანთას ხელი და აღმოაჩინე მრავალფეროვანი სამცხე-ჯავახეთი!!!