წყლის რესურსები
საქართველოს მდიდარი წყლის რესურსები აქვს – მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები და მიწისქვეშა წყლები. წყლის ობიექტებს შორის წამყვანი ადგილი უკავია მდინარეებს. ქვეყნის
ტერიტორიაზე 26,060 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათას კმ-ს შეადგენს. ამ მდინარეების 99.4% (25,075 მდინარე) 25 კმ-ზე ნაკლები სიგრძისაა და მათი საერთო სიგრძე
დაახლოებით 55 ათას კმ-ს შეადგენს.
საქართველოს მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა წყლების, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლებით საზრდოობს და ჭარბტენიან, ჭაობიან და მყინვარების, მუდმივი თოვლის ტერიტორიაზე ყალიბდება. მდინარეთა კვების წყაროს მიხედვით, ქვეყნის ტერიტორია ოთხ ძირითად ჰიდროლოგიურ ოლქად იყოფა:
I. კოდორი-ენგურის ზემო წელი, სადაც მდინარეები მყინვარული საზრდოობისაა, გაზაფხულის ჩამონადენი წლიური ჩამონადენის 25%-ს შეადგენს;
II. შავი ზღვისა და ალაზნის ოლქი, სადაც მდინარეები ხასიათდებიან შერეული (მყინვარული და ნადნობი თოვლი) საზრდოობით, გაზაფხულზე წლიური ჩამონადენის 26-50%-ით;
III. მტკვარი-ივრის ოლქი, შერეული საზრდოობის მდინარეებით და გაზაფხულზე წლიური ჩამონადენის 51-75%-ით;
IV. ტბიური-მიწისქვეშა ოლქი, სადაც მდინარეები საზრდოობენ ნადნობი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით, გაზაფხულზე წლიური ჩამონადენის 26-50%-ით.
მიუხედავად საზრდოობის მიხედვით ზემოთ აღნიშნული დარაიონებისა, ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ოლქში მიწისქვეშა წყლებს განსაზღვრული ხარისხის წვლილი შეაქვს. დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე განვითარებულია პატარა მდინარეები, რომლებიც სათავეს მთისწინეთის ბორცვიან ნაწილში იღებს და ძლიერი მეანდრირებითა და მდორე ნაკადით ხასიათდება. ისინი კვეთს კოლხეთის დაბლობს და შავ ზღვაში ჩაედინება.
დასავლეთ საქართველოში წყალუხვობით გამოირჩევა მდინარეები: ბზიფი, კოდორი, ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომლებიც სათავეს დიდი კავკასიონის მუდმივი თოვლისა და მყინვარებიდან იღებს. ზოგიერთი მათგანი ტრანსსასაზღვროა, როგორიცაა: მდინარე ჭოროხი, რომელიც სათავეს თურქეთის ტერიტორიაზე იღებს; საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყალიბდება მდინარე ფსოუ.
აღმოსავლეთ საქართველოზე მიედინება სამხრეთ კავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი, ყალიბდება თურქეთის ტერიტორიაზე, კვეთს მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მიედინება
აზერბაიჯანში და ჩადის კასპიის ზღვაში. მდინარის 1384 კმ საერთო სიგრძიდან საქართველოში
351 კმ მდებარეობს. მდ. მტკვრის გარდა ლიხის ქედის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი
მდინარეებია დიდი ლიახვი, არაგვი, იორი, ალაზანი, ფარავანი, ქცია-ხრამი და დებედა.
საქართველოს მთავარი მდინარეები მოყვანილია ცხრილ 4.5.1-ში. ფრჩხილებში მოცემულია ქვეყნის ტერიტორიაზე მდინარის სიგრძე და წყალშემკრები აუზის ფართობი.
მყინვარების აღნიშნული ყინულის მარაგის ნაწილი ზაფხულის განმავლობაში დნება და მდინარის ჩამონადენს ქმნის. ცხრილ 4.5.3–ში მოყვანილია საქართველოს მყინვარული აუზების ჩამონადენის შეფასება მყინვარების დნობის პერიოდისათვის (ივნისი-ნოემბერი), რომლებიც მიღებულია ემპირიული ფორმულების საფუძველზე – მყინვარის ფართობის, ფირნის ხაზის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის და მყინვარის ენის ფართობსა და მის მთლიან ფართობს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით.
საქართველოში 860-მდე ტბაა, მათი უმეტესობა ძალიან პატარაა, ტბების ნახევარზე მეტის ფართობი 0.1 კმ2 ფარგლებშია. ტბების საერთო ფართობი დააახლოებით 170 კმ2 შეადგენს. ტბათა უმეტესობა მტკნარია. საქართველოს ძირითადი ტბები (წყლის მარაგის მიხედვით) მოცემულია ცხრილ 4.5.4–ში. ტაბაწყური, ფარავანი, კარწახი და ყელი მიწისქვეშა ნაკადის ტბებია. რიწა, ხანჩალი, საღამო, მადათაფა მდინარეული წარმოშობისაა. პალიასტომი ატმოსფერული ნალექებისა და ჭაობების ტბაა. ბაზალეთის ტბა დახურულ აუზს წარმოადგენს. მას მდინარე არ უერთდება, რის გამოც მხოლოდ ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება.
საქართველოში 43 ხელოვნული წყალსაცავია. წყალსაცავების მთლიანი მოცულობა საქართველოს მდინარეების წლიური ჩამონადენის 5.1% შეადგენს. ცხრილ 4.5.5–ში და ცხრილ 4.5.6–ში მოყვანილია შესაბამისად დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი წყალსაცავები.
ჭაობებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი კოლხეთის დაბლობზეა. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთში და საქართველოს სხვა რაიონებშიც. კოლხეთის დაბლობზე ჭაობებს 627 კმ2 ფართობი უკავია. ახლო წარსულში მათი ფართობი ბევრად მეტი იყო, ჭაობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა წლების განმავლობაში ინტენსიური ამოშრობის შედეგად.
წყლის მოხმარება
საქართველოს ზედაპირული წყლის რესურსების სიუხვიდან გამომდინარე, დღესდღეობით წყალმომხმარებელ სექტორებს შორის წყლის დეფიციტით გამოწვეული კონფლიქტის საფრთხე არ იკვეთება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური განვითარების, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისა და ირიგაციის და ჰიდროენერგეტიკის სექტორების დაგეგმილი გაფართოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში წყლის რესურსებზე ზეწოლა გაიზრდება და, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში წყალზე მოთხოვნის დაკმაყოფილება რისკის ქვეშ დადგეს.
ჰიდროენერგეტიკის სექტორი საქართველოში უდიდესი წყალმომხმარებელია(92%). მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მიერ გამოყენებული წყალი ისევ მდინარეში ბრუნდება, დერივაციული ჰესების შემთხვევაში,მდინარის ცალკეულ მონაკვეთებზე შეიძლება შეიქმნას წყლის დეფიციტის პრობლემა, რის გამოც, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, აუცილებელია ეკოლოგიური ხარჯის სათანადოდ გათვალისწინება. საქართველოში პრიორიტეტულია სასმელი წყალმომარაგება. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მაღალი სტანდარტის სასმელ წყალს მოიხმარს, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგებით. სასმელად გამოყენებული წყლის 71% თბილისში მოიხმარება.
ცხრილი 4.5.8: 2017 წელს წყალსარგებლობის საერთო მაჩვენებლები სამეწარმეო საქმიანობის დარგების მიხედვით
კლიმატის მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილების გავლენა ზედაპირულ ჩამონადენზე შეფასდა რიონის აუზისთვის, რადგან ის საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლებით, რომლებიც, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი პარამეტრებია. მდინარე რიონი უდიდესია დასავლეთ საქართველოში. იგი სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ფასის მთის ძირში, 2,620 მ სიმაღლეზე, ერთვის შავ ზღვას ქ.ფოთთან.
კლიმატის მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილების გავლენის შეფასებისთვის მდინარე რიონის აუზში არსებული ისტორიული ჰიდროლოგიური სადგურებიდან ანალიზი განხორციელდა „რიონი ალპანისა“ და „რიონი ჭალადიდის“ სადგურებითვის.
მდინარე რიონის აუზი რელიეფის მიხედვით იყოფა ოთხ ძირითად ზონად: რიონის აუზის ზემო (პირველი) ზონა მდებარეობს 3000 მ-ზე მაღლა, მოიცავს კავკასიონის სამხრეთ განშტოებას. მკვეთრადაა გამოკვეთილი როგორც თანამედროვე, ასევე უძველესი მთა-მყინვარული ტიპის რელიეფი, მყინვარების უკანდახევით წარმოქმნილი ტროგული ფორმის ხეობა, მორენული დანალექი, ცირკი და სხვა მყინვარული წარმონაქმნები.
მეორე ზონას მიეკუთვნება 3000-1000 მ-მდე მთათა სისტემა, რომელიც მოიცავს სამეგრელოს ქედის აღმოსავლეთ ნაწილს, სვანეთისა და ლეჩხუმის ქედის სამხრეთ ფერდობს, რაჭის ქედსა და სურამის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს. ამ ზონაში გამოირჩევა რაჭა-ლეჩხუმის ქვაბული, რომელიც გორაკოვანი და
რელიეფის რბილი ფორმებით ხასიათდება, განვითარებულია კარსტული-ძაბრისებური და ნაპრალოვანი რელიეფი. დღეისათვის ბუნებრივი ჩაღრმავებები გამოყენებულია წყალსაცავებისათვის: შაორი და ტყიბული. ამ ზონას აღმოსავლეთით ესაზღვრება სურამის ქედის ჩრდილო-დასავლეთი ფერდობი მდ. ძირულას შუა წელამდე. აქ რელიეფი პლატოსებურია, მდინარის ხეობები ღრმა და კანიონისებურია.
მესამე ანუ მთისწინეთის ზონა მდებარეობს 1000-250 მ სიმაღლეზე და თაღისებურად ესაზღვრება კოლხეთის დაბლობს. ეს ზონა წარმოადგენს მთისწინეთის გორაკოვან რელიეფს. უმეტეს მდინარეთა ხეობები 200-300 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო დაბლობის მოსაზღვრედ 50-150 მ სიმაღლეზე. ამ ზონის თავისებურებას წარმოადგენს მდინარეული ვრცელი ტერასები, რომლებიც დიდი მდინარეების გასწვრივ წარმოქმნის მნიშვნელოვნად მოსწორებულ ზედაპირს.
მდინარე რიონის აუზის მეოთხე ზონა მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 0–250 მ სიმაღლეზე. ეს ზონა წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ძირითადი მდინარეების ნაპირების ეროზიის ბაზისს. დაბლობის დასავლეთი ნაწილი შედარებით დაბალი და ჭაობიანია, იგი ვრცელდება მდ. ტეხურის ქვემო დინებიდან შავ ზღვამდე. რელიეფის თავისებურება გამოიხატება მდინარეთა ლოჟის ამაღლებით ჭაობიან მდინარისპირა ტყის ზემოთ. ჭაობები იკავებს დაახლოებით 350- 400 კმ2. მდინარეები დაბლობის ტერიტორიაზე და შესართავთან ხშირად მეანდრირებს და დაიკვირვება ბიფურკაცია – დატოტვა (ცხენისწყალი, ნოღელა).
მდინარე რიონის ჩამონადენის პროგნოზი HBV-IHMS ჰიდროლოგიური მოდელით
მდინარე რიონის ჩამონადენის პროგნოზი გამოთვლილია კლიმატის რეგიონული მოდელის RCP4.5 სცენარის მიხედვით ორი საპროგნოზო პერიოდისთვის (2041–2070 და 2071–2100 წლები). ჩამონადენის ჰიდროლოგიური პროგნოზისთვის გამოყენებულია შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ჰიდროლოგიური მოდელი (HBV-IHMS). მდინარე რიონის ხარჯისა და ზედაპირული ჩამონადენის მოცულობის მოდელური გამოთვლები ჩატარდა მეტეოროლოგიური პარამეტრებისა (ნალექი და ჰაერის ტემპერატურა) და ნიადაგის ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ არსებულ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
მდინარე რიონის აუზის ციფრულ სასიმაღლო მოდელის (DEM) საშუალებით, მდინარე რიონის ორ კვეთაში „რიონი ალპანა “და „რიონი ჭალადიდი “, განისაზღვრა ნიადაგის ტიპები და მიწათსარგებლობის მახასიათებლები (სურათები 4.5.1 და 4.5.2). ჰიდროლოგიური მოდელის საფუძველზე განხორციელდა 2041-2070 და 2071–2100 წლებისთვის მდინარის ხარჯისა და ჩამონადენის მოცულობის საპროგნოზო მნიშვნელობების გაანგარიშება. ანალიზისთვის შესადარებელ პერიოდად შერჩეულ იქნა 1971-2000 წლე- ბის კლიმატური და ჰიდროლოგიური მონაცემები. ცხრილ 4.5.14–ში მოცემულია გამოთვლის შედეგები.
მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ 2041-2070 წლებში მდ. რიონის ხარჯის (Qსაშ) მრავალწლიური საშუალო მნიშვნელობა „რიონი ალპანას“ კვეთში დაახლოებით 8%-ით, ხოლო 2071-2100 წლებისთვის დაახლოებით 5%-ით მცირდება. მდ. რიონის წლიური ხარჯის (Qსაშ) მრავალწლიური საშუალო მნიშვნელობა „რიონი ჭალადიდის“ კვეთში 1971-2000 წლის მონაცემებთან შედარებით 2041-2070 წლებში 9%-ით მცირდება, ხოლო 2071-2100 წლისთვის – 3%-ით.
2041-2070 და 2071-2100 წლების პერიოდებში მდ. რიონის წლიური ხარჯის (Qსაშ) საშუალო მნიშვნელობების მცირედ კლების ტენდენცია ნალექის რაოდენობის შემცირების ფონზე შესაძლებელია ასევე აიხსნას მყინვარების დნობის დინამიკით. გამართლებულია კლიმატის მიმდინარე ცვლილების ზეგავლენის დადგენისთვის რიონის აუზის მყინვარების ფართობის ცვლილების დადგენილი დინამიკისა და შესაბამისი პროგნოზის გამოყენება, რომელიც შემუშავებულია მაღალი გარჩევადობის
თანამგზავრული სურათების მეშვეობით. მდინარე რიონის აუზის მყინვარებისთვის ჩატარებული გამოთვლების თანახმად, მათი ფართობი, რომელიც 1977 წლის კატალოგის მონაცემების მიხედვით შეადგენდა 73.4 კმ2-ს, 2070 წლისათვის იქნება – 45.4 კმ2, 2100 წლისათვის კი – 40.1 კმ2, რაც ნიშნავს მათი ფართობების, შესაბამისად, 38% და 45%-ით შემცირებას. მყინვარების განსაზღვრული დეგრადაციის ტენდენცია გარკვეულ კორელაციაშია მდინარის ხარჯების შემცირების საპროგნოზო ტენდენციასთან.