მარილიანი წყლის ნიანგი (Saltwater Crocodile)
აღნიშნული სახეობის ნიანგი 23 ფუტზე (6,5 მ) მეტი სიგრძისაა და 2200 ფუნტს ( 1000 კილოგრამს) აღემატება.ის ყველაზე დიდი ქვეწარმავალია პლანეტაზე და შესანიშნავი მტაცებელია. ამ ზომის ნიანგებს შეუძლიათ შეჭამონ თითქმის ნებისმიერი ცხოველი, განსაკუთრებით ახრჩობენ ხმელეთის არსებებს, როგორებიცაა ფრინველები და ძუძუმწოვრები. ისინი, ჩვეულებრივ, ცხოვრობენ მლაშე წყალში, სანაპიროს მახლობლად; ძალიან აგრესიულია ადამიანების მიმართ. მისი მხრიდან ყოველწლიურად რამდენიმე ათეული თავდასხმა ხორციელდება. მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, რადგან კბილები სიგრძით – 13 სმ-მდე აღწევს. ისინი წყლის პირას იმალებიან და როგორც კი რაიმე მიუახლოვდება ნაპირს, მაშინვე თავს ესხმის. შენიშნულია, რომ აღნიშნული ნიანგის სახეობა დინოზავრის მსგავსია. მათი კვერცხი და ხორცი იჭმევა, ტყავი კი განსაკუთრებულად ღირებულია ფეხსაცმლის, ჩანთისა და სხვადასხვა აქსესუარებისთვის. ცხოვრობენ 70 წელზე დიდხანს. წარსულში მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირდა, თუმცა ბოლოდროინდელმა კონსერვაციულმა მიდგომებმა შედეგი გამოიღო და რაოდენობა შედარებით გაიზარდა. ამჟამად მათ აქვთ სრული იურიდიული დაცვა ავსტრალიაში და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს სხვადასხვა ადგილებში, რათა არ შემცირდეს მათი პოპულაცია.
https://www.worldwildlife.org/species-categories/marine-animals/species/directory
ლარგა (Spotted seal)
ძუძუმწოვარი ცხოველი, ნამდვილი სელაპების ოჯახისა. ჩვეულებრივი სელაპის წყნარი ოკეანის ფორმა. მისი სხეულის სიგრძე – 140-190 სმ, იშვიათად 210 სმ აღწევს, მასა – 50-150 კგ. მამალი ოდნავ აღემატება დედალს. ლარგას შეფერილობა მოვერცხლისფროდან მუქ რუხამდე იცვლება, ზურგი პატარა მუქი ხალებითაა მოფენილი. გავრცელებულია აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან — ჩუკოტკის ზღვიდან სამხრეთით კორეასა და კალიფორნიამდე. ლარგას კარგად აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა. იკვებება თევზით (ზოგ ადგილას ზიანს აყენებს მეთევზეობას). ძირითადად იყენებენ მის ტყავს, ცხიმსა და ხორცს.
https://www.worldwildlife.org/species-categories/marine-animals/species/directory
ფარშავანგთვალა ატლასი ( Attacus atlas)
აღნიშნული პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისაა. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, რომლის ფრთების შლილი 25 სმ აღწევს; დედალი უფრო დიდია, ვიდრე-მამალი. დედლის უდიდესი ეგზემპლარი, რომლის ფრთების შლილი 262 მმ-ს შეადგენდა, აღმოჩენილია კუნძულ იავაზე. ფარშავანგთვალა ატლასი გავრცელებულია ტროპიკებსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ტყეებში(სამხრეთი ჩინეთიდან და ტაილანდიდან ინდონეზიამდე, ბორნეომდე და იავამდე). დედალი იზიდავს მამალს სეკრეტირებადი ფერომონების მეშვეობით, რომლებიც მუცლის ქვევითაა განლაგებული. მამალი დედალს ეძებს ფერომონების სუნის მიხედვით და ტოვებს კვერცხებს მცენარის ქვედა ნაწილში. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 8-დან 14 დღემდე.
https://a-z-animals.com/search/insects/
ტროპიკული კალია
სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს კალია, რომლის ყურის სიგრძე ერთ მილიმეტრზე პატარაა, მაგრამ აგებულებით ის ძალიან ჰგავს ადამიანის ყურს. ეს კალია შორი მანძილიდანაც არჩევს დიდი სიხშირის ბგერებს. მაგალითად, მას შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს სხვა კალიის ხმა და სანადიროდ გამოსული ღამურის ულტრაბგერები. კალიის ყურები განთავსებულია წინა ორ კიდურზე. ადამიანის ყურის მსგავსად, ტროპიკული კალიის ყური ბგერებს ჯერ აგროვებს, შემდეგ გარდაქმნის და ბოლოს შიფრავს. მაგრამ მეცნიერებმა კიდევ ერთი საოცარი ორგანო აღმოაჩინეს ამ მწერის ყურში. ეს არის სითხით სავსე ღრმული, რომელიც მოგრძო ბუშტს წააგავს. ეს ორგანო, რომელსაც აგრეთვე სმენის აპარატი შეარქვეს, ისეთივე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც ძუძუმწოვართა სასმენი ნიჟარა, თუმცა მასზე ბევრად პატარაა. კალიის საოცრად მახვილ სმენაზე სწორედ ეს სასმენი აპარატია პასუხისმგებელი. ბრისტოლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა ბიოლოგიის დარგში დენიელ რობერტმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა ინჟინრებს დაეხმარება შექმნან “მინიატურული სასმენი აპარატი”, რომელიც შეძლებს ბგერების უფრო ზუსტად აღქმას. მკვლევრები იმასაც იმედოვნებენ, რომ, ამ აღმოჩენის წყალობით, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება ულტრასონოგრაფიისა და ვიზუალიზაციის სისტემების გამოყენების ტექნოლოგია.
https://a-z-animals.com/search/insects/
დიდი ფრეგატი
ფრეგატისებრნი — ფრინველთა ოჯახი რეგვენასნაირთა რიგის წარმომადგენლები არიან, რაც მოიცავს 1 გვარის 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 78 სმ – დან – 1 მეტრამდეა. მასა კი 2 კგ აღწევს. ისინი გრძელფრთიანი (შლილში 2-მდე), გრძელბოლოიანი ფრინველები არიან. აქვთ ვიწრო და გრძელი, ბოლოზე კაუჭიანი ნისკარტი, თითებს შორის ფუძესთან აპკი. გავრცელებული არიან სუბტროპიკული და ტროპიკული ზონის ოკეანურ კუნძულზე. შებუმბლულია შავად და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს, ზოგჯერ თეთრი ხალები აყრია. მათი ჩიჩახვი შიშველია, მკვეთრი წითელი და ტიხტიხის დროს გაბერილი. ბუდობენ კოლონიებად. იკვებებიან ფრენია თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით.
https://a-z-animals.com/animals/birds/
მანდარინის იხვი
ჩინეთში კეთილშობილ დიდებულებს, რომლებსაც ნათელი ფერის ტანსაცმლის ტარების უფლება აქვთ, მანდარინს უწოდებდნენ. იხვმა იგივე სახელი სწორედ თავისი ნათელი სამოსისთვის მიიღო. მისი სამშობლო ჩინეთი, იაპონია და კორეაა. საოცარი ფერების მინიატურული ფრინველი იშვიათად 500-800 გრამს იწონის. ის ტყის იხვების რიგს განეკუთვნება, მაგრამ სილამაზით წამყვან ადგილს იმსახურებს იხვის ოჯახის
მრავალრიცხოვან წარმომადგენლებში. ისინი წყალშიც კარგად ცურავენ და ხმელეთზეც სწრაფად მოძრაობენ. გამოირჩევიან განსაკუთრებული ხმით. აღნიშნული ფრინველი წითელ წიგნშია შეტანილი.
https://a-z-animals.com/animals/birds/
ირბისი (Snow Leopard)
ირბისი არის მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძეა 130 სმ, მასა – 26-40 კგ. ბოლისფერ-ნაცრისფერია, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალური აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ – დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3-5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ირბისის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ძირითადად ვრცელდება აზიის 12 ქვეყნის მთიან რეგიონში: ავღანეთი, ბუტანი, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ჰაბიტატის 60% გვხვდება ჩინეთში.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98
ოკაპი (Okapi)
წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჟირაფისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 2 მ-ა, მასა 250 კგ აღწევს, აქვს მოგრძო ცხვირ-პირი, დიდი ყურები, 2 მოკლე რქა, ძალზე გრძელი ენა, მოკლე წვრილი კუდი, რომელიც ფუნჯით ბოლოვდება, მოთეთრო თავი, მონაცრისფრო-ყავისფერი სხეული, თეთრი და მუქი განივზოლებიანი გავა და ფეხები. ის იშვიათი ცხოველია და ძირითადად გავრცელებულია აფრიკაში. ბინადრობს მდინარე კონგოს აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეებში . ოკაპები ცხოვრობენ ერთეულებად ან წყვილებად. იკვებება ფოთლებით და მისი მაკეობა გრძელდება 440 დღე-ღამე.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98
ავტორი – სალომე მენთეშაშვილი