რეკლამა

“პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მთელ კაცობრიობას, და რომელთა შესახებაც უმეტესობამ არ იცის”

დიმიტრო კოსტაროვი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კაცობრიობა კიდევ ერთი გლობალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითება, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის პროდუქტიულობის შემცირება, მარცვლეულისა და სხვა კულტურების ხარისხის გაუარესება, გარემოს მთლიანი დაბინძურება, სათბურის გაზების ჩათვლით.

ამ უაღრესად უარყოფითი და საშიში  ვითარების მიზეზია ნიადაგის წარმოქმნის პროცესის შეწყვეტა, ორგანული ნარჩენების ნიადაგში არშეღწევა კულტურების თესვის ტრადიციული ტექნოლოგიის ხანგრძლივი გამოყენების გამო. 10000 წელზე მეტია კაცობრიობა მიწათმოქმედებას ეწევა, მიწას ამუშავებს და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ნიადაგი ბიოსფეროს ცოცხალი კომპონენტია. ტრადიციული მეურნეობის ტექნოლოგიით ნადგურდება ნიადაგის ბუნებრივი სტრუქტურა, 10-20 სმ სიღრმეზე მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზმები ხვნის შემთხვევაში ხვდებიან ზედაპირზე და იღუპებიან, ტენის აორთქლების პროცესი დაჩქარებულია, წინა მოსავლის ნარჩენებს იღებენ და ის ვერ აღწევს ნიადაგში, ხოლო ეს არის მიკროორგანიზმების ძირითადი საკვები წყარო და ერთ-ერთი კონსერვაციის ფაქტორი: კერძოდ, მისი მეშვეობით ხდება ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება და თოვლის დამაგრება მინდვრებში ზამთარში. ამ ტექნოლოგიის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ნიადაგი ღარიბდება და რეალურად „კვდება“. ჰუმუსის შემცველობა უახლოვდება კრიტიკულად დაბალ დონეს, ის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მცენარეებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნაყოფიერი ფენის დაკარგვა ჩვენი მცირემიწიანი ქვეყნისთვის შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. მარტო აღმოსავლეთ საქართველოში 250 000-მდე ჰექტარს ესაჭიროება წყლისა და ქარის ეროზიისგან დაცვა მაშინ, როცა მიწათსარგებლობის ხარისხის გაუარესების გამო კულტურული წარმოების წლიური დეფიციტი მუდმივად იზრდება.

ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის შემცირება დიდწილად განპირობებულია ეროზიული პროცესების განვითარებით. ექსპერტების აზრით, ნიადაგის დეგრადაცია შესაძლოა შეუქცევადი გახდეს და  შედეგი თანამედროვე თაობის თვალწინ შავმიწა ნიადაგების  ფენის სრული დაკარგვა იქნება.  ეს პროცესი მიმდინარეობს   ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. სასოფლო-სამეურნეო მიწების დაჩქარებული დეგრადაცია,  ძირითადად, ფერმერების არასისტემური ეკონომიკური საქმიანობითაა განპირობებული. არსებული ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს არ გააჩნია მეცნიერებაზე დაფუძნებული თესლბრუნვისა  და მცენარეთა მონაცვლეობის სქემები. კულტურების განთავსება აგროლანდშაფტებში ხორციელდება ნიადაგის ბუნებრივი მდგომარეობისა და მათი გავლენის ხარისხის გათვალისწინების გარეშე, სახნავ  ჰორიზონტში ორგანული ნივთიერებების დაგროვების მოცულობაზე.

მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად ფერმერები იყენებდნენ ძალიან მძიმე ტრაქტორებს და კომბაინებს, ატენიანებდნენ გუთნის ძირს, მოწამლეს ნიადაგი მყარი სასუქებით და ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ გამოიფიტა იგი, როგორ გაიზარდა ქარისა და წყლის ეროზიას დაქვემდებარებული ტერიტორიები. სწორედ ეროზიის შედეგია საშინელი მტვრის ქარიშხლებიც.

ბუნება ყოველთვის პასუხობს მის მიმართ უდიერ დამოკიდებულებას და მისი  „სასტიკი შურისძიების“ გამოვლენის შემდეგ სოფლის მეურნეობის მწარმოებლების წინაშე დადგა ვითარების გამოსწორების გზების ძიების აუცილებლობა. მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ საჭირო იყო ტრადიციული მიწათმოქმედების ტექნოლოგიებზე უარის თქმა და ახალ, რესურსების დამზოგავ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებზე გადასვლა, რომლებიც ითვალისწინებენ და იმეორებენ ბუნებრივ პროცესებს.

არის თუ არა  NO-till ტექნოლოგია ჩვენი ხსნა?

NO-till ტექნოლოგია არის რესურსების დაზოგვის  მიწათმოქმედების ერთ-ერთი ტექნოლოგია. სიტყვასიტყვით თარგმნილი “NO-till” ნიშნავს – „არა ხვნას”. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნიადაგის მექანიკური დამუშავების უარყოფას, გუთნის, დისკატორის, კულტივატორის გამოყენების შეწყვეტას. ამ მეთოდით  თესვა ხორციელდება ნიადაგის ჭრის გამოყენებით.

მკვლევრებმა ამ ტექნოლოგიის გამოყენება სხვადასხვა დროს დაიწყეს (ძირითადად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში) სხვადასხვა ქვეყანაში. ნულოვანი ხვნის ტექნოლოგიის  ფუძემდებელია  ი.ე. ოვსინსკი, რომელმაც 1871 წელს დაიწყო პრაქტიკული ექსპერიმენტები სხვადასხვა კულტურის მოყვანაზე ღრმა ხვნის გარეშე.

,,სახელგანთქმულ კრუპს არ მოუტანია თავისი გამანადგურებელი ჭურვების მწარმოებელი ქარხნებით იმდენი ზიანი კაცობრიობისათვის, როგორიც ღრმა ხვნის გუთნების მწარმოებელმა ქარხნებმა მოუტანეს. არცერთი სამხედრო კონტრიბუცია  არ აყენებს მიწადმოქმედებას ისეთ ზარალს, როგორიც ღრმა ხვნას მოაქვს სოფლის მეურნეობისათვისთუ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ართულებს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების გამოყენებას, მაშინ არ მოგვიწევდა ამ ამოცანის შესრულებაზე შრომა –  საკმარისი იქნებოდა მივყოლოდით  ღრმა ხვნის მიმდევრების რჩევებს’’, -წერდა ი.ე. ოვსინსკი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს უნივერსალური ინსტრუქცია NO-till ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიწასთან მუშაობისას ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული: რეგიონის კლიმატური პირობები, ქარის სიჩქარე, ნიადაგის წყალ-მარილიანობის ბალანსი, წყლის შემადგენლობა, რომლითაც მინდვრები ირწყვება, რა ტექნოლოგია გამოიყენებოდა ადრე, როგორი იყო თესლბრუნვა და ა.შ. ამიტომ, ძნელია ნულიდან პირდაპირ უხნავ თესვაზე მუშაობის დაწყება და სასურველი შედეგის დაუყოვნებლივ მიღება. მაგრამ ის ფაქტი, რომ პირდაპირი თესვა საშუალებას გაძლევთ შეამციროთ დათესვის ნორმის მაჩვენებელი 2-3-ჯერ, ნაკლები იმუშაოთ მინდორზე, შეიტანოთ ნაკლები სასუქი და მიიღოთ იგივე ან მეტი მოსავალი ტრადიციულ ტექნოლოგიასთან შედარებით, დადასტურებულია.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ლაპარაკი NO-till ტექნოლოგიაზე, როგორც კაცობრიობისათვის  ერთადერთ „გამოსავალზე“.  მხოლოდ პირდაპირი თესვის გამოყენება არ იძლევა ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების შენარჩუნებისა და აღდგენის გარანტიას. ველური მდელოების დათვალიერებისას ვხედავთ მცენარეების უზარმაზარ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ველურ ბუნებაში  ნიადაგი არასოდეს  რჩება “შიშველი”.  ამ დაკვირვებამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ პირდაპირი თესვისთვის აუცილებელია მწვანე სასუქის სიდერალური, ანუ გრუნტის საფარის კულტურების გამოყენება, რისთვისაც საჭიროა ნიადაგზე სხვადასხვა მწვანე სასუქის გავლენის შესწავლა.

მეცნიერები მიხვდნენ, რომ ნიადაგში ორგანული ნივთიერებების ნორმალური განვითარებისა და დაგროვებისთვის მხოლოდ პირდაპირი თესვა საკმარისი არ არის. ამიტომ მათ წამოიწყეს კვლევა No-till სისტემაში ბინარული კულტურების ტექნოლოგიების შექმნისათვის. ეს კვლევა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.

ასე გამოიყურება  სიმინდისა და იონჯის ბინარული ნათესები.

 

ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა  აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერება, ის აერთიანებს მეურნეობების მწარმოებლობის ზრდისა და წარმოების ხარჯების შემცირების შესაძლებლობას.

რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით?

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ლიდერები არიან: აშშ, ბრაზილია, არგენტინა, ავსტრალია, კანადა. მსოფლიო ფართობის საშუალო წლიური ზრდის ტემპი No-till ტექნოლოგიის გამოყენებით არის 10,5 მილიონი ჰექტარი. უხნავი თესვის  სისტემის პროცენტული გამოყენების მხრივ ლიდერი არგენტინაა, დღეს ეს ქვეყანა სახნავ-სათესი მიწების 93%-ს იყენებს No-till ტექნოლოგიით.  აი, როგორ გამოიყურება საშუალო მოსავლიანობის მრუდი არგენტინაში. 1986 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანამ მარცვლეულის წარმოება 2,5-ჯერ გაზარდა.

კიდევ ერთი ფაქტი: ჩატარდა კვლევები ნიადაგში ფიზიკური და ქიმიური პარამეტრების ცვლილების თემაზე 2013 წლიდან 2019 წლამდე ბინარული  კულტურების დანერგვით No-till ტექნოლოგიაზე გადასვლისას. შედეგი იყო განსაცვიფრებელი – გაიზარდა მოძრავი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის შემცველობა ნიადაგში, რაც მთავარია, გაიზარდა ჰუმუსის შემცველობა (დედამიწის ნაყოფიერი ფენის აღდგენა და ნიადაგის ხსნარის განეიტრალება, რაც კიდევ ერთხელ  ადასტურებს ნიადაგის მახასიათებლების გაუმჯობესებას).

ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ამ დროისთვის გამოვყოფთ ორ მთავარ პრობლემას – აღმოსავლეთ საქართველოში მიწის დეგრადაციის შეჩერების აუცილებლობას – ეს არის დაახლოებით 250 000 ჰექტარი და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. რა გვაქვს დღეს? ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანა უზრუნველყოფილია შიდა პროდუქტით –

ა. მზესუმზირის ზეთი 1%

ბ. მაკარონი 6%

გ. ხორბალი 10%

დ. ხორცი 52% (საკვების ბაზის ნაკლებობა – სიმინდის, პარკოსნების, ქერის, სოიოს და მზესუმზირის შროტის იმპორტი)

სასურსათო უსაფრთხოების კრიტერიუმად (საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებული მაჩვენებლები) მიჩნეულია  შიდა საკვები პროდუქტების წილის ზღვრული მნიშვნელობები.

  • მარცვლეული – არანაკლებ 85%
  • მცენარეული ზეთი არანაკლებ 80%
  • ხორცი და ხორცპროდუქტები (ხორცის მხრივ) – მინიმუმ 85%
  • რძე და რძის პროდუქტები (რძის მხრივ) – მინიმუმ 80%

ჩვენი გათვლებით,  აღმოსავლეთ საქართველოში 200 000 ჰექტარზე No-till -სა და  ბინარული თესვის დანერგვით  სასურსათო უსაფრთხოების ამოცანის  გადაწყვეტა აბსოლუტურად რეალურია. ციფრების მიხედვით, მხოლოდ ფქვილის იმპორტმა წელიწადში 300 000 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ის თანხაა, რასაც ქვეყანა ყოველწლიურად კარგავს. აღნიშნული ტექნოლოგია კი შესაძლებელს ხდის ქვეყნის შიგნით ფერმერებისთვის შემოსავლის გაზრდას, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია.

საინტერესოა, რომ: პრობლემის გადაჭრა ხდება ადამიანისა და გარემოს სიმბიოზის მეშვეობით. ამ ტექნოლოგიის დანერგვა კიდევ ბევრ დადებით ეფექტს იძლევა. ესენია:

  • სამუშაო ადგილების შექმნა რეგიონში;
  • მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის ამაღლება.

ამ ტექნოლოგიის დანერგვით მიღებული შემოსავალი მერყეობს 780 მილიონიდან 1300 მილიონ ლარამდე 200 000 ჰა.

  • მოსახლეობის დაფიქსირება მინდორზე;
  • რეგიონის განვითარება;
  • ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა;
  • დარღვეული ეკოლოგიური ბალანსის აღდგენა;
  • ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფის შეჩერება;
  • CO2-ის ფიქსაცია ნაყოფიერ შრეში – რაც, სხვათა შორის, მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა.

დაბოლოს, დღევანდელ ვითარებაში, როცა მსოფლიო შიმშილის საფრთხის წინაშე დგას, ამ პროექტის განხორციელება კრიტიკულად აუცილებლად მიგვაჩნია.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები