რეკლამა

ჩვენი კერის დედაბოძი – მუხა

იგოეთის თავზე, აღმოსავლეთისკენ დაქანებული მთის ფერდობზე, წარსულ საუკუნეთა ძეგლის – წითელი საყდრის ნანგრევების პირდაპირ – დგას ერთი ეული, ტოტებგაშლილი მუხა. როდესაც უნდა გავიარო, ღამეც რომ იყოს, გავხედავ იქით, გავხედავ და მაინც დავინახავ, დავინახავ და მომაგონდება ბაჩანას მადლიანი სიტყვები:

„მუხავ მიყვარხარ ტიალო,

განმარტოებით მდგომარე,

ერთი შენ გპოვე გულისა,

ქვეყანა შემოვიარე”…

იქნებ იმიტომ მიყვარს ის, რომ გაუტეხელია, დგას შეუდრეკლად, როგორც წარსული დროის მომსწრე და ნიშანი, „ქარს არ უყადრებს თავსაო“, და იქნებ იმიტომაც მიყვარს, რომ ქართველები მღერიან – „მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო, მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო, მუმლი დაიხრჩოოო, მუხა გადარჩაო…“

ვახუშტი წერს: „მუხრანმა სახელი მუხათაგან მიიღოო“. დიახ, მთელი მუხრანის ველი დაფარული იყო ისეთი ტყით, რომელშიც მუხა ჭარბობდა. ჟამთა სიავემ მოსპო ეს შესანიშნავი მუხრანი, თითო-ოროლა ხე თუ დგას აქა-იქ.

აღაიანის ვენახშია კიდევ ტოტებგაშლილი, შებერებული მუხა. სოფელ თეზის ბოლოზე აღმართულა, ვაჟკაცურად, მშვენიერი, ჯავარიანი, ქოჩორა და ამაყი. როცა ამ მუხას შევხედავ, ლამისყანელი თმაქოჩორა, შავტუხა ღამის მეხრე, ან მოჭიდავე ვაჟკაცი მაგონდება.

მახსოვს, ბალღობაში ბიჭები დიდ ამბავში ვიყავით ხოლმე. სოფელ ტყვიავიდან სოფელ დისევში მივდიოდით, რომ გვენახა „წამალა წყაროს“ უზარმაზარი, ტოტებდოვლათიანი, ფესვმაგარი მუხა, შორიდანვე ოლესავით რომ მოსჩანდა მთის ფერდობზე. გვიყვარდა ბანაობა მორევში, რომელიც ლიახვის ტოტზე, წმინდა გიორგის ჭალაში, უზარმაზარი მუხის ქვეშ იყო.

იქნებ ამ ბავშვობის მოგონებების ბრალია ახლაც მუხის ეს სიყვარული, მაგრამ ბევრ სხვა ადამიანსაც რომ უყვარს იგი?

ჩვენ, ქართველებს, შემთხვევით არ გვიყვარს მუხა; ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან მოყოლებული ჩვენს გამოთქმებში, ხალხურ ლექსებში, ზღაპრებში მუხა ისმის როგორც სიმტკიცის სიმბოლო, როგორც გამძლეობისა და უტეხობის სიმბოლო. ქართველ ხალხს ხომ გვჭირდებოდა გამძლეობა, უტეხობა; უამისოდ რა გამოგვატარებდა ისტორიის იმ დიდ გზას, რომელიც გამოვიარეთ. მუხასავით შეიძლება ტოტი მოგვტეხოდა, მაგრამ მიწაში ფესვი მუდამ მაგრად გვქონდა მოკიდებული. ამიტომ გვიყვარდა „ცხრა მუხა“, „დიდი ჭყონი“, „რკონი“, „მუხიანი“, „მუხნარი“, „ბერმუხა“, „მუხათ გვერდი“, „მუხათი“ … ჩვენს საუკეთესო სოფლებს მუხის სახელი ეწოდებოდა.

და ეს მარტო კულტის საქმე როდი იყო. ისტორიულ-ბუნებრივი პირობების გამო საქართველოში სახლი მუხის გარეშე არ აშენდებოდა.

ქართლ-კახეთის მიწურ სახლებსა და დარბაზებში დედაბოძი, თავხე და კოჭი, ჭერი და გვირგვინი მუხისა იყო. საშვილიშვილოდ შენდებოდა სახლი, ისე, რომ ადვილად არ დანგრეულიყო. გურია-სამეგრელოსა და იმერეთში ოდის ბოძი აუცილებლად მუხისა უნდა ყოფილიყო, თუ მუხისა არ ჰქონდათ, ნანობდნენ, დარბოდნენ, ცდილობდნენ ეშოვათ.

სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპარნი მხოლოდ ტყის მუხით არ კმაყოფილდებოდნენ. მუხას უვლიდნენ, აშენებდნენ, ზრდიდნენ, ჭალის ტყეებში არსებობდა მოვლილი ნაკვეთები სასარე, სასხლავი, საკაფი, უკაფი, საჯალჯე, თუთნარი…სასარეში ტირიფისა, ვერხვისა, ოფისა და თელის გვერდით, მუხასაც საპატიო ადგილი ეჭირა. სასარეებში ხეები იბელებოდა: ტირიფი და ვერხვი 2-3 წელიწადში ერთხელ, თელა და იფანი 3-5 წელიწადში ერთხელ, მუხა კი 5-6 წელიწადში ერთხელ. ნაბელი ერთი ძირი მუხა 5 წელიწადში ერთხელ 20-30 სარს იძლეოდა და ზოგჯერ მეტსაც, 6-7 წელიწადში ერთხელ კი 10-15 სარს. უკაფსა და საკაფში ზრდიდნენ საბოძე სათავხევე და საკოჭე სწორ მუხას. თელა და იფანი ხელნებად, გუთნის ყელად გამოიყენებოდა.

ჭალის ტყეების აღდგენის დროს ის კარგი წესი უნდა გავიხსენოთ და, სხვა ჯიშებთან ერთად, მუხასაც თავისი ადგილი დავუთმოთ. მუხა, განსაკუთრებით ჩვენი ჭალის გრძელყუნწა მუხა, არც ისე ნელა იზრდება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. თბილისის ვაკის პარკში, სხვა მერქნიანი ჯიშების ხეივნებთან ერთად, გრძელყუნწიანი მუხის ხეივანიცაა და ეს ხეივანი არცერთ სხვა ხეივანს არ ჩამოუვარდება არც ზრდით, არც სილამაზითა და არც ჩრდილით.

საქართველო მუხის ქვეყანაა. ჩვენს მხარეში 8 სახეობის მუხა იზრდება. მათი გავრცელება ძალიან საყურადღებოა და საგულისხმო.

აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში იზრდება გრძელყუნწა მუხა, მთების წინა კალთებზე კი – ქართული მუხა, მაღლა მთაში – აღმოსავლური მაღალმთის მუხა. მაშასადამე, მთების ტყეებს ქვემოდან ქართული მუხა იცავდა და იცავს, ზევიდან კი – მაღალმთის მუხა.

დასავლეთ საქართველოში, დაბლობზე, იმერული მუხაა, მთების წინა კალთებზე -ჰართვისის მუხა, მაღლა მთებში კი აღმოსავლური მაღალმთის მუხის ნაცვლად პონტოს მუხა იზრდება, და აქაც კვლავ მუხის რკალშია მომწყვდეული ჩვენი მთების ტყეები.

გარდა ამ მუხებისა, ჭოროხის ხეობასა და ჭანეთში იზრდება ჭოროხის მუხა, ხოლო მდინარე ლიახვის ხეობაში – ხუჭუჭფოთლება.

ყველა ეს მუხა, როგორც მათი სახელწოდებიდან ჩანს, ჩვენი მხარისთვისაა დამახასიათებელი. მათი წარმოშობის კერა საქართველოა, ხოლო გავრცელების არე – კავკასია და კავკასიის მეზობელი ქვეყნები. ჩვენი მუხა ბევრი ძვირფასი თვისებით ხასიათდება.

სწორედ მუხაზეა ზედგამოჭრილი:

„ვისაც მე ვუყავ სიკეთე,

ის უფრო ჩემი მტერიაო“.

მართლაც სიკეთისთვის, სიკარგისთვის, იმისთვის, რომ მუხის დიდი კორომები სწორედ იქ იმყოფებოდა, სადაც ხალხის ყველაზე დიდი დასახლებანი  იყო და მუხის მასალის გამოტანა ადვილად შეიძლებოდა, პირველი გამანადგურებელი იერიში მასზე მიიტანეს. იქცეოდა მჭრელი ცულით ასწლოვანი, ვეება მუხები. პირველი კაი კაცები ტყეს თანდათანობით გამოაკლდა და როცა დაინახეს, გაიგეს, ეს რა დაგვემართაო, მაშინ გაშენებაც დაიწყეს: ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს მაინც გამოადგებათო. მაგრამ დღეისთვის მუხის კარგი კორომები თოთქმის მთლიანად მოისპო. მაგალითად, აჯამეთის სატყეოში კარგი კორომები, იმასთან შედარებით, რაც გვქონდა, ფრიად მცირეა. ჯერ კიდევ სრულიად ახლო წარსულში მუხის კორომები უფრო მეტი იყო, ამას ადასტურებს თითო-ოროლა დაბელილი, მაგრამ ვაჟკაცურად მდგარი მუხა მტკვრის, ალაზნის, ივრის, არაგვის, ლიახვის, ალგეთის, ქციისა და სხვა მდინარეთა ხეობებში.

ჩვენი მთების წინა კალთები შავი ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლემდე და ვაკის დიდი ნაწილი მუხნარით იყო დაფარული, მაგრამ დროთა ვითარებაში სრულიად მოისპო, ბევრგან კი მუხნარის ნაცვლად გადარჩენილია მუხა-ჯაგრცხილის ჯაგნარი. ამ ჯაგნარის მოვლით შეიძლება მათი მუხნარ-ტყეებად აღდგენა. ამისთვის ასეთი ადგილები უნდა გამოიჭამოს, ჯაგრცხილა, კუნელი და მისთანანი ამოიჩეხოს, მოიჭრას მუხის დაჯაგული რტოები და გაშვებულ იქნეს თამამი, მოზარდი ხეები. თუ ასე მოვიქცევით, 10-15 წელიწადში მშვენიერი ტყე აღდგება და ბევრი ჩვენი ფერდობი კარგი ტყით დაიფარება.

მაღალმთის მუხა კი მშვენება და ლაზათია ჩვენი მთებისა. მაღალმთის თვისებაა ბაღნარის მაგვარი იყოს და არა კალთაშეკრული. მაღალმთის ტყის ხეები ურთიერთისგან საკმაო მანძილითაა დაცილებული, ამის გამო ხე ტოტებგაშლილი, ბარაქიანი იზრდება.

მთის მუხას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ქვემოთ მოთავსებული ტყეებისთვის. მთიდან წამოსული ზვავისა და ზათქის დაჯახებას პირველად მუხა ხვდება, ნიაღვარი და თქეში მან უნდა შეანელოს და დაიჭიროს.

მთის მუხა გვალვაგამძლეა და შედარებით მშრალი ფერდობის გატყევებისთვის იხმარება. თითქოს ძმამ ძმას ხელი გაუწოდაო, იგი მაღალი მთიდან – 2000 მეტრის სიმაღლიდან 1400 მეტრის სიმაღლემდე ჩამოსულა, ხოლო 800-900 მეტრის სიმაღლიდან ქართული მუხაც ასულა ზევით. ორივე ჯიში მშრალი ადგილების საკმაოდ კარგი ამტანია, და მათი ასეთი კონტაქტი ტყის ოსტატებს ბევრ რასმეს ეუბნება. ამიტომ თრიალეთზე, გომბორზე და კახეთის კავკასიონზე გამეჩხერებული ტყეებია და მოტიტვლებული ფერდობების გასატყევებლად, სხვა ხეებთან ერთად, ქართული მუხაც და მაღალმთის მუხაც უნდა გამოვიყენოთ. მათი გვალვაგამძლეობა იმის თავდებია, რომ ნირშეშლილ ნიადაგებზე სხვაზე უკეთესად თუ არა, ნაკლებ არ იხარებენ. დასავლეთ საქართველოში კი იმავე მიზნით იმერული და ჰართვისის მუხაა კარგი.

ჩვენმა სახელოვანმა მუხამ ტყეების რეკონსტრუქციის დროს სხვა ჯიშების გვერდით თავისი საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს.

                                                                                                               
   ნიკო კეცხოველი 1959 წელი
რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები