იოჰან ანტონ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში
საქართველოს ისტორიის შესასწავლად უცხოელი მოგზაურების მიერ დატოვებულ ცნობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათ ნაშრომებში მოიპოვება უამრავი მასალა ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოგრაფიული პირობებისა თუ ბუნებრივი სიმდიდრის შესახებ.
„ველური ბუნების“ ამ ნომერში გაგაცნობთ მეცნიერს – იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელმაც XVIII საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ჩვენი ქვეყნის შესახებ.
გიულდენშტედტი 1745 წლის 26 აპრილს რიგაში დაიბადა; იყო ნატურალისტი, მედიცინის დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მან ბერლინის სამედიცინო – ქირურგიულ სასწავლებელში საფუძვლიანი ცოდნა მიიღო სამედიცინო, ბოტანიკისა და ბუნებისმცოდნეობის განხრით. 1767 წელს, 22 წლის ასაკში, მიენიჭა დოქტორის ხარისხის წოდება ოდერის ფრანკფრუტში და ადგილობრივი ბუნების მკვლევართა საზოგადოების წევრიც გახდა.
1768 წელს გიულდენშტედტი პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიაში მიიწვიეს აკადემიის მიერ დაგეგმილ ექსპედიციებში მონაწილეობისათვის. თავდაპირველი გეგმით მას ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა ემოგზაურა, მაგრამ მარშრუტი გააფართოვეს და საქართველოც დაამატეს.
მისი მოგზაურობისას საქართველოს რთული დრო ედგა: ქვეყანა სამეფო- სამთავროებად იყო დაყოფილი და ყოველი მხრიდან მტრის შემოსევებს იგერიებდა. იმხანად ქართლ-კახეთში – ერეკლე II, ხოლო იმერეთში სოლომონ I მეფობდა.
გიულდენშტედტი მოგზაურობის დასაწყისს ასე აღწერს – „1771 წლის 11 სექტემბერს, ჩემი ამალითა და ოსეთის მთავრის, ახმეტის დაცვით, ოსური სოფლიდან გავემართე თერგის გასწვრივ, გადავიარე მაღალი ქედი და მშვიდობით მივედი დუშეთში. ქართლის პროვინციაში.“
იგი დუშეთიდან მცხეთისკენ გაემართა. მცხეთაში ერეკლე II – მ უმასპინძლა, მასთან ერთად გაემგზავრა თბილისში, სადაც 1772 წლის თებერვლამდე დარჩა.
გიულდენშტედტი აღნიშნავს, რომ ერეკლე მეფემ დიდი პატივით მიიღო და ყველაფერში დახმარება აღუთქვა – „ერეკლე მეფემ ბრძანა ჩემთვის დაეჭირათ ნადირი, მოეტანათ მინერალები, არაჩვეულებრივად და თავაზიანად მესაუბრებოდა.“
ერეკლე II-ის თანხლებითვე ეწვია კახეთს, ხოლო დავით (ქსნის) ერისთავთან ერთად საქართველოს სამხრეთი მოინახულა. ერეკლე მეფე ცდილობდა გიულდენშტედტი თავის სამსახურში დაეტოვებინა, რადგან სჭირდებოდა ე.წ. „საბადოთა დამუშავების“ სპეციალისტი, მაგრამ მან აღნიშნული წინადადებისგან თავი შორს დაიჭირა.
გიულდენშტედტის მოგზაურობის ჩანაწერები „Reisen durch Russland und im Caucasischen Geburge “, 1787-1791 წლებში, მისი სიკვდლის შემდეგ, პალასის მიერ გამოიცა. ეს არის ორტომიანი ნაშრომი, რომელიც მოიცავს მეცნიერის მოგზაურობის თანმიმდევრულ აღწერას. გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას იმდროინდელი კავკასიისა და საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე, აგრეთვე, მოცემულია უხვი ცნობები სოფლის მეურნეობის, მეაბრეშუმეობის, სამთო საქმის, ხელოსნობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის შესახებ. ტომეულს თან ახლავს ქართული, მეგრული, სვანური, ჩერქეზული, ჩეჩნური და კავკასიის სხვა ენებისა და დიალექტების ლექსიკონი.
მისი მასალები საკმაოდ მრავალფეროვანია – დღიურები, მოხსენებები პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიისადმი, წერილები (პირადი, მეცნიერების, მეფეების, ადგილობრივი მთავრობისადმი), მცენარეთა და ცხოველთა ჩამონათვალი, ხარჯთაღრიცხვის რვეულები, ჩანახატები, რუკები, რეცეპტები, და სხვა. ყველაზე დიდი ადგილი დღიურებს უჭირავს, მათში მოცემულია მოგზაურობის ყოველი ნაბიჯი დღეების მიხედვით.
საქართველოში მოგზაურობის შესახებ გიულდენშტედტი ერთ საინტერესო ამბავს გვიზიარებს. გამომგზავრებამდე მან საიმპერატორო აკადემიისგან მიიღო სპეციალური დავალება, რომ მოგზაურობის ნამდვილი მიზანი არავისთვის გაემხილა. მეცნიერი ამ ამბავს ასე იხსენებს: „საქართველოში სამოგზაუროდ ჩემთვის მოცემული ინსტრუქციის მიხედვით, მინერალებს მხოლოდ მალვით ვაქცევდი ყურადღებას, მცენარეებისა და ცხოველთა შესწავლას ყოველთვის ვაცხადებდი ჩემი მოგზაურობის მთავარ მიზნად.“
როგორც ჩანს რუსეთის საიმპერატორო კარის განზრახვა ერეკლე II-ს არ გამოპარვია, რადგან აკადემიისადმი გაგზავნილ წერილში გიულდენშტედტი წერს – „როცა მე ერეკლე მეფესთან მოვილაპარაკე, მან ნათლად გამაგებინა, რომ მას საქართველოში ჩემი ყოფნის მთავარ მიზნად საბადოების გამოკვლევა მიაჩნია…“
რუსეთის იმპერიის მიზანს საქართველოს მინერალოგიური დაზვერვა წარმოადგენდა, რათა შემდგომში, ტრადიციისამებრ, მისი ეკონომიკური სარგებელი არა საქართველოს, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.
მოგზაურობა ქართლ -კახეთის სამეფოში
ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერისას გიულდენშტედტი გვაწვდის ცნობებს მისი საზღვრების, მოსახლეობის, სასარგებლო წიაღისეულის, მდინარეებისა და ტბების, ცხოველების, მცენარეებისა და ნიადაგების, მინერალებისა და მადნების მოპოვებისა და მათი მდებარეობის შესახებ. დაწვრილებით გვიყვება იმ გზებზე, სადაც მას გავლა უწევს; აღნიშნავს თუ რომელი პუნქტიდან საით მიემართება, სად უხვევს, სად ადის მთაში ან გადადის მდინარეზე, რომელი სოფლები, მონასტრები და ციხეები ხვდება გზად.
„მდინარეები – ალაზანი და იორი – თავიანთი შენაკადებით რწყავენ ამ ქვეყანას. შედარებით მაღალსა და დაბალ ვაკეებზე არის საკმაოდ ნაყოფიერი თიხიანი ზედაპირი, განსაკუთრებით გორაკები დაფარულია კარგი ტყით.“
გიულდენშტედტი დიდ ყურადღებას უთმობს ნიადაგების აღწერას, არკვევს, მიწა ნოყიერია თუ უნაყოფო, თიხიანი, მლაშე თუ კირქვიანი. ამასთან ერთად, თავის ფარულ მოავლეობასაც არ ივიწყებს და დაუზარებლად აღნიშნავს, თუ სად რა მადნეული მოიპოვება, მუშავდება, ანდაც მიტოვებულია.
ცალკე გვთავაზობს მტკვრისა და მისი აუზის მდინარეების დახასიათებას, გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარეებში გავრცელებულ თევზის სახეობებზე – „მე დავიჭირე მტკვარში ორი ახალი სახეობა თევზისა, სახელდობრ, ქართველები ეძახიან ჭანარს, და რომელიც ჰგავს მურწას… ქართველები ეძახიან მურწას, და ჰგავს ქარიყლაპიას.“ იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ მტკვარში ორაგულიც კი ნახა.
გიულდენშტედტის აზრით, მეფის რეზიდენცია, თბილისი, წარმოადგენს როგორც სპარსულ (აზიურ), ისე ევროპული ტიპის ქალაქს, რომელიც, გარდა ერთი ადგილისა მტკვართან, შემორტყმულია აგურის კედლით – „აღმოსავლეთის კუთხეში არის პატარა ციხე ნარიყალა, ხოლო დასავლეთისაში – სიმაგრე შარდახტი.“ იმდროინდელი თბილისი არ ყოფილა კეთილმოწყობილი. ქუჩების სივიწროვესთან ერთად, არ ჰქონდა წყლის საწრეტი სისტემა, რის გამოც წვიმების დროს საშინელი ტალახი გროვდებოდა. იგი, ასევე, მიუთითებს დანაგვიანებულ ქუჩებზე და აღნიშნავს, რომ დაბინძურების პრობლემას ქალაქის მესვეურთაგან სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ეს ყოველივე კი ხდება მიზეზი ჰაერის მოწამვლისა, დიზენტერიისა, ავთვისებიანი ციებ-ცხელებისა და ეპიდემიებისა.
იორის ხეობის აღწერისას მეცნიერი აღნიშნავს, რომ წინათ აქ მოსახლეობას დიდი რაოდენობით ბრინჯი მოჰყავდათ, რადგან ეს დაბლობი ივრის წყლით იფარებოდა – „ივრის ნაპირებზე იზრდება თელამუში, ტყის თხილი, ვერხვი, ჩხარტლა და ტირიფი.“
ქართლ-კახეთში მევენახეობა კარგად იყო განვითარებული – „საგარეჯოსთან … გაშენებულია ვენახები, დარგულია დიდი რაოდენობით ვაშლები, მსხლები, კაკალი, ალუბალი, კომში, ნუში, ზღმარტლი, ქლიავი, გარგარი.“
თვალწარმტაცია კახეთის პურის ყანები – „გზა გადიოდა ქიზიყის სოფლების – მაშნაარის, საქობოს, ასანურისა და ჯუგაანის პურის ყანებზე. ეს სოფლებია… თავისი სახლებით, ვენახებითა და ხეხილის ბაღებით. ბაღები ირწყვება ჩელთის წყლიდან გამოყვანილი რუებით. ვენახები და ხილის ბაღები საერთოდ ერთადაა და შემოღობილია დაწნული ღობით ან ერთმანეთზე დალაგებული ეკლებით.“
იგი, ასევე, გვაწვდის ცნობებს ვაზის დარგვის, სხვლის, ყურძნის დაწურვის, შენახვის, არყის გამოხდის, მარნის, საწნახლის შესახებ. იქვე ამატებს, რომ განსაკუთრებით მოეწონა ატენური და ახმეტური ღვინოები.
„კახეთში უფრო მეტად, ვიდრე ქართლში, ვაზს რგავენ ბორცვების სამხრეთ კალთებზე და რადგან მისი მორწყვა არ შეიძლება, ამიტომ გაზაფხულზე ყოველ ძირს ნაკელს შემოაყრიან. მართალია, შემოდგომაზეც შედარებით მცირე ტკბილს იღებენ, მაგრამ ეს იძლევა მაგარ (ცეცხლოვან) ღვინოს. ამიტომ კახურს უპირატესობა აქვს იმასთან, რაც მტკვრის დაბლობზეა ქართლში,“ – აღნიშნავს მეცნიერი.
კახელები შემოდგომით ვაზს მიწაში არ ფლავდნენ, ყურძნის კრეფის შემდეგ ისე შეჭრიდნენ, რომ მხოლოდ 4-6 კვირტი დარჩენილიყო. ახალი ნაზარდი მაგარი არ იყო, ამიტომ ჭიგოზე ამაგრებდნენ.
მეცნიერის გადმოცემით, ახტალა ძალზე მდიდარი იყო საბადოებით. საბადოებში მოიპოვებდნენ სპილენძს, რკინას, რკინაქვას – „მხოლოდ 10 წელია, რაც ახტალა სავსებით მიტოვებულია, რადგან მოსახლეობის ნარჩენები, ლეკთა ხშირი თავდასხმების გამო, ზოგი – ბორჩალოში, ზოგიც კახეთში გადავიდა. აქ გვხვდება კაკალი, ბროწეული, ატამი, გარგარი და სხვა ხეხილი, აგრეთვე ხშირია ვაზიც“.
ქართლ-კახეთის სამეფოს ფაუნის აღწერისას იგი ამბობს: „ ოთახის კუთხის სვეტებთან მიმაგრებულია ირმის თავები რქებით, რათა მასზე რამე დაჰკიდონ, ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ირმების სიმრავლეზე.“
გიულდენშტედტი მიუყვებოდა ქსოვრისიდან მუხრანამდე გზას გაშლილ ველებზე, რომელიც სახნავად გამოიყენებოდა. ყანებს ქსნიდან გამოყვანილი არხების მეშვეობით რწყავდნენ – „მუხრანის ყანებში უკვე თავთავი ჰქონდა ჭვავს, მარცვლეულის ამ სახეობას არცთუ იშვიათად თესავენ ხევში, ფშავში, თუშეთში და ასევე – ოსეთში. გორიდან და მეტეხიდან თბილისში ტივებმა მოიტანეს ხორბალი და ქერი.“
მეცნიერი პურის ცხობის შესახებაც გვიყვება – „მოსახლეობას მარცვლეულის საფქვავად უამრავი პატარა თუ დიდი წისქვილი ჰქონდა აგებული მდინარეებზე.“ ეს იყო წიქვილები ჰორიზონტალური ბორბლებით მდ. ლაკაბელზე, დურუჯზე, ანგისხევსა და ახალგორში.
მოგზაურობა იმერეთის სამეფოში
საქართველოში მოგზაურობისას გიულდენშტედტი იმერეთსაც ესტუმრა, მასპინძლობა მეფე სოლომონ I – მა გაუწია.
მისი გადმოცემით, იმერეთის და ქართლ-კახეთის სახლემწიფოებრივი და პოლიტიკური წყობა არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუმცა იმერეთში მოსახლეობა უფრო ღარიბი ყოფილა, რის მიზეზადაც მთიან რელიეფსა და ჰავას ასახელებს – „ამ მხარეს რწყავს რიონი ზემო დინებით, თავისი შენაკადებით, ვიდრე -ცხენისწყლამდე; აქვს ფიქალიანი მთები, კირქვიანი თხემები, აგრეთვე თიხნარი ნიადაგი და მცენარეული საფარი (ტყეები). ეს ქვეყანა ძლიერ განსხვავდება ქართლისაგან, მთები უფრო მაღალია, ჰავა უფრო ცივი, და ზოგიერთი კულტურებისთვის – ძალიან ცივი. სველი ნიადაგი და ნესტიანი ჰაერი ხელს უშლის ნიადაგის დამუშავებას, განსაკუთრებით მეორე პირობა მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისა და პირუტყვის მოშენებისთვის, სხვა მხრივ, იმერეთს განადგურების ნაკლები კვალი არ აქვს, ისიც ასევე ნაკლებადაა გაშენებული და დასახლებული.“
გიულდენშტედტმა რამდენიმე დღე დაჰყო ქუთაისში – „ქალაქი გარშემორტყმულია გალავან-ზღუდით, რომელიც შედგება სამი მხარისგან.“ იგი გვიხატავს იმერეთის დედაქალაქის სურათს თავისი ციხე-გალავნებით, ეკლესიებით, ხიდით, აბანოთი და სხვა.
მოგზაურობა რაჭაში
რაჭას ჰყოლია თავისი მმართველი რაჭის ერისთავის სახით – „სოფლები მთაში უფრო მჭიდროდაა დასახლებული, დაბლობში კი უფრო დაშორებულია ერთმანეთისგან და ხშირად ყანებით არის გამოყოფილი.“
განსაკუთრებული სიღარიბე მაღალ ადგილებში, ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში იგრძნობა, „რადგან მათ ორმწკრივიანი ქერის, საგაზაფხულო ხორბლისა და შვრიის გარდა ვერაფერი მოჰყავთ.“
მან, როგორც ექიმმა და ნატურალისტმა, შეისწავლა ზოგიერთი წყლისა და მცენარის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობები – „ონის ჩრდილოეთით, ახლოს, ერთ ადგილას იგრძნობა იის სუნი, მოსახლეობა ამ სურნელს იყენებს სახსრების ტკივილის წინააღმდეგ. ისინი აკეთებენ პატარა ორმოებს, არჭობენ ლერწმის ღეროებს და ისუნთქავენ ჰაერს. მსგავს მოვლენას აქვს ადგილი უწერასთანაც.”
ონში გულდენშტედტის სტუმრობისას საკმაოდ ცხელოდა, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო. იმ პერიოდში საწერეთლოდან რაჭაში სოლომონ მეფე ამოსულიყო და მეცნიერი მასთან შესახვედრად გაემართა სხარტალში. „სხარტალს აქვს საკმაოდ მაღალი მდებარეობა, ასე რომ ცაცხვი, რომელიც ჩრდილოეთ მთისწინეთზე მაისში ყვავის, აქ მხოლოდ ახლა იწყებდა ყვავილობას. აქ გვხვდება ჩვეულებრივი ფიჭვი, სოჭი, ურთხმელი, ბაძგი (ანუ ჭყორი), საკმელა, ცირცელი და თამელი, აღმოსავლური კრაზანა, ნაღველა, ჯვარელა და სხვა მცენარეები“.
უწერის მიდამოები მდიდარი იყო მინერალური წყლებით. ტუტიან წყაროებს მოსახლოება სასმელად იყენებდა – „ისინი ამით ამჟავებენ პურის ცომს, რომელიც მისგან მაღლა იწევს და უმარილოდაც მშვენიერი გემო აქვს. უწერასთან ხშირი იყო კაკლის ხეები და პატარა ლურჯი ქლიავი.“
გიულდენშტედტის მოგვითხრობს, რომ „ღვინოს რიონზე, უწერის ქვემოთ“ ხშირად აყენებდნენ, მას წურავდნენ ხის ჭურჭელში და დიდ ქვევრებში ინახავდნენ, „რომლებიც მიწაშია ჩადგმული.“
მოგზაურობა გურიაში
გიულდენშტედტის აღწერით, გურია თურქთა ხშირი შემოსევებისგან უაღრესად გაჩანაგებული იყო – „ამ პროვინციის სამხრეთი საზღვრები სხვადასხვა დროს საგრძნობლად იცვლებოდა თურქების წყალობით. მათ ახლაც (1772 წ.) უკავიათ გურიის სოფლები და მხარეები ჭოროხზე და მის გადაღმაც.“ ისინი, ასევე, მონაწილეობდნენ თავადთა გადაყენება-დანიშვნაში და გურიის მმართველ წრეებთან დიდ „თურქულ თამაშს“ აწარმოებდნენ.
თუმცა გურიას სხვა მხარეებისგან ის განასხვავებდა, რომ „ზღვის ნაპირას მოჰყავთ ბევრი ლიმონი, ფორთოხალი, ზეთისხილი, რაც დანარჩენ საქართველოში გავრცელებული არ არის.“
სამეგრელოს შესახებ
მეცნიერი ცალკე გამოჰყოფს სამეგრელო – ოდიშს: „სამეგრელო, ოდიში და ლეჩხუმი ჰქმნიან საქართველოს მეოთხე სამეფოს, და ჰყავთ თავისი საკუთარი, დამოუკიდებელი მმართველი, რომელიც ატარებს დადიანის ტიტულს. აქაც ისეთივე მორჩილებაა, ისეთივე თვითნებური გადასახადები და კანონები, როგორიც სხვა ქართულ მხარეებში.“
გიულდენშტედტი აღნიშნავს, რომ დადიანი არ იყო კეთილგანწყობილი რუსეთისადმი და თუქებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ასევე იმერეთის მეფე სოლომონთანაც სასტიკი მტრობა ჰქონდა – „მისი მიწები უფრო უკეთ არის უზრუნველყოფილი მეზობელთა ძარცვისა და თავდასხმებისგან, ვიდრე ორივე ქართველი მეფის ქვეყნები.“ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მუხედავად დიდი, სურვილისა, გიულდენშტედტმა ვერ შეძლო სრულად მოენახულებინა სამეგრელოს მხარე.
მოგზაურობა სვანეთში
სვანეთი, იგივე სონი, წინათ იმერეთის სამეფოს ეკუთვნოდა, შემდგომში ჩამოშორდა მას და გახდა თავისუფალი – „ახლა უმთავრესად სრულიად თავისუფალია… მხოლოდ სამეგრელოს დადიანი ცდილობს, ლეჩხუმის ახლოს მდებარე ადგილებზე გაავრცელოს თავისი ბატონობა.“
გიულდენშტედტი, ასევე, გვიზიარებს ცნობებს სვანეთში არსებული საბადოების შესახებ: „მდ. ცხენისწყალი სათავეს იღებს სვანეთში, მის სათავესთან არის ტყვიისა და სპილენძის საბადოები.“ სვანებმა იციან ორივეს დნობა, აგრეთვე შეუძლიათ თოფის წამლის დამზადება.
1772 წლის შემოდგომაზე გიულდენშტედტმა საქართველოში მოგზაურობა დასაასრულა, გადავიდა ყიზლარში და კავკასიის სხვა რეგიონების შესწავლა განაგრძო. 1775 წლის 2 მარტს კი პეტერბურგში დაბრუნდა.
ამრიგად, გიულდენშტედტი გვაწვდის ფასდაუდებელ მასალას XVIII საუკუნის საქართველოს შესახებ, რაც გვიქმნის ზოგად წარმოდგენას, თუ როგორი იყო ქართული ყოფა სამი საუკუნის წინ.
მოამზადა ირინა ჯაფარიძემ
გამოყენებული ლიტერატურა – „გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში“, ტომი – I, გ.გელაშვილი, 1962 წ.