რეკლამა

კრწანისის ტყე-პარკის ფრინველები

ჭიკვარა (სტვენია იხვი) Anas crecca

აღწერა: სხეულის სიგრძე: 34-38 სმ, ფრთების შლილი: 53-59 სმ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მამლისთვის დამახასიათებელია წაბლისფერი თავი გვერდებზე დიდი მწვანე ლაქით, რომელსაც მკრთალი მოყვითალო არშია აქვს შემოვლებული; მკერდი მოყვითალო-თეთრია შავი წერტილებით; კუდის ქვედა მფარავი ბუმბულები ყვითელია, შავი არშიით. ფრთის სარკე მოშავო-მომწვანოა თეთრი კიდეებით; სხეულის დანარჩენი ნაწილი მონაცრისფროა. დედალის სხეულის საერთო შეფერილობა მოყვითალო-მოყავისფროა; ფრთის სარკის შეფერილობა მამლის მსგავსია.
ჰაბიტატი: ჭაობები, ტბები, წყალმარჩხი ადგილები, მდორე მდინარეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს მტკნარი ტბის ნაპირებზე ან ჭაობში. მაისში დებს 8-10 კვერცხს. საინკუბაციო პარიოდი 21-25 დღე გრძელდება. ბარტყებს გამოჩეკიდან 30-35 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.
კვება: მცენარის მწვანე ნაწილები და თესლები.

კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი/ მოზამთრე.
IUCN – ის სტატუსი: LC

 

წითელთავა ყვინთია Aythya ferina

აღწერა: სხეულის სიგრძე: 42-49 სმ, ფრთების შლილი: 67-75 სმ შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამლისთვის დამახასიათებელია ნაცრისფერი ტანი, წაბლისფერი თავი და კისერი, წითელი თვალი, შავი მკერდი, კუდი და კუდის მფარავები. დედალი მონაცრისფრო შეფერილობისაა, ყავისფერი მკერდითა და მოყვითალო-მოყავისფრო თავით. ორივე სქესის ფრინველს შავი ნისკარტის შუა ნაწილი მონაცრისფრო აქვს.
ჰაბიტატი: ტბები, მდორე მდინარეები და ზღვის სანაპირო ზოლი.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს მტკნარი ტბის ნაპირებზე ან ჭაობში, სადაც უხვადაა მცენარეული საფარი. მაისში დებს 5-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22-27 დღე გრძელდება. ბარტყებს გამოჩეკიდან 40-45 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.
კვება: წყლისა და ხმელეთის უხერხემლოები და მათი ლავრები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი
IUCN – ის სტატუსი: VU

 

მცირე ყარაულა (მცირე წყლის ბუღა) Ixobrychus minutus

აღწერა: სხეულის სიგრძე: 33-38 სმ, ფრთების შლილი: 49-58 სმ. სხეულის ზედა ნაწილი შავი ფერისაა (გარდა ფრთის მფარავებისა, რომლებიც მოყვითალოა), სხეულის ქვედა ნაწილი მოყვითალოა (დედალს მკერდსა და მუცელზე გასდევს მოშავო ზოლები); ნისკარტი მოყვითალოა, ფეხები მომწვანო-ნაცრისფერი; ახალგაზრდა ფრინველი ჩალისფერია, მურა კოპლებით.
ჰაბიტატი: წყალსატევების ლერწმითა და ბუჩქნარით დაფარული ადგილები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხშირ ლელქაშში, იშვიათად ბუჩქნარსა და ხეებზე. მაისიდან ივნისის დასაწყისამდე დებს 5-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 19 დღემდე გრძელდება.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი.
IUCN – ის სტატუსი: LC

 

მცირე თეთრი ყანჩა (პატარა ოყარი) Egretta garzetta

აღწერა: სხეულის სიგრძე: 55-65 სმ, ფრთების შლილი: 88-106 სმ. დამახასიათებელია გრძელი კისერი, შავი ნისკარტი და გრძელი, შავი ფეხები ყვითელი თითებით. გამრავლების პერიოდში მამალს კეფაზე უვითარდება ორი გრძელი ბუმბული. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. სხეულის შეფერილობა მთლიანად თეთრია.
ჰაბიტატი: ჭაობები, ტენიანი მინდვრები, ტბებისა და მდინარეების სანაპიროები.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეზე ან ლელქაშში. მაისში დებს 3-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 23-25 დღე გრძელდება.
კვება: თევზები, ამფიბიები, მწერები და მათი ლარვები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი: LC

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები