მალე იგრძნობთ, რომ ქალაქში სუნთქვა გაგიადვილდათ
თბილისს ახალ ფილტვს უნერგავენ
მალე იგრძნობთ, რომ ქალაქში სუნთქვა გაგიადვილდათ
600 ათასი ხე (120 ათასი უკვე დაირგო) ემატება თბილისს “ურბანული ტყის” ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი წლის განმავლობაში დამატებით 72 ათასი ტონა ჟანგბადით შეივსება (1 ხე წელიწადში საშუალოდ 120 კგ ჟანგბადს გამოყოფს), – ახალ ტყეს ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ფონდი „განვითარება და გარემო“ 700 ჰა ფართობზე აშენებს და ის ნარიყალასა და მთაწმინდის ფერდებს, კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის, ვაკის პარკის და ბულბულების ჭალის ტერიტორიებს მოიცავს. შეიძლება ითქვას რომ ეს ორი ფონდი თბილისს ახალ ფილტვს გადაუნერგავს, რომელიც 1.8 მლნ ადამიანს, ანუ სამიდან ორ თბილისელს აცოცხლებს.
https://air.gov.ge/ -ზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ ჰაერის ხარისხი თბილისის ცალკეულ უბნებში, დღის ნებისმიერ დროს წითლად არის აღნიშნული, ანუ “ცუდია” და “ძალიან ცუდი”, თუმცა ჰაერის რუკისა და ანალიზების გარეშეც ქალაქში სუნთქვა რომ ჭირს, ძნელი მისახვედრი არ არის, და, თუ ჰაერის მკვლელ ურბანიზაციას ვერავინ და ვერაფერი აჩერებს, რომ არ დავიღრჩოთ, რაც შეიძლება მეტი ხე უნდა დავრგოთ, – ყველამ, მითუმეტეს, რომ ჟანგბადის გამომუშავებისას ერთი ხე საშუალოდ 1 მანქანის დღიურ გამონაბოლქვს შთანთქავს, – იდეალური გამოსავალია #მეტიხეთბილისს.
„დიდ ქალაქებს განსაკუთრებული „ფილტვები“ სჭირდება, რომლის ფუნქციასაც მცენარეები ასრულებენ; ამიტომ მთაწმინდის ტყის აღდგენა-რეაბილიტაცია თავისთავად უზურნველყოფს ქალაქში ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფას” – გიორგი კვესიტაძე, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
თუმცა, “თბილისის ურბანული ტყე” არც მხოლოდ ტყეა და არც მხოლოდ ფილტვი, პროექტის ავტორები, ხეების დარგვამდე, 2 წელიწადი მეცნიერულად სწავლობდნენ ყველა ტერიტორიის ნიადაგს, ლანდშაფტს, ცხოველებს, მწერებსა და ფრინველებს რომ თითოეული უბნისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული მცენარეები შეერჩიათ თანაც ისე, რომ ოთხივე სეზონზე რომელიმე მათგანს ყვავილობა ან ფერთაცვლა უწევდეს და გარემოს ესთეტიურადაც ამშვენებდეს.
„მთაწმინდის გამხმარი ფერდოებების ყურება არც თვალისთვის და, მითუმეტეს, არც ეკოლოგიური თვალსაზრისით სასიამოვნო არ არის. ამიტომ ფერდობის გამწვანება, ტყეების აღდგენა, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეების დარგვა, რათქმა უნდა, უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და ესთეტიკურ სილამაზეს” – როინ მეტრეველი – მეცნიერი
“ეს პროექტი ახალი ქალაქის გაშენების ტოლფასია და მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობისაა ამ საუკუნეში, ასე ყოველმხრივ შესწავლილი და მეცნიერულად დასაბუთებული პროექტი ძნელად თუ მახსენდება” – ვაჟა ლორთქიფანიძე – მეცნიერი
თუმცა, არც ესთეტიკით სრულდება “თბილისის ურბანული ტყის” სიკეთეები, პროექტის ფარგლებში აღადგინეს ბუნებრივად ფორმირებული ამორტიზებული ბილიკები და ასევე მოაწყვეს ახალი საფეხმავლო ბილიკების ქსელი მამა დავითის მონასტრის ავტოსადგომიდან, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩებიდან, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სოლოლაკს, მთაწმინდას, ვერას და ვაკეს, ჯამში 20 კმ სიგრძისაა და საერთაშორისო სტანდარტისაა: ბილიკების გასწვრივ ხის ბორდიურ-ჯებირებია, ასევე განთავსებულია მაორიენტირებელი საინფორმაციო დაფები, მოსასვენებელი სკამები და გადასახედი ვერანდები – თანაც ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან – მხოლოდ ხისა და ქვისგან. ბილიკებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება თბილისზე, საგურამოსა და იალნოს ქედებზე, კარგ ამინდში ყაზბეგის მყინვარწვერისა და კავკასიონის მთავარი ქედის დანახვაც შესაძლებელია.
და თითქოს ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი, – ამ დღეებში ფონდმა “ქართუმ” თბილისს კუს ტბისა და ვაკის პარკის ველო-ბილიკები აჩუქა, და, ის “ურბანული ტყის” პროექტის ნაწილი გახდება; ველობილიკები სამთოველო-ფედერაციის სტანდარტებით ბუნებრივი მასალებით მოეწყობა ისეთი დახრით, რომ ველოსიპედით არამხოლოდ დაშვება, არამედ მთაზე ასვლაც იყოს შესაძლებელი. შედეგად თბილისის ურბანული ტყე არამხოლოდ გვასუნთქებს, გვაცოცხლებს და ესთეტიურად დაგვმუხტავს, არამედ გაგვაკაჟებს კიდეც თუკი ურბანულ ჰიპოდინამიას დავძლევთ და ველოებზე გადავსხდებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ტურისტულ ღირებულებაზე – აქამდე თბილისი მხოლოდ საქმიანი ტურიზმის ქალაქი იყო, ახლა კი სარეკრიაციო ფუნქციასაც დაიმატებს, რაც ტურისტულ პოტენციალს ერთ-ორად გაზრდის.
ნუ დაელოდებით პროექტის დასრულებას, ტყისა და ბუჩქნარის ნაწილი უკვე გაშენებულია, და საფეხმავლო ბილიკებიც მოწყობილია, – უქმეებზე მაინც შეუყევით მთაწმინდის ფერდს და ნახეთ სადამდე მიგყვანთ ჯანი და გარემოთი ესთეტიკური ტკბობა, იქნებ ქალაქის ირგვლივ სრული წრის დარტყმაც შეძლოთ, თუ არადა შემდეგ ჯერზე ისევ სცადეთ – ჯანის სიმრთელე, მეტი ხე და მეტი ჟანგბადი ჩვენ და ჩვენს საყვარელ ქალაქ თბილისს.