რეკლამაspot_img

თევზაობა შავ ზღვაზე

შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის შიდა ზღვაა. ბოსფორის ყურით იგი უერთდება მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. ჩრდილოეთიდან ქერჩის ყურით იგი უერთდება აზოვის ზღვას. შავი ზღვის სანაპირო ზოლი გადაჭიმულია საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე. მისი თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ 150-200 მეტრის სიღრმეზე სიცოცხლე არ არის, ვინაიდან აქ წყალი გოგირდის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს.
შავ ზღვაზე ძირითადად კონტინენტური კლიმატია. მხოლოდ ყირიმის სამხრეთ და საქართველოს სანაპირო ზოლში არის რბილი სუბტროპიკული კლიმატი.
შავ ზღვაში ბინადრობს 2.5 ათასი ნაირსახეობის ცოცხალი ორგანიზმი (აქედან –185 ნაირსახეობის თევზი). ამ ზომის წყალსატევისთვის ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამის მიზეზია წყლის მარილიანობის დიდი დიაპაზონი და გოგირდის დიდი კონცენტრაცია ფსკერულ შრეებში.
საქართველოს სანაპირო ზოლი ითვლება საკმაოდ უხვთევზიანად, ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ტერიტორიაზე ზღვაში შეედინება მდინარეთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ქმნიან მდიდარ საკვებ ბაზას თევზისთვის.
ამ სტატიაში განვიხილავთ იმ თევზთა ჭერის მეთოდებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან მეთევზეთა ნადავლში. დავიწყოთ ყველაზე იოლად დასაჭერიდან და მივყვეთ ჭერის სირთულის მიხედვით.

ქაფშია და ატერინა

ეს თევზები შავი ზღვის თევზთა საკვებ იერარქიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან და ამიტომაც მეტად მრავალრიცხოვანნი არიან. მათი ჭერისთვის საკმარისია ყველაზე უბრალო ტივტივიანი ანკესიც. მოსაქნევი ანკესით შეიარაღებულნი, წელამდე ზღვაში ან ნავსადგომიდან, წითელ ან თეთრ ჭიაზე ან ნებისმიერ მოლუსკზე, რომელსაც ზღვაში მოიპოვებთ, თქვენ უპრობლემოდ დაიჭერთ რამდენიმე “ტაფა”თევზს.

ხონთქარი (
ბარაბული)– ზღვის ღორჯო -ზღვის “ძაღლი”

სამივე ჯიშის თევზი ფსკერულია და, შესაბამისად, მათი ჭერა ფსკერული მეთოდით ყველაზე წარმატებულია (ფიდერით, მაგალითად). განსაკუთრებით ხელსახყრელია მათზე თევზაობა ნავსადგომებიდან და ტალღმჭრელებიდან 2-3 მეტრის სიღრმეზე. სატყუარად გამოდგება წითელი და თეთრი ჭია, ზღვის მოლუსკები და კრევეტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზღვის “ძაღლი” არ იჭმევა! თუ ჭერის ადგილას დამატებით საკვებს ჩავყრით, ეს თევზაობის შედეგს გააუმჯობესებს (მაგალითად, თევზის ფარშისა და ქვიშის ნარევს ან ხორცსაკეპში გატარებული ძაღლის საჭმელის, პურისა და ქვიშის ნარევს).

ზღვის კარჩხანა (ლასიკირი)  -ტუჩა- ზღვის ქორჭილა(სმარიდი)
ეს თევზები თავის ბინადრობის ადგილებად ირჩევენ ძირითადად ქვიან, წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებს. ნავსადგომები და ტალღმჭრელებიც მათი ბინადრობის ჩვეული ადგილებია. ამ თევზების საარსებო შრე ფსკერთანაა მიახლოებული, ამიტომ მათი ჭერაც უპრიანია ფსკერთან ახლოს, ფსკერული მეთოდით (როგორც წესი, 3 ნემსკავის გამოყენებით) ან ტივტივათი ფსკერთან ახლოს (მატჩური მეთოდით, მაგალითად). სატყუარად ყველაზე ეფექტურია ზღვის მოლუსკები და კრევეტი, ეს უკანასკნელი შეგიძლიათ მაღაზიაში იყიდოთ თევზაობის წინ.

 

 

სტავრიდი
ამ თევზს ორი ფორმა აქვს, ჯუჯა და ზრდილი. ჯუჯა ფორმა ქმნის უზარმაზარ ქარავნებს, 20-40 მეტრის სიღრმეზე დაძრწის და ჭამს ყველაფერს, რისი გადაყლაპვაც ძალუძს. სტავრიდის ჭერის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ბჭყვიალა ნემსკავზე სატყუარის გარეშე თევზაობა. ძირითად ძუაზე მოკლე ლიდერებით ამაგრებენ 5-10 ბჭყვიალა ნემსკავს და ნავიდან თევზაობენ საკმაო სიღრმეებზე. ამ თევზის ჭერა ნაპირიდანაც არის შესაძლებელი ფსკერული მეთოდით. საჭიროა შორ დისტანციაზე ტყორცნა და სატყუარად ზღვაშივე დაჭერილი ლიფსიტის ან ჭია ნერეისის (ტორფის ჭია) გამოყენება. იჭერენ სტავრიდს სპინინგითაც,  ძირითადად – ნავიდან. საუკეთესო სატყუარაა ფრიალა “კასტმასტერი”. ზრდილი სტავრიდი მშვენივრად მოდის ტროლინგით თევზაობისას ვობლერებზე, რომლებიც 10 მეტრზე ღრმად ყვინთავენ.

კეფალი

შავ ზღვაში კეფალისებრთა ოჯახი ხუთი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი. მათი ზომა მერყეობს 15-დან 120 სანტიმეტრამდე. თევზაობენ ამ საინტერესო თევზზე როგორც წესი ნავსადგომებიდან ან ტალღმჭრელიდან ტივტივიანი ანკესით, შეიძლება ნაპირიდანაც – ფსკერული მეთოდით, მაგრამ ეს მეორე ნაკლებად შედეგიანია. სატყუარად ყველაზე წარმატებულია ჭია ნერეისის, იგივე ტორფის ჭიის გამოყენება, კეფალს ის განსაკუთრებით უყვარს.

კამბალა
ამ ოჯახის წარმომადგენლებიდან მეთევზეთა ნემსკავზე ყველაზე ხშირად ხვდებიან ზღვის “ენა” და კამბალა გლოსსა. ზაფხულში ამ თევზის ჭერა ანკესებით თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ამ დროს იგი ნაპირიდან შორს, ღია ზღვაში დიდ სიღრმეზე იკვებება; ხოლო სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით იგი სანაპირო ზოლში ინაცვლებს, სადაც მას საკმაოდ წარმატებულად იჭერენ ფსკერული მეთოდით, საჭიროა 100-120 მეტრზე ტყორცნა, ამიტომ აღჭურვილობაც შესაბამისი უნდა გქონდეთ. სატყუარად საუკეთესოა ჭია ნერეისი, ზღვაში დაჭერილი ლიფსიტა და მოლუსკები, ცუდად, მაგრამ იგი წითელ ჭიასაც იღებს.

ქოთეხი (
კუზა, გარბულა)
ეს თევზი ძალიან საინტერესო და სანუკვარი ნადავლია. იგი უპირატესობას ანიჭებს კლდოვან ადგილებს, მაგრამ მცირე ჯგუფებით ქვიან ფსკერზე გამოდის საკვებად საღამოს საათებში. მისი ბინადრობის ადგილი 5 მეტრის სიღრმის შემდეგ იწყება. კუზაზე თევზაობენ, ძირითადად, ნავიდან, ფსკერთან ახლოს. სატყუარად იყენებენ ზღვის კირჩხიბს, კრევეტს და ჭია ნერეისს (ლიფსიტას სატყუარად არ იყენებენ).

კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)

შავი ზღვის ზვიგენი იზრდება ორ მეტრი და 45 კილო, ვის არ უოცნებია ნამდვილი ზვიგენის დაჭერაზე? თევზაობენ კატრანზე, ძირითადად, ნავიდან 15-25 მეტრის სიღრმეზე, საჭიროა მძიმე კლასის ანკესი, ურიგო არ იქნება, რომ იგი მულტიპლიკატორული კოჭით იყოს აღჭურვილი. სატყუარად იყენებენ თევზს, მკვდარია იგი თუ ცოცხალი, მნიშვნელობა არ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატრანს ზურგისა და ანალური ფარფლის ქვეშ აქვს 3-6 სანტიმეტრიანი ეკალი, რომლის ნაჩხვლეტიც ტოქსიკურია.
შავ ზღვაში კიდევ ბევრი სახეობის თევზი ბინადრობს, რომელიც თქვენს ნადავლში შეიძლება აღმოჩნდეს, იმედია, ზღვაზე თევზაობა თქვენი დასვენების სასიამოვნო ნაწილი იქნება და ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება დაგეხმარებათ საამაყო ნადავლის მოპოვებაში.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები