რეკლამაspot_img

ნადირობა ჩონ-ტაშში

                                                                 (ამონარიდი)

ვაჟა გიგაშვილი

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს, მათ შორის აღსანიშნავია ეკოსისტემების განადგურება და ბარაკონიერობა.  

თვალწინ გაიარა ასობით შეიარაღებული ბრიყვის სახემ: ზოგი გაბრწყინებული სახით იკიდებს მარყუჟებზე სოფლისპირა ბაღებში ჩახოცილ შაშვებს, ზოგი გაკვირვებული ათვალიერებს „ზუსტი სროლით“ ჩამოგდებულ გუგულს ან კოდალას და წარმოდგენა არა აქვს, რა მოკლა: ხოხობი თუ კაკადუ?… ზოგი ისტერიული, გაბოროტებული ჟინით დასდევს თავისი სოფლის არემარეში სასწაულით გადარჩენილ ერთადერთ კურდღელს, რომელსაც უკვე რამდენჯერმე აქვს საფანტით დაცხრილული ყურები.

თვალწინ გაიარა ნაპირებგადაბუგული, დამაზუთებული ტბების, თვითმფრინავებიდან მოწამლული ველების, გაჩეხილი, საქონლისა და ავტომანქანებისგან გადაჯეგილი ჭალების სურათებმა …

 

არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში თავმოყვარე მონადირეს კითხვა არ დაებადოს: დარჩა ნადირობაშის ის, რისი გულისთვისაც ნადირობდა, რაც უხაროდა ამ საქმეში?.. აქაც კაცზეა დამოკიდებული, თუ მას სიამოვნებას მიანიჭებს დამბლადაცემული მოჭიდავის ძირს დახეთქება, ანდა ფეხმოტეხილ მორბენალთან მოგებული დისტანცია, ასეთ კაცს არაფერი შეუშლის უბათქუნოს აქა-იქ თავშეფარებულ, მუდმივი დევნისაგან ნახევრად შეშლილ კურდღლებს, ხოხბებსა და გნოლებს.

მაგრამ მხოლოდ ბრაკონიერობის აღკვეთა არ შველის საქმეს. ბრაკონიერი არა სპობს ნადირ-ფრინველის საცხოვრებელ ადგილებს. ის არ ხნავს და არა ტეხავს ყამირებს, არ წამლავს თვითმფრინავიდან უზარმაზარ ტერიტორიებს, არა წვავს და ბუგავს ლელსა და შამბნარს, არ აშრობს ჭაობებს და არ ამაზუთიანებს ტბებსა და მდინარეებს. ის არ უსევს საქონელს ხოხბების, გნოლების, მწყერების, ღალღების და სხვათა საბუდარ მინდვრებს გადასაჯეგად, არა ჩეხავს ჭალებში ახოებს კიტრის დასათესად და არ გაჰყავს ახალი ავტოგზები ამ კიტრის გამოსაზიდად. ამ ყველაფერს გეგმაზომიერად და მიზანდასახულად აკეთებს მთელი მოსახლეობა, მთელი ადამიანური მეურნეობა. ბუნებას შეუბრალებელი ომი აქვს გამოცხადებული და ისიც ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს, ებღაუჭება უკანასკნელ კუნჭულებს, მაგრამ ამ კუნჭულების ბედიც განწირულია და მათაც მოეღებათ ბოლო.

… ბრაკონიერი კი ტურასავით მიჰყვება უკან მეურნეობის წინდაუხედავ, წამლეკავ წინსვლას და რაც მათ გადაურჩა, თოფითა სპობს …

რა ეშველება ამ ამბავს?.. ამაზე მთელ მსოფლიოში საშინელი განგაშია ატეხილი. დიდი ბჭობა მიდის, მრავალი გონიერი ადამიანი სწავლობს ამ საკითხს და ეძებს გზებს, მაგრამ, საუბედუროდ, პრაქტიკულ საჭიროებას გაცილებით სწრაფი ტემპები აქვს და ჯერჯერობით არა ჩანს საშუალება ოდნავ მაინც შეჩერებისა …

ჯერჯერობით მხოლოდ ძნელად მისადგომი, მაღალმთიანი რაიონები გადაურჩა ამ საკვირველ რბევასა და გაჩანაგებას. აქ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ადამიანმა ტექნიკით შეჭრა. კიდევ კარგი, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ტრანსპორტი, რომლითაც შეძლებდნენ ბრაკონიერები ჯიხვებისა და არჩვების ხოცვას პროჟექტორების შუქზე. კიდევ კარგი, არ არსებობს ჯერჯერობით მეურნეობის ისეთი დარგი, რომელიც კლდეებსა და მყინვარებს იყენებდეს. განა ამის გასაოცარი მაგალითი არ არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში გაცილებით მეტი ცხოვრობს იშვიათად და ზღაპრულად აღიარებული ჯიხვი, ვიდრე უბრალო, პროზაული, მინდვრის ფრინველი გნოლი?.. განა ეს ფაქტი მჭევრმეტყველურად არ ასურათებს ბარის ბუნების არნახულ გაჩანაგებას?!.

მაღალ მთებში ნადირობა ისევ რჩება მკაცრ, რთულ, მაღალკვალიფიციურ სპორტად. იგი მონადირისგან მრავალ საგანგებო თვისებასა და უნარს მოითხოვს: საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას, დიდ გამძლეობას, ძირითადად ალპინისტურ ჩვევებსა და ცოდნას, მაგარ ნერვებსა და მოთმინეას, გონიერი რისკის უნარს, სწრაფ რეაქციასა და ორიენტაციას, თვითონ ნადირის ცხოვრების კარგ ცოდნასა და დაოსტატებას შორ მანძილზე, მოძრავ მიზანში ტყვიით სროლაში. მაგრამ ეს არის სპორტი, რომელსაც არც მსაჯი ჰყავს და არც მაყურებელი და ბევრი რამ აქ მხოლოდ მონადირის  კეთილშობილებაზეა დამოკიდებული.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები