რეკლამაspot_img

საქართველოს მონადირეთა კავშირის სანადირო ძაღლების ბრწყინვალე გამარჯვება

საქართველოს მონადირეთა კავშირის სანადირო ძაღლების ბრწყინვალე გამარჯვება საკავშირო და მოსკოვის საველე შეჯიბრებებში

საქართველოს მონადირეთა კავშირის ჯიშიან მეძაღლეობას მხოლოდ 14 წლის ისტორია აქვს, ხოლო რაც შეეხება საველე შეჯიბრებას – კიდევ ნაკლები. სანადირო ძაღლების საველე შეჯიბრება ჩვენ დავიწყეთ 1927 წლიდან. ამ ხნის  განმავლობაში, მიუხედავად მრავალი დამაბრკოლებელი, ხელისშემშლელი მიზეზისა, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს მუშაობაში 1937 წლამდე, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ არის გაკეთებული. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მონკავშირის კინოლოგიური სექციის მუშაობამ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩვენში დაბადებულმა, ჩვენ მიერ აღზრდილმა და დაგეშილმა ჯიშიანმა ძაღლებმა მოსკოვის ოლქის და სრულიად საკავშირო შეჯიბრებაში, როგორც ჯგუფურში, ისე ინდივიდუალურში, პირველობა მიიღეს. დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ  ზემოაღნიშნულ შეჯიბრებაში ჩვენმა დამგეშავებმა ლ. ციციშვილმა და ე. შაპატინმა, რომლებსაც მოსკოვში დაუხვდათ კარგად ცნობილი სპეციალისტი კონკურენტები, დაიკავეს: პირველმა – პირველი, ხოლო მეორემ-მეორე ადგილი. ჩვენ გვწერენ, რომ მონადირეთა კავშირმა ამ შეჯიბრებით ფურორი მოახდინა მოსკოვშიო ეს გასაგებიცაა, რადგან, თუ გადავხედავთ საბჭოთა კავშირის სანმადირო ძაღლების გამოფენა-შეჯიბრების  ისტორიას – აქამდე პირველობა მხოლოდ და მხოლოდ ლენინგრადს და მოსკოვს ეჭირათ (შეჯიბრება ლენინგრადში სისტემატურად მიმდინარეობს 1887 წლიდან, მოსკოვში – 1890 წლიდან), ხოლო 1939 წელს კი პირველობა ჩვენს კინოლოგიურ სექციას ხვდა წილად. ქვემომოყვანილი შედეგებიდან ჩვენი ძაღლების მოყვარული მონადირეები დაინახავენ, რომ გამარჯვება მხოლოდ პოინტერებს ხვდათ წილად, რადგანაც შეჯიბრებაზე ჩვენ, სამწუხაროდ, ვერცერთი სეტერის გაგზავნა ვერ ვცანით  შესაძლებელად, მაგრამ, იმედია, სეტერების მოყვარულნი შეეცდებიან მომავალში მაინც გამოასწორონ ეს ნაკლი და იზრუნონ ამ ჯიშის ძაღლის გამრავლებაზე (მიბაძონ პოინტერების მოყვარულთ). შეჯიბრების შედეგები ასეთია (ვათავსებთ მხოლოდ ჩვენი ძაღლების მიერ მიღებულ ნიშნებს):

მოსკოვის საოლქო შეჯიბრება.

1939 წლის 4 – 7 სექტემბერი.

  1. „ლალი“ – ყვით. ფოთლ. ძუ პოინტერი ექ. შარაშენიძისა – ყნოსვაში – 18, საერთო ნიშანი – 83, II ხარისხის დიპლომი.
  2. „ზარი“ – ყვით. ფოთლ. ძუ პოინტერი მონკავშირისა – ყნოსვაში – 18, საერთო ნიშანი – 81, II ხარისხის დიპლომი.
  3. „კარმენ“ – ყვით. ფოთლ. ძუ პოინტერი ე. შაპატინისა – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 81, III ხარისხის დიპლომი.
  4. „ჯო“ – შავფოთლ. ხვადი პოინტერი კ. პაპავასი – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 69, III ხარისხის დიპლომი.
  5. „აბრეკ“ – შავფოთლ. ხვადი პოინტერი არზუმანოვისა – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 66, III ხარისხის დიპლომი.

საქართველოს მონადირეთა კავშირს პირველი ადგილი ჯგუფურ შეჯიბრებაში (დაჯილდოებულია სიგელით.)

სრულიად  საკავშირო შეჯიბრება

1939 წლის 11 – 12 – 13 – 14 სექტემბერი.

  1. „მერცხალი“ – შავი ხვადი პოინტერი ლ. ციციშვილისა,  – ყნოსვაში – 20, საერთო ნიშანი – 88, I ხარისხის დიპლომი.
  2. „ლალი“ – ტვით. ფოთლ. ძუ პოინტერი ექ. ბ. შარაშენიძისა – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 80, III ხარისხის დიპლომი.
  3. „გარეი“ – წით. ფოთლიანი ხვადი პოინტერი ე. შაპატინისა – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 80, III ხარისხის დიპლომი.
  4. „ზარი“ – ყვით. ფოთლ. ძუ პოინტერი მონკავშირისა – ყნოსვაში – 16, საერთო ნიშანი – 76, III ხარისხის დიპლომი.

საქართველოს მონადირეთა კავშირს პირველი ადგილი ჯგუფურ შეჯიბრებაში (დაჯილდოებულია სიგელით).

      1. საქართვ. მონად. კავშირის დამგეშავს ლ. ციციშვილს საკავშირო შეჯიბრებაზე – დაგეშვისათვის 58 ნიშანი, პირველი ადგილი და სიგელი.

      2. საქართველოს მონადირეთა კავშირის დამგეშავს ე. შაპატინს საკავშირო შეჯიბრებაზე – დაგეშვისათვის 56 ნიშანი, მეორე ადგილი და სიგელი.

 როგორც ზემომოყვანილი ცხრილიდან ვხედავთ, გამარჯვება მოპოვებულია მხოლოდ და მხოლოდ ჯიშიანი ძაღლების საშუალებით. ამ გარემოებამ, მგონი, დროა ჩააჩუმოს ზოგიერთი უსაქმო მოლაყბე მონადირენი, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ ახალგაზრდა მონადირენი, თავიანთ უვარგის ძაღლებს ასეულ მანეთებს აფასებენ და გაიძახიან: რად მინდა ჯიშიანი ძაღლი, საკმარისია ძაღლმა იმუშაოს, ჩემი ძაღლი კი კარგად მუშაობსო. ამას იტყვის მხოლოდ ის, ვისაც ჯერ არ უნახავს ჯიშიანი ძაღლის მუშაობა. კინოლოგიური სექცია მიზნად ისახავს მოამარაგოს მონადირე ისეთი ჯიშიანი ძაღლით, რომელიც თავისი საველე ღირსებებით უფრო რაციონალური  და მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ნადირობის დროს, და მონადირის ერთგული თანაშემწე იქნება. ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჯიშიანი ძაღლი, რომელსაც მთელ რიგ თაობებში გამოუმუშავებია მაღალი საველე ღირსებანი და რომელიც წესიერი დართვით, ე.ი. ძუს და ხვადის შერჩევით განვითარებულ-დამაგრებულ უნდა იქნას შთამომავლობაში. რევოლუციამდე მეძაღლეობის საქმე დიდ თანხას მოითხოვდა და ამიტომაც ჯიშიანი ძაღლი მხოლოდ შეძლებულ პირთა ხელში იყო. კონკურენციის შიშით ძაღლს მარტო პირადი საჭიროებისა და სიამოვნებისათვის ზრდიდნენ. მუშას, გლეხს და მოსამსახურეს ჯიშიან ძაღლს არავინ მისცემდა. რევოლუციის  შემდეგ მდგომარეობა როგორც სხვა, ისე ამ დარგშიც ძირფესვიანად შეიცვალა. მეძაღლეობა საზოგადო საქმედ გადაიქცა და, ამრიგად, ჯიშიანი ძაღლი ყველა მონადირისათვის ადვილი საშოვნელია. საჭიროა მხოლოდ მუშაობა – სამუშაო კი ბევრია. უპირველეს ყოვლისა საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გამოირკვეს ჯიშიანი მასალის მდგომარეობა საქართველოში. ამ მხრივ სათანადო მუშაობა ჩატარებულია ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, სამტრედიაში, ლანჩხუთში, ზესტაფონში, აბაშაში, მახარაძეში, ბაღდათში, ყვარელში, სადაც ადგილობრივმა მონამხანაგობებმა გამოფენის მოწყობით ხელი შეუწყვეს დაწყებულ მუშაობას, მაგრამ სხვა რაიონებში, როგორიცაა მთლიანად აღმოსავლეთი საქართველო (გარდა ყვარლისა), შემდეგ ხაშურის, გორის, ზუგდიდის, ჭიათურის, ცხაკაიას რაიონები, მონამხანაგობები, მიუხედავად არაერთი ცირკულარული მიმართვისა, ჯერაც არ აწყობენ გამოფენას. საქართველოში გამორკვევა მთლიანად რომ დამთავრდეს, საჭიროა რაიონებმა სერიოზული ყურადღება მიაქციონ მეძაღლეობას და ამ დარგში მეტი ინიციატივა გამოიჩინონ.
მეძაღლეობა, რომელსაც ჯანსაღი დასაწყისი ექნება, დიდ შედეგებს იძლევა. ჩვენს სამშობლოს მრავალი მიღწევა და გამარჯვება აქვს ყველა დარგში – საჭიროა ჯიშიანი მეძაღლეობის განვითარებით ჩვენც მივაღწიოთ გამარჯვებას. არ არის სწორი და ისტორიას უნდა ჩავაბაროთ ის აზრი, თითქოს მარტო ევროპაშია ჯიშიანი ძაღლები, გავიხსენოთ ჩვენი ჯოგის ძაღლების მონაწილეობა 1925 წ. გერმანიაში გამოფენაზე, სადაც მათ უმაღლესი შეფასება მიიღეს. გავიხსენოთ მოსკოვის პოინტერები – ჩემპიონი „კამბიზი“, ჩემპიონი „ხენდსომ – არა“, „ოსბორ-გოდივა“, ირლანდური სეტერი „ტომ“, რომლებმაც ოქროს მედალი და პირველი ჯილდოები მიიღეს ევროპაში მოწყობილ გამოფენა-საველე შეჯიბრებაზე. მართალია, ჩამოთვლილი ძაღლები ერთეულ  ეგზემპლარებს წარმოადგენენ, მაგრამ დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ამ ეგზემპლარებმა ჩვენი შესაძლებლობა გამოამჟღავნეს. ამჟამად ჩვენ უნდა შევეცადოთ არაერთეულების გამომჟღავნებას და მიღებას, არამედ მკვიდრ ნიადაგზე დავაყენოთ საერთოდ მეძაღლეობა, რაც გამოიხატება ყველა ჯიშის  ძაღლების გამრავლება-მოშენებაში, რომ ყოველ მონადირეს ჰყავდეს შესაფერისი სანადირო ძაღლი. სამუშაო ბევრია, და რაც უფრო მალე და სერიოზულად მოვკიდებთ საქმეს ხელს, მით უფრო კარგია. სანადირო მეძაღლეობა უბრალო საქმე არ არის, მას მჭიდრო კავშირი აქვს ნადირობასთან. არ არსებობს არცერთი სახე ნადირობისა, სადაც ძაღლს სარგებლობა არ მოჰქონდეს. პირიქით, არის ნადირობის ისეთი სახე, სადაც უძაღლობა სრულიად არ შეიძლება.
თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლს, ეს ჩანს იქიდან, რომ სამრეწველო ნადირობა საბჭოთა კავშირს აძლევს 50% ძვირფას ბეწვეულს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ძაღლს მტაცებელ ნადირთან ბრძოლაში. მგლების მიერ მიყენებული ზარალი ჩრდილოეთ ოლქებში პროფ. სოლოვიოვის გამოანგარიშებით 100 მილიონ მანეთს უდრის. თუ რა მნიშვნელობა აქვს ძაღლს მტაცებელთა განადგურების საქმეში, ამას სარატოვის ოლქის მაგალითი გვიჩვენებს. ამრიგად, ჯიშიანი ძაღლი სანადირო მეურნეობაში უმთავრესია და ყველა კულტურული მონადირის მოვალეობას შეადგენს შეიძინოს და აღზარდოს მხოლოდ და მხოლოდ ჯიშიანი ძღლი.

საველე გამოცდებზე

რაც ხანი გადის, საქართველოში მუშაობა ჯიშიანი სანადიროძაღლების მოსამრავლებლად უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ამის დამადასტურებელია ის გამოფენები და საველე შეჯიბრებები, რომლებიც სისტემატურად იმართება საქართველოს დედაქალაქ  თბილისში და რაიონებში.
საქართველოს მონადირეთა კავშირის კინოლოგიური სექციის (ჯიშიანი მეძაღლეობის სექცია) და ზოგიერთ რაიონულ  მონამხანაგობები) ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ჯიშიანი სამონადირო მეძაღლეობის მდგომარეობა საქართველოში დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინად. თბილისზე რომ არ ვილაპარაკოთ, ამჟამად ჩვენს ზოგიერთ რაიონებში მოიპოვება მეტად მაღალი ღირსებით და გარეგანი სილამაზით შემკული სანადირო ძაღლები, რომლებიც ღირსი ხდებიან პირველი ხარისხის ჯილდოებისა გამოფენებზე.

საქართველოს მონადირეთა კავშირის კინოლოგიური მუშაობის დედააზრი, რა საკვირველია სანადირო ძაღლის გარეგანი სილამაზით არ ამოიწურება, პირიქით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, ძირითადი კი კვლავ ძაღლის საველე ანუ სანადირო ღირსებებია: ყნოსვა, გამძლეობა, სისწრაფე, ჭკუა, ხასიათი და სხვ. ამ თვისებათა და მათი გამოკვლევის შედეგების მიხედვით უნდა წარიმართოს მომავალში მთელი ჩვენი კინოლოგიური მუშაობა. სანადირო, ანუ საველე თვისებების გამოკვლევის საუკეთესო საშუალება კი საველე გამოცდებია, რომლებიც საქართველოში ყოველწლიურად და უფრო ხშირად წელიწადში ორჯერ (გაზაფხული და შემოდგომა) იმართება.
სანადირო ძაღლების სრულიად საქართველოს 22-ე საველე გამოცდა, რომელიც მაისში მოეწყო, მიზნად ისახავდა, გარდა თბილისელი ძაღლებისა, გამოცდაზე წარმოდგენილი ყოფილიყო რაიონულ და ავტონომიურ რესპუბლიკების მონადირეთა კავშირებში გაერთიანებული  წევრების  ძაღლებიც, ეს მიზანი ნაწილობრივად მიღწეულ იქნა. გამოცდაზე გამოვიდა 6 ძაღლი აჭარმონკავშირიდან, 1 ჭიათურიდან და 1 ხაშურიდან. გარდა მონადირეთა კავშირის მუხრანის საგეში პუნქტის მგეშავისა, გამოცდაზე ძაღლები გამოიყვანეს თვითონ პატრონებმა: ჯალაღანიამ (ბათუმი), ბარათაშვილმა (ჭიათურა), ჯალიაშვილმა, ყირიმელაშვილმა და შახბაზიანმა (თბილისი), რაც უსათუოდ წასათამამებელია და მომავალში კიდევ უფრო წასახალისებელი.
საველე გამოცდაზე სულ 28 ძაღლმა (ახალგაზრდები – первополные  და უფროსებმა – многополные) მიიღო მონაწილეობა.
საველე გამოცდების პირველი დღე, როდესაც გამოცდაზე იყვნენ ახალგაზრდა ძაღლები, ვერ გამოდგა ნაყოფიერი. ატმოსფერული პირობები, თვით მინდვრის არახელსაყრელობა (მინდორი თითქმის მთლიანად დაფარულია ქინძით, რაც აუტანელ სუნს აყენებს და უძნელებს ძაღლს ყნოსვის გამოყენებას) უსათუოდ ართულებდა გამოცდების პირობებს და უმთავრესად კი ყნოსვის გამოკვლევას. სწორედ ამას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ მეორე და მესამე დღეს  უფროსთა კლასში გამოყვანილმა ახალგაზრდა ძაღლებმა გამოიჩინეს ყველა ის თვისებები, რომლებიც მათ ანიჭებდათ სადიპლომო უფლებებს და რომელთა გამოუჩენლობის გამო ახალგაზრდათა კლასში ისინი, ასე ვთქვათ, ჩაიჭრენ.

 უნდა აღვნიშნოთ, რომ საველე გამოცდის ხელმძღვანელობამ ვერ გაითვალისწინა მინდვრის ცუდი პირობები და ამით, უსათუოდ, შეამცირა ის შედეგები, რომლებიც შეიძლებოდა მიგვეღო ახალგაზრდა ძაღლთა გამოცდებიდან.
მიუხედავად პირველი დღის ცუდი პირობებისა, ახალგაზრდათა შორის მაინც აღმოჩნდა ისეთი ეგზემპლარები, რომელთა ცალკე აღნიშვნა უსათუოდ საჭიროა.
ექიმ ვ. შარაშენიძის ძუ პოინტერმა ლალიმ აღტაცება გამოიწვია გამოცდებზე დამსწრე მონადირეებსა და მოსამართლეებში. მეტად სწრაფი და სწორი პარალელებით სვლა, თავის მაღლა დაჭერა, კარგი ლტოლვა, მიახლოვება და მკვდარი ნაბული, რაც ამ წითელხალებიან ძუს ახასიათებს, დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში.
ლალიმ პირველ ხუთ წუთშივე მშვენივრად დაამუშავა ფრინველი: ელვისებური სისწრაფით გაქანებული დამუხრუჭებულივით დადგა ლამაზ და მთელი ტანით გაშლილ ნაბულზე, მკვირცხლი ნაბიჯებით წაიწია წინ, ცხვირის ზუსტი მიმართულებით 15 ნაბიჯზე აფრინდა.
კიდევ უკეთესი იყო მისი მეორე მუშაობა. კვლავ იმავე ელვისებური, სწორი პარალელებით სვლის შემდეგ იგი მკვირცხლად დადგა და ლტოლვით წავიდა წინ. ძაღლის ასეთი მუშაობით დაინტერესდა ერთი მოსამართლეგანი და განიზრახა ლალის ნაბული ფოტოგრაფიული აპარატით აღებეჭდა, როდესაც ძაღლს „ლეიკის“ ჩხაკუნი შემოესმა შეკრთა, თავი სურათის გადამღებისაკენ მოიბრუნა, მაგრამ კვლავ ფრინველისაკენ მიბრუნდა, ისევ წინ წაიწია და კვლავ ქანდაკებასავით გაჩერდა. ასე განმეორდა სამჯერ, ვინაიდან დაინტერესებული „ფოტოგრაფი“ არ ეშვებოდა ძაღლს და განაგრძობდა ფოტოაპარატის ჩასხმის ჩხაკუნს. მიუხედავად ამისა, ლალიმ გაზაფხულის გაეშმაკებულ მწყერს ცხვირი არ მოაცილა და რამდენიმე მიახლოვებისა და ნაბულის შემდეგ ფრინველი 18 ნაბიჯზე ააფრინა.
უსათუოდ სწორი იყვნენ მოსამართლენი, როდესაც მას პირველი ადგილი მიაკუთვნეს ახალგაზრდათა შორის, მისცეს მეორე ხარისხის დიპლომი და ყნოსვაში – 19, ხოლო საერთო ჯამით 82 ნიშანი დაუსვეს.
ახალგაზრდათა შორის აღსანიშნავია შ. რუხაძის შავხალებიანი ხვადი პოინტერი „რაიტი“, ს. ნიკურაძის ძუ პოინტერი „ზორბა“ (თბილისი), მინასიანის ძუ ინგლისური სეტერი „დიანა“ და ქობულაძის ძუ პოინტერი „ტრილბი“ (ბათუმი). ყველა ამათ მესამე ხარისხის დიპლომი მიენიჭათ.
მეტად საინტერესო გამოდგა უფროს ძაღლთა კლასში წარმოდგენილ ეგზემპლარების გამოცდა.
საქართველოს მონადირეთა კავშირის საგეში პუნქტის ძუ პოინტერმა ზარიმ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად ითვლება საქართველოში, ღირსეულად დაიმსახურა პირველი ადგილი უფროსთა შორის.
 არანაკლებ საინტერესო იყო ზარის მუშაობა ახალგაზრდათა შორის წარმოდგენილ საუკეთესო პოინტერ ლალისთან შედარებით.
ამ ძუს საგამოცდოდ პურის მაღალი ყანა ხვდა, პურის სიმაღლე თითქმის ფარავდა ძაღლს და მისი სწრაფი სვლამაყურებელთათვის მხოლოდ მაღლა აწეული თავითღა სჩანდა. ზარი შუადღისასა მუშაობდა, იმ დროს, როდესაც ჰაერის მოძრაობაც შემცირებულია და სიცხეც უფრო მწვავედ იგრძნობა.
პურის მაღალ ყანაში მაგარი ყნოსვა და კარგი გამოცდილება სჭირდება ძაღლს, რომ ხელიდან არ გაუსხლტეს გაზაფხულის გაეშმაკებული მწყერი. ეს თვისება კარგად აქვს შეთვისებული ზარის და ამიტომ იყო, რომ მან, როგორც პირველ, ისე მეორე ფრინველზე მუშაობა ზუსტად და მოფიქრებულად ჩაატარა.
სწრაფი და მოხდენილი სვლიდან ზარი უცბად ჩაიკეცა უკანა ფეხზე და ზევით  აწეული თავით ნაბულზე დამდგარმა გვიჩვენა ფრინველის ადგილსამყოფელი. წინ წაწევის შესახებ ბრძანების მიცემა მოასწრო მგეშავმა, რომ ზარის ცხვირის სწორი მიმართულებით 12 ნაბიჯზე აფრინდა მწყერი, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მარჯვნივ – მეორე. კვლავ გაუშვეს ზარი და არ გაუვლია 5 წუთს, რომ იგი, სწრაფი სვლის შემდეგ, როგორც ფეხმოკვეთილი,  ისე დაეცა პურის მაღალ ყანაში. მოსამართლეებს თვალწინ ასეთი სურათი წარმოუდგათ: ძაღლი წინაფეხებ გაწვრთნილი წევს ნაბულზე, თავი მაღლა აუღია, ყელი ოდნავ მარცხნივ მოუღერებია და ქანდაკებასავით გაქვავებულა. მგეშავმა უბრძანა წინ წაწეულიყო. ძაღლი ის-ის იყო დაიძრა ასადგომად, რომ იმ მხარეს, საითაც უჩვენებდა ძაღლის ცხვირი, 15 ნაბიჯზე აფრინდა მწყერი. გავარდა თოფი და ზარი კვლავ პურში ჩაწვა.
ეს მეორედ განიცადეს საველე გამოცდების მონაწილე ამხანაგებმა ნამდვილად ჯიშიანი და ყველა საუკეთესო თვისებით დაჯილდოებული მონადირე ძაღლის მუშაობის სილამაზე. ზარის მეორე ხარისხის დიპლომი მიანიჭეს, ყნოსვაში 19, ხოლო საერთო ნიშნად 76 დაუსვეს.
არანაკლებ საინტერესო გამოდგა ლ. ციციშვილის (თბილისი) შავი ხვადი პოინტერის „მერცხალას“ გამოცდა. იგი მეორე წელიწადია რაც საველე გამოცდაზე გამოდის და წელს მან ღირსეულად დაიმსახურა მეორე ადგილი უფროსთა ჯგუფში, მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი, ყნოსვაში 18, ხოლო საერთო ნიშანი 79. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი სწრაფი სვლა და იშვიათი გამგონობა.
ჟურნალის მე-8 გვერდზე მოთავსებული ცხრილიდან მკითხველი დაინახავს, რომ ახალგაზრდათა ჯგუფში უდიპლომოდ დარჩენილმა ზოგიერთმა ძაღლმა, უფროსთა კლასში, სადაც მოთხოვნილებები უსათუოდ უფრო მეტია, მიიღო დიპლომი. ეს გარემოება ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ საველე გამოცდების წარმატებით ჩატარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მინდვრის პირობებს და, რაც უმთავრესია, თვით ძაღლის მდგომარეობას. ამის დასადასტურებლად არ  შეიძლება არ მოვიყვანოთ ამხ. ს. ბურჯანაძის (ხაშური) ძუ პოინტერი ჯილდა, მისი მცირე შეფასება ახალგაზრდათა კლასში და მესამე ხარისხის დიპლომით დაჯილდოება უფროსთა შორის გამოცდის დროს.
მონადირეთა კავშირის მუხრანის საგეში პუნქტის მუშაკთა დახასიათებით ეს ძუ ერთი საუკეთესოთაგანი იყო მთელს პუნქტში. ყველა აღტაცებაში მოყავდა მის სიწრაფეს, მაღალ ყნოსვას, გამგონობას, ჭკუასა და ხასიათს, მაგრამ გეშვის დაწყების რამდენიმე დღის შემდეგ ჯილდა ამძუნდა, იგი, რასაკვირველია, როგორც პირველად ამძუნებული გადააგრილეს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ძაღლს ინსტინქტურად დარჩა მახსოვრობაში, რომ იგი ორსულადაა და მაისის ბოლო რიცხვებში შთამომავლობა უნდა გააჩინოს. სწორედ საველე გამოცდების დღეებში მოუწია მას ცრუორსულობიდან მოლოგინების დღეებმა და ძაღლი სრულიად გამოიცვალა, დაკარგა სწრაფი სვლა, ხალისი ძებნისადმი, შეუმცირდა ყნოსვა და საგეში პუნქტის მუშაკებსაც გაუცრუვდათ იმედი. გამოცდების პირველ დღეს ძაღლმა ვერაფერი კარგი ვერ უჩვენა. ოდნავ გამოცოცხლება დაეტყო მას მხოლოდ მესამე დღეს, როდესაც სამართლიანად მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი, მაგრამ, რასაკვირველია, მაინც არ გამოუჩენია ნახევარი იმ ბუნებრივი თვისებებისა, რომელიც ამ ძაღლს ნორმალურ პირობებში შეეძლო ეჩვენებინა. როგორც საგეში პუნქტის ხელმძღვანელობამ, ისე თითოეულმა ძაღლის მოყვარულმა უნდა დაასკვნას, რომ საჭიროა ყოველთვის ვერიდოთ იმ ძაღლებით ნადირობას და მით უფრო ისეთი ძაღლების  გამოცდაზე გამოყვანას, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ ავადმყოფობის, ამძუნების, ან სხვა პირობათა გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდების მიზანი არ იქნება მიღწეული, ვინაიდან შეუძლებელი გახდება ძაღლის იმ ბუნებრივ თვისებათა გამომჟღავნება, რომლითაც დაჯილდოებულია იგი.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საგეში პუნქტის მუშაკების კარგი მუშაობა საველე გამოცდებისათვის ძაღლების მომზადების საქმეში. განსაკუთრებული და ნაყოფიერი მუშაობის მისაღწევად დიდი ენერგია დაუხარჯავს პუნქტის გამგე ამხ. ლ. ციციშვილს, რომელიც ამავე დროს მგეშავის მოვალეობასაც ასრულებდა, ვინაიდან წელს საგეშ პუნქტს არ  ყავდა სხვა მგეშავი. აღსანიშნავია ამხ. ლ. ციციშვილის მეთოდები დაგეშვასა და წვრთნაში. მან აირჩია მოფერებისა და დარიგების მეთოდი ცნობილ  დატუქსვის მეთოდის წინააღმდეგ. ამხ. ციციშვილს განსაკუთრებით კარგად მიუღწევია მის მიერ დაგეშილ ძაღლების მანძილზე შეჩერებასა და დაწვენისათვის , რასაც იგი აღწევს მხოლოდ ორჯერ დასტვენით.
საველე გამოცდები თანდათან იპყრობს ჩვენი მონადირეების ყურადღებას. ამას მოწმობენ ის მრავალი განცხადებები, რომლებიც შემოდის საქართველოს მონადირეთა კავშირის კინოლოგიურ სექციაში, მათი ძაღლების საგეშად მიღების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამასვე მოწმობს ძაღლის მოყვარულ მონადირეთა საველე გამოცდებზე პირადი მონაწილეობის თანდათანი ზრდა თავიანთივე დაგეშილი ძაღლებით. მომავალში უნდა ვეცადოთ, რომ ეს დაინტერესება კიდევ უფრო გავზარდოთ და მივაღწიოთ  იმას, რომ საველე გამოცდაზე წარმოდგენილ ძაღლთა ნახევარი თვით პატრონებმა გამოიყვანონ მინდორში.  

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები