რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 1396 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 101 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი – 577 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 287 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 189 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 101 კი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა.

2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის  320, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 125, წიაღის უკანონო მოპოვების 100, თევზჭერისა  და ნადირობის წესების დარღვევის 94, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 53, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 53 და წყლის კანონმდებლობის დარღვევის 42 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 32 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 304 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. აჭარისა და გურიის რეგიონული  სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 264 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 256, ქვემო ქართლში – 183, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე –  143, სამცხე-ჯავახეთში – 79, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს  თანამშრომლებმა კი, 5 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში 89 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2021 წლის  1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 900 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები