რეკლამაspot_img

ვაშლოვანის დაცული ტერიტორები

მოგზაურობა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები  გამორჩეული და უნიკალური ადგილია, რომლის მსგავსსაც მთელს საქართველოში ვერ ნახავთ. აქაური ლანდშაფტები თითოეულ თქვენგანს ნამდვილად მოგაგონებთ აფრიკას, მაგრამ სინამდვილეში ეს „ჯადოსნური სამყარო“ ჩვენი სამშობლო, საქართველოა. ნახევარუდაბნო და უდაბნო, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით, მიძინებული დედამიწა, მაგრამ, ამავდროულად,  სიცოცხლით სავსე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია – ეს ვაშლოვანია.

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ვაშლოვანის ნაკრძალი პირველი ნახვისთანავე  წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. აქ თქვენ სოფელ კასრისწყლის  გავლით მოხვდებით და ნაკრძალს მანამ ვერ დაინახავთ, სანამ მის საზღვრებს არ გადაკვეთთ. ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესისანახაობა და მიხვდებით, რომ  სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით. იგი ყოველმხრივ უნიკალური  დაცული ტერიტორიაა, როგორც სამეცნიერო, ასევე ეკოტურისტული თვალსაზრისით. ზოგადად, ასეთი გაშლილი სივრცეები, ვიწრო ხეობებით დასერილი რელიეფი (ე.წ „ბედლენდები“), ალესილები (ციცაბო და შიშველ ფერდობებს ჰქვია) და ხმელეთის  მცირე ტერიტორიაზე რელიეფის ფორმებისა და მცენარეული საფარის ასეთი სწრაფი მიმოცვლა სხვაგან არსად გვხდება. კიდევ უფრო დიდ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვაშლოვანი კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ალაზანსა და იორს, შორის არის მოქცეული და, მიუხედავად ამისა, ის მაინც ასეთი ხრიოკი და უწყლო ადგილია. თუმცა, ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა, ე.წ. გრუნტის წყლებით. სწორედ ამიტომ ვაშლოვანს დაფარული წყლის სამეფოც შეგვიძლია ვუწოდოთ.

ვაშლოვანის ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ბიომრავალფეროვნება უნიკალური და განსაკუთრებულია. შესაბამისად, მათ დაცვა და შენარჩუნება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ 1935 წელს, დიდი ქართველი მეცნიერების, ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით, ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა. 2003 წელს, დაცული ტერიტორიის გაფართოების მიზნით, ნაკრძალს ეროვნული პარკიც შეემეტა, რომლის ფარგლებშიც მოექცა სამი ბუნებისძეგლი – ალაზნის ჭალები („კაკლის ყურე“), არწივის ხეობა და „ტახტი-თეფას“ტალახის ვულკანები. საერთო ფართობმა კი 35 067,5 ჰექტარი შეადგინა. მკაცრი კლიმატური პირობები არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი ნაკრძალში სტუმრობისათვის, რადგანაც სადაც ერთი შეხედვით მხოლოდ ცხელი და გავარვარებული მიწაა, სინამდვილეში სიცოცხლე ნამდვილად სასწაულებს ახდენს. სამოგზაუროდ იდეალური დრო გაზაფხული და შემოდგომაა. ახლა კი, მოდი, ერთად ვნახოთ, თუ რა თვალწარმტაცი სანახაობა გელოდებათ ვაშლოვანში.

ცივი ზამთრისა და ყინვების შემდეგ ვაშლოვანში ბედნიერება და სიხარული ისადგურებს. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ კავკასიონის ქედები ჯერ კიდევ თოვლით არის დაფარული, აქ უკვე გაზაფხული და სიმწვანე იწყებს ფეხის მოკიდებას. ყოველი დილა იწყება ჩიტების ჭიკჭიკით, ხოლო მიწიდან ნელ-ნელა ლამაზი ყვავილები ამოყოფენ თავს. გაზაფხულის დადგომას მოასწავებენ აყვავებული საკმლის ხეები, რომელთა დანახვაც ნაკრძალში შესვლისთანავეა შესაძლებელი. საკმლის ხის ტყეები უმთავრესი კომპონენტია, რითაც ვაშლოვანი ფასობს, რადგანაც ის უიშვიათესი მცენარეა და, საბედნიეროდ, ის აქ ძალიან კარგადაა შემონახული. ეს ხეები ერთმანეთისგან 15-20 მეტრით არის დაშორებული, მსგავსი განლაგება და მისი წითელი შეფერილობის მრგვალი ნაყოფი გარეგნულად ვაშლის ბაღს მოგაგონებთ. ტერიტორიის ტოპონიმიკაც, ვაშლოვანი, სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს. საკმლის ხშირი სტუმარია გარეული ღორი, რომელიც მსუნაგად შეექცევა მის ცხიმიან ნაყოფს, თუმცა აქ სხვა ცხოველებსაც შეხვდებით, მათ შორის სხვადასხვა ფრინველსა და მტაცებლებს: მგელს, დათვსა და მელას. ნათელ ტყეს ამდიდრებს ფართოდ გაშლილი აკაკის ხეც. მათთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ღვიაც. ეს მარადმწვანე მცენარე წელიწადის ნებისმიერ დროს შემოგეგებებათ და თავისი სურნელებით მოგაჯადოვებთ. მისი მშვენიერებით მორთული ვაშლოვანი კი, კიდევ უფრო მეტ სილამაზეს იძენს. ვაშლოვანის ბილიკები დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ. რაც უფრო ღრმად შეხვალთ ნაკრძალის ტერიტორიაზე, სილამაზეს მისტიკური ელემენტებიც შემოეპარება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი გახლავთ „დათვისხევი.“ ის, რაც ჩვენ უდაბნო და ხრიოკი ადგილი გვეგონა, ადრე თურმე ზღვით ყოფილა დაფარული, რასაც ნათლად მოწმობს კლდეში განმარხებული ნიჟარები. თვალწარმტაცი სანახაობა შოკისმომგვრელი და საკამოდ მოულოდნელია პირველად ჩასული დამთვალიერებლებისათვის, თუმცა ეს რეალობაა და ამ უწყლო სამყაროში ორი მილიონი წლის წინანდელ მოლუსკების ნიჟარებსაც დაუმკვიდრებიათ თავი.
ზოგადად, „დათვისხევი“ მრავლისმომცველი ადგილია. იგი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, სადაც მიწისქვეშა წყალი გარეთ გამოედინება. ამას გარდა, ის საკმაოდ მიმზიდველია გეოლოგებისა და არქეოლოგებისთვის. ერთ-ერთ კლდეზე თქვენ შეხვდებით პრეისტორიული ხანის სამხრეთული სპილოს ძვლების ნამარხებს. „დათვისხევში“ გადაადგილებისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კურდღლის, მაჩვის, ლელიანის კატის, ფოცხვერის, ტურის, მგლისა და სხვა ცხოველების ნაკვალევს. ეს ხეობა გრძელ პერგამენტს ჰგავს, რომელზეც აქაურობის ისტორიაა დაწერილი – თქვენ ადვილად ამოიცნობთ და, მეტიც, შეძლებთ ცხადად წარმოიდგინოთ, თუ რომელმა ცხოველმა რა მიმართულებით გაიარა გზა. ეს ადგილები ზედგამოჭრილია დაკვირვებული და ცნობისმოყვარე ადამიანებისათვის.

„დათვისხევიდან“ პანტიშარას ხეობისკენ გადავინაცვლოთ, სადაც მორიგი შთამბეჭდავი სანახაობა გველის. მასშტაბური ტექტონიკა და მიწის პირამიდები,  ეს პანტიშარის ხეობის ალესილებია. მსგავსი ტიპის კლდეებს უხვად შეხვდებით ვაშლოვნის უდაბნოში. ალესილები ციცაბო და შიშველ ფერდობებს ეწოდება, რომლებიც ეროზიის შედეგად არის მიღებული. პანტიშარას ხეობაში ისინი მაინც განსაკუთრებულია, რადგანაც აქ შეხვდებით ხეობის მთავარ მშვენებას – „მერცხლების ქალაქს.“ შორიდან ეს ადგილი ვარძიას, კლდეში ნაკვეთ ქალაქს მოგაგონებთ, თუმცა სინამდვილეში ეს პატარ-პატარა „გამოქვაბულები“ ერთმანეთთან  მჭიდროდ განლაგებული მერცხლების ბუდეებია. ისინი დიდი მოთმინებით ელოდებიან გაზაფხულის პირველი დღეების მოსვლასა და საყვარელი ფრინველების დაბრუნებას. თოვლის დადნობასა და ცივი ზამთრის დასრულებას კი თბილი ქვეყნებიდან მოფრენილი მერცხლების ჟრიამული გვამცნობს. მათ წყვილწყვილად მონავარდე კაკბებიც ეგებებიან. მშრალი ხევები კაკბების საყვარელ ადგილს წარმოადგენს, ამიტომაც მათი კაკანის ხმა გამუდმებით ისმის ნაკრძალის ტერიტორიაზე.
პანტიშარას ხეობას არა მარტო ბუნებრივი, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ იგი საქართველოს საზღვართან მდებარეობს, საქართველოში მტრების უმრავლესობა სწორედ ამ ხეობის გავლით შემოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპარსელთა შემოსევები, მეტიც ფერეიდანში გადასახლებული ქართველებიც სწორედ ამ ხეობაზე გაატარეს. დიდი წმინდანი და დედოფალი ქეთევან წამებული ამ გზით წაიყვანეს ირანში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ქეთევან დედოფალმა საქართველოში თავისი უკანასკნელი ღამე შავი მთის დედათა მონასტერში გაატარა, რომელიც ვაშლოვანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით საკმაოდ მდიდარია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმოსავლეთიდან შემოჭრილი მტერი ამ ტერიტორიების გავლით შემოდიოდა საქართველოში. შესაბამისად, აქ მრავლად იყო საფორტიფიკაციო ნაგებობები, მათ შორის დღესაც გვხვდება სამუხის V ს-ის ციხე-ქალაქის ნანგრევები, პანტიშარასა და მიჯნის ყურის ხეობების საგუშაგოები. ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ნაგებობას კი წარმოადგენს ხორნაბუჯის ციხესიმაგრე. მისი დაარსება IV საუკუნეში  მეფე ბაკურის სახელთანაა დაკავშირებული. მოგვიანებით აქ ვახტანგ გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დაარსა და ციხე-ქალაქი თავის შვილს, დაჩი I უჯარმელს საუფლისწულოდ გადასცა. ცად ატყორცნილი ხორნაბუჯი ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიული დასაყრდენი ობიექტი. აქ საქალაქო ცხოვრების აღორძინება მეთორმეტე საუკუნიდან დაიწყო, ამიტომაც ხშირად მას „თამარის ციხედაც“ მოიხსენიებენ. შთამბეჭდავი ხორნაბუჯი წარუშლელ კვალს ტოვებს აქ მოხვედრილ ადამიანებზე. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ იგი არაერთ ხელოვანს მოუხსენიებია თავიანთ ნაშრომებში, მათ შორის – დიდ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას. ცნობილი ფაქტია, რომ მიხაილ ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, დასურათებისას აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად სწორედ ხორნაბუჯი გამოიყენა.

ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრესთან ახლოს ნახავთ წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარს, რომელიც ასევე ელიას სახელობის მთაზე, 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მე-5 საუკუნეში აშენდა, თუმცა, სამწუხაროდ, მტერთა შემოსევების შედეგად განადგურდა. ადრე აქ ციხეც ყოფილა აშენებული. ზუსტად როდის დაინგრა და განადგურდა ეს ტაძარი, არ ვიცით, თუმცა 2005 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმავე ადგილას ახალი ტაძარი აშენდა. ვაშლოვნის ტერიტორიაზე შეხვდებით ძველ ნამოსახლარებსაც, ელდარის დაბლობზე მდებარეობდა ხორანთის დასახლება. ნამოსახლარი ნახევარუდაბნოში მდებარეობს და ის კლდეებით არის გარშემორტყმული. იგი ვაშლოვანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია.
ისტორიულ-კულტურული ექსკურსიის შემდეგ დავბრუნდეთ ბუნების წიაღში და იქ განვაგრძოთ დაფარული საიდუმლოებების ძიება. ტახტი-თეფა ალბათ ყველაზე უჩვეულო ადგილია მთელს საქართველოში. თუკი აქამდე ნანახი აფრიკულ სავანას მოგაგონებდათ, ამჯერად თქვენ თავს სხვა პლანეტაზე ამოყოფთ. შეუძლებელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც ამ მოთეთრო-ბრტყელთხემიან ბორცვზე დაგხვდებათ. ტალახოვანი ვულკანი, რომელიც გამუდმებით თუხთუხებს და ფეთქავს, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ აქ გადმოსულ მასას ხშირად ბუნებრივი აირი და ნავთობიც მოჰყვება, გრუნტის წყალი ერევა მათ და მიღებული ცხელი ტალახი შედარებით სუსტ მიწასთან ამოხეთქავს. ეს არის გამაოგნებელი ადგილი, რომელიც ყველამ საკუთარი თვალით უნდა იხილოთ და იამაყოთ, რომ ის საქართველოს ნაწილია.
ტახტი-თეფას ტალახების ნახვის შემდეგ ძნელია რამემ გაგაკვირვოთ, მაგრამ ვაშლოვანი ამას მაინც ახერხებს. უსახელოს უღელტეხილიდან თქვენს თვალწინ გადაშლილი ხედი  იდეალურად დაგანახებთ თუ რამხელა საგანძურია ქიზიყში არსებული დაცული ტერიტორიები. ვიწრო ხეობებით დასერილი რელიეფი ანუ ე.წ „ბედლენდები“ ეგზოგენური პროცესების შედეგად ქვიშნარ-თიხნარებშია გამომუშავებული. აქვე გვხვდება ფსევდოკასტებით შექმნილი კარსტული ძაბრები და სვეტები, რომლებიც ამაყად ჩამწკრივებულ კოშკებს მოგაგონებენ. უსახელოდან გზა მიემართება მიჯნის ყურისაკენ, სადაც დაშვებულია სპორტული თევზაობა. ამ ყურეში თევზების სხვადასხვა წარმომადგენელს შეხვდებით, მათ შორის მრავლად არის კალმახი.
არწივის ხეობა ვაშლოვანის ერთ-ერთ ბუნების ძეგლს წარმოადგენს, სადაც კირქვული წარმოშობის კლდეები ზღაპრულ კანიონს ქმნიან. ეს ხეობა მტაცებელი ფრინველების საბუდარია. მაღლა ცაში ნადავლს ეძებენ სვავები, ქორები, არწივები და სხვა. შეხვდებით შავ ყარყატსაც. ამ ადგილებიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ფართოდ გაშლილ ვაკეებში იოლად შესამჩნევია ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარეში შეჭრილი „კაკლის ყურე.“ საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სახელწოდება „კაკლის ყურე“ აქედან უნდა მომდინარეობდეს.
უდაბნოზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ქვეწარმავლებსაც. ვაშლოვნის სიმშვიდეს იცავენ გიურზები, ასევე შეხვდებით სხვა სახეობის გველებსაც, ხმელთაშუაზღვის კუს, ხვლიკს, გრძელფეხა სცინკს და სხვა. რაც შეეხება ძუძუმწოვრებს, აქ მათი 46 სახეობა ბინადრობს. ნაკრძალში დანავარდობდნენ ქურციკები, ჩვენთვის უფრო ცნობილი, როგორც ჯეირანი. სამწუხაროდ, დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მათი ხელოვნურად განაშენიანების პროცესი. მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ვაშლოვანში ჯერ კიდევ არის ზოლებიანი აფთრის გამოჩენის შანსი. იგი „წითელი ნუსხის“ სიაშია შეტანილი. ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტყის ყველაზე იდუმალი და მედიდური წარმომადგენელი ჯიქი, იგივე ლეოპარდი. ლეოპარდი საქართველოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა გადაშენებულად, თუმცა ერთ-ერთი ექსპედიციის დროს მკვლევარებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს, ვაშლოვანში ფოტოხაფანგების საშუალებით დააფიქსირეს იგი. მისი ნახვით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ მას სახელიც კი შეურჩია. ჯიქი „ნოეს“ გამოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშლოვანი ჯადოსნური და ზღაპრული სამყაროა, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ხარობს.
თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოებით მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ  თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, აქტიური სეზონი კი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გრძელდება
ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი).
სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილიდან ივლისის ბოლომდე.
მცენარეთა ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, ველის იორდასალამი და სხვ.) ყვავილობის პეროდია აპრილიდან მაისის ბოლომდე.
საკმლის ხის ნაყოფის მწიფობა და თრიმლის ფოთლების შეფერილობის ცვლილება გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით.
საზღვრისპირა ტერიტორიაზე – მიჯნისყურე, ტახტი-თეფასა და კაკლის ყურეში გადაადგილებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში (ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5), რისთვისაც თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ENG
Vashlovani Protected Areas is located in the extreme eastern part of the Dedoplistskaro district. It includes Vashlovani Nature Reserve, National Park and 3 Natural Monuments – Eagle Gorge, Takhti-Tepa Mud Volcanoes and Kakliskure Alazani floodplain forest. Its area includes Pantishara-Vashlovani massive, whose height is up to 300-600 meters above sea level. The name Vashlovani is derived from the natural similarity and disposition of pistachio and apple trees that leaves the association of the fruit garden. Its total area amounts to 35292 ha.
Administrative and visitors center of the national park is located in Dedoplistskaro. Exhibition and presentation hall is designed in administrative building, where visitors have the opportunity to become familiar with the specifics of protected areas, existing tariffs, safety rules and choose the desired travel route.
Vashlovani Protected Areas tourist trail network gives the possibility of hiking for one or several days. Paths are marked and well-arranged. Bungalows, picnic spots, and camping sites are arranged along the routes. Sites for setting up a fire are also allocated. National park offers hiking, geological, biking, photo, cultural and educational tours.
Please note that it is necessary to check-in in Visitors center before visiting the national park. Please have an identity card with you.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები