რეკლამაspot_img

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ – UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, UNESCO – გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც 1978 წლიდან განსაზღვრავს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, 2002 წლიდან კი – ბუნებრივ ობიექტებს, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

საქართველოდან ამ დრომდე UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია:

  • მცხეთის ისტორიული ძეგლები
  • გელათის მონასტერი
  • ზემო სვანეთი – სოფ. ჩაჟაში (უშგულის თემი)

UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებს შორის კი ოთხი:

  • ქართული მრავალხმიანობა
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი
  • ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა
  • ქართული ჭიდაობა

2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია შეემატა:

  • კოლხეთის ეროვნული პარკი
  • მტირალას ეროვნული პარკი
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები
  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები

UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიები მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეს ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა თავისი უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. კავკასია, თავის მხრივ, ეკოსისტემების მრავალფეროვნებით, მსოფლიოს 36 ცხელ წერტილს შორისაა.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მოხდა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს: მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა  და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.თავის დროზეაღნიშნული 4 დაცული ტერიტორიის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების მიზანს წარმოადგენდა მათი ხელუხლებელი ბიომრავალფეროვნების, მილიონობით წლის წინანდელი ჰაბიტატების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა/შენარჩუნება. ამ ტერიტორიებზე თავშესაფარი ჰპოვა მცენარეთა იმ სახეობებმაც, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. ამ ყოველივემ განაპირობა UNESCO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლის თაობაზე.

გამარჯვებული ტერიტორიები ხასიათდება არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ გლობალური მნიშვნელობის სასიცოცხლო უბნებად. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს რამსარის საიტებს. კოლხეთის დაბლობი არის იმ მნიშვნელოვანი სახეობების თავშესაფარი, რომლებიც გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ. აქ ზომიერი სარტყლის ტყეები მესამეული პერიოდიდან დღემდე უწყვეტად ხარობს, რაც ცხადყოფს გამარჯვებული უბნების უნიკალურობას მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კონსერვაციის საჭიროებების თვალსაზრისით.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად 2017 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით, კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენის ინიციატივა გაჩნდა, გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური, ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით. შერჩეული ტერიტორიები ნომინაციაზე – ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” 2019 წელს იქნა წარდგენილი.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში წარდგენილ დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც მოინახულეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და გაეცნენ დაცული ტერიტორიების მართვის სისტემას. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. სწორედ აღნიშნული ექსპერტების მიერ იქნა დადებითად შეფასებული „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ ნომინაციაზე წარდგენილი უბნები.

აღსანიშნავია, რომ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ (WHC), ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შეტანას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში. ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს.

საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ ავალდებულებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დაიცვას, იზრუნოს, განავითაროს, მათ შორის, საზოგადოებას აჩვენოს და გააცნოს საქართველოს ბუნებრივი ფასეულობები ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, რაც სწორედ UNESCO-ს მთავარ პრინციპს ესადაგება. ტერიტორიებზე დასაშვებ ეკოტურისტულ თუ ტრადიციულ საქმიანობებს კი განსაზღვრავს მენეჯმენტის გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული. საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა სააგენტოს დამატებით ვალდებულებებს არ აკისრებს. იუნესკოს მხრიდან დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს ხელახალი მონიტორინგი და დათვალიერება ექსპერტების მიერ.

ქობულეთის დაცულიტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, რამსარის კონვენციით აღიარებული, უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების,  მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით გამორჩეული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცულიტერი ტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ მოაწყონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

როგორ მოვხვდეთ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271

3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) – 35 ლარი;
  • ჭაობის თხილამურები – 2 ლარი;
  • ჭოგრიტი: 1 საათი- 2 ლარი.

ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი).
  • მწერიჭამია დროზერას ნახვა შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

განთავსება

  • ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო 1 ადამიანი 1 დღე – 100 ლარი; 2 ადამიანი – 150 ლარი; 3 ადამიანი – 200 ლარი; ( 6-დან 12 წლამდე ბავშვი -50%; 6 წლამდე ბავშვი უფასო)
  • ერთადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი:  ოქტომბერი-ივნისი – 20 ლარი, ივლისი-სექტემბერი – 30 ლარი;
  • ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი: ოქტომბერი-ივნისი – 30 ლარი, ივლისი-სექტემბერი – 45 ლარი.

ბილიკები

ისპანი 2

 500 , 2 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

საფეხმავლო ბილიკი მიემართება დაცული ტერიტორიების შესა სვლელიდან -გადასახედ კოშკამდე. ვიზიტორი გადასასვლელი ხიდით გადავა ე.წ „სმეკალოვკის არხზე“,  თუ კარგად დააკვირდება, აქ ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავს, და თუ ბედმა გაუღიმა, ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს საბინადრო ადამასაც დაინახავს.  სფაგნუმიანი გუმბათისაკენ მიმავალ გზაზე განთავსებულია საინტერპრეტაციო – საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორს მოუთხრობს დაცული ტერიტორიის მსოფლიო უნიკალურობაზე, ფლორისა და ფაუნის, კლიმატისა და „ისპანი“-ს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნამოსახლარების შესახებ, ნახავს სფაგნუმიანი გუმბათის პროფილურ დიაგრამას. ფრინველებზე თვალთვალის „birdwatching”-ის მოყვარულთათვის (ამ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს) შესაძლებელია ჭოგრიტების გაქირავება, განსაკუთრებით კი გაზაფხული და შემოდგომაა საუკეთესო დრო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის.

თეთრი ხავსი

/ 1 კმ, 3 სთსაფეხმავლო, მარტივი /

მდ. შავ ღელეზე  გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის ისეთ იშვიათ სახეობებს, როგორებიცაა: შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა, შემდეგ მოუხვევს მარჯვნივ მდ. შავღელეზე გადასასვლელი ხიდიდან,  ჭილიანი ცენოზის გავლის შემდეგ უკვე იწყება ისპანის ნაკრძალი – მსოფლიოს პირველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი ისპანი 2.  ვიზიტორი გაივლის ლიანებით გადახლართულ მურყნარ ტყეს, სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევს გაივლის გამყივარების დროინდელი სახეობის, სამეფო გვიმრის საბურველ ქვეშ.  სფაგნუმის „ხალიჩაზე“ გადაადგილებისას, იმისათვის, რომ მზიანი არ მიადგეს ეკოსისტემისათვის დამახასიათებელ, უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმს და ვიზიტორებს გაუადვილდეთ გადაადგილება,  დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას ამ მიზნით გააჩნია სპეციალური თხილამურები გასაქირავებლად.

დროზერა

მანძლი 1 კმ., ხანგძლივობა 3 სთ., მარტივი / საფეხმავლო

ბილიკი მიემართება სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ დასავლეთით, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც მოგვითხრობენ უნიკალური ეკო-სისტემის შესახებ. გადასასვლელი ხიდით გადავდივართ ე.წ „სმეკალოვკის” არხზე და ისევ საფეხმავლო ბილიკით მარჯვნივ, შემდეგ- მარცხნივ. ამ ტურისტული მარშუტით ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს ქობულეთის აღკვეთილი ისპანი I, რომელიც წარმოადგენს ანთროპოგენულად ძლიერ სახეშეცვლილ ჭარბტენიანი ლანდშაფტის კლასიკურ მაგალითს. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ სფაგნუმის ბალიშებზე მოზარდი მცენარეები, როგორებიცაა: მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის და თეთრი რინხოსპორა, ულამაზესი ჯადვარი, მაისის თვეში აყვავებული შქერი, იელი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სამეფო გვიმრა.

გაატარეთ ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე და პარალელურად იმოგზაურეთ გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დროინდელ, დღემდე შემორჩენილ შორეული ჩრდილოეთის ფლორის თავშესაფრებში!

იხილეთ გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას, იხილეთ საქართველოს წითელი წიგნის ბინადარი ენდემური და რელიქტური სახეობები!

გადაიღეთ სამოყვარულო ფოტოები!.. და, რაც მთავარია, ტურისტებს ელით ღიმილიანი და თბილი მიღება-დახვედრა, ნებისმიერი ტურისტი აღმოჩნდება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელთა უდიდესი ყურადღების გარემოცვაში!

ქობულეთის ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება

ფლორა

ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ჭაობის საერთო ფონსტორფის ხავსები ქმნიან : სფაგნუმის სახეობები, ე.წ. “იმერული ისლი”, თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა, ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა.

ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა, მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს.

აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეები: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ.

საქართველოს წითელინუსხის”  სახეობები

ქობულეთის აღკვეთილში გვხვდება იშვიათი და გადაშენების პირას მისული სამეფო გვიმრა (ოსმუნდა რეგალის).

ფაუნა

ქობულეთის დაცული ტეროტორიები წყლის გადამფრენ ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ: ტურა, წავი, ლელიანის კატა, მაჩვი, ნუტრია. კურდღელი, ბუჩქნარის მემინდვრია, მინდვრის თაგვი და სხვა.

ამფიბიებიდან -კასპისა და ჭაობის კუ, ჩვეულებრივი გომბეშო, მწვანე ბაყაყი, ჩვეულებრივი ვასაკა და სხვა, ხოლო რეპტილიებიდან კი–წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა, ბოხმეწა, გველხოკერა, ზოლიანი ხვლიკი, ჩვეულებრივი ტრიტონი და სხვა.

თევზებიდან არხებში ქარიყლაპია, კარასი, ქორჭილა და მდინარის გველთევზა გვხვდება.

საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აღსანიშნავია წავი (Lutra lutra ). რაც შეეხება ფრინველებს, აქ მრავლად ვხვდებით, როგორც საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილ (5 სახეობა: შავი ყარყატი; მცირე კირკიტა; ბექობის არწივი; თეთრკუდა არწივი; დიდი მყივანა არწივი), ასევე ევროპის მასშტაბით (28 სახეობა) იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, ასეთებია: ოქროსფერი კვირიონი, ალკუნი, მცირეჩვამა, ყვითელი ყანჩა, ივეოსი, შავი ყარყატი და სხვ.

გარდა ამისა, აქ გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების 7 სახეობაა წარმოდგენილი, მაგალითად: ველის ძელქორი, მცირე კირკიტა, ველის პრანჭია, დიდი ჩიბუხა, ღალღა და სხვ.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები