რეკლამაspot_img

ალაზნის ჭალის ტყე კატასტროფის წინაშე – თეიმურაზ ტყემალაძე

„…დადგა ჟამი, შეწყდეს გარემოსადმი მსგავსი ვანდალური, ექსპლოატაციური დამოკიდებულება…“

იძულებული ვარ კვლავ დავუბრუნდე წლების მანძილზე არაერთხელ გახმოვანებულ თემას, რომელიც ეხება ალაზნის ჭალებსა და მასში მოქცეულ ჭიაურის ტყეს, რომლისთვისაც ბევრ სპეციალისტ მეტყევეს, ეკოლოგს, ბიოლოგს, გარემოსდამცველ ექსპერტთა ჯგუფებს თუ ორგანიზაციებს მიძღვნილი აქვთ უამრავი კვლევა, ნაშრომი და პროექტი. ალაზნის ჭალების ფასეულობა თვალსაწიერიდან არ გამორჩენია მსოფლიო ბანკს, რომელმაც 2005 წელს გამოსცა ნაშრომი ალაზნის ჭალების კვლევაზე, მის მნიშვნელობასა და შესაძლო მართვაზე, 2008 წელს მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდმა (WWF) ასევე ჩაატარა კვლევა და მისი დაზიანებული ტერიტორიიის აღდგენაზე დახარჯა 1,5 მილიონი ევრო, შემოიღობა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაირგო 0, 5 მილიონი ნერგი და დასაქმდა 150-მდე ადგილობრივი მოსახლე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ, უცხოელებთან ერთად, ალაზნის ჭალებს მიეძღვნა ქართველი მეცნიერების არაერთი კვლევაც, რომელთა წყალობითაც ჩაეყარა საფუძველი შემდგომში საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიურობას და ალაზნის ჭალებს მიენიჭა ფუნქციონალურად დაცული ტერიტორიის სტატუსი, რაც გულისხმობდა შემდგომში დაცვის გაზრდასა და დაცულ ტერიტორიებში გადასვლას. ეს პროცესი იყო საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული უწყებისა და რეგიონული თუ ადგილობრივი თვითმართველობისათვის.
თითქოს ყველაფერი კარგად უნდა განვითარებულიყო, რადგან ეს ყველაფერი ვინმე კერძო პირის ახირება და სურვილი კი არ გახლდათ, არამედ დროთა განმავლობაში შექმნილი პრობლემა, რომელიც ბუნებაში არსებული ეკოლოგიური ბალანსის რღვევას იწვევდა, მისი მასშტაბი ქმნიდა შემდგომში ეკოლოგიურ საშიშროებას და წარმოიქმნა საჭიროება მისი დროული მკურნალობისათვის, რაც არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში  უნდა  ყოფილიყო.
ჩვენი ქვეყანა დღეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე დგას, როდესაც ერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. დღეს ჩვენ რკინის გისოსებში ჩაკეტილი აღარ ვართ, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი წვდომა გარესამყაროსთან ფიზიკურად თუ ინტერნეტის მეშვეობით, ასევე გახსნილია სხვა ინფორმაციული სამყარო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე წვდომისთვის, რაც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, საგანმანათლებლო კულტურის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ამ მხრივ თავისუფალია როგორც არასდროს, რაც ამარტივებს კარგსა და ცუდს შორის არჩევანს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმატებით მოღვაწეობს უცხოეთში, სხვადასხვა სფეროში, იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც სიდუხჭირის გამო გავიდნენ ქვეყნიდან, საგულისხმოა იქაური საზოგადოების მხრიდან გარემოს დაცვის დამოკიდებულების შეფასება, წარმატების გზების პოვნისა და ადამიანის თვითშეგნების ასამაღლებლად.
დღეს, როცა ვსაუბრობ ამ თემაზე, არ მინდა შევეხო რაიმე კონკრეტულ დარგობრივ მიმართულებას, მეცნიერებას, მედიცინას, თუ სხვა ტექნიკურ დარგებს, არამედ მინდა ხაზი გავუსვა ბუნებისადმი დამოკიდებულებას, მის მნიშვნელობასა და ფასეულობას, რომელიც ყველა დარგის სპეციალისტის საერთო საზრუნავია, მით უმეტეს, დღეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით უდიდესი პრობლემებია, რასაც მოწმობს ნებისმიერ მედიასივრცეში ყოველდღიური აქტიურობის ზრდა. განსაკუთრებით ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო გარემოს როლი მთელი კაცობრიობისათვის. ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობისა და ბუნებრივი ზონირების სიუხვის გამო მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მთელ მსოფლიოს ეკოსისტემაში. ყოველივე ეს დღევანდელი აღმოჩენა არ არის, მაგრამ მისი ცნობადობა დღითი დღე იზრდება, რადგან დღეს საქართველოს კარი ყველასათვის ღიაა, რასაც მოწმობს უცხოელი ტურისტების ზრდა.
ფაქტია, რომ საქართველოს ბუნება და ეკოსისტემა მართლაც უნიკალურია და ეს მეტი ვალდებულების წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას მეტი გაგებით მოვეკიდოთ ბუნებას და მის მიმართ დამოკიდებულებას, ბოლომდე შევიგნოთ ჩვენი ბუნების სიმდიდრის ფასი. რაც დღეს ხდება, ყოვლად მიუტევებელია. დადგა ჟამი, შეწყდეს გარემოსადმი მსგავსი ვანდალური, ექსპლოატაციური დამოკიდებულება. დროულად გადავიდეთ ეკოტურიზმის ეკონომიკის განვითარებაზე, რაც ბევრად მეტ ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას მოგვიტანს.
რაც შეეხება ალაზნის ჭალებს, აქ უკვე დრო აღარ ითმენს, სიტუაცია უკიდურესობამდეა მისული, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და არავითარ ჩარჩოში არ ჯდება მის მიმართ მსგავსი ვანდალური დამოკიდებულება, განუსაზღვრელია მიყენებული ზიანი, პრაქტიკულად იღუპება და განადგურების ზღვარზეა მისული საქართველოს  უნიკალური ბუნების ის ნაწილი, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენი ეკოსისტემისთვის და მის გადასარჩენად წლების მანძილზე ესოდენ დიდი ძალისხმევაა გაწეული. ეს ყველაფერი ხანძარსა და სტიქიაზე მეტია, რადგან ჩვენი ხელით ვანადგურებთ იმას, რასაც წლების მანძილზე იცავდა ჩვენი წინაპარი და აქამდე ხელუხლებლად მოგვიტანა. რაც მთავარია, ეს ხდება მაშინ, როდესაც თავისუფლები ვართ და განვკარგავთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ თვითონ ვწერთ კანონებს და უნდა ვიცავდეთ მას, თუ ამას დაცვა ჰქვია. პირიქით, დღითი დღე ვამკვიდრებთ დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც მომავალს ღუპავს. ეს კორუფციაც კი აღარ არის, ეს კარგად დაგეგმილი, გამიზნული ბოროტებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლის ჩამდენებიც თავისუფლად, დაუსჯელები დაბოგინებენ დედამიწაზე ვიღაცების მფარველობის წყალობით. ეს დანაშაული ეროვნული ბანკის ძარცვაზე მეტია, ქვეყნის ფინანსური მხარე შეიძლება გამოსწორდეს, აქ კი გარემოზე მიყენებულ ზიანი შეუფასებელია და შესაძლოა აღარასოდეს აღდგეს.
მოგიწოდებთ ყველა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ უწყებას, სასამართლოს, საზოგადოების ყველა ჯანსაღ წევრსა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, ვისაც ქვეყანა გიყვართ და პატრიოტიზმის გრძნობა გაგაჩნიათ დავდგეთ ერთად ჩვენი ბუნებისა და მომავლის დასაცავად. Ⴑანამ კიდევ დრო დაგვრჩენია, გამოცხადდეს სიგნალი SOS!

 

თეიმურაზ ტყემალაძე

ფონდის „განვითარება და გარემო“თავმჯდომარე

 

 

 

ENG
We urge all legislative and executive bodies of government, the judiciary, all healthy members of society, and especially the youth, students or high school students who love your country and have a sense of patriotism – to stand together to protect our nature and our future. SOS Alert!

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები