რეკლამაspot_img

ამაზონის ტყის ხანძრები და ფაქტები

მსოფლიოში ყველაზე დიდი, ამაზონის ტყე, თავს უყრის 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას, რაც დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონი მილიონამდე აბორიგენი მოსახლეობის სამშობლოა.
გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.
ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენს და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი – 60% ბრაზილიაშია. შესაბამისად, ამაზონის ტყე მსოფლიოს ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს შეადგენს.
კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემების მიხედვით, წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა – 80,000-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. კერძოდ, ხანძრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 80%-ზე მეტით გაიზარდა. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე – სან პაულომდეც მიაღწია.
მილიონ ჰექტრამდე ტყე არის განადგურებული მხოლოდ წელს, რაც რა თქმა უნდა, მსოფლიო კლიმატზე გამოიწვევს უარყოფით შედეგებს, მაგრამ გარემოსდამცველები ყურადღებას ასევე ამახვილებენ იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბის ხანძრებიდან გამოწვეული ნახშიროჟანგის (CO₂) და ნახშირბადის მონოქსიდების (CO) გამოყოფის მკვეთრი ზრდა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს არამარტო ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის, არამედ აბორიგენი მოსახლეობისთვისაც.
ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართებოდა. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებდნენ მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერების წახალისებაში და შემდგომ უმოქმედობაში, ასევე ითხოვდნენ გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანის ჩარევით იყო გამოწვეული.
მას შემდეგ, რაც ამაზონის ხანძრების საქმეში საერთაშორიო საზოგადოებაც ჩაერთო, იგი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრაზილიის პრეზედენტს შორის დაძაბული გარჩევები პირად დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მაკრონს ევროპელმა კოლეგებმა მხარი აუბეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბოლსონარუ შეაქო კიდეც ხანძრებთან გამკლავების გამო.
საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამაზონის ტყის ხანძრები უმეტესწილად ადამიანის მიერ არის მიზანმიმართულად წარმოქმნილი. მიზანი მარტივია: პირველ რიგში ჭრიან და გამოაქვთ ძვირადღირებული მერქანი, შემდგომ ასუფთავებენ მიწას სოფლის მეურნეობის, კერძოდ მესაქონლეობის გასაფართოვებლად. მსოფლიო საზოგადოების აქტიური ჩარევის გარეშე, მხოლოდ „ჯუნგლების კანონის“ ამარა დატოვებული ამაზონის ტყე დიდი ხანი ვერ გასტანს და შედეგებს ყველა ერთად მოვიმკით.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები