რეკლამაspot_img

თევზაობა „ტივტივა რგოლებით“

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ერთ ფრიად საინტერესო და შედეგიან მეთოდზე, რომელსაც საქართველოში პრაქტიკულად არ იცნობენ.ეს არის – თევზაობა „ტივტივა რგოლებით”- ან, უბრალოდ – თევზაობა „რგოლებით”. ტივტივა რგოლებით თევზაობისთვის დაგვჭირდება ნავი, ლიფსიტის ცოცხლად შესანახი კონტეინერი და უშუალოდ „რგოლები“.


ამ მეთოდის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ იგი ერთნაირი წარმატებით მუშაობს ყველა სიღრმეზე, საქართველოში საჭერად დაშვებულ ყველა მტაცებელზე (ქარიყლაპია, ფარგა, ქორჭილა, ლოქო, გველთევზა), ერთდროულად მოიცავს ჭერის დიდ აკვატორიას და ხშირად, სხვა მეთოდებთან შედარებით, ყველაზე წარმატებულიცაა. “რგოლებით” თევზაობას პასიურს მეთოდს ვერ უწოდებთ, მისთვის ხომ საჭიროა ნავით დიდ აკვატორიაზე მოძრაობა.
მაშ ასე, დავიწყოთ აღჭურვილობით:
თვით „ტივტივა რგოლი“ წარმოადგენს ხისგან ან უფრო ხშირად მკვრივი პენოპლასტისგან დამზადებულ დისკს, ძუის დასახვევი ღარითა და ცენტრალური ხვრელით, რომელშიც თავსდება ჩხირი, ძუის დასაფიქსირებელი ჭრილით ერთ ბოლოზე და მასიგნალებელი რგოლით – მეორეზე.
„ტივტივა რგოლის“ ერთი მხარე, როგორც წესი, წითელია, მეორე კი – თეთრი.
მონტაჟის ელემენტები ძალზე მარტივია: „რგოლზე“ ვახვევთ ძუას (0.5მმ-დან 1მმ-დე), რომლის სიგრძე ჭერის ადგილის სიღრმეზე 2-3 ჯერ გრძელია (ეს, როგორც წესი, 15-20 მეტრია), ძუაზე ვათავსებთ სრიალა საძირავს (20-25 გრამი), შემდეგ – მძლავრი შემაერთებელი (რვიანი) და ბოლოს – კევლარის ლიდერი.
თევზჭერის პირობებზე დამოკიდებულია ნემსკავის არჩევა: თუ ვთევზაობთ დაბალახებულ და ჩახერგილ წყალსატევზე, მაშინ, გამოდების თავიდან ასაცილებლად, კლასიკურ ნემსკავს გამოიყენებენ, ხოლო უფრო სუფთა ადგილებში – ორკავას ან სამკავას.
„რგოლებით“ თევზაობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჭერის ჰორიზონტის სწორად განსაზღვრას.
ამას შემდეგნაირად ვაკეთებთ:
თუ გვაქვს ექოლოტი, მაშინ ყველაფერი იოლად ირკვევა, ჭერის ადგილას სიღრმეს ვაყენებთ ისე, რომ სატყუარადან ფსკერამდე მიახლოებით ერთი მეტრი იყოს.
თუ ექოლოტი არ გვაქვს, არც მაშინაა ძნელი სწორი სიღრმის დაფიქსირება –  ნავიდან უნდა ჩაუშვათ ძუა, რომელიც მხოლოდ საძირავითაა აღჭურვილი (ნემსკავის გარეშე), ფსკერთან შეხების შემდეგ, მიახლოებით 1 მეტრი უკან, „ტივტივა რგოლზე“ უნდა დავახვიოთ, ასე მივიღებთ სამუშაო სიღრმეს.
სიღრმის გარკვევის შემდეგ, შეგვიძლია შევუდგეთ თევზაობას- აღვჭურვოთ მონტაჟი ნემსკავით, დავსვათ მასზე ლიფსიტა (ზურგის ფარფლის ქვეშ) და მოვიყვანოთ „რგოლი“ საბრძოლო მდგომარეობაში, ანუ ჩავუშვათ სატყუარა ჭერის ზონაში, შემდეგ გადავატაროთ ძუა რგოლის ერთი გვერდიდან მეორეზე ისე, რომ იგი დაფიქსირდეს ჩხირის ჭრილში და დავუშვათ „რგოლი“ წყლის ზედაპირზე წითელი მხრით ზემოთ.


„ტივტივა რგოლებით“ მოთევზავეთა შორის არ არის მიღებული ერთდროულად 10 „რგოლზე“ მეტით თევზაობა, ეს მოუხერხებელიცაა, ვინაიდან მათ შორის მანძილი 10 მეტრი მაინც უნდა იყოს და ამხელა მანძილზე კონტროლი საკმაოდ ძნელდება.
ამ მეთოდით თევზაობისას ჩარტყმას „გადატრიალებას“ ეძახიან. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მტაცებელი ჩარტყმისას ძუას ქაჩავს და „ტივტივა რგოლს“ ატრიალებს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ „რგოლის“ უკვე თეთრ მხარეს და ჩხირსაც ამ მხრიდან კონტრასტული ფერის მასიგნალებელი აქვს.
ამოტრიალებულ „რგოლს“ უმალ უნდა მივუახლოვდეთ ნავით, ხელით მოკლედ, ხისტად ამოვკრათ და ამოვიყვანოთ ნადავლი ნავში. ქვედა ბადის ქონა საკმაოდ გაგიოლებთ თევზის ამოყვანას. რეზინის ან რეზინოპლასტიკის ნავის გამოყენებისას სასარგებლო იქნება გქონდეთ პლასტმასის მაღალ კედლებიანი ტაშტი და წყლიდან ამოღებული თევზი პირდაპირ მასში მოათავსოთ. ეს იმიტომ, რომ თევზმა ნემსკავით ნავი არ გაგიხვრიტოთ.
„ტივტივა რგოლებით“ თევზაობა საკმაოდ შედეგიანი და აზარტული მეთოდია. იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ წარმატებული თევზაობის ახალი მეთოდის შესწავლაში.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები