რეკლამაspot_img

ინტერვიუ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან

  • რა უპირატესობა გაუჩნდათ „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებს?

საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი, უნდა გახდეს ეკონომიკური აღდგენისა და

წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების ახალი შესაძლებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე და რამდენადაც ჩვენ, სხვებთან შედარებით, კარგად, ნორმალურად ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ყველა რესურსი, კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. საქართველოს შეუძლია, გლობალურ კონკურენციაში, წლის დასაწყისთან შედარებით, გაიუმჯობესოს პოზიციები ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტორში. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვის მიმდინარე და მომავალი წლის დევიზად უნდა ვაქციოთ – „კრიზისი, როგორც შესაძლებლობა”. ჩვენ მსოფლიოს ხელახლა უნდა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა. მათ შორის ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია  პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.  ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორებიცაა: ჩვენი ისტორია, უნიკალური ბუნება, 8 000-წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა, უნდა დავამატოთ, ის ფაქტიც, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ.

გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია ახალი ადგილი დაიმკვიდროს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი. შესაბამისად, პრიორიტეტულია საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება.

  • რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაძლიოს?
    ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოცდაა. ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც  ქვეყანას აქვს, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტიანად გავანაწილოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე.
    ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ  ქვეყანა ეფექტურად და სწორად ვმართოთ გაურკვევლობის ამ ძალიან მაღალ ხარისხში. ეს არის გამოწვევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ იმისი რისკი, რომ  კიდევ ერთხელ დაგვჭირდეს მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება.  ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ერთდროულად ვიბრძვით ორ ფრონტზე: ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და ეკონომიკის გადარჩენისთვის. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში დავტოვეთ ჟანგბადი, ყოველთვის ვიცავდით ამ ბალანსს. ეს ოქროს შუალედი, ეს ბალანსი არის წარმატების ერთადერთი გასაღები. პოსტპანდემიურ ეპოქაში, გლობალურ კონკურენციაში ეფექტურობის მაჩვენებელი იქნება ის, თუ ვინ იქნება მზად,  სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური პოტენციალი.
    გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე ჩვენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების, ასევე ამერიკული დელოიტის წამყვან ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ.  ქართველ და უცხოელ პროფესიონალებთან ერთად ვმსჯელობთ, როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობისა და სიღარიბის დაძლევის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, სახელმწიფო ვალის მოცულობის შემცირების მიმართულებით და ა.შ.
    ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.
  • სად გადის ზღვარი ქვეყნის განვითარება/მოდერნიზაციასა და გარემოზე ზიანის შემცირებას შორის?
    არსებობს მცდარი შეხედულება, რომ განვითარება და მოდერნიზაცია გარემოს დაცვის სტანდარტების შემცირებას და ან მათზე უარის თქმას ნიშნავს. ეს ასე ნამდვილად არ არის და ამაზე ბევრი პრაქტიკული მაგალითი მეტყველებს. საერთაშორისო დონეზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, ძირითადად, სწორედ ამ მოდელს ეფუძნება. კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზნები ჩამოყალიბებულია 3 ძირითადი განზომილების გარშემო: სოციალური სოლიდარობა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; ეკონომიკური ეფექტიანობა. ამ სამი ასპექტიდან რომელიმეს უგულებელყოფამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს განვითარების მთელი პროცესი.
    საქართველომ 2015 წელს აიღო ვალდებულება გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციისა და განხორციელების პროცესის დაწყებისა. მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ხელმძღვანელობას და კოორდინაციას მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისი საბჭო. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი, რომელიც ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მასში გათვალისწინებულია ქვეყნის გამოწვევები და ეროვნული კონტექსტი, ასევე – გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი, მნიშვნელოვანი ამოცანები და ეროვნული ინდიკატორები. შესაბამისად, მთავრობის ხედვა, რომელიც ასევე წარმოდგენილია სამთავრობო პროგრამაში, სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების ძირითად არქიტექტურას და გარემოს დაცვას გრძელვადიან, მტკიცე განვითარების შემადგენელ ძირითად კომპონენტად განიხილავს.
  • იძლევა თუ არა პრემიერის სამუშაო გრაფიკი ბუნებაში დასვენების საშუალებას და, ზოგადად, რა როლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ბუნებასთან ურთიერთობას?

სამწუხაროდ, გადატვირთული განრიგი არ მაძლევს ბუნებაში ხშირად დასვენების ან ბუნებასთან ურთიერთობის ისეთ შესაძლებლობას, როგორსაც ვისურვებდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება და გამოგიტყდებით, მომავალში ფერმერობასაც ვაპირებ, ვინაიდან ჩემთვის ფერმერობა ბუნებასთან ურთიერთობასთან ასოცირდება. სიამოვნებით ვუთმობ დროს ოჯახთან ერთად ბუნებაში დასვენებასა და ბუნებასთან ურთიერთობას, როცა ამის საშუალება მაქვს.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები