რეკლამაspot_img

ტყის მდგრადი მართვა

ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიო­სფეროს სტაბილურობის რეგულირებაში.
ტყე წარმოადგენს ნიადაგის, მცენარეთა, ცხოველთა, მიკროორგანიზმებისა და სხვა ბუნებრივი კომ­პო­ნენტების ერთობლიობას, რომელთაც აქვთ შინაგანი ურთიერთკავშირები და კავშირები გარე სამყაროსთან, იგი თავისი თვისებებით ზემოქმედებს ადამიანის, ცხოველების, მცენარეების საარსებო გარემოზე და წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური განვითარე­ბის მნიშვნელოვან საფუძვლებს.
საქართველოს ტყეებს აკისრიათ უდიდესი როლი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, წყალშენახვითი, კურორტოლოგიური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ტურისტულ-რეკრიაციული კუთ­­ხით.
 ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ბუნების, გარემოს დაცვაზე და ძალიან ცოტას ვაკეთებთ ტყის დაცვაზე, მოვლაზე, აღდგენა-გაშენებაზე, მუდმივად და რაციონალურად გამოყენებაზე, ახლა რომ მდგრად ტყის მართვას უწოდებენ. უამრავი ორგანიზაციაა ჩართული საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესწავლისა და გადარჩენის საკითხებში, მაგრამ ტყეს საშველი მაინც არ ადგას.
სატყეო დარგის განვითარება სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და მასაც ეკუთვნის ეროვნული შემოსავლის 1-2 %. სხვათაშორის, ფინეთში ტყეების წილი 10%-ს შეადგენს, პოლონეთში – 8%-ს. აშშ-ში ფედერალურ ტყეებს სახელმწიფო თვითონ უვლის თავისი ბიუჯეტის თანხებით.
ჩვენ არა ვართ მდიდარი სახელმწიფო ეკონომიკურად და არც სტაბილურობით გამოვირჩევით, მაგრამ როცა საქმე ეხება ქვეყნის ეკოლოგიურ სტაბილურობას, ამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები ზუსტადაც რომ ნიშნავს მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და ეკონომიკური ზრდის სტიმულს, რადგანაც, თუ არ დავიცავთ ტყეს, არ დაგვინდობს ბუნება; რისი მაგალითებიც ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს. ტყის ხანძრების, წყალდიდობების, გვალვებისა და სხვა სტიქიური მოვლენების სახით; რაც სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზარალს აყენებს, ხოლო ეკოლოგიური ზიანი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. საინტერესოა დღეს საქართველოში რამდენი დარჩა და რა მდგომარეობაშია ტყე, რომ ყველას ეყოს სასუნთქად, სასმელ და სარწყავ წყლად, ეროზიისაგან დამცავად, ქარისა და თოვლის ნამქერისაგან დამცავად და ბოლოს საშეშედ და სამასალედ გამოსაყენებლად. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ტყის მნიშვნელობას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ტყეს დაცვა, მოვლა და ახლის გაშენება სჭირდება და იმ გაშენებულში მიზნობრივი პლანტაციების წილი სოლიდური უნდა იყოს.
დიდი ყურადღება ექცევა ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებს ევროპაში, სადაც შეიქმნა ორგანიზაცია „ევროპის ტყე“ ანუ მინისტრთა კონფერენცია ევროპის ტყეების დაცვის შესახებ. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 46 ქვეყანა.
 „ევროპის ტყის“ პირველხარისხოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გაიზარდოს ტყეების როლი კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილებაში, ხარისხიანი მტკნარი წყლის უსაფრთხო მიწოდებაში, ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტყის პროდუქტების მიღებაში.

         „ევროპის ტყემ“ შეიმუშავა მდგრადი მენეჯმენტის ექვსი კრიტერიუმი ესენია :

  1. ტყის რესურსების შენარჩუნება და, შესაბამისად, გლობალური ნახშირბადის ციკლში მათი წვლილის გაფართოება.
  2. ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.
  3. ტყეების პროდუქტიულობის (მერქნული და არამერქნული) შენარჩუნება და გაზრდა.
  4. ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება , კონსერვაცია და გაუმჯობესება.
  5. სატყეო მენეჯმენტის გზით ტყის დაცვითი ფუნქციების შენარჩუნება.
  6. სხვა სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და პირობების შენარჩუნება.

ეს კრიტერიუმები წარმოადგეს ერთგვარ სახელმძღვანელოს ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავებისთვის.
ევროპის ტყის დაცვის მინისტერიალის მიერ ასევე შემუშავებულია სახელმძღვანელო პრინციპები სატყეო სექტორში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. საზოგადოების მონაწილეობის როლი ტყის მდგრად მართვაში გამოიხატება შემდეგში:

–  ტყისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება;

– მიღებული შემოსავლებისა და სარგებლის მაქსიმალურად სამართლიანი და თანაბარი გადანაწილება;

– ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი მხარდაჭერით.

მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს კრიტერიუმები, პრინციპები და ინიციატივები სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს, რასაც 2011 წელს ოსლოში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა.
ზემოაღნიშნულიდან თვალნათლივ ჩანს, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობა პრიორიტეტულ საკითხად განიხილავს ტყეების დაცვას. აქედან გამომდინარე, გვსურს მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოში ტყის დაცვის მდგომარეობა და, ჩვენი აზრით, გასატარებელი ღონისძიებები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ საერთო მდგომარეობა.
ნების­მიერ პროფესიონალ მეტყევეს რომ ჰკითხოთ, რა უნდა გაკეთდეს, რას უნდა მიექცეს პირველ რიგში ყურადღება საქართველოს ტყის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, აუცილებლად გეტყვიან, რომ საჭიროა ტყის დაცვის საკითხის რადიკალურად გაუმჯობესება.
ტყეს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს უკანონო ჭრები, საქონლის უსისტემო ძოვება, მავნებელ-დაავადებები და ხანძრები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საკმაოდ გახშირდა და ეს მაშინ, როდესაც ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის არ დახარჯულა არცერთი ლარი.
საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებულია ტყის დაცვის ფუნქციების გამიჯვნა; რასაც უნდა მოჰყვეს ტყის დაცვის სტრუქტურების რეორგანიზაცია.
უნდა გაიმინჯნოს ერთმანეთისგან ტყის ფიზიკური და ტყის დაცვა მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან, ვინაიდან მათ განსხვავებული სპეციფიკა აქვთ, ამიტომ განსხვავებული ცოდნა და მიდგომა სჭირდება.
ტყის ფიზიკურ დაცვაში იგულისხმება: ტყის დაცვა უკანონო ჭრებისგან, უსისტემო ძოვებისგან, რომლის დროსაც ნადგურდება აღმონაცენ-მოზარდი, რის გამოც ტყეს დიდი ზიანი ადგება და ტყის სხვა რესურსების (წიაღისეული, წყალი, არამერქნითი და სხვ.) უყაირათო გამოყენებისაგან.

დღეის მდგომარეობით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს, რაც არასწორად მიგვაჩნია იმ მიზეზის გამო, რომ ერთი სამსახურის მიერ დაცვის განხორციელება და დაცვაზე კონტროლი ნაკლებ ეფექტური იქნება, ასევე ტყის დაცვის შესუსტებას გამოიწვევს ის ფაქტი, რომ რეინჯერები გაიყვანეს განპირობებული ფართობებიდან და ტყე დარჩენილია დაცვის გარეშე, და ეს ხდება მაშინ, როდესაც კარზეა მომდგარი შეშის დამზადების სეზონი.

ტყის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • უნდა შეიქმნას ტყის დაცვის რეგიონული სამსახურები (ინსპექციები), რომლებიც უშუალოდ დაექვემდებარება სატყეო სააგენტოს და მის მუშაობას კორდინაციას გაუწევს ტყის დაცვისა და აღდგენის დეპარტამენტი;
  • ტყის დაცვის რეგიონულ ინსპექციებს უნდა დაუბრუნდეს და, რაც მთავარია, ოპტიმალური რაოდენობით გაეზარდოს რეინჯერების შტატები;
  • მეტყევე რეინჯერებზე უნდა იქნას განპირობებული ტყის განსაზღვრული ტერიტორიები, რომლის ფართობიც არ უნდა აღემატებოდეს 3-4 ათას ჰექტარს;
  • ტყის რეინჯერები უზრუნველყოფილი უნდა იქნან ფორმის ტანსაცმლით, კავშირგაბმულობის საშუალებებითა და ტრანსპორტით (შესაძლებლობის ფარგლებში);
  • რეინჯერებს უნდა დაუკანონდეთ საპოლიციო უფლებები და შეღავათები, ვინაიდან მათ უკანონობის აღკვეთა დამნაშავეებთან შეხება ძირითადად მოუწევთ ისეთ ადგილებში, რომლებიც დასახლებული პუნქტებიდან დაშორებულია რამდენიმე კილომეტრით.
  • რეინჯერებს უნდა მიეცეთ იარაღის ტარებისა და ხელბორკილების გამოყენების უფლება.

რაც შეეხება ტყეების ხანძრებისადა მავნებელი-დაავადებისგან დაცვას, ეს ფუნქცია  უნდა დარჩეს ადგილობრივი სატყეო სამსახურების დაქვემდებარებაში, ამასთან ამ ფუნქციის განხორციელების გასაუმჯობესებლად აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • ტყის კოდექსის მოთხოვნის საფუძველზე ტყეები დაიყოს მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ზონებად. დაყოფა უნდა მოხდეს მავნებლების გავრცელებისა და დაზიანების მასშაბების გათვალისწინებით, აგრეთვე, ხანძრის გაჩენის საშიშროების რისკებიდან გამომდინარე. ეს საშუალებას მოგვცემს კონცენტრირებული ყურადღება დაეთმოს მაღალი რისკის ტყის ზონებს, სადაც ჩატარდება ფართო სპექტრის საკვლევი და სამეურნეო ღონისძიებები;
  • ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ყოველწლიურად ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების გაყვანა და საჭიროების მიხედვით მათი პერიოდული შეკეთება;
  • ხანძარსაშიშ ადგილებზე ტყისპირების გაყოლებით მინერალიზებული ზოლების მოწყობა;
  • ტყის ფართობების გაწმენდა ძირნაყარი ხე-ტყისგან;
  • ახალგაზრდა (30 წლამდე) წიწვოვან კორომებში ქვედა ტოტების შეჭრა ორ მეტრ სიმაღლეზე, რათა ტყეში დაბლანარი ხანძრის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ხანძრის ხეებზე გადასვლა (მაღლივი ხანარი);
  • ცხელ, გვალვიან პერიოდში (ივლისი, აგვისო, სექტემბერი, საჭირობის შემთხვევაში – ოქტომბერშიც) მეხანძრე დარაჯების აყვანა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან კავშირგაბმულობისა და ცეცხლის ჩასაქრობი მარტივი საშუალებებით;

ტყის მავნებლებისა და ხანძრებისგან დაცვის პრევენციული ღონისძიებების სწორად დაგეგმვისა და სრულად განხორციელებისათვის ასევე საჭიროა გაუქმდეს ყოფილი სატყეო მეურნებების მაგივრად არსებული (ყოვლად მიუღებელი) სატყეო უბნები და მათი ოპტიმიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდეს ადგილობრივი სატყეო სამსახურები, პირველ ხანებში თუნდაც – ორ-სამ რეგიონში, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იქნან მინიმუმ შემდეგი საშტატო ერთეულებით:

  • სატყეო სამსახურის უფროსი;
  • მთავარი მეტყევე;
  • ტყის დაცვის ინჟინერი;
  • ტყის მეურნეობის ინჟინერი-ტყით სარგებლობისა და ტყის აღდგენის განხრით;
  • სატყეოს უფროსები-საჭიროების მიხედვით

სატყეოების აღდგენის გარეშე  წარმოუდგენელია სატყეო დარგში მდგომარეობის მინიმალურადაც გაუმჯობესება,  ამასთან ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე ტყის კოდექსის მოთხოვნის საფუძველზე აუცილებელია კვალიფიციური მეტყევე სპეციალისტების დანიშვნა, რაც არანაკლებ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს კადრების სიმცირის გამო, რაც გამოწვეულია წინა წლებში სატყეო დარგისადმი აგდებული დამოკიდებულებით, რასაც მოჰყვა სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ფუნქციონირების ფაქტობრივი იგნორირება და თითქმის დახურვამდე მიყვანა, ასევე – აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო ფაკულტეტის შემცირება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ტყის დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, კერძოდ:

  • საჭიროა გადაიხედოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში ტყის კანონმდებლობის დამრღვევთა მიმართ სანქციების ქმედითობის მიზანშეწონილობა. წარმოუდგენელია იმ პირის მიმართ, რომელიც რამდენიმეჯერ მხილებულია სახელმწიფო ქონების (ტყის რესურსების უკანონოდ მოპოვება) ხელყოფაში, შემოვიფარგლებოდეთ მხოლოდ ფულადი ჯარიმებით, ასეთი პირების მიმართ აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
  • აუცილებელია უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული (სეკვესტრირებული) ხე-ტყის რეალიზაციის მოწესრიგება.სეკვესტრირებული ხე-ტყე უნდა გადაეცეს ადგილობრივ სატყეო სამსახურებს, რომლებიც მოახდენენ მის რეალიზაციას აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით (საავადმყოფოები, სკოლები, ბიბლიოთეკები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვა). წარმოუდგენლად მიგვაჩნია დღევანდელი მანკიერი წესის შენარჩუნება, როდესაც ფასს ადგენს სამხარაულის საექსპერტო ბიურო (ადგილზე ჩაუსვლელად,ზერელედ) და რეალიზაცია დავალებული აქვს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას. ასეთ პირობებში ფერხდება ხე-ტყის რეალიზაცია, რის გამოც ფაქტიურად არის ათასობით მ3 არარეალიზებული პროდუქცია, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხე-ტყე, შესაბამის პირობებში არ ყოფნის შემთხვევაში, წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს და, რაც მთავარია, სეკვესტრირებული ხე-ტყის რეალიზაციიდან მიღებული თანხების აკუმულირება უნდა მოხდეს სატყეო სამსახურების ანგარიშზე, რათა ოპერატიულად განხორციელდეს ტყის დაზიანებულ ფართობებზე აღდგენითი ღონისძიებები.
  • შესაცვლელია ძირნაყარი ხე-ტყის (და არა ნარჩენების) ტყიდან გამოტანისა და რეალიზაციის საკითხი. დღეის მდგომარეობით მისი გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არაა დაინტერესებული ძირნაყარი ხე-ტყის გამოყენებაით, რის გამოც ეს ხე-ტყე რჩება ტყეში, რაც ზრდის ხანძრის გაჩენის რისკს, ამასთან, სხვა რეგიონის მცხოვრებლებისა და იურიდიული პირებისგან არის მოთხოვნები ძირნაყარი ხე-ტყის ათვისების ნებართვაზე. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან არ იქნება მსურველი ძირნაყარ ხე-ტყის ათვისებაზე, მაშინ მისი გამოყენების უფლება უნდა მიეცეს ნებისმიერ მსურველს ან/და მისი გამოტანა და რეალიზაცია შესაბამისი წესით უნდა განახორციელოს სატყეო სამსახურებმა.

წარმოუდგენელია, სატყეო სააგენტოს დღევანდელ პირობებში მოსთხოვო ტყეში შექმნილი კატასტროფული (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) მდგომარეობის გამოსწორება, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ის დაცვაზე, აღდგენასა და ტყით სარგებლობის ორგანიზებაზე, შტატებისა და მექანიზმების შენახვაზე გამოყოფილი აქვს მხოლოდ 10 მილიონამდე ლარი, და ეს ხდება იმ დროს, როდესაც სატყეო სექტორიდან შენატანები გაცილებით მეტია, ხოლო საქართველოს ტყიდან ყოველწლიური ეკონომიკური ეფექტი ,,მსოფლიო ბანკისა“ და ,,ფაოს“ ექსპერტთა გათვლებით ყოველწლიურად  შეადგენს მინიმუმ 500 მილიონ ლარს.
ჩვენი გათვლებით, სატყეო სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მომავალი წლისთვის გამოეყოს მინიმუმ 25 მილიონი ლარი, რაც შეადგენს 2020 წლის ბიუჯეტის საპროექტო მონაცემის მხოლოდ 0,15%-ს.
ეს მოთხოვნები ზოგიერთს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მათ შევახსენებთ, რომ ბოლო 3-4 წელიწადში ტყის ხანძრების ლიკვიდაციაზე დახარჯულია რამდენიმე მილიონი ლარი, აღარაფერს ვამბობთ ეკოლოგიურ ზარალზე, რომელიც გაცილებით მეტია და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ბუნებრივი კატაკლიზმები, ამას დაუმატეთ უკანონო ჭრებისა და უსისტემო ძოვებისგან ტყეზე მიყენებული ზიანი და მივიღებთ რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს.
იმედია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომელთაც არ აკლიათ სურვილი და მონდომება გამოასწორონ მდგომარეობა, გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს ტყის დაცვის კუთხით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

We are not a rich state economically and same time quite unstable, but when it comes to the country’s environmental stability, budgetary allocations are precisely meant to improve social aspects for the population and stimulate economic growth, because if we do not protect the forest, nature will not forgive us;

The physical protection of the forest and protection from diseases and fires must be considered separately, since they have different specificities, so they need different knowledge and approaches.

It is unreal to require from the National Forestry Agency disaster (current situation without exaggeration) recovery, when for the protection, recovery and organization of forest use of 40% of the country’s territory provided budget is only 10 million GEL. At the same time according to the experts of World Bank and FAO, annual economic impact of Georgian forest is minimum 500 million GEL.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები