რეკლამაspot_img

პომიდორი – „ოქროს ვაშლი“ თუ „ცოფიანი კენკრა“- საწამლავი?!

დღეს ძნელად თუ წარმოგვიდგენია სუფრა პომიდვრის გარეშე. სალათი თუ ჩახოხბილი, „ოსტრი“ თუ ჩაშუშული, პიცა თუ ერბოკვერცხი და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი კერძია, რომლებსაც სწორედ პომიდორი ხდის ესოდენ მადისაღმძვრელს და ანიჭებს განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს!

არადა, საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხოლოდ მისი სილამაზით ტკბებოდა და დეკორატიული კულტურათა რიცხვს მიაკუთვნებდა. მეტიც, ბევრ ქვეყანაში ის შხამიან, მომწამლავ მცენარედ ითვლებოდა!  სწორედ ეს შეცდომა აღმოჩნდა საბედისწერო ინგლისელი მზარეულის ჯეიმს ბესტლისათვის, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მოწამვლა სცადა საჭმელში „ძლიერი საწამლავის“- პომიდვრის შეპარებით. თავისი ჩანაფიქრის წარმატებაში სრულიად დარწმუნებულმა ამის შესახებ წერილობით უპატაკა ინგლისის ჯარის სარდალს, მაგრამ როდესაც თავისი ავანტიურის წარუმატებლობაში დარწმუნდა, სასჯელის შიშით შეპყრობილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ყელი გამოიჭრა!  რა იცოდა იმ საწყალმა, რომ მისი დანაშაულებრივი ზრახვის შესახებ არავინ იცოდა, რადგან წერილი ადრესატამდე არ მისულა და მას შემთხვევით გადააწყდნენ მტვერდადებულ თაროზე ძველ, გაუხსნელ კორესპონდენციაში მხოლოდ 22 წლის შემდეგ! ბედის ირონია! მაგრამ მედალს ხომ 2 მხარე აქვს და სწორედ პომიდვრის შავბნელ რეპუტაციას  უნდა უმადლოდეს ეს  უცნობი მზარეული იმას, რომ მისი სახელი შევიდა ამერიკის ისტორიაში. ვიღაცისთვის კი ის ეროვნული  გმირიც  გახდა, რადგან ეს ამბავი  1776 წელს მოხდა,  როდესაც ინგლისის კოლონიები თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. ჯორჯ ვაშინგტონს კი არც კი უეჭვია, რომ „საწამლავი“ შესთავაზეს. პირიქით, ისე მოეწონა ეს წითელი „უცხო ხილი“, რომ მის გარეშე სადილს აღარ მიირთმევდა. მას შემდეგ დაიწყო პომიდორმა ამერიკელთა გულის დაპყრობა, რაც საკმაოდ სწრაფად მოახერხა. მაგრამ ამას თავისი სირთულეებიც მოჰყვა: ამერიკელებმა დიდხანს ვერ გაარკვიეს, რასთან გვაქვს საქმე, რა არის პომიდორი – ხილი, ბოსტნეული თუ კენკრა? მოგეხსენებათ, როგორ უყვართ მათ ყველაფრის კანონის ჩარჩოში მოქცევა და ნებისმიერი დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტა. არც პომიდორი აღმოჩნდა  გამონაკლისი. დავა დიდხანს მიმდინარეობდა. საკითხი იმდენად სერიოზული იყო, რომ უმაღლესი სასამართლოს განსჯის საგანი გახდა და, აი, მწვავე დებატებისა და  ხანგრძლივი  განსჯის შემდეგ, 1893 წელს, ამერიკის  უზენაესმა  სასამართლომ საბოლოო  ვერდიქტი გამოიტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაადგინა, რომ პომიდორი მიეკუთვნოს  ბოსტნეულს და არამც და არამც  ხილს ან კენკრას, რადგანაც იგი სადილის შემადგენელი ნაწილია და არა დესერტი!  ოპონენტები დანებდნენ, ვეღარაფერი თქვეს ასეთი დამაჯერებელი  არგუმენტის წინააღმდეგ. ვერაფერს იტყვი, რკინის ლოგიკაა! უტყუარ არგუმენტებზე დაყრდნობილი ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება! აი ასე დაიპყრო პომიდორმა  ამერიკის კონტინენტი, უფრო სწორად კი იგი  ახალი სახით დაბრუნდა, რადგან მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა მიიჩნევა. სწორედ სამხრეთ ამერიკელი აბორიგენების მიერ ამ  ლამაზი მცენარისათვის დარქმეული სახელიდან (ტომატლე) მოდის მისი თანამედტოვე სახელი – ტომატო. პერუანელები მის  წითელ ნაყოფებს სხვადასხვა სახით  ხმარობდნენ,  მათ შორის – სამკურნალოდ. აცტეკი კანიბალები კი იმთავითვე კულინარიაში იყენებდნენ – კერძოდ, ხორცისგან პომიდვრიან შეჭამადს ამზადებდნენ. ასე რომ ქართველები ტყუილად ვიბრალებთ  „ოსტრისა“ და ჩაშუშულის ავტორობას!
პერუში ჯერ კიდევ მე-5  საუკუნეში სცოდნიათ ამ საოცარი ნაყოფის გემო.
ევროპაში პომიდორი მე-16 საუკუნეში მექსიკიდან შემოიტანეს ესპანელებმა კონკისკადორებმა. მან ესპანეთსა და პორტუგალიაში მალე მოიკიდა ფეხი. აქედან კი სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში.
თავდაპირველად მას თითქმის ყველგან ეჭვის თვალით უყურებდნენ და ძირითადად ბაღების დასამშვენებლად იყენებდნენ, როგორც უცხოურ, მოდურ ფუფუნების საგანს.
1774 წელს გამოცემულ დანიურ ენციკლოპედიაში ტომატო მოხსენიებულია, როგორც მავნე, ამღგზნები ნაყოფი, რომელსაც „ჭკუიდან გადაჰყავს ყველა, ვინც მას გასინჯავს“ .
იტალიელები და ჩეხები  მას აფროზიაკებს მოაკუთვნებენ და „სამოთხის ვაშლს“ უწოდებენ.
ფრანგებმა „პომ დ’ ამური“ ანუ „სიყვარულის ვაშლი“ შეარქვეს. 
იტალიელებმა – ოქროს ვაშლი ნუ „პომო დორო“ – უწოდეს, რაც ისე მოიხდინა  ამ საოცარმა ნაყოფმა, რომ დღეს  მთელი მსოფლიო ამ სახელით მოიხსენიებს – პომიდორი.
უკრაინაში  იმდენად არის დაფასებული, რომ ამ პატივცემულ ნაყოფს  ძეგლიც კი დაუდგეს, უზარმაზარი წითელი პომიდვრის სახით, რომელსაც  ქვია „დიდება პომიდორს!
ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში პომიდვრის მუზეუმებიც კი არსებობს.
ჩინეთში მოხვედრილ პომიდვრის თაყვანისმცემელს  შეუძლია ეწვიოს პეკინის ცნობილ სათბურს, სადაც 1 საათიანი ექსკურსიის დროს  შეეძლება იხილოს ჩინელი სელექციონერების სიამაყე  – პომიდვრის ხე, რომელიც ერთდროულად 14000 პომიდორს ისხამს და მოისმინოს ამ შედევრის  შექმნის ისტორია.
ამერიკელები თავს 2,5 კილოგრამიანი პომიდვრით იწონებენ, ხოლო ისრაელი, რომელიც ჩერი ჯიშის სამშობლოა, 2 სანტიმეტრის დიამეტრიანი პომიდვრით ამაყობს.
რუსეთში პომიდვრის კულტურა ეკატერინე II-ის დროს შემოვიდა. იტალიაში რუსეთის ელჩს დედოფლისათვის ძღვენი მიურთმევია, რომელშიც სხვადასხვა უცხო სასუსნავებთან ერთად პომიდორიც ყოფილა. ეკატერინეს ისე მოსწონებია ეს ეგზოტიკური ნაყოფი, რომ მისი რუსეთში მოშენება უბრძანებია. სხვადასვა რეგიონში დაიწყო პომიდვრის მოშენება. რუსებმა ის  „ცოფიან კენკრად „და ცოდვის ნაყოფად“ მონათლეს. რუსეთის მკაცრი კლიმატი არ იყო პომიდვრისათვის შესაფერისი,  ის ვერ ასწრებდა დამწიფებას. მაშინ მისივე ბრძანებით დაიწყო ამ მცენარის სხვადასხვა სახით კულტივირება მანამ, სანამ არ „მოარჯულეს“ და კლიმატს არ მოარგეს, მაგრამ ვერაფრით  მიაღწიეს იმ განუმეორებელ არომატს, რაც თბილ ქვეყნებში ბუნებრივად მოსულ პომიდორს აქვს. რა იცოდა რუსეთის დედოფალმა, რომ მისი სამფლობელოების ზოგიერთ ადგილას ეს კულტურა უკვე ხარობს და არაჩვეულებრივი გემო აქვს, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ის მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა.
დღეის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 177 მილიონი ტონა პომიდორი მოჰყავთ. აქედან ლომის წილი ინდოეთზე მოდის, 30% კი ჩინეთისაა.
გენური ინჟინერიის მეშვეობით გამოყვანილი ე.წ.  გენმოდიფიცირებული ჯიშები წელიწადში რამდენიმე მოსავალს იძლევია. მათ ისეთი ძლიერი თვისებები აღმოაჩნდათ, რომ დამტვერვის პერიოდში ახლომახლო მინდვრებში მეზობელი პომიდვრები თავიანთ „ჭკუაზე გადაიყვანეს“ და  ჯიშებს თავიანთი მტვრით თვისებები შეუცვალეს. ასე გადაჯიშდა ბევრი უგემრიელესი პომიდორი. აბა, მოიკითხეთ ვისაც გახსოვთ, ჭოპორტის ვერცხლისფერგულიანი პომიდორი, ანდა ქედის ხორციანი, თითო ნაყოფი ლამის ნახევარ კილომდე რომ ადიოდა! ახალგაზრდებს არც ახსოვთ და ვერც გაიგებენ, როცა ამაზე ვსაუბრობთ, უკვირთ რას ჰქვია გემრიელი და უგემურიო?! პომიდორი, პომიდორია! ასევე გვიკვირდა ჩვენ, როდესაც ჩამოსული სტუმრები აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ რა გემრიელი პომიდორია საქართველოშიო, ნეტა რა უკვირთ? პომიდორია ჩვეულებრივიო! ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ უგემური პომიდორიც არსებობდა, ამათ კი ის არ იციან, რომ გემრიელიც არსებობს (ან უკვე  შეიძლება ვთქვათ რომ არსებობდა).
ჯანსაღი კვების მიმდევრებს შორის არ წყდება კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად სასაგებლოა პომიდორი და რა რაოდენობით შეიძლება მისი მირთმევა. ერთნი მას სრულად კრძალავენ, მეორენი კი შეუცვლელ პროდუქტად მიიჩნევენ და ლამის პანაცეად გამოაცხადონ. პომიდვრის დიეტის პროპაგანდისტები კი გვირჩევენ ყოველდღიურად 1 კილოგრამის მიღებას! პომიდორი გასახდომი დიეტის თვალსაზრისით შესანიშნავი პროდუქტია, რადგან მისი  კალორიულობა 100 გრამში არის სულ 20 კალ.
რა ღირსებებით არის დაჯილდოებული ეს ლამაზი ნაყოფი? მასში უამრავი საჭირო და სასრგებლო ნივთიერება შედის: ვიტამინები: A, B1, B2, B4, B6, B9, E, C, PP, მიკრო და მაკროელემენტები: ფოსფორი, სელენი, მარგანეცი, მაგნიუმი, კალიუმი,  ფოსფორი, რკინა, ნატრიუმი, ფტორი, გოგირდი, იოდი. ის შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტს, როგორიცაა ლიკოფსინი, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინისა და პროთრომბინის დონის რეგულირებას, ახდენს ათეროსკლეროზისა და თრომბოზის პროფილაქტიკას და, რაც მთავარია, შეიცავს „ბედნიერების ჰორმონს“ – სეროტონინს. სწორედ ეს  განაპირობებს იმას, რომ ეს   ულამაზესი ნაყოფი ცნობილი   ანტიდეპრესანტია და იმდენად კარგად მოქმედებს გუნებაგანწყობაზე , რომ  „სამოთხის  ვაშლის“‘ ეპითეტიც კი დაიმსახურა. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა ამაგრებს  ძვლებს და ხელს უშლის მათ ასაკობრივ გამოფიტვას, ამიტომ მისი მირთმევა განსაკუთრებით აქტუალურია მენოპაუზის ასკში  დაბერების პროცესების შესანელებლად.
დადგენილია, რომ პომიდორი იცავს მამაკაცებს პროსტატის კიბოსაგან, ხოლო ქალებს საშვილოსნოს ყელის სიმსივნისაგან.
პომიდორი აუმჯობესებს მხედველობას, თვალის ბადურის კვებას, ხელს უშლის კატარაქტის ჩამოყალიბებას, აძლიერებს ღვიძლისა და ფილტვების  ფუნქციებს, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომიდორი არის კალიუმის ერთ-ერთი უნივერსალური წყარო, საიდანაც ადვილად ხდება ორგანიზმის მიერ ამ ძნელად დასაგროვებელი მინერალის ათვისება. კალიუმი აუცილებელია გულის ნორმალურად მუშაობისათვის. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მოერიდოთ პომიდორს, თუ დანიშნული გაქვთ კალიუმის შემცველი პრეპარატი. 
საერთოდ, რაც შეეხება კვებას, ყველაფერი ინდივიდუალურია და  ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც პომიდორი ძალიანაც უყვართ, მაგრამ ერიდებიან, რადგან დისკომფორტს უქმნის: იწვევს მუცლის შებერვას, გულძმარვას და ასე შემდეგ. არის გარკვეული დაავადებები, რომელთა დროსაც მისი მიღება არ არის სასურველი, ან საერთოდ ეკრძალებათ. ასეთებია: ნაღველკენჭოვანი დაავადება, პანკრეატიტი, თირკმლების პათოლოგია, პოდაგრა, ღვიძლის სერიოზული პრობლემები, გასტრიტი, ალერგია.
უმწიფარი ნაყოფი შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზიც გახდეს, რადგან შეიცავს მომწამლავ ნივთიერებას – სოლანინს. ასეთი ნაყოფი ეფექტურია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ, როგორც ადგილობრივი, გარეგანი საშუალება. მისი საფენების მეშვეობით შესაძლებელია ვარიკოზული კვანძების გაწოვა. ასევე ეფექტურია ის პოდაგრული წანაზარდების ტკივილების დროს.  
მწიფე პომიდვრის ნიღბები ფართოდ გამოიყენება სახის მოვლისათვის ფერიჭამიების დროს, ფორების გასასუფთავებლად, ასევე აძლიერებს კანის ტონუსს.
იმისათვის, რომ ამ გემრიელი პროდუქტის მირთმევისას, გარდა გასტრონომიული სიამოვნებისა, მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და არაფერი დავიზიანოთ, საჭიროა ვიცოდეთ მისი მიღების წესი, რასაც მუდმივად ვარღვევთ. როგორც წესი, პომიდორს ვაყოლებთ ყველანაირ საჭმელს. განსაკუთრებით გემრიელი და ამიტომაც პოპულარული პომიდვრიანი ერბოკვერცხია. მაგრამ,  სამწუხაროდ,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ეს კომბინაცია   კატეგორიულად დაუშვებელია!  არადა, რა გემრიელია!! ასევე არ შეიძლება მისი მიყოლება ხორცთან, თევზთან და პურთან! რა სამწუხაროა! უმჯობესია მიირთვათ კანგაცლილი პომიდორი. უნდა აღინიშნოს, რომ პომიდორი, სხვა ბოსტნეულისაგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას  არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს, პირიქით, მისი გადამუშავებული პროდუქტები გაცილებით იოლად ასათვისებელია და, შესაბამისად, უფრო სასარგებლოც, ვიდრე უმი პომიდორი,  განსაკუთრებით ტომატის წვენის სახით.

P.S. ორიგინალური იდეების ავტორებს რა გამოლევს?! ხოდა ოდესღაც ვიღაც ენთუზიასტს მოუვიდა იდეა შეეჯვარებინა პომიდორი კარტოფილთან! სხვებმაც აიტაცეს ეს ერთი შეხედვით არარეალური იდეა და დაიწყო ექსპერიმენტების მთელი სერია. არაერთი მცდელობისა და მრავალწლოვანი ექსპერიმენტების შედეგად ამ ‘“ქორწინებისგან“ სხვადასხვა ვარიაციები მიიღეს. მათგან ყველაზე შთამბეჭდავ და ალბათ მომავალში პერსპექტიულ ჰიბრიდს Tom-Tato დაარქვეს. ეს არის ბუჩქი,  რომელიც  იძლევა მიწისზედა ნაყოფს 500 ცალი ჩერი პომიდვრის სახით  და 2 კილოგრამ კარტოფილს მიწისქვეშ!!!  რა თქმა უნდა, ეს ვერ შეგვიცვლის ჭოპორტის პომიდორს და ყაზბეგის კარტოფილს, სამაგიეროდ, შეიძლება დიდი როლი ითამაშოს  კაცობრიობის დანაყრების პროგრამაში.
იმავეს ვერ ვიტყვი სხვა ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ ჰიბრიდებზე, რადგან ისინი უჩვეულო გემოს მატარებლები აღმოჩნდნენ და, მიუხედავად ორიგინალურობისა, ჯერჯერობით აღიარება ვერ მოიპოვეს. ეს არის ლიმონისა და პომიდვრის სინთეზი – ლეტამო, რომელსაც ლიმონისა და რატომღაც ვარდის არომატი ჰქონია და ვაშლისა და პომიდვრის ნაჯვარი – რედ ლავ (წითელი სიყვარული), რომელიც გარედან ვაშლს ჰგავს, შიგ კი პომიდვრის რბილობი გვხვდება. ექსპერიმენტები გრძელდება და დაუზარელი სელექციონერები ახალ სიურპრიზებს გვპირდებიან.  
ასე რომ, საზამთროსა და ბუზების შეჯვარების იდეა სულაც აღარ მეჩვენება სასაცილოდ და ველი, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ საზამთროს, რომლიდანაც გაჭრისთანავე თავისით ამოფრინდებიან კურკები.

For centuries, mankind has only enjoyed tomato’s beauty and attributed it to a number of decorative cultures. Moreover, in many countries it was considered as a poisonous plant!

Today it is hard to imagine any cuisine without tomatoes. Various dishes are so attractable thanks to tomatoes that make them so appetizing and add a special spicy flavor!

Fans of healthy eating do not stop to argue over how favorable the tomatoes are and how much they can be consumed. One completely forbids it, and the other considers it as an indispensable product. Tomatoes are an excellent product in terms of dietary intake, as their calorie content per 100 grams is 20 calories.

თინათინ თოფურია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპატიის აკადემიის პრეზიდენტი, ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები